ივანიშვილი „ოცნებას“ ახალი სახეებით აკომპლექტებს

ივანიშვილი „ოცნებას“ ახალი სახეებით აკომპლექტებს

ზაქარია ქუცნაშვილი, ზაზა გაბუნია, ნუკრი ქანთარია, კარლო კოპალიანი, ირაკლი ბერაია, მერაბ ქვარაია, გია ვოლსკი, ზვიად ძიძიგური – ეს იმ ადამიანთა მცირე ჩამონათვალია, რომლებიც არაოფიციალური ინფორმაციით მომავალ პარლამენტში არ იქნებიან. ამავე ინფორმაციის თანახმად, „ქართული ოცნების“ განახლებულ სიაში ვერ მოხვდება ირაკლი კობახიძე და მისი ახალგაზრდული ფრთა. როგორც მმართველი გუნდის კულუარებში ამბობენ, გუნდი მთლიანად იცვლება და ახალი სახეებით წარსდება ამომრჩევლის წინაშე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი.

„ქართული ოცნების“ წევრი, დეპუტატი ნუკრი ქანთარია ადასტურებს, რომ მმართველ გუნდში განახლება იქნება, თუმცა მისი თქმით, ეს არ ნიშნავს, რომ გუნდი დაიშლება. დეპუტატი აცხადებს, რომ მომავალ პარლამენტში მის საჭიროებას ვერ ხედავს.

„პირადად ჩემს საჭიროებას ვეღარ ვხედავ ამ ეტაპზე მომავალ პარლამენტში. თუმცა, ეს არამც და არამც არ ნიშნავს „ქართული ოცნების“ გუნდის დატოვებას ან პასიურ პოზიციაში გადასვლას. პირიქით, ვფიქრობ, სწორედ მრავალწლიანი გამოცდილებით და დაგროვილი ცოდნით აქტიურად ჩავერთო პარტიის განახლების და, ზოგადად, მმართველი გუნდის გაძლიერების პროცესში.

ვარ და ვიქნები ბიძინა ივანიშვილის თანამოაზრე და მასთან ერთად ვაპირებ ბრძოლის გაგრძლებას. შევხედოთ მოვლენებს, თუ იქნება სტაბილური პოლიტიკური გარემო, ასეთ შემთხვევაში. ვერ ვხედავ აუცილებლობას და საჭიროებას მომავალ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის. მაგრამ, თუ გამწვავდა სიტუაცია და გუნდმაც და მეც დავინახეთ, რომ საჭიროა ჩემი საპარლამენტო პროცესში კვლავ მონაწილეობა, დავდგები იქ, სადაც გუნდის და ქვეყნის ინტერესები მოითხოვს“, – აცხადებს ნუკრი ქანთარია.

შუალედური არჩევნების მეორე ტურის შემდეგ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი საპარლამენტო უმრავლესობას შეხვდა. განხილვის მთავარი თემა საკადრო ცვლილებები იყო. შეხვედრის დასრულების შემდეგ, არჩილ თალაკვაძემ დაადასტურა, რომ პარტიაში განახლება იქნება. თალაკვაძე აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ 2020 წლისთვის საზოგადოების წინაშე განახლებული პოლიტიკური პროგრამითა და გუნდით წარდგება.

„მუშაობა დაწყებული გვაქვს ახალ პოლიტიკურ პროგრამაზე, ასევე დაწყებულია კონსულტაციები, რაც ბუნებრივია, საბოლოო ჯამში, 2020 წლისთვის მოგვცემს იმას, რომ „ქართული ოცნება“ განახლებული პოლიტიკური პროგრამითა და გუნდით წარდგება საზოგადოების წინაშე. თითოეული ჩვენი თანაგუნდელი თავის ღირსეულ ადგილს დაიკავებს მომავალ პოლიტიკურ პროცესში. ჩვენ 2020 წლის არჩევნებს კიდევ უფრო ძლიერი პოზიციებით შევხვდებით“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარე ადასტურებს, რომ განახლება იქნება საკმაოდ მასშტაბური, მათ შორის საპარლამენტო წარმომადგენლობის კუთხითაც. ირაკლი კობახიძემ დაადასტურა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მუშაობა პარტიამ უკვე დაიწყო და „ქართული ოცნება“ საზოგადობას განახლებულ გუნდს შესთავაზებს. ვინ ვერ მოხვდება სიაში მოქმედი შემადგენლობიდან, ამაზე პარლამენტის თავმჯდომარე არ საუბრობს.

„ამ კუთხით მუშაობა დაწყებულია და შედეგებს იხილავს საზოგადოება, ამომრჩეველი იმ დროს, როდესაც გახურდება საარჩევნო კამპანია. ჩვენ გვაქვს კიდევ ერთი წელი მოსამზადებლად საარჩევნო პროცესისთვის და მანამდე უზრუნველყოფილი იქნება შესაბამისი აქტივობები იმისთვის, რომ განახლებული გუნდით წარდგეს „ქართული ოცნება“ ამორჩევლის წინაშე. მნიშვნელოვანია საკადრო განახლება, მნიშვნელოვანია შინაარსობრივი განახლება და ყველა მიმართულებით მიმდინარეობს მუშაობა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი, რომელიც მომავალ საპარლამენტო სიაში დიდი ალბათობით არ იქნება, აცხადებს, რომ შემოდგომაზე იქნება მიღებული ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. ქუცნაშილის თქმით, როგორც სხვა ყველა დანარჩენი პარტია, მმართველი ძალაც 2020 წლის საპარალამენტო არჩევნებისთვის მზადების რეჟიმში გადავა.

