რძლებისა და დედამთილების ურთიერთობა, ხშირ შემთხვევაში, მარტივი არ არის. გარშემომყოფთაგან ხშირად ვისმენთ მძიმე ისტორიებს რძალ-დედამთილის ურთიერთობის შესახებ, შესაძლოა, პირადადაც გაქვთ უსიამოვნო გამოცდილება. ამასთანავე, არსებობენ ისეთებიც, რომლებიც ფანტასტიკურად უგებენ ერთმანეთს.
ბლოგერი რეიჩელ ბოლეი სამი პატარა ბიჭის დედაა, რომელმაც თავისი მომავალი რძლებისადმი მიძღვნილი წერილი გამოაქვეყნა. წერილი სოციალურ მედიაში ვირუსულად გავრცელდა და საზოგადოების დიდი ნაწილის აღფრთოვანება დაიმსახურა. დარწმუნებულები ვართ, რომ ამ წერილს ვერც თქვენ წაიკითხავთ გულგრილად.
მაშ ასე, ვნახოთ რას სწერს რეიჩელი მომავალ რძლებს:
„ვიღაცამ მკითხა, როგორი წარმომიდგენია ოცნებაში ჩემი ზრდასრული ბიჭები და ამაზე ყოველ დღე ვფიქრობ.
მაშინაც კი, როცა ამ პატარებს ვუყურებ, არ ვექცევი მათ როგორც პატარებს. მე არ ვზრდი ბავშვებს, მე კაცებს ვზრდი, კაცებს, რომლებიც, იმედი მაქვს, ერთ დღე მამები და ქმრები გახდებიან. ახლა ჩემი, როგორც დედის, ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეა გავზარდო შვილები, რომლებსაც ექნებათ საჭირო უნარები რათა საკუთარი ადგილი იპოვონ ამ სამყაროში . მათთან ერთად გატარებული ყოველი დღე საჩუქარია და მე ვიცი ჩემი პასუხისმგებლობა.
მაშ ასე,
ჩემო მომავალო რძალო (რძლებო) ცოტა რამ მაქვს შენთვის სათქმელი.
ჯერ არ გიცნობ, მაგრამ უკვე მიყვარხარ, ძალიან მიყვარხარ, რადგანაც ერთ დღეს შენ ჩემს შვილს შეიყვარებ და მასაც ეყვარები.
დადგება დღე, როცა ეს სულელი, უწესრიგო პატარა ბიჭი შენი გახდება. ის ყოველთვის ჩემი შვილი იქნება, მაგრამ შენ ჩემ ადგილს დაიკავებ ბევრი თვალსაზრისით.
ერთ დღეს შენი ხელი ჩემსას ჩაანაცვლებს. შენი თვალები იქნება მისი სიმშვიდე და შენი გული მისი სახლი.
შენ იქნები ის ქალი, ვისაც დაძინებამდე აკოცებს.
ის, ვისაც ოცნებებს გაუზიარებს.
ის, ვისთანაც სიმშვიდეს იპოვნის.
ის, ვისაც თავის გულს მისცემს. იმ გულს, რომელიც ახლა ჩემ გულთან ერთად ფეთქავს.
ყოველთვის მინდოდა ქალიშვილი მყოლოდა და ახლა ვიცი, რომ ერთ დღეს ძვირფასო ეს ქალიშვილი შენ იქნები. მინდა იცოდე, რომ ყოველ დღე ვლოცულობ შენთვის ისევე, როგორც ჩემი ბიჭებისთვის.
ახლა შენ ყველაფერი ხარ შენი მშობლებისთვის, ისევე, როგორც ჩემი ვაჟებია ჩემთვის მთელი სამყარო. იმედი მაქვს, გასწავლიან, რომ პირველ რიგში, საკუთარი თავი შეიყვარო, რადგანაც ამის გარეშე ვერავინ შეძლებს სხვის შეყვარებას, მინდა გასწავლიდნენ, რომ ნამდვილი საჩუქარი ხარ.
მე ჩემს ვაჟებს სწორედ ასე ვზრდი.
მინდა, პატივს სცემდე საკუთარ თავს, რადგანაც მხოლოდ მას შეუძლია პატივი სცეს სხვებს, ვინც საკუთარ თავს სცემს პატივს. მინდა, რომ არ გეშინოდეს შენი აზრის გამოთქმის, მინდა შეგეძლოს ყველას გააგონო შენი ხმა.
ვასწავლი ჩემს შვილს (შვილებს) პატივისცემას, მაგრამ ის ინდივიდია და შეიძლება ჰქონდეს ისეთი თვისებები, რომელიც არ მოგეწონება. მიუხედავად აღზრდის ჩემი მეთოდებისა, მას საკუთარი შეხედულებები, დამოკიდებულებები და პრინციპები ექნება და ერთ დღეს სწორედ შენ იქნები ის ქალი, ვისაც ყველაზე უკეთ ეცოდინება ჩემი შვილის რეალური სახე. მიეცი მას უფლება იყოს ისეთი, როგორიც სინამდვილეშია, მიეცი მას პირადი სივრცე და ასწავლე, რომ თავადაც ასე მოიქცეს შენ მიმართ.
