ოპოზიცია ირაკლი შოთაძის დასჯას ითხოვს

ოპოზიცია ირაკლი შოთაძის დასჯას ითხოვს

მიხეილ კალანდიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს. დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის ბრალდებით დაკავებულის სასამართლო 12:00 საათზეა ჩანიშნული. პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.

მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი აცხადებს, რომ დაცვას მტკიცებულებათა ნუსხაში ამ ეტაპზე ახალი არაფერი უნახავს, შესაბამისად, წარდგენილ ბრალდებაში მიხეილ კალანდია თავს დამნაშავედ არ თვლის. ანი კოტეტიშვილი განმარტავს, რომ ბრალის წარდგენის საფუძვლები არ არსებობდა, შესაბამისად, დაცვის მხარისთვის გაურკვეველია, რა გახდა მიხეილ კალანდიას ბრალის წარდგენის მიზეზი.

„ფაქტობრივად, 2017 წლიდან დაწყებული გამოძიების საქმის მასალებია მიმაგრებული, ახალი ამ ეტაპზე დაცვას მტკიცებულებათა ნუსხაში არაფერი არ უნახავს, შესაბამისად, წარდგენილ ბრალდებაში მიხეილ კალანდია თავს დამნაშავედ არ თვლის. ბრალის ფორმულირებაში არის ის, რომ ბასრი საგნის გამოყენება არის მითითებული, თუმცა არანაირი მტკიცებულება, მათ შორის ნივთიერი, ჩამონათვალში არ არის“, – აცხადებს ანი კოტეტიშვილი.

დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის საქმეზე დაკავებულ მიხეილ კალანდიას ბრალი ოფიციალურად წაუყენეს, თუმცა ბრალდებულის ძმა აცხადებს, რომ მკვლელს ვერ უმტკიცებენ ბრალს, თორემ ის უკვე დაკავებულია. ლუკა კალანდია ამტკიცებს, რომ უდანაშაულო ბავშვს „ტენიან“ დანაშაულს, რადგან საზოგადოებისგან ხელისუფლებამ ტაში დაიმსახუროს.

„ერთ–ერთი დაკავებულის, გ.ჯ–ს ჩვენება უძღოდა წინ დაკავებას, ასევე, როგორც ვიცი, არსებობს ორი ირიბი მოწმის ჩვენება, თითქოსდა დაინახეს როგორ გამორბოდა მიხეილ კალანდია და თითქოს მას რაღაც ეჭირა ხელში. ეს ყველაფერი არის გამოგონილი, ვის რაში სჭირდებოდა ეს, არ ვიცი.

პირველივე დღეებში ყველაფერი ოპერატიულად იყო გამოძიებული, მკვლელს ვერ უმტკიცებენ ბრალს, თორემ ის უკვე დაკავებულია. ყველამ ყველაფერი კარგად იცის, უბრალოდ ვერ უმტკიცებენ მკვლელს დანაშაულის ჩადენას. ერთი დღეც არ უნდა იჯდეს მიხეილ კალანდია ციხეში, მას არანაირი ბრალი არ აქვს სარალიძესთან მიმართებაში. ჩვენ დავამტკიცებთ მის უდანაშაულობას და არც ერთი წამი არ შევეგუებით“, – განაცხადა ლუკა კალანდიამ.

ბრალდებულის ძმა ამტკიცებს, რომ მასზე და მის ოჯახზე სამ დეკემბერს დიღმის სამმართველოს მკვლელობების განყოფილებაში მოხდა ფიზიკური ზეწოლა. კალანდიას თქმით, მას მამამისის ცემის ხმა გვერდით ოთახიდან ესმოდა. მისივე თქმით, უმოწყალოდ ნაცემი იყო მისი ძმაც, რომელიც იმ დროისთვის არასრულწლოვანი იყო. ლუკა კალანდია აღიარებს იმ ფაქტსაც, რომ დაკავებული გ.ჯ-ს მიმალვაში მისმა ოჯახმა მიიღო მონაწილეობა.

