„კლიჩკოს შეთავაზება სააკაშვილისთვის, შესაძლოა, აქტიური პოლიტიკიდან გაყვანის პროცედურა აღმოჩნდეს“

„კლიჩკოს შეთავაზება სააკაშვილისთვის, შესაძლოა, აქტიური პოლიტიკიდან გაყვანის პროცედურა აღმოჩნდეს“

ვლადიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის გუნდში გაწევრიანებაზე ამ ეტაპზე საუბარი არ მიმდინარეობს. უკრაინის ახალი პრეზიდენტი აცხადებს, რომ მას მხოლოდ უკრაინის პასპორტი დაუბრუნა. სააკაშვილთან დაკავშირებით განსხვავებული გეგმები აქვს კიევის მერს ვიტალი კლიჩკოს, რომელმაც საქართველოდან გაქცეულ ექს–პრეზიდენტს პარტიის ხელმძღვანელობა შესთავაზა. როგორც კლიჩკომ აღნიშნა, მისი პარტია „უდარ“ უკრაინის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს.

თავის მხრივ, ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ვიტალი კლიჩკოს შეთავაზებაზე გადაწყვეტილების მიღებაში დახმარებას მხარდამჭერებს სთხოვს. ვიდეომიმართვაში სააკაშვილი აღნიშნავს, მის პარტიას, „ახალი ძალების მოძრაობას“ ხელოვნური ბარიერები ჯერ კიდევ ექმნება რეგისტრაციის მხრივ და შესაძლოა, მისმა პარტიამ ვადამდელ არჩევნებში მონაწილეობა ვერ მიიღოს. ამიტომ სააკაშვილმა დახმარებისთვის სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებს მიმართა. რაც შეეხება მეორე გზას, მიხეილ სააკაშვილის თქმით, ამ გზის არჩევის შემთხვევაში, დიდი ალბათობით, „ახალი ძალების მოძრაობა“ არჩევნების მიღმა აღმოჩნდება.

„არის კიდევ მეორე ვარიანტი. თუ ამ წინადადებას არ ვიღებთ და ამ არჩევნებზე არ მივდივართ, მაშინ ჩემი გუნდი, „ახალი ძალების მოძრაობა“, შეიძლება ყველა არჩევნების მიღმა აღმოჩნდეს. ესეც არჩევანია, მაგრამ მე მესმის, რომ პრეზიდენტ ზელენსკის ახლა დახმარება სჭირდება, მათ შორის პარლამენტში, ასევე ახალი კადრებით. იმისთვის, რომ დავეხმაროთ, აუცილებელია მხოლოდ პასიური დამკვირვებლები არ ვიყოთ, არამედ მონაწილეობა უნდა მივიღოთ პროცესში“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

რომან გოცირიძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილზე კიევში დიდი მოთხოვნაა და ალბათ, მიწოდებაც არ დააგვიანებს. როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი აცხადებს, დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, უკრაინაში სააკაშვილის ყოფნა სერიოზული პოლიტიკური ფაქტორია.

„ზელენსკიმ მიხეილ სააკაშვილი ერთმნიშვნელოვნად დადებითად მოიხსენია. განაცხადა, რომ მის პარტიასთან ჯერ თანამშრომლობა არ აქვს. ჯერ ნიშნავს, რომ ხვალ არაფერია გამორიცხული. მიხეილ სააკაშვილი დღეს უკრაინაშია, უკრაინის მოქალაქეა და ამავე დროს ძალიან გავლენიანი პოლიტიკოსისგან, კიევის მერისგან, კლიჩკოსგან შეთავაზება იყო.

რა გადაწყვეტილებას მიიღებს მიხეილ სააკაშვილი, ამას სულ მალე გავიგებთ. ფაქტია, რომ მასზე ძალიან დიდი მოთხოვნაა, რადგან პოლიტიკოსზე მოთხოვნაა, ამ შემთხვევაშიც ალბათ მიწოდებაც არ დააგვიანებს. სააკაშვილს საქართველოსთან დისტანცია არ ექნება და უკრაინაში პოლიტიკური აქტიურობა ხელს არ შეუშლის. ეს მისი სურვილით და მიზეზით არ მომხდარა. სააკაშვილის სურვილია, იყოს საქართველოში და „ნაციონალურ მოძრაობას“ სათავეში ლეგალურად ჩაუდგეს. გავიმარჯვოთ არჩევნებში და ის წარმატებები განვავითაროთ, რაც მანამდე გვქონია“, – აღნიშნა რომან გოცირიძემ.

ვიცე–სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, მცდელობა, თითქოს ყველაფერი სააკაშვილის ირგვლივ ტრიალებს და ეს არის მთავარი თემა უკრაინა–საქართველოს ურთიერთობაში, არის მცდარი და პოლიტიკური ფანდი. რაც შეეხება კლიჩკოს შეთავაზებას, ვოლსკის განცხადებით, შესაძლოა, კლიჩკო სააკაშვილის სამართლებრივ პასუხისმგებლობებზე სრულ ინფორმაციას არ ფლობდეს.