შენ ვერ შეავსებ მას და ვერც ის შეგავსებს შენ, მაგრამ შეგიძლიათ ერთმანეთი უკეთეს ადამიანებად აქციოთ.
და მე გპირდები, რომ გაგიზიარებ ყველა ჩემს საიდუმლოს, ცოდნას ჩემი შვილის შესახებ, რომელიც მასთან კიდევ უფრო დაგაახლოებს და კიდევ უფრო შეგაყვარებს. როცა დრო მოვა, ის მთელი გულით მოგენდობა, ისევე, როგორც შენ მიანდობ შენს გულს. მე ვასწავლი მას რა ღირებულია ქალის გული, რომ ის შეუფასებელია და თუ ერთხელ დაიმსხვრა, ვერავინ შეძლებს გამთელებას ისე, თითქოს არაფერი მომხდარა.
მე არ მინდა, რომ ჩემმა ვაჟმა გული დაგიმსხვრიოს. ვასწავლი შენს ფასს, პატიოსნებას, გულწრფელობას და შენს პატივისცემას.
მე ვასწავლი ჩემს შვილებს, როგორ იყვნენ უფრო ძლიერები, მამაცები, მაგრამ ამავდროულად, რთულ მომენტში არ მოერიდოთ დახმარების თხოვნა, ვასწავლი, როგორ იყვნენ ლიდერები, მაგრამ ამავდროულად, როგორ გაითვალისწინონ სხვების შეხედულებები. ვასწავლი, რომ სიყვარულისთვის ზოგჯერ აუცილებელია მსხვერპლშეწირვა და მინდა, რომ არ ისარგებლო მისი მსხვერპლშეწირვით.
მინდა, რომ გააცნობიეროს, რა არის კაცის როლი და იყოს წესიერი, ღირსეული, პატიოსანი, ტოლერანტული, კაცთმოყვარე ადამიანი. მინდა, რომ მიჰყვეს თავის ოცნებებს და რომ ოცნებების მიღწევაში ვერაფერმა და ვერავინ შეუშალოს ხელი, მათ შორის შენც. ასევე მინდა შენთვისაც, არ მინდა, რომ ოცნებებზე ვინმემ, თუნდაც ჩემმა შვილმა, უარი გათქმევინოს.
ვცდილობ გავზარდო შვილი, რომლებიც დამოუკიდებელი იქნება და შენ არ შემოგხედავს ისე, როგორც დედას. მე ყველაფერს ვასწავლი ქალების შესახებ, ვასწავლი, თუ როგორი განსაკუთრებულები ვართ. გპირდები გავზრდი ჩემს შვილს ისე, რომ ზედმიწევნით კარგად ეცოდინება შენი პატივისცემა და დაფასება.
მინდა, რომ ჩემი შვილი ყოველ დღე უფრო მეტად გიყვარდეს, გიყვარდეს ის ყველანაირ სიტუაციაში, მოწესრიგებულიც და მოუწესრიგებელიც, დაღვრემილიც და მხიარულიც და მინდა, რომ მასაც ზუსტად ასე, ნებისმიერ სიტუაციაში მოსწონდე და უყვარდე. მინდა, რომ ერთმანეთის ძლიერი საყრდენი იყოთ, იცოდეთ, რომ ამ ცხოვრებაში საყვარელი ადამიანის გვერდით ყოფნა ძალიან მნიშვნელოვანია.
გიყვარდეთ ერთმანეთი. გვერდით დაუდექით ერთმანეთს, აირჩიეთ ერთმანეთი.
სამყარო ხმაურიანია და ცხოვრება არ არის ადვილი.
გპირდები, რომ ჩემს ბიჭს ყოველ დღე ვასწავლი უპირობო სიყვარულს, ვასწავლი, როგორ იზრუნოს საკუთარ თავზე, როგორ მოაწესრიგოს საკუთარი სამოსი, როგორ გარეცხოს ჭურჭელი და რომ არასოდეს მიიჩნიოს სახლის საქმეების გაკეთება მხოლოდ შენს ვალდებულებად. ვასწავლი, როგორ გაგიწიოს ღირსეული პარტნიორობა. ვასწავლი, როგორ შეასრულოს მოცემული პირობა, როგორ იყოს გულწრფელი, როგორ ჩაგკიდოს ხელი და შენს საყრდენად იქცეს. გპირდები ვასწავლი, როგორ უყვარდე ისეთი, როგორიც ხარ, ვასწავლი როგორ შეხედოს სამყაროს შენი თვალებით.
ჩვენს შეხვედრამდე ჯერ ბევრი წელია, მაგრამ მე უკვე მიყვარხარ და როცა პირველად შევხვდებით, კიდევ უფრო მეტად შეგიყვარებ, იმიტომ რომ შენ ჩემი შვილი გეყვარება და შენ ჩემი ქალიშვილი გახდები.