„3 დეკემბერს მე, მამაჩემი და ჩემი ძმა მიგვიყვანეს ამ შენობის მეხუთე სართულზე, დაახლოებით 12 საათის განმავლობაში გახორციელდა ჩვენს მიმართ ცემა. მე მესმოდა პირადად როგორ ცემდნენ მამაჩემს, მამაჩემსაც ესმოდა, მე როგორ მცემდნენ, ჩემი ძმაც უმოწყალოდ სცემეს და რომელ არასრულწლოვანთა უფლებებზეა საუბარი, ვინმეს რომ მიხეილისთვის ხელი დაეფარებინა, როგორ ფიქრობთ, ვინმე ხელს აწევდა ჩვენზე? იმიტომ გვცემდნენ, რომ დანაშაულის დაფარვის ასპექტში ყველამ კარგად იცის, რომ დააკავეს ჩვენი მეგობრები, უდანაშაულო მეგობრები. კი გ.ჯ. წამოვიყვანეთ სახლში, ვაბანავეთ და საღამოს ოჯახს გადავეცით და ამას თუ გულისხმობთ დანაშაულის დაფარვაში, კი ვაღიარებთ, რომ ეს გავაკეთეთ“, – აღნიშნა ლუკა კალანდიამ.

დაკავებას არ გამორიცხავს თავად თენგიზ კალანდია, რომლის განცხადებით, 9 თვის განმავლობაში სპეციალურად არ დაამთავრეს მათი სასამართლო პროცესი, რომ მათ გასაჩუმებლად ბერკეტი ჰქონოდათ, ხმა არ ამოეღოთ. მიხეილ კალანდიას მამა, რომელიც დანაშაულის დაფარვის ბრალდებით მის შვილებთან ერთად არის ბრალდებული, ამტკიცებს, რომ დაკავების შემდეგ, სასურველი ჩვენების მისაცემად სამართალდამცავები ფიზიკურად გაუსწორდნენ.

„ჩვენ როგორც კი ხმას ამოვიღებთ და იმ პირების სახელებს და გვარებს დავასახელებთ, რომლებიც ფიზიკურად გაგვისწორდნენ, ჩვენს დაკავებას არ გამოვრიცხავ, რომ ხმის ამომღები არავინ დარჩეს. ჩემზე ფიზიკური ზეწოლა იყო, თან ისე, რომ ჩემს შვილებს გაეგოთ. ჩვენებაც თვითონ დაწერეს და ცემასა და ტყეპაში მოგვაწერინეს ხელი მეც და ჩემს შვილებსაც. ჩემს შვილებს ემუქრებოდნენ არასრულწოვანი დის და დედის დაჭერით, თან მცემდნენ, ჩემი შვილები ცალკე ცემეს.

ჩვენი ჩვენება, არც ერთი არაა ჩვენი დაწერილი. ეს ყველაფერი შსს–ს მაღალჩინოსნების მოგონილია, რათა თავიანთი სკამები შეენარჩუნებინათ. სარალიძეც და კალანდიას ოჯახიც სულ ფეხებზე ჰკიდიათ. ყველა გამოიყენეს. იმ ადამიანების ამოცნობა, რომლებმაც მცემეს, შემიძლია. გვარიც, სახელიც ვიცი და ხელსაც დავადებ, ვინც მონაწილეობდა ჩვენს ცემაში. უბრალოდ, ამის დრო დღეს არ არის და აუცილებლად მოვა“, – აცხადებს თენგიზ კალანდია.

როგორც თენგიზ კალანდია აცხადებს, ქალაქის პროკურორი მას უმტკიცებდა, რომ მისი შვილი უდანაშაულო იყო. შესაბამისად, დარწმუნებულია, რომ ამ საქმეს ბევრი შეეწირება, როგორც შსს–დან, ისე პროკურატურიდან.

„ქალაქის პროკურორი გამოდიოდა და ამტკიცებდა, რომ ჩემი შვილი უდანაშაულო იყო. ახლა გახდა დამნაშავე და ქვეყნის დამაქცეველი? ასე არ გავჩერდები. ჩემ შვილს არავის გავაწირინებ. ბრძოლას ვაპირებ. ბევრი შეეწირება როგორც მთავრობიდან, ისე, შინაგან საქმეთა სამინისტროდან, ისე პროკურატურიდან! თუ ჩემი შვილი დამნაშავე იყო და ამდენი ხნის მანძილზე ხელს აფარებდნენ, ამდენი ხანი ინახავდნენ, თვითონაც დამნაშავეები არიან, ხომ? – პროკურატურიდან დაწყებული, შინაგან საქმეთა სამინისტროთი, პარლამენტით დამთავრებული, წელიწადნახევარი ამტკიცებდნენ, ქვას აგდებდნენ, თავს უშვერდნენ, რომ ჩემი შვილი უდანაშაულო იყო“, – აღნიშნა თენგიზ კალანდიამ.

