ქუთაისში, გეგუთის კოლონიაში ციხის ბუნტი მზადდებოდა, ორგანიზატორები ძველი ხელისუფლების მიერ დანიშნული ციხის თანამშრომლები, ბადრაგები და ზედამხედველები იყვნენ. ციხის სამეურნეო ნაწილში მომუშავე პატიმრებზე უნდა მომხდარიყო თავდასხმა, მათი „დაშტირვა“ იგეგმებოდა, ამას რა თქმა უნდა, დიდი არეულობა მოჰყვებოდა, სავარაუდოდ - ბუნტი. პრევენციული ზომები, რაც არ უნდა ძნელად დასაჯერებელი იყოს, გეგუთის ციხის პატიმრებმა გაატარეს. 1200-კაციანი პეტიცია გამოაგზავნეს თბილისში, სადაც მათი მოთხოვნებია ჩამოწერილი. სახალხო დამცველის კანდიდატად დასახელებული დიმიტრი ლორთქიფანიძე, როგორც კი ციხეში შესვლის უფლება მიიღო, ქუთაისში გაემგზავრა, ეს ამბავიც მისგან მოვისმინეთ, თუმცა გეგუთის ციხის ამბების გარდა მასთან იმ თემებზეც მოგვიხდა საუბარი, რომელზე მსჯელობაც სახალხო დამცველობის კანდიდატთან საზოგადოებისთვის საინტერესო უნდა იყოს. დიმიტრი ლორთქიფანიძე ამბობს, რომ პატიმრები ხაზგასმით საუბრობენ ციხის ძველი თანამშრომლების მიერ პროვოკაციების მოწყობის მუდმივ მცდელობაზე, მათ სისასტიკესა და არაადამიანურ მოპყრობაზე.
ჩვენთვის ცნობილია, რომ თქვენ ქუთაისში პატიმრებთან გქონდათ შეხვედრა, რა სტატუსით იყავით ჩასული?
-მოგეხსენებათ, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ხელისუფლების გადაბარების პროცესი და გარდამავალ პროცესში მიიღეს გადაწყვეტილება, რომ საზოგადოებრივ საწყისებზე მოქმედი ფართო ჯგუფი შესულიყო ციხეებში. 52 ადამიანზეა გაცემული ნებართვა ტუღუშის მიერ, რომელსაც მოქმედების სამთვიანი ვადა აქვს. მოგეხსენებათ, რომ გახლდით წინა მოწვევის პარლამენტში ადამიანის უფლებათა კომიტეტის წევრი, სხვათა შორის, ერთადერთი წარმომადგენელი ოპოზიციისა ამ კომიტეტში და მთელ ამ 4-წლიან პერიოდში ინტენსიური შეხება მქონდა ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებთან.
ბოლო წლების განმავლობაში, როდესაც ციხეებში შეღწევა პრაქტიკულად შეუძლებელი გახდა, თვითონ პატიმრები, იგივე შიშის ფაქტორიდან გამომდინარე, გეუბნებოდნენ თუ არა, რომ მათ მიმართ არაადამიანურ მოპყრობას ჰქონდა ადგილი თუ თავშეკავებულები იყვნენ?
-ციხეებში 24-საათიანი მონიტორინგის უფლება ერთადერთ ინსტიტუტს, სახალხო დამცველის აპარატს ჰქონდა. ეს უფლება მას 2010 წელს მიენიჭა, გაკეთდა შესაბამისი მონიტორინგის ჯგუფი რომელიც ახორციელებდა როგორც გეგმიურ, ასევე არაგეგმიურ ვიზიტებს. ეს ასახულია გიორგი ტუღუშის ანგარიშებშიც. 2011 წლიდან ამ ჯგუფს შეუერთდა კიდევ ერთი სერიოზული ინსტიტუტი, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, რომელსაც მიენიჭა ერთობლივი ადვოკატირების უფლება.
ყველა სხვა მინოტორინგის ჯგუფი, მათ შორის ადამიანის უფლებათა კომიტეტთან არსებული მონიტორინგის ჯგუფი გაუქმდა. 2010 წლის მარტის შემდეგ მე ციხეებში შესვლის უფლება შემიზღუდეს. როგორც მითხრეს, როტაციის პრინციპის ამოქმედების გამო. როტაციის შედეგად კი ნაციონალური მოძრაობის ორი წევრი აღმოჩნდა მონიტორინგის ჯგუფში და არც ერთი ოპოზიციის წარმომადგენელი.
ესეც მიუთითებს, რომ საპატიმრო დაწესებულებებში შესვლა შეგნებულად შეიზღუდა, ისევ ძველ თემას მინდა მივუბრუნდე, ყოფილი ხელისუფლება დღემდე ამტკიცებს, რომ წამების ფაქტების შესახებ არაფერი იცოდა...
