რამდენიმე წუთის წინ, ორთაჭალის პირველ საპყრობილეში გურამ შარაძის მკვლელობაში მსჯავრდებულ გიორგი ბარათელს ყოფილ პარლამენტარ დიმიტრი ლორთქიფანიძესა და “წინააღმდეგობის მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერთან სოსო მანჯავიძესთან ერთად შევხვდი და ერთი საათის განმავლობაში ვესაუბრე.
ბარათელი გურამ შარაძის მკვლელობის საქმის ხელახალ გამოძიებას და ამ მიზნით ადვოკატთან შეხვედრას ითხოვს. ამის მიზეზად იმას ასახელებს, რომ მას გურამ შარაძე არ მოუკლავს.
როგორც განგვიმარტა, მან სასამართლოზე გურამ შარაძის მკვლელობა აღიარა. იგივე უთხრა დიმიტრი ლორთქიფანიძეს, რომელიც 2010 წელს ჩემი, ნინო მიქიაშვილის წერილობითი თხოვნის საფუძველზე ბარათელს შეხვდა. იმჟამად დიმიტრი ლორთქიფანიძე პარლამენტიის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გახლდათ და ამგვარი თხოვნით მას შემდეგ მივმართე, რაც ბარათელის ადგილსამყოფელის შესახებ შესაბამისმა უწყებებმა საჯარო ინფორმაცია დამიმალეს. ლორთქიფანიძესთან ერთად ბარათელთან შესახვედრად იმჟამინდელი საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ეკა ხერხეულიძეც იმყოფებოდა.
გიორგი ბარათელის განმარტებით, სასამართლოზე აღიარებითი ჩვენების მიცემა და შემდეგ, დიმიტრი ლორთქიფანიძესა და ეკა ხერხეულიძისთვის იმის თქმა, რომ გურამ შარაძე მან მოკლა, მისი სიცოცხლისა და უსაფრთხოებისთვის იყო აუცილებელი.
ბარათელმა გვითხრა ისიც, რომ 2007 წლის 20 მაისს, გურამ შარაძის მკვლელობის დროს პოლიციელებმა დაჭრეს, მაგრამ არა მკვლელობის ადგილას, არამედ სხვაგან. მან მარჯვენა მხარზე პატარა ჭრილობაც გვაჩვენა და ისიც გვითხრა რომელ საავადმყოფოში ჰყავდათ მიყვანილი.
როდესაც ვკითხეთ - საპატიმრო დაწესებულებებში მასზე ზეწოლა ხორციელდებოდა თუ არა? მოგვიგო, რომ არც ადრე და არც ახლა მასზე საპატიმროში ზეწოლა არ მომხდარა, “მაგრამ საკითხავი ის არის, საპატიმრომდე მოყვანამდე რა მოხდა“-ო. ჩავეკითხეთ, მაგრამ მოგვიგო, რომ კონკრეტულ დეტალებს ადვოკატს ეტყვის.
პირადად მე ვუთხარი, ის, რომ რუსუდან შარაძე მამის მკვლელობიდან დღემდე ამბობს, რომ გიორგი ბარათელი მკვლელი არ არის; ავუხსენი ისიც, რომ რუსუდან შარაძე სამშობლოში მალე დაბრუნებას და შესაბამისი უწყებებისთვის მიმართვას გეგმავს.
ასევე ვუთხარი ისიც, რომ მთავარი პროკურორობის კანდიდატმა არჩილ კბილაშვილმა ჩემს კითხავზე - ხელახლა მოხდება თუ არა გურამ შარაძის საქმის გამოძიება, განაცხადა, რომ საქმეს აუცილებლად გადახედავენ და შეისწავლიან.
გიორგი ბარათელმა რუსუდან შარაძესთან სულ სამი სიტყვა დამაბარა - “შენ მართალი იყავი“.
გიორგი ბარათელთან სიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე, მომავალ კვირაში მის მოსანახულებლად ადვოკატი მამუკა ნოზაძე შევა. ნოზაძის კანდიდატურა პირადად მე დავუსახელე, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მებრძოლი, პროფესიონალი და სანდო ადამიანის. ასევე გიორგი ბარათელს ჩვენი მობილური ტელეფონის ნომრები დავუტოვეთ.