„გახარიას „შეცდომა“ ის იყო, რომ მეტისმეტად მკაფიო ფიგურა გამოჩნდა - პოლიტიკაში კი „დურაკები“ უფრო სასურველნი არიან“

„გახარიას „შეცდომა“ ის იყო, რომ მეტისმეტად მკაფიო ფიგურა გამოჩნდა - პოლიტიკაში კი „დურაკები“ უფრო სასურველნი არიან“

რამაზ საყვარელიძეს განცხადებით, გამოძიება არ უნდა დაკმაყოფილდეს მხოლოდ კალანდიას დაკავებით, რადგან ამ საქმეში გაცილებით მნიშვნელოვანია ვინ დააფარა ხელი და გამოიკვეთოს მოტივი, რითი იყო მოტივირებული ხელის დაფარება. პოლიტოლოგი უშვებს, რომ გამოძიებამ, შესაძლოა, კონკრეტული პირის ინტერესის გამო აიხვია თვალი, რადგან ამ საქმეში, პროკურატურას ანგელოზად არ მიიჩნევს.

For.Ge რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.

ზაზა სარალიძის მთავარი მოთხოვნა იყო კალანდიას დაკავება. პროკურატურისოქროს მოწმედაკავებულია. შსს ამბობს, რომ ეს იყო უმძიმესი საქმე, მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე მიიღეს კალანდიას დაკავების გადაწყვეტილება. საქმე ეხება არასრულწლოვნების მიერ ჩადენილ დანაშაულს და თავისთავად მძიმე საქმეა, მაგრამ საქმის მთავრი ფიგურანტის დაკავება ჩაითვლება გიორგი გახარიას კარიერაში პლუსად? ეს იყო პოლიტიკური, თუ სამართლებრივი ნაბიჯი? პოლიტიკური იმიტომ, რომ ოპოზიცია, რომელიც ითხოვდა კალანდიას დაკავებას, დღეს ამბობს, რომ გახარიამ პლუსი დაიწერა...

რამაზ საყვარელიძე: თქვენს მიერ გადმოცემულ ამბავშიც ჩანს, რომ პოლიტიკური მოტივები კალანდიას დაკავებამდეც იყო და ძალიან ძლიერი. ეს მოვლენა არ იყო პოლიტიკისგან თავისუფალი. პოლიტიკური მოტივი იყო და მოგეხსენებათ, რომ სარალიძე გამოეთიშა ამ საპროტესტო პროცესს, თითქოსდა ხელისუფლებას შეეძლო იგივე ტემპით შეყოლოდა ამ პროცესესს, როგორც ადრე და სიტუაცია მათ არ აიძულებდა ახლა ამ ნაბიჯის გადადგმას. ამიტომ მგონია, რომ მარტო პოლიტიკური მოტივით არ აიხსნება ხელისუფლების ეს ნაბიჯი.

თქვენ ახსენეთ ამ ასაკის პრობლემები, თავისთავად ბულინგი ისეთი პრობლემური მოვლენაა ყველა კულტურაში, რომ მის გარშემო მტყუან–მართლის გარჩევა ყოველთვის ძნელია. გავიხსენოთ „აღმოსავლეთის ექსპრესი“, ჯგუფურ დანაშაულს რატომ სჩადიან? – იმიტომ, რომ ჯგუფური დანაშაულის გახსნა ძნელია. ასე კონკრეტული ბრალდებით ადამიანის დაკავება, რომ მან დანაშაული ჩაიდინა, მოკლა ადამიანი და ა.შ. რასაც ითხოვს მართლმსაჯულება, ყოველთვის მაღალი არ არის. ამ სირთულეს ძალიან მაღალი პროფესიონალიზმი ესაჭიროება.

აი, პროფესიონალიზმი კი, დეფიციტური რამ არის ქართულ სინამდვილაში. თავისი დროზე თავად გახარიამ თქვა, რომ პროფესიონალიზმის პრობლემა გვაქვსო. ამ საქმეში შეიძლება იყოს პროფესიონალიზმის პრობლემაც. გარდა ამისა, გადაცდენებიც და ალბათ, იყო გარკვეული ზეწოლებიც. ოღონდ ეს დიდად გასაკვირი არ არის. ყველა საქმეში არის ხოლმე დაინტერესებული მხარის ზეწოლა.

ამ საქმემ აჩვენმა, რომ არაპროფესიონალიზმთან ერთად იყო გადაცდენაც, კერძოდ, პროკურატურამ რაღაცის ხარჯზე რაღაცა დამალა? რაზეც მუდმივად იყო საუბარი და ამ კონტექსტში საუბარი იყო ფინანსურ გარიგებაზეც...

