19 წლის ქართველმა ცენტრმა გოგა ბითაძემ სერბულ “მეგა ბემაქსში” უკანასკნელი მატჩი ჩაატარა და “ცრვენა ზვეზდასთან” ნახევარფინალური სერიის დასრულების შემდეგ, გუნდს დაემშვიდობა.
შეგახსენებთ, რომ გოგამ სეზონის გარკვეული ნაწილი, განათხოვრების წესით, მონტენეგროს საუკეთესო გუნდ “ბუდუჩნოსტში” გაატარა და საერთო ჯამში, ფაქტობრივად, ყველა შესაძლებელი ჯილდოს მფლობელი გახდა.
ბითაძე ადრიატიკის ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა კალათბურთელადა და საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს, მასვე გადაეცა ევროლიგის ამომავალი ვარსკვლავის ჯილდო, გუშინ კი, სერბული ლიგის საუკეთესო მოთამაშედაც დაასახელეს.
ბელგრადელებთან მატჩის მერე, ქართველა ლეგიონერმა შემდეგი განცხადება გააკეთა:
“იმის გათვალისწინებით, რომ “ცრვენა ზვეზდა” სერბეთისა და ადრიატიკის ლიგის საუკეთესო გუნდია, ცუდად ნამდვილად არ გვითამაშია, თუმცა, მცირედით იღბალი დაგვაკლდა. ამაყი ვარ, რომ “მეგა ბემაქსის” წევრი ვიყავი და მწვრთნელებსა და თანაგუნდელებს მადლობას ვუხდი.
ახლა, NBA-სთვის მოსამზადებელ პერიოდზე გადავერთვები და იმედი მაქვს, დრაფტზე რომელიმე გუნდი ამირჩევს. დასვენების დრო ნამდვილად არ მაქვს. კიდევ დიდი სამუშაოა გასაწევი”.
შეგახსენებთ, რომ NBA-ს მოახლოებული დრაფტი 20 ივნისს ნიუ იორკში, კერძოდ კი, ბრუკლინის “ბარქლაი სენთერში” გახლავთ დაგეგმილი და წინასადრაფტო სიტუაციის გათვალისწინებით, ბითაძეს მოწინავე ოცეულში არჩევა, თითქმის გარანტირებული აქვს.