-შემიძლია, ორი მტკიცებულება მოგიყვანოთ იმისა, რომ არა თუ იცოდა, არამედ ფარავდა კიდეც იმ დანაშაულს, რომელიც ციხეებში არსებობდა. პირველ რიგში გეტყვით, რომ პენიტენციურ სისტემაში შესვლის უფლება იმის გამო ჩამომართვეს, რომ მონიტორინგის განხორციელების პერიოდში, 2009 წელს, არაერთი კონკრეტული ინფორმაცია გამომიტანია და ღიად განმიცხადებია ამის შესახებ. მათ შორის იყო 2009 წელს ქსნის დაწესებულებაში ჩატარებული მიონიტორინგის ანგარიში, სადაც ვამხილე ამ დაწესებულების დირექტორი ვინმე რობერტ არაქელოვი. აქედან დაიწყო რეალური დაპირისპირება ჩემს მიმართ.ხელისუფლებამ ჩათვალა, რომ უცხო თვალი ციხეებში მათ გარკვეულ პრობლემებს შეუქმნიდა.
მეორე ფაქტზეც მოგახსენებთ, 2011 წლის ივნისში დამიკავშირდა საერთაშორისო ორგანიზაცია ატლასის წარმომადგენელი, მსოფლიოში ცნობილი უფლებადამცველი მანფრედ ნოვაკი, რომელიც მანამდე იყო გაეროს უმაღლესი კომისარი ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში. შეხვედისას განმიცხადა, რომ აპირებდა სამწლიანი პროექტის დაწყებას საქართველოში, ადამიანის წამებათა პრევენციის კუთხით, ვინაიდან ჰქონდა არაერთი ინფორმაცია, რომ ციხეებში ადგილი ჰქონდა წამებას და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებს.
გამიკვირდა, აძლევდა თუ არა ხელისუფლება მას ამის უფლებას. ზუსტად ციტირებას ვახდენ: „ჩემდა სასიხარულოდ აღმოჩნდა არაერთი მაღალი თანამდებობის პირი იუსტიციის სამინისტროში, რომელიც ასეთი პროექტის დაწყების უფლებას გვაძლევს“- ეს იყო პროექტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებდნენ წამების საწინააღდეგო ევროპული კომიტეტის ექსპერტები და უშუალოდ, მანფრედ ნოვაკი -ავტორიტეტულობის თვალსაზრისით მსოფლიოში უმაღლესი რანგის მონიტორინგზეა საუბარი. რა თქმა უნდა, ძალიან გამიხარდა, რომ ასეთი დონის პროექტი დაიწყებოდა, გამიხარდა, რომ საპარლამენტო ოპზიცია ნოვაკმა საკუთარი ინიციატივით ჩააყენა საქმის კურსში, თუმცა ორ კვირაში ბატონი ნოვაკისგან მივიღე წერილი, სადაც მატყობინებდა, რომ მიიღო წერილი ქალბატონი ბურჯალიანისგან სადაც ნათქვამი იყო, რომ საქართველო პირნათლად ასრულებს მის მიერ აღებულ ვალდებულებებს ევროსაბჭოსა და ევროკავშირის წინაშე და რომ წამების პრევენციის საერთაშორისო მინიტორინგის არავითარი საფუძველი და საჭიროება ქვეყანაში არ არსებობდა.
ეს ისევ და ისევ მეტყველებს, რომ ხელისუფლებას არ სურდა, გამოვლენილიყო წამების ამსახველი ის შემზარავი ფაქტები, რომელიც აუცილებლად გამოაშკარავდებოდა, თუკი საერთაშორისო დონის მინიტორინგი ჩატარდებოდა.
ეს ყველაფერი მაინც გამოჩნდა, მაგრამ გვიან, როცა ურემი უკვე გადაბრუნებულია, რადგან პატიმართა შემადგენლობის აბსოლუტური უმრავლესობა იმყოფება პოსტტრამვული აშლილობის სინდრომის ქვეშ.
სახალხო დამცველი საუბრობდა ციხეში არსებულ მდგომარეობაზე, მაგრამ როგორც ჩანს, ეს საკმარისი არ აღმოჩნდა...
-2011 წლის დასაწყისში საიას ჩართვა გულისხმობდა, რომ ეროვნული პრევენციის მექანიზმი უნდა გაძლიერებულიყო, რასაც ფორმალურად ჰქონდა კიდეც ადგილი. არსებობს საერთაშორისო სამართლებრივი აქტები, მაგალითად, სტამბულის პროტოკოლი, რომელიც გვამცნობს, რომ მხოლოდ ერთი ან ორი მონიტორინგით არ უნდა შემოიფარგლებოდეს ქვეყანაში პენიტენციალური სისტემის მინიტორინგი.
როგორც ჩანს, ამას გამოეკიდა ხელისუფლება და დღეს უკვე ჩანს, რომ ბატონი ტუღუში იყო ამ პოლიტიკური კონიუქტურის ტყვეობაში. სხვა ვერაფერს დავარქმევთ მის საქციელს, როდესაც არჩევითი თანამდებობიდან იმ ხელისუფლებაში გადაბარგდა, რომელიც მისსავე რეკომენდაციებს წლების განმავლობაში არ ასრულებდა. მეორეს მხრივ, ხელისუფლებამ ტუღუში თამარ ჩუგოშვილით მხოლოდ იმიტომ გააძლიერა, რომ სტამბულის პროტოკოლით გათვალისწინებული ნორმა ფორმალურად დაეკმაყოფილებინა და დასავლეთისთვის ეთქვა, რომ აი, ჩვენ გვყავს ყველაზე წარმომადგენლობითი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე კომპეტენტურია საკანონმდებლო რევიზიის საკითხებში.
