ბელგრადის „მეგა ბიმაქსის“ ქართველი ლეგიონერი გოგა ბითაძე სერბეთის სუპერლიგის ყველაზე ღირებული მოთამაშე (MVP) გახდა. 19 წლის ქართველ კალათბურთელს ჯილდო NBA-ს სერბმა ვარსკვლავმა, „მეგა ბიმაქსის“ ყოფილმა მოთამაშემ ნიკოლა იოკიჩმა გადასცა.
დაჯილდოების ცერემონია სერბეთის ლიგის მე-2 ნახევარფინალური მატჩის წინ მოხდა, რომელშიც ბითაძის „მეგა ბიმაქსი“ „ცრვენა ზვეზდასთან” 91:96 დამარცხდა და სერია 0:2 დათმო.
ქართველი ლეგიონერი სასტარტო ხუთეულში იყო და 24:42 წუთში 5 ქულა, 6 მოხსნა, 1 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა.
ბითაძემ სერბულ „მეგა ბიმაქსში” ბოლო მატჩი ჩაატარა და ახლა NBA-ს დრაფტისთვის მოემზადება, რომელიც ბრუკლინში 20 ივნისს გაიმართება.