ძლიერდება თუ არა გიორგი გახარიას გავლენა?!

ძლიერდება თუ არა გიორგი გახარიას გავლენა?!

იმყარებს თუ არა საკუთარ გავლენას გიორგი გახარია სხვადასხვა სტრუქტურაში? ამჯერად საუბარია გენპროკურორის სავარძელზე, რომელსაც კანდიდატურების ხშირ-ხშირი ცვლა დაებედა. გავრცელებული ინფორმაციით, ახალი გენერალური პროკურორი შესაძლოა შს მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი გახდეს.

უკვე საუბრობენ იმაზე, რომ წინამორბედების მსგავსად, ვერც ახალი გენერალური პროკურორი იქნება დამოუკიდებელი და მასაც მოუწევს დავალებების შესრულება.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა პარალელებს კახა თარგამაძესთან ავლებს, რომელსაც შევარდნაძის ხელისუფლების დაისის დროს პროკურატურა ჩააბარეს, თარგამაძემ კი მაშინვე გაჭრა კარები, ღობე პროკრატურიდან შსს-ში, რათა პროკურორი უკანა შესასვლელიდან შესულიყო შსს-ს შენობაში. უგულავას თქმით, თუკი შსს-ს ეზო გახდება პროკურატურა, ეს ქვეყნისთვის ძალიან ცუდი იქნება.

მოგვიანებით ნათია მეზვრიშვილმა უარყო გავრცელებული ინფორმაცია გენპროკურორის თანამდებობაზე შალვა თადუმაძის ჩანაცვლების შესახებ და აღნიშნა, რომ ამის თაობაზე მასთან საუბარი არ ყოფილა.

პარალელურად, მედიაში კეთდება შეფასებები, რომ მას შემდეგ, რაც დასავლეთმა გიორგი გახარიას კანდიდატურა არ მოიწონა, ბიძინა ივანიშვილი ახალი პრემიერის ძებნას შეუდგა, მამუკა ბახტაძეს კი რკინიგზაში აბრუნებს.

ინფორმირებული წყაროს ცნობით, გახარიას კანდიდატურასთან დაკავშირებით დასავლეთში თურმე კონსულტაციები სამჯერ გამართულა, მაგრამ სამჯერვე უშედეგოდ.

ძლიერდება თუ არა გიორგი გახარიას გავლენა და რას შეცვლის ახალი გენპროკურორი?!

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, ექსპერტი კონფლიქტების საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ახალი გენპროკურორის დანიშვნით არაფერი შეიცვლება. საქართველოს მთელი პრობლემა ისაა, იმიტომაც გახუნდა და დისკრედიტაცია მოახდინა „ქართულმა ოცნებამ“, რომ „ოცნება“ არაფრის ცვლილებას არ აპირებს. ის ცდილობს, ძირითადად შეინარჩუნოს „ნაცმოძრაობის“ ჩვევები, რომლითაც „ნაცმოძრაობა“ ხელისუფლებაში იყო. პრაქტიკულად, „ქართული ოცნების“ მთავარი ამოცანაა, როგორ იტივტივოს წყალზე.

„შესაძლოა, გახარიას გავლენა იზრდება კიდეც. მე გახარიას წინააღმდეგი არ ვარ, უბრალოდ, დღეს არსებული კონტექსტიდან, რასაც „ქართული ოცნება“ სთავაზობს საზოგადოებას, მეტ-ნაკლებად მისაღები სახეა ჩემთვის კალაძე და გახარია. ისინი შეესაბამებიან საქართველოს დღევანდელ მდგომარეობას. როგორიც დღევანდელი საქართველოა, ისეთი პოლიტიკოსები გვყავს. ამიტომ დიდი იმედი ნუ გვექნება. პრაქტიკულად, ჩვენ ამოვწურეთ ყველა რესურსი და ერთსა და იმავეს ვიმეორებთ, რასაც აკეთებდა შევარდნაძე, „ნაცმოძრაობა“ და ახლა უკვე „ქართული ოცნება“, მთელი თავისი კობახიძეებით, ზარდიაშვილებით. ჩემთვის მიუღებელია კობახიძე, ზარდიაშვილი და ამ კატეგორიის ადამიანები“, - აღნიშნა პაატა ზაქარეიშვილმა.

ანალიტიკოსი ვაჟა ბერიძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ გახარია უკვე ფიგურაა, მან შეძლო იმის დამტკიცება, რომ ხელისუფლების ერთ-ერთი ლიდერია. მართალია, გახარია უშვებს შეცდომებს, მაგრამ აქვს გამბედაობა, აღიაროს ისინი.

„ბოლოს და ბოლოს, თავის ადგილს გახარია იპოვის, მაგრამ ერთი კულუარული ინფორმაცია ისმის ხოლმე „ნაციონალების“ კონტროლირებადი მედიიდან, რომ გახარიას აქვს კონტაქტები რუსეთთან. აქ საინტერესოა, რა კონტაქტებია ეს? თუ ეს კონტაქტები საქმიანია და არ არის რუსეთის უსაფრთხოების სისტემასთან დაკავშირებული, თუ იგი საიმედო ადამიანია, მაშინ ამის გადამოწმება ივანიშვილს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან, შეერთებული შტატების სპეცსამსახურებთან ერთად არ გაუჭირდება. შესაბამისად, თუკი გახარია მართლაც სუფთა პიროვნებაა ამ თვალსაზრისით, მას კიდევ აქვს პერსპექტივა“, - მიიჩნევს ვაჟა ბერიძე და მოარულ ხმებსაც ეხმიანება იმის შესახებ, თითქოს ბიძინა ივანიშვილს დასავლეთმა გადააფიქრებინა გახარიას პრემიერად დანიშვნა.

ანალიტიკოსის აზრით, ეს ყველაფერი მითქმა-მოთქმაა, მაგრამ ასეთი მითქმა-მოთქმა რომ არსებობს, ესეც ბიძინა ივანიშვილის ბრალია. მას ხომ კულუარებში უყვარს ყველაფრის გადატანა. ამიტომ ივანიშვილმა ყველაფერი უნდა გახადოს გამჭვირვალე და არ უნდა დაუშვას ისეთი ფაქტები, როგორიცაა ქართული საზოგადოების ინფორმირების გარეშე ბრიუსელში უეცრად პრემიერის აღმოჩენა. ვაჟა ბერიძის განმარტებით, ასეთი რამ მიუღებელია და ბატონმა ბიძინამ ეს უნდა გაითვალისწინოს. სხვა შემთხვევაში, თუკი ძალისხმევა და პოლიტიკური ნება იქნება, ჩვენი მმართველობის სისტემა, მთავრობა და, გარკვეული თვალსაზრისით, პარლამენტში აბურდული სიტუაციაც დალაგდება. ამის რესურსი ჯერ კიდევ დარჩა ივანიშვილს.