შედეგობრივად მივიღეთ მხოლოდ ის, რომ ამით გადაიფარა ხელისუფლების დანაშაულებრივი ქმედებები და არც ერთი კონკრეტული ფაქტი, რომელიც დაკავშირებულია ასეთ მოპყრობასთან, არ გამხდარა მსჯელობის საგანი.
თუმცა სახალხო დამცველის ანგარიშში ასეთი სტატისტიკა ნამდვილად არსებობდა...
-დიახ, სახალხო დამცველს ჰქონდა შემზარავი სტატისტიკა, რომ 143 გარდაცვლილი პატიმრიდან ყოველ მესამეს აღენიშნება ფიზიკური ზემოქმედების კვალი, ჰქონდა ერთი-ორი შემთხვევა აღწერილი ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში არაადამიანურ მოპყრობის ფაქტებთან დაკავშირებით, მაგრამ მაგალითად, სერგო თეთრაძის გარდაცვალების გარემოებებთან დაკავშირებით არ დაწყებულა მსჯელობა, რასაც დაახლოებით 100 მოწმე ჰყავს გლდანის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.
სხვა საკითხია, ჰქონდათ რუ არა პატიმრებს ნდობა ტუღუშის ან ჩუგოშვილის მონიტორინგის ჯგუფის მიმართ, მაგრამ შესაძლებელი იყო თუ არა, მარტივი მტკიცებულებების გამოტანა, იმის შესახებ, რაც დღეს საჯაროდ ცნობილი ხდება, გვარების, დამკვეთების, ორგანიზატორების, უშუალო შემსრულებლების მითითებით, ეს საზოგადოებისთვის მიგვინდია.
ვფიქრობ, რომ ის უწყებები, პასიურობით თუ არასათანადო დამოკიდებულებით, ნებით თუ უნებლიედ, ემსახურებოდნენ ხელისუფლების ინტერესს.
თქვენ ახლახანს დაბრუნდით ქუთაისის საპატიმროდან, რა ხდებოდა, რატომ მოგიხდათ ის ჩასვლა?
-სოსო მანჯავიძესა და არჩილ ლეკიშვილთან ერთად ვიყავი ქუთაისში, სასჯელაღსრულების გეგუთის დაწესებულებაში. ეს არის ნახევრად ღია ტიპის სასჯელაღსრულებითი დაწესებულება, საიდანაც შემოვიდა სიგნალი და პატიმრები ითხოვდნენ შეხვედრას. მე და სოსო მანჯავიძეს გვქონდა შესაძლებლობა, შევსულიყავით და გვენახა პატიმრები, გამოგვეკითხა ისინი, გავცნობოდით მათ ერთობლივ პეტიციას, რომელსაც ხელს აწერს 1200 პატიმარი.
ერთია 700–კაციანი ხელმოწერით, მეორე 500 კაცის ხელმოწერით გაკეთებული განცხადება, სადაც ისინი კონკრეტულ სახელებსა და გვარებს უთითებენ იმ ჯალათებისა, რომლებიც ზედამხედველობდნენ დაწესებულებას და რომელთაც ყოველდღიურ რეჟიმში ერიათ ხელი მათ ცემაში, არაადამიანურ მოპყრობაში. ისინი აღწერენ ამ შემზარავ ფაქტებს და კატეგორიულად აცხადებენ, რომ დღევანდელი დილიდან (18 ოქტომბრიდან) იმ 17 ადამიანიდან რომელიც მათ სიაშია დასახელებული, არც ერთი მათგანი ციხეში არ უნდა მუშაობდეს.
ამავე დროს, მოითხოვენ, ეს თანამშრომლები სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცნენ. 1200 პატიმარი აცხადებს მზაობას, რომ იყოს ბრალდების მოწმე და დამადასტურებელი კონკრეტული ფაქტებისა.
ვნახე პატიმრები, რომლებიც მზად არიან, ითანამშრომლონ გამოძიებასთან, იმ შემთხვევაში თუ გამოძიება დაიწყებს მოკვლევას 2010 წლის თებერვალში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. რაც სხვათა შორის, ბატონ ტუღუშს აღწერილი აქვს თავის 2010 წლის ანგარიშში.
რა ფაქტზეა საუბარი?
-სპეცნაზი შევიდა გეგუთის დაწესებულებაში და ასეულობით პატიმარი უმოწყალოდ სცემეს, ხოლო ერთი მათგანი გარდაიცვალა. როგორც პატიმრები აღნიშნავენ, იმიტაცია მოხდა იმისა, რომ თითქოს მან თავი ჩამოიხრჩო. არიან კონკრეტული პატიმრები, რომლებიც იქნებიან ბრალდების მოწმეები მკვლელობასთან დაკავშირებით.
