„ოქროს მოწმე“ ციხეშია

„ოქროს მოწმე“ ციხეშია

პროკურატურის „ოქროს მოწმე“ დააკავეს. მიხეილ კალანდიას ბრალი ედება დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ მკვლელობაში. გახმაურებული მკვლელობის ერთ–ერთი მთავარი ფიგურანტი მაშინ დააკავეს, როდესაც ქალაქიდან გასვლას ცდილობდა. მოკლული დათუნა სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე ხორავას ქუჩაზე მომხდარი საზარელი მკვლელობის პირველივე დღიდან აცხადებდა, რომ სწორედ კალანდია იყო მკვლელი.

ეჭვები მოგვიანებით კიდევ უფრო გამყარდა, როცა კალანდიამ რამდენჯერმე შეცვალა ჩვენება. ამის მიუხედავად, საგამოძიებო ორგანო ცდილობდა საქმეში კალანდიას როლი არ გამოეკვეთა და მას მხოლოდ მოწმის სტატუსი მიანიჭა. მას შემდეგ, რაც საქმე შსს–ში გადავიდა, გიორგი გახარიამ ბოლო დროის ყველაზე გახმაურებულ საქმეზე კითხვის ნიშნები მოხსნა.

ჯერ დააპატიმრეს პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანი, რომელმაც თქვა, რომ სარალიძე მოკლეს ჯგუფურად და ამ ჯგუფური დანაშაულის ერთ–ერთი მონაწილე ციხეში არ იჯდა. ამ გადაწვეტილებიდან რამდენიმე საათში დააკავეს მიხეილ კალანდია.

შსს რამდენიმე თვეა, პრაქტიკულად შეუჩერებლად, აწარმოებს ინტენსიურ გამოძიებას ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმიდან გამოყოფილ სისხლის სამართლის საქმეზე. საქმის ფარგლებში სხვადასხვა მუხლით 10–მდე პირია მიცემული სისხლის სამართლის პასუხისგებაში.

შს მინისტრის მოადგილის ვლადიმერ ბორცვაძის განმარტებით, გამოძიებასთან თანამშრომლობის კუთხით, არსებული სირთულეების მიუხედავად, შინაგან საქმეთა სამინისტრო მთელი ამ დროის განმავლობაში აქტიურად მუშაობდა მკვლელობაში მიხეილ კალანდიას შესაძლო თანამონაწილეობის მიმართულებით.

„პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანის შემდეგ, ჩვენ მოვიპოვეთ მტკიცებულებები, რომლებმაც გამოძიებას კალანდიას მხრიდან მკვლელობაში თანამონაწილეობის საფუძვლიანი ეჭვი გაუმყარა და შექმნა დამატებითი მტკიცებულებითი საფუძველი დავით სარალიძის მკვლელობაში მიხეილ კალანდიას თანამონაწილეობის შესახებ“, – განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ.

დაკავებული კალანდიას ადვოკატი ამტკიცებს, რომ ბრალდებული ქალაქის დატოვებას არ აპირებდა, ის სასამართლოსკენ მიმავალ გზაზე მაშინ დააკავეს, როდესაც სასამართლოში მიდიოდა.

„11:00 საათზე იყო დანიშნული მოსამართლე გიორგი დარახველიძესთან სასამართლო სხდომა, სადაც მოწმის სახით მიხეილ კალანდიას დაკითხვა უნდა მომხდარიყო. დაახლოებით, თერთმეტს რომ აკლდა წუთები, ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ გზაში დააკავეს. მე მას შევხვდი, თუმცა არ გვისაუბრია დეტალებზე. მას ამ საქმესთან დაკავშირებით არანაირი პოზიცია არ აქვს“, – განაცხადა ანი კოტეტიშვილმა.

დაკავების პოლიტიკურ მოტივზე საუბარობს დაკავებულის მამა. თენგიზ კალანდიას განცხადებით, მისი შვილის წინააღმდეგ მტკიცებულებები რომ ყოფილიყო, წელიწადნახევარი რატომ არ დაიჭირეს.

„ჩემი შვილი უდანაშაულოა. საქმე პოლიტიკურად არის მოტივირებული. ახლა პოლიტიკური ინტერესი არსებობს „რუსთავი 2“ – ის მოთხოვნით. მტკიცებულებები რომ ყოფილიყო ჩემი შვილის წინააღმდეგ, წელიწადნახევარი არ დაიჭერდნენ?! არ ვიცი, ალბათ, პოლიტიკურად აწყობს ვიღაცას. არ ვიცი, ვის აწყობს“, – აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას თენგიზ კალანდიამ.

