ადვოკატი დანილო გარსია დე ანდრადე აღარ დაიცავს ბრაზილიელი მოდელის ნაილა მენდეს დე სოუზას ინტერესებს, რომელმაც ფრანგული პსჟ-სა და ბრაზილიის ნაკრების ფეხბურთელ ნეიმარს გაუპატიურებაში ადანაშაულებს. ამის შესახებ გამოცემა L'Equipe-ი წერს.
გამოცემის ცნობით, მოდელი ამტკიცებს, რომ ადვოკატმა მისი სახლიდან მოიპარა პლანშეტი, რომელშიც ნეიმარის ბრალეულობის დამადასტურებელი ვიდეო ინახებოდა. ანდრადემ მოდელის ბრალდება უარყო და მასთან მუშაობა შეწყვიტა.
„ჩემმა კლიენტმა არაეთიკური პოზიცია დაიკავა, რომელსაც საღ აზრსა და სიმართლესთან არაფერი აქვს საერთო. მე საქმიდან გავდივარ, იმიტომ რომ ადვოკატსა და კლიენტს შორის ურთიერთობა ნდობას უნდა ეფუძნებოდეს, რომელიც აღარ არსებობს“, - აღნიშნა ანდრადემ.
ბრაზილიის პოლიციის ინფორმაციით, ქალი, რომელიც ფეხბურთელს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს, ამბობს, რომ შემთხვევა საფრანგეთში ერთ-ერთ სასტუმროში მოხდა. ის აცხადებს, რომ ნეიმარი სოციალური ქსელის მეშვეობით გაიცნო. შემდეგ სპორტსმენმა ის ბრაზილიიდან პარიზში ჩაიყვანა და მგზავრობისა და სასტუმროს ხარჯებიც დაფარა. 15 მაისს საღამოს კი ნეიმარი სასტუმროში ნასვამი მივიდა და მასზე ძალა იხმარა.
ბრაზილიელი ფეხბურთელი დაკითხვაზე უკვე იმყოფებოდა და მოდელის ბრალდება უარყო, ნაილა მენდესმა კი დაკითხვაზე გონება დაკარგა.