– პროკურატურა ანგელოზად არ მიმაჩნია და ამ ტიპის დამალვას უფრო ვუშვებ, ვიდრე გამოვრიცხავ. მაგრამ ვუშვებ იმ დონეზე, რა დონეზედაც ყველა უწყებაში შეიძლება აღმოჩნდეს ვიღაცა დაინტერესებული, რომ გამოძიების მსვლელობის პროცესში გვერდი აუქციოს ჭეშმარიტებას. თუკი ამას პროფესიონალიზმის დეფიციტიც დაემატება, ადვილი თვალის ასახვევი ხდება ესა თუ ის მოვლენა, ამ ტიპის მოვლენა უფრო მგონია. ადვილი თვალის ასახვევი იყო და შეიძლება, ვინმე კონკრეტული პირის ინტერესის გამო აიხვიეს თვალი.

და ეს იყო პოლიტიკური მოტივით თვალის დახუჭვა?

– პოლიტიკა გულისხმობს სახელმწიფოს მიერ გატარებულ პოლიტიკას. სახელმწიფოსთვის წამგებიანი ნაბიჯის გადადგმა ვერაფრით ვერ ჩაითვლება პოლიტიკურ მოტივად. ამ შემთხვევაში დამალვით იდგმებოდა სახელმწიფოსთვის წამგებიანი ნაბიჯი.

საგამოძებო კომისიაზე პროკურატურის და შსს მაღალჩინოსნების პოზიციები რომ გავიხსენოთ, პრაქტიკულად, გამორიცხავდნენ ამ საქმეში კალანდიას ბრალეულობას. დღეს კალანდია ბრალდებულია ამ საქმეზე, მაგრამ ამ ეტაპზე უცნობია ვინ აფარებდა მკვლელობაში ბრალდებულს ხელს. ალბათ, ეს უნდა გახდეს გამოძიების მთავარი მოტივი, რადგან მკვლელზე არანაკლებ დამნაშავეა ის, ვინც ხელი დააფარა.

– რა თქმა უნდა, მაგრამ თქვენს მიერ შემოთავაზებულ საკითხს თქვენის ნებართვით კიდევ უფრო გადავღუნავ. არა მარტო ამ საკითხში და ამ ბავშვების ტრაგედიაზე, არამედ ყველა იმ ტრაგედიაზე უნდა დადგეს ანალოგიური საკითხი –სამართალდამცავთა მხრიდან ვინ ჩაიდინა დანაშაული, ეს ავტომატურ პროცესად უნდა იქცეს. ამას ხაზს ვუსვამ იმიტომ, რომ ჩვენ ეს მდგომარეობა მოგვეწია ახლა და რახან არ ისმის კითხვა – ვინ ჩაიდინა დანაშაული და ვის პასუხისმგებლობაზე ვსაუბრობთ, მივიღეთ მოსამართლეთა ის სია, რომელიც მივიღეთ.

ისევე როგორც ახლა ითხოვს ოპოზიცია სამართალდამცავების გასამართლებას იმისდა მიხედვით, მათ დანაშაულს დააფარეს თუ არა ხელი, ანალოგიურად არის მოსათხოვი იმ პერიოდის დანაშაულზე, რაც 9 წლის წინათ იყო. იქაც უნდა გასამართლდნენ ისინი, ვინც დანაშაულს ან ხელი შეუწყო, ან ხელი დააფარა. წინააღმდეგ შემთხვევაში მივიღებთ იმ პროცესს, რაც უკვე მივიღეთ.

ჩემთვის ოპოზიციის პოზიცია სანდო ინქნებოდა იმ შემთხვევაში, მათ რომ ასე დაეყენებინათ საკითხი. მაგრამ მხოლოდ „ქართული ოცნების“ ხელში მომხდარ უსამართლობაზე აკეთებენ აქცენტს. თავიანთ მხარეს ასეთივე აუცილებლობას ვერ ხედავენ, ამიტომ სიმართლე გითხრათ, მთელი ეს ვნებათაღელვა პოლიტიკურად მოტივირებულად მიმაჩნია.

მივდივართ იმ დასკვნამდე, რომ ამ შემთხვევაში ხელისუფლება არ უნდა დაკმაყოფილდეს მხოლოდ კალანდიას დაკავებით, რადგან გაცილებით მნიშვნელოვანია ვინ დააფარა ხელი და რა მოტივით?

– რა თქმა უნდა, უნდა გამოიკვეთოს მოტივი, რითი იყო მოტივირებული ხელის დაფარება. დიდი ეჭვი მაქვს, რომ პოლიტიკა არ ურევია იმ ნაბიჯში.

