"მანჩესტერ იუნაიტედმა" და "სუონსმა" ჯეიმსის ტრანსფერი დაადასტურეს

უელსის ეროვნული ნაკრების და "სუონსის" შემტევი დანიელ ჯეიმსი კარიერას "მანჩესტერ იუნაიტედში" გააგრძელებს. გარიგების შესახებ ინფორმაცია უელსურმა და ინგლისურმა კლუბებმა ოფიციალურად დაადასტურეს. 21 წლის ფეხბურთელი ახალ გუნდში ოფიციალურად 11 ივნისის შემდეგ გადავა, როდესაც სატრანსფერო ფანჯარა გაიხსნება.

ჯეიმსის "ჰალის" აკადემიის აღზრდილია და "სუონსის" 18-წლამდელთა გუნდს 2014 წელს შეუერთდა. პირველ გუნდში დანიელი გასულ წელს დააწინაურეს. 2018/19 წლების სეზონში ჯეიმსმა 38 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ხუთი გოლი და ათი საგოლე გადაცემა შეასრულა. ეროვნულ ნაკრებში შემტევს დებიუტი 2018 წელს ჰქონდა და ორ შეხვედრაში თავი ერთხელ გამოიჩინა.