იციან თუ არა კონკრეტულად ვინ მოკლა პატიმარი, რამდენი კაცი მონაწილეობდა ამაში ან ვინ მოაწყო თვითმკვლელობის იმიტაცია, თვითონ სპეცნაზმა თუ ციხის ბადრაგმა?
-მიმაჩნია, რომ ეს არის გამოძიების პრეროგატივა, ამ თემაზე ჯერ არ მინდა საუბარი, იმიტომ, რომ ეს არის პატიმრების თხოვნა. ისინი ამბობენ, რომ მას შემდეგ რაც გამოძიება დაინტერესდება ამ საქმით, ყველა დეტალთან დაკავშირებით კონკრეტულ ინფორმაციას მიაწვდიან.
იმ მოთხოვნის გარდა, რაც პატიმრებს ჰქონდათ, თუ მოგაწოდეს ინფორმაცია დღეს რა მდგომარეობაში არიან?
-იმის გარდა, რომ მათ მიერ მოწოდებული ინფორმაცია გაგვესაჯაროებინა და მიგვეწოდებინა შესაბამისი კომპეტენტური ორგანოებისთვის (ვაპირებთ სოზარ სუბართან და არჩილ კბილაშვილთან თანამშრომლობას), ჩვენი ციხეში შესვლის მთავარი მიზანი იყო, მოგვეპოვებინა ცოცხალი სია იმ პატიმრებისა, რომლებიც დაავადებულები არიან მძიმე და უკურნებელი სენით. ისეთი პატიმრების სია, რომლებიც სასჯელს იხდიან ხანდაზმულ ასაკში გადასვლის მიუხედავად (65 წელს ზევით). ასევე გამოვიტანეთ ინფორმაცია ნაკლებად მძიმე დანაშაულში მსჯავრდებული პირებისა, რომლებიც იმყოფებიან დაწესებულებაში.
ჩემი პირადი კონცეფცია იმაში მდგომარეობს, რომ ციხეების გამოხშირვა უნდა დავიწყოთ სწორედ მძიმე და უკურნერბელი სენით დაავადებული პატიმრებით, რომლებიც უნდა წარვადგინოთ უწყებათაშორისი მუდმივმოქმედი სამედიცინო კომისიის წინაშე, რომელიც შექმნილია, სასაჯელაღსრულებისა და ჯანდაცვის მინისტრების ბრძანებით. ამ კომისიის მუშაობა რეგლამენტირებულია როგორც პატიმრობის კოდექსით, ასევე სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, არსებობს ნოზილოგიათა ჩამონათვალი, რომელიც მიეკუთვნება მძიმე და უკურნერბელ სენს და ამიტომ, აქ ახალი ველოსიპედის გამოგონება ნამდვილად არ გვჭირდება.
გუშინ უამრავი პატიმარი ვნახე, ინვალიდის ეტლს მიჯაჭვული. მათ შორის 19-20 წლის ბიჭები, რომლებიც ცემისგან არიან დაინვალიდებულები, რომლებიც ასევე ითანამშრომლებენ გამოძიებასთან.
როგორც წესი, პატიმრები გამოძიებასთან ნაკლებად თანამშრომლობენ ხოლმე, როგორც ჩანს, დღეს რადიკალურად განსხვავებული სიტუაციაა შექმნილი.
-დიახ, მთელი ზონა მზადაა, გამოძიებასთან ითანამშრომლოს. ერთ რამეს მინდა გავუსვა ხაზი - ეს არის უპრეცენდენტო შემთხვევა ციხეების ისტორიაში. აქ არ არის ლაპარაკი, რომ ვიღაც 5,10 ან თუნდაც 100 ადამიანია მზად სათანამშრომლოდ. ასეულობით პატიმარია ამისათვის მზად და ეს არის უტყუარობის მთავარი მაჩვენებელი, რომ ვიღაც შურისძიების გრძნობით კი არ არის შეპყრობილი. არა, ისინი ძალიან რაციონალურად აზროვნებენ, მათ ახსოვთ ყველაფერი, ახსოვთ ყველა და მზად არიან მიუთითონ გარემოებები და პიროვნებები, დრო, მიზეზები და მოტივები მათ მიერ ჩადენილი მხეცობებისა, რომელსაც არ აქვს საზღვარი!
წამების ახალ ფაქტებზეა საუბარი დაგიამბეს, რა ხდებოდა კონკრეტულ შემთხვევებში?
-გუშინ რაც მოვისმინე თუ რა მოხდა ქუთაისის დაწესებულებაში, მხეცობის პირუტყვობის და არაკაცობისა ყველანაირ ზღვარსა და ფანტაზიას გადასცდა, - პატიმარი გამოიყვანეს დერეფანში, უმოწყალოს სცემეს, სიხლი დააღვრევინეს, ყველა მხრიდან, ყურიდან, ცხვირიდან, თვალიდან. ამის შემდეგ გამოიყვანეს მისი ოთხი თანასაკნელი, დააჩოქეს და ენით აალოკინეს მთელი სისხლის გუბე. ცემა, წამება ყველას გაუგია, მაგრამ მსგავსი სატანური რიტუალი? და თურმე ასეთ რიტუალებს ხშირად ჰქონდა ადგილი ჩვენს საპატიმროებში, მსგავსი რამ წარმოუდგენელია.