„ბიძინა ივანიშვილი განწყობილია პოზიტიურად. მისი დაპირება ხალხის მიმართ, რომ პარტია კიდევ უფრო ინტერაქტიული გახდება ხალხთან ურთიერთობაში და შემოდგომაზე იქნება მიღებული ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. ცვლილებები მარტო საკადრო გადაწყვეტილებებს არ გულისხმობს, გულისხმობს სიახლეებს სხვადასხვა სახელისუფლებო ვერტიკალში“, – განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

როგორც საკადრო, ისე სტრუქტურული თვალსაზრისით ცვლილებს არ გამორიცხავს დეპუტატი ოთარ დანელია, რომლის განცხადებით, გაჯანსაღების და განახლების პროცესი მმართველ პარტიაში ყოველთვის დღის წესრიგში უნდა იდგეს. თავად იქნება თუ არა მომავალ პარლამენტში, დანელია ამ ეტაპზე ვერაფერს ამბობს.

„ცვლილებების პროცესში დავინახავთ, იმიტომ, რომ თავისთავად ცხადია, როგორც საკადრო, ისე სტრუქტურული თვალსაზრისით, არ არის გამორიცხული, რაიმე ცვლილებები მოხდეს. განსაკუთრებით, როდესაც პარტია ამდენი წლის მანძილზე არის მმართველი გუნდის შემადგენელი ნაწილი და შესაბამისად, უნდა დააკომლექტოს მთავრობა და პარლამენტი. მნიშვნელოვანია, რომ გუნდი იყოს ფორმაში და შესაბამისი გაჯანსაღების პროცესი იყოს ყოველთვის დღის წესრიგში. ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ ეს არის ნორმალური პროცესი“, – ამბობს ოთარ დანელია.

ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი ამბობს, რომ ოპოზიციური პარტიებისგან განსხვავებით, გუნდის განახლების ყველაზე მეტი შანსი მმართველ პარტიას აქვს, რომელსაც ხელეწიფება მმართველობითი გადაწყვეტილება, მატერიალური რესურსების მმართვა. აქედან გამომდინარე, ზარდიაშვილის შეფასებით, ადამიანებში მეტია ინეტერსი და სურვილი მმართველ პარტიაში გაიკეთონ პოლიტიკური კარიერა.

„ქართულ ოცნებას“ რაიმე იდეოლოგიური უპირატესობა აქვს–თქო, ვერ დავიჩემებ, მაგრამ რესურსების ფლობის გამო, მათ განახლების მეტი შესაძლებლობა აქვთ. თუ ვინმე ფიქრობს პოლიტიკურ კარიერაზე, რასაკვირველია, ამ თვალსაზრისით ხელსაყრელია მმართველი პარტია, ვიდრე ოპოზიცია. გეთანხმებით, რომ არის უკამყოფილო ამომრჩეველი და ეს ბუნებრივია, მაგრამ გაცილებით დიდი უკმაყოფიელბა არის ამ ოპოზიციური პარტიების მიმართ და ეს არის დღეს „ქართული ოცნების“ უპირატესობა.

ეს ვითარება გაგრძელდება მანამ, სანამ არ გამოჩნდება ახალი ძალა, რომელიც შეძლებს ღირსეული კონკურენცია გაუწიოს „ქართულ ოცნებას“, რომელიც უკეთეს ალტერნატივას შესთავაზებს ქართველ ამომრჩეველს, ვიდრე შეუძლია სხვა პოლიტიკურ ძალებს. თუკი არ შეიქმნა ახალი ოპოზიციური პარტია, იქამდე არ მგონია რამე შეიცვალოს. ახალი ოპოზიციური ძალის გაჩენას კიდევ რესურსი უნდა, რაც სამწუხაროდ არ ჩანს“, – აცხადებს დავით ზარდიაშვილი.

განსხვავებული პოზიცია აქვს ექსპერტ გია ხუხაშვილს, რომლის შეფასებით მმართველ გუნდს განახლების შანსი არ აქვს. ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ აუცილებელია აღდგეს ინსტიტუციური წესრიგი, რაც ნიშნავს ბიძინა ივანიშვილის გაპრემიერებას.

„სამწუხაროდ, კონსტიტუციის მიღმა ცხოვრობს ქვეყანა. ქაღალდზე გვიწერია კონსტიტუცია, მაგრამ კაბინეტებზე აწერია პრემიერ–მინისტრი, მინისტრი და ა.შ. მაგრამ ეს ხომ არ არის რეალობა. ვოლსკი გაუშვა და კახაძე მოიყვანო, ამაში მე ლოგიკას ვერ ვხედავ. რამდენი დაიძახეს ახალი სახე, ხან ღარიბაშვილი დააბრუნეს და ხან აგერ, მთლად ლადო კახაძე აირჩიეს. ასე რომ, ეს არის მხოლოდ კეთილი სურვილები. სულ ანგელოზები რომ მოიყვანონ და სულ გენიოსები, მაინც არაფერი არ ეშველება ამას, თუ სისტემური რეფორმირება არ დაიწყება“, – აცხადებს გია ხუხაშვილი.