საქმის მთავარი ფიგურანტის დაკავების ფაქტს მიესალმება ზაზა სარალიძე, რომლის განცხადებით, დანაშაული კიდევ არაერთ პირს აქვს ჩადენილი და ყველა უნდა იყოს პასუხისგებაში მიცემული.

„დანაშაულში კიდევ სხვა პირებიც მონაწილეობდნენ, რომლებიც აუცილებლად უნდა იყვნენ პასუხისგებაში მიცემული. სამართალი აღდგენილია და ჭეშმარიტებამ იზეიმა. ვნახოთ, როგორ დაასაბუთებს პროკურატურა მიხეილ კალანდიას ბრალეულობას, შეეცდება თუ არა ისევ მის „გაპრავებას“, დაველოდოთ. იქ არაერთ პიროვნებას ჰქონდა კიდევ ჩადენილი დანაშაული და აუცილებლად ყველა უნდა იყოს პასუხისგებაში მიცემული. ბრძოლა გრძელდება და ეს არ სჭირდება მარტო ზაზა სარალიძეს და ზაზა სარალიძის შვილს, არამედ სჭირდება ჩემი შვილის მეგობრებს“, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.

ზაზა სარალიძის ადვოკატის, ნესტან ლონდარიძის განცხადებით, საქართველოს პარლამენტში ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელმა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქმეში, რადგან საზოგადოებას დაანახა თითოეული დარღვევა და ის საგამოძიებო ქმედება, რომელიც არ იყო დროულად ჩატარებული ან დარღვევით ჩატარდა.

„თუ პროკურატურა, საგამოძიებო ორგანოები დაუშვებენ გარკვეულ შეცდომებს, მივიღებთ სურათს, რომ სასამართლო იქნება დამოუკიდებელი და პროკურატურას შეუძლია, მიუთითოს ამ დარღვევებზე. ზაზა სარალიძე მთელი ამ ხნის განმავლობაში იბრძოდა და არა ერთხელ ამბობდა, რომ მიხეილ კალანდია იყო სავარაუდო მონაწილე მისი შვილის მკვლელობაში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არაერთი პირი მიუთითებდა მიხეილ კალანდიას მონაწილეობაზე, არაერთი მტკიცებულება იყო მის წინააღმდეგ, მაგრამ რატომღაც პროკურატურამ ბოლო დღემდე არ გადადგა ქმედითი ნაბიჯები.

არ უნდა ხდებოდეს საქმის აქამდე მიყვანა და შემდგომ გარკვეული ქმედებების განხორციელება. ვერ ჩავთვლით, რომ ეს საქმე დასრულდა, ვინაიდან წინ ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს უნდა გაეცეს პასუხი. თვალყური უნდა მივადევნოთ, როგორ განვითარდება მიხეილ კალანდიას ირგვლივ მოვლენები და სასამართლო რას იტყვის უშუალოდ მის მონაწილეობაზე საქმეში. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, შეფასდეს სხვა პირთა მონაწილეობა საქმეში“, – განაცხადა ნესტან ლონდარიძემ.

საგამოძიებო კომისის თავმჯდომარე, სერგი კაპანაძე ამბობს, რომ კომისიის მთავარი რეკომენდაცია მიხეილ კალანდიას დაკავება იყო.

„იმისთვის რომ ამ საქმეში სამართლიანობა ბოლომდე იყოს დაკმაყოფილებული, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დანარჩენი რეკომენდაციებიც, რომელიც კომისიამ გასცა, იყოს შესრულებული. განსაკუთრებით ის რეკომენდაციები, რომელიც ეხება იმ ადამიანების პასუხისმგებლობას, რომლებიც ჯერ კიდევ მუშაობენ შს სამინისტროსა და პროკურატურაში და რომლებმაც ეს საქმე გააყალბეს თავის დროზე. ამდენ ხანს არ გაგრძელდებოდა საქმის ძიება, თავის დროზე რომ მომხდარიყო ეს მძიმე, არასამართლებრივი ჩარევა ამ საქმის გამოძიების და მიმდინარეობის პროცესში“, – აღნიშნა სერგი კაპანაძემ.

საპასუხოდ ვიცე–სპიკერი აცხადებს, რომ როცა სასამართლო დასრულდება, ამის მერე იმსჯელებენ, რომელმა გამომძიებელმა შეუწყო საქმის გაჭიანურებას ხელი. გია ვოლსკი აცხადებს, რომ არც ერთი კითხვა, გამოძიებასთან დაკავშირებით, პასუხგაუცემელი არ დარჩება.