გუშინ ვნახე სახეწაშლილი ადამიანები, რომლებიც საკუთარ თავს არ ეკუთვნიან, ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში ყოველდღიურად განიცდიდნენ დამამცირებელ მოპყრობას. ცოლ-შვილისა და დედის გინებას, ცემას, პირობების ხელოვნურად გაუარესებას, როდესაც ულეიბოდ კეტავდნენ კარცერებში.
იმის მიუხედავად, რომ ეს ადამიანები გააბოროტეს, კარგად აცნობიერებენ და კარგად აღიქვამენ რომ დღეს არ არის ამ პრიოტესტის ხმამაღლა, შფოთით და ბუნტით გამოხატვის დრო, პირიქით, ისინი ერთმანეთს მოუწოდებენ და ხმამაღლა აცხადებენ, რომ დღეს თუ ვინმეს შეიძლება პროვიკაცია აწყობდეს, ეს არის ხელისუფლების ის ნაშთები, რომლებიც კანკალებენ იმის მოლოდინით, როგორ აღსრულდება მათზე მართლმსაჯულება.
რას გულისხმობთ?
-ძველი ბადრაგები და ზედამხედველები ცდილობენ, რომ იქ პროვოკაცია მოხდინონ და ბუნტი ატეხონ, მაგრამ თავად პატიმტები უმკლავდებიან. ისინი ამიტომაც აცხადებენ, რომ არც ერთი ძველი ზედამხედველი ზონაში არ უნდა დარჩეს. ეს არ არის გამოწვეული მხოლოდ იმით, რომ მათი დანახვა იწვევს მათში პოსტტამვულ აშლილობებს, არამედ იმითაც, რომ მათ არ მიეცეთ საშუალება, მათ გავლენაში მყოფ პატიმართა ჯგუფებთან ერთად მოახდინონ პროვიცირება ზონაში და მოახდინონ არეულობა.
თუ სწორად გავიგე, ძველი ბადრაგები და ზედამხედველები ციხის ბუნტს გეგმავენ?
-დიახ, ამის შესახებ გვატყობინებენ პატიმრები. ამბობენ, რომ მუდმივად არის მცდელობა, რაღაც პატარ-პატარა ჯგუფებში გამოიწვიონ დაძაბულობა. გვითხრეს, რომ გავრცელდა ჭორი, თითქოს პატიმართა ერთი ნაწილი გეგმავდა სამეურნეო ნაწილში მყოფი პატიმრების მიმართ აგრესიის განხორციელებას, შესაძლოა, მომხდარიყო დაჭრაც - „დაშტირვა“, რასაც მოჰყვებოდა საყოველთაო მღელვარება. კარგია, რომ პატიმრები თვითონვე აცნობიერებენ ამ საფრთხეებს. აბსოლუტური უმრავლესობა საკმაოდ ჯანსაღად აზროვნებს.
ანუ სასწრაფოდ არის საჭირო პრევენცია, ვის შეატყობინეთ ამის შესახებ?
-გუშინვე მოვთხოვეთ სასჯელაღსრულებითი დაწესებულების დირექტორს, რომ არაფრის დიდებით აღარ შეეშვა ის პირები, რომელთა შესახებაც ასეულობით პატიმარი აცხადებს, რომ ისინი არ უნდა შეუშვან ციხეში.
დირექტორი დაგპირდათ, რომ ამ მოთხოვნას შეასრულებდა?
-დიახ, დირექტორმა ასეთი პირობა მოგვცა და ამის შემდეგ ჩვენ დავბრუნდით თბილისში. სოსო მანჯავიძე სასჯელაღსრულების დეპარტამენტამენტში იმყოფებოდა და ეს საკითხი ფორმალურად გვარდება.
გამოდის, ქუთაისში ციხის ბუნტი აგიცილებიათ თავიდან, სხვა ციხეებშიც აპირებთ შესვლას?
-გუშინ მოგვეცა შესაძლებლობა პირველად შევსულიყავით ციხეში და გეგუთიდან დავიწყეთ, რადგან 1200 კაციანი პეტიცია იყო მოსული. ამასთან მინდა გითხრათ, რომ უკვე აღარ წარმოვადგენ არც პარლამენტს და არც არასამთავრობო ორგანიზაციას და ყველაფრის საკუთარი ხარჯებით განხორციელება მიწევს. ამის მიუხედავად, ვაპირებ შევიდე რუსთავის მეექვსე, გლდანის მერვე, ქალთა დაწესებულებაში, მოვინახულო არასრულწლოვანები, რომელთა მდგომარეობა აგრევთე სწრაფად არის გამოსასწორებელი. მათ მიმართ დარღვეულია არასრულწლოვანთა მსჯავრდების საერთაშორისო კონვენციით გათვალისწინებული პირობები და არ დარჩა სფერო, პენიტენციალურ სისტემაში, რომ სასწრაფო რეაგირებას არ მოითხოვდეს.