თუმცა გახარიას გადაწყვეტილება ფასდება როგორც პოლიტიკური მოტივი, ვიდრე სამართლებრივი ნაბიჯი. გახარიას კარიერაში ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი გადაყვეტილება, ყველაზე გახმაურებულ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელსაც თავისი მნიშვნელობით ხშირად ადარებდნენ სანდრო გირგვლიანის საქმეს...

– გეთანხმებით, ხშირად ადარებენ, მაგრამ მეორე მხრივ გახარია იმდენად დინამიური კარიერის ავტორია, საკმაოდ ენერგიულად მოქმედებს და საკმაოდ მოულოდნელი რაკურსით. ეკონომიკის მინისტრი იყო და უცბად ასეთი თვალშისაცემი ფიგურა გახდა, როგორც სამართალდამცველი. ამიტომ მისი დინამიურობის გამო, ვერ ვიტყოდი, რომ ეს ყველაზე თვალსაჩინო ნაბიჯია. დიდი ეჭვი მაქვს, რომ გახარიას მხრიდან თვალსაჩინო ნაბიჯები კიდევ ბლომად იქნება.

გახარიასთან დაკავშირებით დიდი მოლოდინებია, თუმცა უმრავლესობის წევრების ნაწილი თავს აიდებს გახარიას კონტექსტში დადებითად საუბარს, ნაწილი - პირიქით. უმრავლესობის შიგნით იკვეთება, რომ გახარიასთან მიმართებაში თითქოს ერთიანი პოზიცია არ არის. არსებობს ასეთი ვერსიაც, რომ გახარიას შემდეგი ნაბიჯი პრემიერობა იქნება. რამდენად აქვს ეს შანსი გახარიას და რამდენად სწორი პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება? რეიტინგი აქვს, მოსახლეობაში ნდობით სარგებლობს. არ ვიცით ეს თვალის ჩაკვრით შეძლო, თუმეგრული ხასიათით“, მაგრამ ფაქტია, რომ ერთერთი ყველაზე მისაღები მინისტრია, უარყოფით კონტექსტში თვით ოპოზიციასაც უჭირს საუბარი...

– მეგრელები დიდად საპატივცემულო ხალხია, რაც შეეხება გახარიას იმ ასპექტს, რასაც ხაზი გაუსვით, რომ კარგის თქმა უჭირს უმრავლესობას, ეს ძალაუფლების ერთ–ერთი ნიშანია, რომ გარშემო მყოფები დიდად ბედნიერი არ არიან როცა ვიღაცა დაწინაურდება. ამას იმიტომ მოგახსენებთ, რომ შეიძლება გახარიას ერთ–ერთი შეცდომა, თუ ამას შეცდომას დავარქმევთ, ისიც იყოს, რომ ის მეტისმეტად მკაფიო ფიგურა გამოჩნდა და ხანდახან პოლიტიკაში „დურაკები“ უფრო სასურველნი არიან.

გაიხსენეთ, საბჭოთა კავშირის დროს უფრო ძლიერი ფიგურები იყვნენ გარშემო, მაგრამ ხრუშოვი დასვეს პირველ პირად, რახან ჩათვალეს, რომ მისი მანიპულაცია უფრო ადვილი იქნებოდა. ასე რომ, ძალიან ხშირად ადამიანის გვერდზე გაწევის მიზეზი შეიძლება სწრედ ის იყოს, რომ მეტისმეტად ძლიერია.

ძლერი არის გახარია? წლის შეფასებაში გახარიასთან დაკავშირებით ძალიან დიდ იმედებს ამყარებდით და კახი კახიშვილის შემდეგ ყველაზე წარმატებულ მინისტრად დაასახელეთ...

– თქვენ კარგი მაგალითი გაგახსენდათ ახლა იმის საილუსტრაციოდ, რაც ამ წუთას ვთქვი – კახიშვილის შემდეგო. კახიშვილი იმდენად წარმატებული მინისტრი იყო, რომ მისი თანამდებობის შეცვლის დროსაც კი ხაზი გაუსვეს იმას, რომ წარმატება მარტო ერთ სფეროში არ გვინდა, ყველა სფეროში გვინდაო. იყო ასეთი ლაპარაკი, მაგრამ სწორედ იმიტომ, რომ წარმატებული მინისტრი იყო, მისი მინისტრობას გაგრძელება არ ეწერა. ე.ი. რომელიმე ერთ ადგილას წარმატებულად ყოფნა, პოლიტიკაში არ ნიშნავს იმას, რომ დაგაწინაურებენ, შეიძლება პირიქით მოხდეს. ასეთი დაუნდობელია პოლიტიკა.