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის გამრუდებზე 11 ადამიანის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა გამოკვეთა საგამოძიებო კომისიამ. „ევროპული საქართველოს“ წევრის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, კალანდიას დაკავება და ჯგუფურ მკვლელობაში მისი პასუხისმგებლობის გამოკვეთა მნიშვნელოვანი ნაბიჯებია. დეპუტატმა ისაუბრა კონკრეტული მაგალითების შესახებ და დაასახელა რამდენიმე პირი, რომელთაც საქმის გამრუდებაზე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს.

„მაგალითად, გენერალური პროკურორი შოთაძე არა მხოლოდ პოლიტიკურად, არამედ სისხლის სამართლებრივად არის პასუხისმგებელი, რადგან მან იცოდა კონკრეტული გამრუდებული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ: რომ არ ამოიღეს ტანსაცმელი კალანდიასი, არ ამოიღეს ამ ადამიანების მიმოწერა და ამან ხელი შეუწყო საქმის გამრუდებას; მეორე, მან ასევე იცოდა მირზა სუბელიანის ფაქტორის შესახებ ამ დანაშაულის პირველივე დღეს და არათუ არ მოითხოვა მის წინააღმდეგ საგამოძიებო მოქმედებები, არამედ, ბოლომდე ხელს აფარებდა მას. ასევე, შოთაძემ საზოგადოებას გამიზნულად მოატყუა ექსპერტიზის დანაზე დნმ-ის არსებობის თუ არარსებობის შესახებ მაისში“, – აცხადებს ელენე ხოშტარია.

როგორც დეპუტატი აცხადებს, მეორე მაგალითია ზვიად ფხაკაძე, მთავარი მოქმედი პროკურორი, რომელსაც მიჰყავდა ეს საქმე. ხოშტარიას განცხადებით, ეს ადამიანი პირდაპირ იყო წარმოდგენილი გამყალბებელ პროკურორად, რომლის მთავარი ფუნქციაც იყო კალანდიაზე ხელის დაფარება.

„ის მაგალითად, კომისიაზე იძახდა, რომ კალანდია ურტყამდა სარალიძეს, მაგრამ ეს იყო გაშველებაო. ასევე, ატყუებდა კომისიას და მათ შორის, სასამართლოს, რომ ვითომ, კალანდია იყო არა ფარდულში, არამედ, 9 მეტრის მოშორებით. ეს პროკურორი ცრუ ჩვენებებს იძლეოდა კომისიაზე, სისხლის სამართლებრივად პასუხისმგებელია ამ საქმის გამრუდებაზე და ეს არის დასაბუთებული კომისიის დასკვნაში.

ამას გარდა, მისი კურატორი პროკურორები, გაბოძე, გაბიტაშვილი, კაპანაძე – ესენი არიან ადამიანები, ვინც ისმენდნენ მოხსენებებს ამ საქმეზე და უბრალოდ, თვალს ხუჭავდნენ და ესეც არის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა“, – აღნიშნა ელენე ხოშტარიამ.

„ოქროს მოწმის“ დაკავების შემდეგ უმრავლესობა შეცვლილი პოზიციით საუბრობს. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე მართლმსაჯულება ბოლომდე განხორციელდეს. როგორც დეპუტატი აცხადებს, კითხვებზე, რომელიც ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე რჩება, მოკლული მოზარდების ოჯახები პასუხებს მიიღებენ.

„პარლამენტმა მიიღო სპეციალური დოკუმენტი, რომლითაც მხარი დავუჭირეთ ამ საქმეზე მართლმსაჯულების ბოლომდე განხორციელებას. ოპოზიციამ სცადა, რომ ამ საქმისთვის პოლიტიკური განზომილება მიეცა, მაგრამ მათ ეს ვერ მოახერხეს. ძალიან ცდილობდნენ, რომ ტოლობის ნიშანი დაესვათ თუნდაც მათი ხელისუფლების პირობებში ჩადენილ ერთ–ერთ ყველაზე მძიმე საქმესთან, სანდრო გირგვლიანის მკვლელობასთან. თუმცა კითხვები, რომელიც ამ საქმესთან დაკავშირებით არსებობდა, სახელმწიფო ინსტიტუტების მხრიდან თანმიმდევრულად არის პასუხი გაცემული. სახელმწიფოებრივი პოზიცია არის ის, რომ პოლიტიკოსების გადასაწყვეტი არ არის საგამოძიებო პროცესში თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს კონკრეტული სახელმწიფო ინსტიტუტი, რომელიც პარტიული დღის წესრიგით არ ხელმძღვანელობს და არც უნდა ხელმძღვანელობდეს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.