თქვენ ხართ წარდგენილი სახალხო დამცველის კანდიდატად, ხაზს გაუსვამდით რაიმე უპირატესობას, რაც მაგალითად არ აქვთ სხვა კანდიდატებს?
-ვერ ვიტყოდი, რომ მე მაქვს ის უპირატესობა, რომელიც არ გააჩნია ლია მუხაშავრიას, გელა ნიკოლაიშვილს ან თამარ გურჩიანს, საკითხს ასე არ ვაყენებ. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო, რომ საქმიანი ურთიერთობა მაკავშირებს ლია მუხაშავრიასა და გელა ნიკოლაიშვილთან, რომელთანაც წლების განმავლობაში პოლიტპატიმრების საქმეთა შემსწავლელ კომისიას წარმოვადგენდი. მე მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ თუკი საკუთარი თავს გამოვრიცხავდი, სიამოვნებით დავუჭერდი მხარს ქალბატონ ლიასაც და ბატონ გელასაც. რაც შეეხება თამარ გურჩიანს, ვფიქრობ, ის არის ახალგაზრდა კადრი, რომელსაც რაიმე განსაკუთრებული დამსახურება არ აქვს და ამ კუთხით არ გამოუჩენია თავი საქართველოში და საზოგადოება პრაქტიკულად არც კი იცნობს, იმის მიუხედავად, რომ მას აქვს თავისი ღირსებები და არ შეიძლება ამისი იგნორირება.
აქ არ დგას საკითხი ისე, რომ მე მეტი შემიძლია და ქალბატონ ლიას ან ბატონ გელას ნაკლები, პირველად საქართველოში საზოგადოება ჩაერთო იმაზე უფრო აქტიურად, ვიდრე ხელისუფლება ამას წარმოიდგენდა. არც მიფიქრია საკუთარი თავის ინიცირება საკუთარი ამბიციის გამო...
როგორც ვიცით პატიმართა ოჯახებმა წარმოადგინეს თქვენი კანდიდატურა...
-ეს ყველაფერი დაიწყო გლდანის მერვე საპყრობილესთან წინასაარჩევნო პერიოდში, როდესაც მოდუნებული იყო ყველა პოლიტიკური ძალის ყურადღება. ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ ერთ-ერთ მნიშვნელოვან მოწმეზე, საუბარია ამ წამებების მოწმეზე, ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში განხორციელდა მძიმე ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა. ეს ადამიანი იძულებული გახადეს, ვენები გადაეჭრა, მასთან ერთად იყო კიდევ ერთი პატიმარი, რომელსაც მუცელი ჰქონდა გაფატრული და დრენაჟი ჰქონდა ჩადგმული, პერიტონიტი ჰქონდა დაწყებული და იყო უმძიმეს მდგომარეობაში.
ამ ინფორმაციის მომწოდებელმა ამიხსნა, რომ გლდანის მერვე დაწესებულებასთან უამრავი ადამიანი იყო შეკრებილი, პატიმრების ოჯახის წევრები, რომლებიც თვითდაზიანების მიყენებით იმუქრებოდნენ თუკი არ მისცემდნენ შვილების ნახვის საშუალებას.
ყველა საქმე მივატოვეთ და მე, კახა კუკავა და ჯაბა ჯიშკარიანი გავეშურეთ გლდანის ციხისკენ. მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტის დეპუტატის სტატუსით ვიყავი, ციხის ხელმძღვანელობამ სრული იგნორირება მოახდინა და არ შემხვდნენ. როდესაც დავინახე, რომ ერთ-ერთ დედას სამართებელი ეკავა და სახის დასერვას აპირებდა - აპირებდა თვითდაზიანებით გამოეხატა პროტესტი, რადგან სხვა აღარაფერი დარჩენოდა.
ამის შემხედვარე, იძულებული გავხდი, გადავმძრვალიყავი ღობეზე და ამით მეიძულებინა ციხის დირექცია, შემხვედროდნენ. მათ შემიყვანეს პატიმართან, რომელსაც საათნახევარი ვესაუბრებოდი, ნახეს მშობლებმაც და სიტუაცია დაწყნარდა. ეს იყო და ეს, მე გავაგრძელე ჩემი საარჩევნო კამპანია, მოულოდნელად მესმის, რომ თურმე გლდანის საპყრობილესთან იკრიბებიან პატიმრების ოჯახის წევრები და იწყებენ ხელმოწერების შეგროვებას სახალხო დამცველად ჩემი წარდგენის შესახებ.
რამდენი ხელმოწერა შეაგროვეს?
-5 000-ზე მეტია. მინდა გითხრათ, რომ პატიმრებს შეუერთდნენ სხვა სოციალური ჯგუფებიც, უსინათლოთა კავშირი, მარჩენალდაკარგულები, ომში უგზოუკვლოდ დაკარგულთა მშობელთა კავშირი, კარალეთის დევნილთა კომპაქტურად ჩასახლებული ადგილიდან ჩამოვიდა მთელი დელეგაცია, რომელმაც ჩამოიტანა 150 კაციანი ხელმოწერა. არ წყდება ზარები, ფოთში ჩაუბარებიათ ასობით ხელმოწერა ეკა ბესელიას ოფისში, დიდუბის საარჩევნო ოლქში დიდუბელებმა გამოხატეს მხარდაჭერა სადაც ვახტანგ ხმალაძის სასარგებლოდ მე მოვხსენი კანდიდატურა.