„ეტყობა კლიჩკომაც არ იცის კარგად, რამდენი მძიმე მუხლით არის გასამართლებული და ამასთან დაკავშირებით საქართველოს თავისი პოზიცია გააჩნია. მცდელობა, თითქოს ყველაფერი სააკაშვილის ირგვლივ ტრიალებს და ეს არის მთავარი თემა უკრაინა–საქართველოს ურთიერთობაში, არის მცდარი და პოლიტიკური ფანდი, რომელიც უნდათ გაათამაშონ ჩვენმა ოპონენტებმა“, –განაცხადა გია ვოლსკიმ.

პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძე თვლის, რომ ვიტალი კლიჩკოს შეთავაზება სააკაშვილისთვის შეიძლება აღმოჩნდეს ჩიხი და აქტიური პოლიტიკიდან გაყვანის პროცედურა, საიდანაც სააკაშვილს გამოსვლა გაუჭირდება. როგორც საყვარელიძე აღნიშნავს, სააკაშვილი არ არის ისეთი გულუბრყვილო, არ იცოდეს, მას პარლამენტში შესვლა რომ არ შეუძლია.

„მე არ ვიცი კლიჩკოს პარტიის რეიტინგი, ამიტომ მიჭირს იმის თქმა, თუ რამდენად მიმზიდველია ეს პარტია სააკაშვილისთვის. სააკაშვილი არ არის ისეთი გულუბრყვილო, თვითონ არ იცოდეს, რომ პარლამენტში მას შესვლა არ შეეძლება და ეს შეთავაზება, მისთვის შეიძლება აღმოჩნდეს ჩიხი, რომლიდანაც გამოსვლა გაუჭირდება.

დავუშვათ, ის შეიძლება იყოს მხოლოდ პარტიის ხელმძღვანელი და მეტი არაფერი. კლიჩკოს თავის პარტიაზე ზრუნვა ტვირთად აწევს და ცდილობს ისეთ ადამიანს გადააბაროს, ვინც მასზე ზრუნვას შეძლებს. პირადად სააკაშვილისთვის კი ეს შესაძლოა, არაფრის მომცემი არ იყოს. ასე რომ, ეს მე მგონი სააკაშვილისთვის, გარკვეული თვალსაზრისით, აქტიური პოლიტიკიდან გაყვანის პროცედურა შეიძლება აღმოჩნდეს“, – ამბობს რამაზ საყვარელიძე.

ექსპერტი უსაფრთხოების საკითხები ხათუნა ლაგაზიძე ამბობს, რომ სააკაშვილი პოლიტიკისგან გამოძერწილი ადამიანია, ის თავად არის პოლიტიკა. შესაბამისად, ექსპერტი დარწმუნებულია, რომ ვიტალი კლიჩკოს შეთავაზებას ხელიდან არ გაუშვებს და ეს საბაბიც იქნება მისთვის, რათა თქვას, რომ ის არ აპირებდა პოლიტიკაში დაბრუნებას, მაგრამ სთხოვეს და ამიტომ გაუწოდა პარტნიორობის ხელი კლიჩკოს.

„ფაქტია, რომ თავად კლიჩკოსაც სჭირდებოდა საპარლამეტო არჩევნების წინ პარტნიორები, მხოლოდ გულმოწყალებისთვის არაფერი ხდება, ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს შემთხვევასთან როცა „ხელი-ხელს ბანს და ორივე პირსო“. კლიჩკოსთვის, როგორც ჩანს, სააკაშვილი არის დამატებითი რესურსი პარლამენტში ადგილების მოპოვებისთვის.

რეალურად დღეს უკრაინაში ის სიტუაციაა, რაც ძალიან გავს 2003 წლის საქართველოს, რადგანაც ზელენსკი სულ უფრო კრეფს პოპულარობას და შესაბამისად, მისი პოლიტიკური ძალა შეავიწროვებს უკრაინაში დღემდე არსებულ ყველა პოლიტიკურ ძალას. როგორც ჩანს, უკრაინაში სხვადასხვა პოლიტიკური ძალების გამსხვილებას უნდა ველოდოთ“, – აღნიშნა ხათუნა ლაგაზიძემ.

 

Maverick რომან გოცირიძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილზე კიევში დიდი მოთხოვნაა...
კი, კი, როგორ არა, მაგ არაკაცზე დღეს ისეთივე მოთხოვნაა, როგორიც შენ კუპონებზე!
"ხათუნა ლაგაზიძე ამბობს, რომ სააკაშვილი პოლიტიკისგან გამოძერწილი ადამიანია, ის თავად არის პოლიტიკა".
რა თქმა უნდა, ისეთივე გამოძერწილია, როგორი გამოძერწილი ასოც ლაგაზიძეა!
4 წლის უკან