„იმ პერიოდში მოცემულობა იყო სულ სხვა და შემდეგ, გამოძიების ინტენსივობამ განაპირობა ბევრ საკითხზე პასუხების მიღება. მაგრამ ნუ ვიჩქარებთ. არსებობს უდანაშაულობის პრეზუმფცია, რომელიც უნდა დავიცვათ. როცა სასამართლო დაასრულებს და საბოლოო წერტილს დაუსვამს ამ საკითხს, მერე ვიმსჯელოთ იმაზე, რომელმა გამომძიებელმა და რა პროცესმა შეუწყო გაჭიანურებას ხელი. დამერწმუნეთ, არც ერთი საკითხი პასუხგაუცემელი არ დარჩება“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

უფრო კონკრეტულია პარლამენტის თავმჯდომარე. ირაკლი კობახიძე არ გამორიცხავს, რომ მოზარდების მკვლელობის საქმის გამოძიების ფარგლებში რიგი თანამდებობის პირის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს. როგორც კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მკვლელობის გამოძიებასთან დაკავშირებით არსებობს რიგი კითხვები, რომელიც ეჭვებს იწვევს.

„როდესაც დაასრულა საგამოძიებო კომისიამ მუშაობა, უმრავლესობამ მივიღეთ დადგენილება, სადაც საუბარი იყო იმაზე, რომ თუ იკვეთებოდა კონკრეტული პირების პასუხისმგებლობა ამ საქმესთან დაკავშირებით, სათანადო გამოძიება ეწარმოებინათ.

ეს რეკომენდაცია კვლავ ძალაშია! ჩვენ პასუხისმგებლები ვართ ზედამხედველობაზე და, რა თქმა უნდა, დამატებით შეგვიძლია მოვიკითხოთ, რა ეტაპზეა შესაძლო გადაცდომაზე გამოძიება. ამის საფუძველზე შესაძლოა, გამოკვეთოს პასუხისმგებლობა. ის, რომ გარკვეული საეჭვო გარემოებები იყო, ეს ბადებდა კითხვის ნიშნებს“, – აღნიშნავს ირაკლი კობახიძე.

სახალხო დამცველის განცხადებით, კალანდიას დაკავებით, გამოძიება აღიარებს, რომ შეცდომები იყო დაშვებული. შესაბამისად, ნინო ლომჯარიას განცხადებით, დღის წესრიგში უნდა დადგეს სამოხელეო დანაშაულის მიმართულებით გამოძიება.

„იმის გამო, რომ მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები არ იქნა ჩატარებული იმ დროს, როდესაც საჭირო იყო მათი ჩატარება, ძალიან ბევრი კითხვა პასუხგაუცემელი დარჩა. ამის გამო, ვფიქრობ, რომ დღის წესრიგში უნდა დადგეს სამოხელეო დანაშაულის მიმართულებით გამოძიების წარმართვა.

სამწუხაროა, რომ პროკურატურა, მხოლოდ შიდა მოკვლევას აწარმოებს ამ საქმეზე, რაც ნამდვილად არ არის ეფექტური და ადეკვატური პასუხი იმ პროცესებზე, რაც მოხდა. მნიშვნელოვანია, რომ დაიწყოს გამოძიება, ვინაიდან ეს განვითარებული მოვლენები უკვე არის დადასტურება და აღიარება იმისა, რომ გამოძიება იყო არაეფექტური და სულ მცირე ადგილი ჰქონდა სამსახურეობრივ გულგრილობას, ან მიზანმიმართულ გადაწყვეტილებებს“, – აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას ნინო ლომჯარიამ.

 

უ ც ხ ო :
10 პირი თუ მიცემულია პასუხისგებაში, მე-11 თუ დღეს დაიჭირეს და ზაზა სარალიძე აცხადებს, ეგ ცოტაა, კიდევ არაერთ პირს აქვს ჩადენილი დანაშაული და ყველა უნდა იყოს პასუხისგებაში მიცემულიო... უკაცრავად, მაგრამ ამ სკოლაში ქუდზე კაცი თუ უნდა დაიჭირონ, კითხვის ნიშანი არავის უჩნდება, ყველა ამ ბიჭს რატომ ერჩოდაო?
რა, მანიაკების სკოლაა?
4 წლის უკან