როდესაც ასეთი ფართო საზოგადოებრივი მხარდაჭერა მოდის, უბრალოდ, უფლება არ გაქვს უკან დაიხიო. უნდა ჩაერთო ამ პროცესში, მაგრამ რა არჩევანიც არ უნდა გააკეთოს პარლამენტმა, ვფიქრობ, ამ არჩევანის მიმართ პატივისცემა უნდა გამოვხატო. როდესაც ასეთი დიდია საზოგადოების ინტერესი, სახალხო დამცველის კანდიდატის მიმართ, უნდა ვიფიქროთ, რომ სამომავლოდ კანონმდებლობაში შევიტანოთ ცვლილება და სახალხო დამცველიც იყოს ისეთი არჩევითი თანამდებობა, როგორც პარლამენტის წევრისა.
საკონსტიტუციო ცვლილებაზეა ლაპარაკი?
-ეს იქნება ის ცვლილება, რომელიც საზოგადოების ინტერესებისთვის იმუშავებს. ერთის მხრივ, სახალხო დამცველი არის აპოლიტიკური,მეორე მხრივ, ანგარიშვალდებულია პოლიტიკური ორგანოს წინაშე და მესამეც - მას ირჩევს პარლამენტში უმრავლესობით მოსულ პოლიტიკოსთა ჯგუფი. აქვე ისიც მინდა გითხრათ, რომ სახალხო დამცველის არჩევის ვადა 21 ოქტომბერს უწურება და თუ არ დასახელდა კანდიდატი, შეიძლება ჩაითვალოს როგორც ორგანული კანონმდებლობის უხეში დარღვევა.
გამოდის, პარლამენტმა პირველივე სხდომაზე უნდა დაასახელოს სახალხო დამცველი...
-კანონით, სახალხო დამცველის გადადგომიდან 30 კალენდარულ დღეში პარლამენტის ბიუროს სხდომაზე უნდა დარეგისტრირდეს სახალხო დამცველობის კანდიდატი.
თუ აგირჩიეს სახალხო დამცველად, პირველ რიგში რა საკითხს წამოსწევდით?
-როდესაც პატიმრების უფლებებზე ვლაპარაკობთ, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს არის პირველ რიგში მართლმსაჯულების პრობლემატიკა. რაც გულისხმობს სასამართლო რეფორმას. ძალიან ხშირად უკანონო გადაწყვეტილებების გასაჩივრების შესაძლებლობა კანონით აღკვეთილია. ანუ საკონსტიტუციო კონტროლის სასამართლო ორგანო არ არის უფლებამოსილი საბოლოო სასამართლო აქტები განიხილოს კონსტიტუციის მეორე თავთან (ადამიანის უფლებები) შესაბამისობაში. ანუ დაირღვა თუ არა ადამიანის ფუნდამენტური უფლება სამართალწარმოების პროცესში. ეს არის ძალზე მნიშვნელოვანი, ამიტომაცაა, რომ ათასობით საჩივარი შედის სტრასბურგში. კონსტიტუციით უნდა დაიშვებოდეს სასამართლო აქტების გასაჩივრების უფლება და სახალხო დამცველსაც უნდა აღუდგეს ორგანული კანონმდებლობით მინიჭებული უფლება - ზედამხედველობა აწარმოოს იმ საქმეებზე, რომლის რევიზიითაც გამოავლენს, რომ უხეშად არის დარღვეული ადამიანის კონსტიტუციით გარანტირებული უფლება. ეს არის სასამართლო რეფორმის პროცესი რომელშიც სახალხო დამცველმა უნდა მიიღოს ძალზე აქტიური მონაწილეობა.
საპატიმროების გარდა უამრავი სექტორია სადაც ადამიანის უფლებები არის დარღვეული, რომელიმე მათგანს გამოყოფდით?
-უამრავი პრობლემაა რომელიც უკავშირდება მოქალაქეთა სოციალურ-ეკონომიკურ უფლებებს, სამოქალაქო-პოლიტიკურ უფლებებს, ეს ყველაფერი დაკავშირებულია კანონმდებლობასთან. მე ვამბობდი, რომ ემიგრაციასთან დაკავშირებით სახალხო დამცველს პრაქტიკულად არაფერი არ აქვს გაკეთებული. ჩვენმა ხელისუფლებამ რომ თანამემამულეთა შესახებ კანონი მიიღო, რომელიც ვითომ საეტაპო დოკუმენტად მონათლა. სინამდვილეში აღმოჩნდა, რომ ეს იყო წინასაარჩევნო ტრიუკი, რომლითაც საკუთარი მხარდამწერების გამოვლენა სურდათ სხვადასხვა ქვეყნებში. ჩვენ კი საკითხს ასე ვაყენებთ, რომ ორმაგი მოქალაქეობა არ არის ფუფუნება, ეს აუცილებელი პირობაა, იმისათვის, რომ შევინარჩუნოთ ჩვენი თანამემამულეები ჩვენს სახელმწიფოებრივ სივრცეში და ამ მიმარტულებითაც საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების პროცესში სახალხო დამცველს მიენიჭება განსაკუთრებული როლი.
კულტურული ინტეგრაციაა კიდევ ძალზე მნიშვნელოვანი, რასაც საერთოდ არ ეხებოდა სახალხო დამცველი და ცდილობს თავი აარიდოს. ეს არის ეროვნული უმცირესობებით დასახლებული რეგიონები და მათი ინტეგრაცია, დანარჩენ სივრცეში. როდესაც სამართალწარმოების, სახელმწიფო ენა არის ხელმიუწვდომელი, როდესაც სახელმწიფო არ ატარებს იმ პოლიტიკას როგორიცაა მათთვის სახელმწიფო ენის შესწავლის საკითხი და ისინი იძულებულნი არიან, მათი წარმოშობის ენაზე მიიღონ განათლება, ეს კიდევ უფრო აშორებს მათ დანარჩენ საქართველოსთან. უნდა ვეცადოთ, რომ ჩამოვყალიბდეთ სახელმწიფო ერად, რაც პირველ რიგში სახელმწიფო ენისადმი პატივისცემას გულისხმობს. ეს ასევე გულისხმობს მათი კულტურული ღირებულებებისადმი ჩვენს პატივისცემასაც.
ადამიანების უმეტესობამ არ იცის რისი უფლება აქვს, ამაში სახალხო დამცველის როლს როგორ ხედავთ?
-მნიშვნელოვანია საზოგადოებამდე დაყვანა იმ ელემენტარული საკანონმდებლო ნორმებისა, რომლითაც, პირველ რიგში პრევენციის ფუნქცია აქვს. ეს პროგრამაც უნდა ითვალისწინებდეს სახალხო დამცველის აპარატის მუდმივ კომუნიკაციას საზოგადოებასთან. ამ მიზნით, მიდგომა, რომ სახალხო დამცველი, რომელიც დღევანდელი კანონმდებლობით ანგარიშვალდებულია პარლამენტის წინაშე წლიური საანგარიშო მოხსენებით შემოიფარგლოს, უნდა შეიცვალოს.
ყოველი ორშაბათი უნდა იყოს წინა განვლილი კვირის ანალიზისადმი მიძღვნილი და ეს არ არის რთული. ფორმალურად, მთელი დასკნა უნდა მზადდებოდეს, ისე, როგორც არის კანონით გაწერილი, მაგრამ ის, რაც ხდებოდა დღემდე, ყოვლად მიუღებელია.
უამრავი ისეთი რამ მოიხდა 2011 წლის პირველ ნახევარში, მაგალითად, 3 იანვარი - ვეტერანთა აქციის დარბევა, 26 მაისი - უზარმაზარი ტრაგედია რუსთაველზე და ა.შ. ეს ყველაფერი სახალხო დამცველის მიერ 2012 წლის აპრილში იყო წარდგენილი. როგორ შეიძლება, წელიწადზე მეტი ხნის წინ მომხდარ მოვლენებზე წელიწადი და სამი თვის შემდეგ რეაგირება. ვფიქრობ, რომ სახალხო დამცველს უნდა გაუფართოვდეს უფლებები სწორედ შვედეთის მოდელის მიხედვით და როდესაც სახალხო დამცველის რეკომენდაციები არ სრულდება, უნდა ჰქონდეს უფრო მეტი რეაგირების უფლება. მას უნდა ჰქონდეს ისეთი ინსტრუმენტი რომ საჯარო მოხელეები აიძულოს, მოახდინონ რეაგირება.
თუმცა ჩვენ გადასვლა მოგვიწევს სხვა სამართლებრივ სივრცეში, სადაც ახალი ხელისუფლება სამართლიან სასამართლოს გვპირდება და არ გვაქვს საფუძველი ჯერჯერობით ამაში ეჭვი შეგვეპაროს. თუ თქვენ აგირჩიეს სახალხო დამცველად, როგორ წარმოგიდგენიათ მათთან ერთად მუშაობა, გეკითხებით იმიტომ, რომ ეს არ იქნება ის მთავრობა, როგორიც უკვე გვინახავს...
-მიმაჩნია, რომ ოპტიმიზმისთვის საკმაოდ დიდი საუძველი გვაქვს. უნდა ვივარაუდოთ, რომ თეა წულუკიანი, არჩილ კბილაშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი, სოზარ სუბარი აღმოჩნდება ის ერთიანი გუნდი, რომელიც მართლმსაჯულების სისტემაში სინათლეს შეიტანს და როგორც თეა წულუკიანი ხშირად ამბობს ხოლმე, სამართლიანი სამართლებრივი სისტემა შეიქმნება. ამისი იმედი ნამდვილად მაქვს. ვიქნები თუ არა სახალხო დამცველი, მაინც აქტიუირად ვიქნები ჩართული საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში და თუ დაინახავენ რომ რამეში სასარგებლო იქნებოდა ჩემი გამოცდილება, მე ამისათვის მზად ვარ.