„მეეჭვება, ნაყოფიერი გახდეს „ევროპული საქართველოს“ ბრძოლა მესამე პოლუსის შექმნისთვის“

„მეეჭვება, ნაყოფიერი გახდეს „ევროპული საქართველოს“ ბრძოლა მესამე პოლუსის შექმნისთვის“

გიგა ბოკერია პარტნიორთა წრის გაფართოების აუცილებლობაზე საუბრობს და მისაღებ პარტნიორად ირაკლი ალასანიას და დავით უსუფაშვილს ასახელებს. „ევროპული საქართველოს“ ლიდერი აზუსტებს, რომ მოლაპარაკებები ორ პოლიტიკურ ძალასთან დაწყებულია, თუმცა ირაკლი ალასანიასთან შეხვედრა არ ჰქონია, რომელსაც ამ ეტაპზე პოლიტიკური განცხადება არ გაუკეთებია, გარდა იმისა, რომ შუალედურ არჩევნებზე მხარი შალვა შავგულიძეს დაუჭირა.

„ევროპული საქართველო“ პარტნიორთა წრეს აფართოებს. პოლიტიკური პარტნიორები „თავისუფალი საქართველო“ და „შენების მოძრაობა“ იქნება. ამ ეტაპზე სხვა პოლიტიკურ ძალასთან ბლოკის შექმნა არ იგეგმება, თუმცა ანალიტიკოსის დავით ზარდიაშვილის განცხადებით, ამ გაერთიანებას გაუჭირდება ქართულ პოლიტიკურ ველზე შემოვიდეს როგორც მესამე პოლიტიკური ძალა. როგორც ზარდიაშვილი ამბობს, „ევროპულ საქართველოს“ ჰყავს თავისი ჩამოყალიბებული ამომრჩეველი ძველი ხელისუფლების დროიდან, რაც დღემდე შენარჩუნებული აქვს გარკვეული რესურსის ხარჯზე.

„არ ველოდები ამ გაერთიანებისგან მესამე პოლიტიკურ ძალას. რაიმე სიახლე ამ გაერთიანებაში არ არის. ვიცით „შენების მოძრაობაც“, „ევროპული საქართველოც“ და „თავისუფალი დემოკრატების“ ბოლო ნაბიჯები გვანახებს იმას, რასთან გვაქვს საქმე. დაახლოებით ვიცით თითოეულის რეტინგიც. „ევროპულ საქართველოს“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდიდან შენარჩუნებული აქვს პარტიული სტრუქტურები და გარკვეული გავლენის ხალხიც ჰყავს და რესურსიც აქვს.

დანარჩენი ორი ძალა პოლიტიკური „ტრუპები“ არიან, ვიდრე პარტიები. არავითარი რესურსი მათ არ გააჩნიათ. ეს იქნება „ევროპული საქართველოს“ გარშემო გაერთიანებული ახალი კლიენტურა. ხელოვნური გაერთიანება გვინახავს, არც ერთი სოციალური ჯგუფების ინტერესებს არ გამოხატავს“, – აღნიშნა For.Ge–სთან საუბრისას დავით ზარდიაშვილმა.

ქართულ პოლიტიკურ სინამდვილეში გაერთიანების სხვადასხვა ფორმები არსებობს, ამიტომ ექსპერტი გია ხუხაშვილის განცხადებით, ამ შემთხვევაში გააჩნია გაერთიანების რა ფორმას აირჩევენ პოლიტიკური ძალები. მისი თქმით, სამეულის გაერთიანების ლოგიკა იმაში მდგომარეობს, რომ შეიძლება გაკეთდეს პროდასავლური ფრთის გაერთიანება.

„ჩემი აზრით, ეს თავისთავად ცუდი არც იქნება, მაგრამ ვფიქრობ, რომ შესაძლებელია ეს იყოს ერთიანი ბლოკი, შესაძლებელია, ეს იყოს კარგად კოორდინირებული მუშაობა, განაწილება მაჟორიტარული ოლქებისა და კიდევ სხვა ტიპის კოორდინაცია. არ ვიცი, დაველოდოთ და შევხედოთ. „თავისუფალი დემოკრატების“ და „ევროპული საქართველოს“ თანამშრომლობა უკვე სახეზე გვაქვს. შალვა შავგულიძე არის ამის პროდუქტი“, – აცხადებს გია ხუხაშვილი.

რაც შეეხება „შენების მოძრაობას“ გია ხუხაშვილის განცხადებით, რა ფორმით გადაწყვეტს დავით უსუფაშვილი თანამშრომლობას, ამას ახლო მომავლი გამოაჩენს. მაგრამ იმ ფონზე, რასაც ხელისუფლება აკეთებს, გია ხუხაშვილის შეფასებით, ეს არის „ევროპული საქართევლოს“ რეაბილიტაცია.

„იმიტომ, რომ სისტემურ დანაშაულს ჰქონდა ადგილი, დამკვეთი შეიძლება შეიცვალოს. თუ გუშინ დამკვეთი ქილერის მეშვეობით მოქმედებდა, შეიძლება რაღაცა ეტაპიდან მან გადაწყვიტოს, რომ წესიერ ადამიანთან ითანამშორმლოს, თეორიულად ასეთი რაღაცა შესაძლებელია, მაგრამ ქილერი, ყოველთვის ქილერად რჩება. უბრალოდ, ის ახალ პატრონს პოულობს, კოლექტიური მურუსიძე მაქვს მხედველობაში“, – აღნიშნა For.Ge–სთან საუბრისას გია ხუხაშვილმა.

პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის განცხადებით, ციხეში და ციხის გარეთ ადამიანთა წამებაზე, ადამიანების მიმართ დაუნდობლობაზე პასუხისმგებელია „ევროპული საქართველო“, შესაბამისად, პოლიტოლოგი ეჭვობს, რომ ნაყოფიერი გახდეს „ევროპული საქართველოს“ ბრძოლა მესამე პოლუსის შექმნისთვის.

„ასეთ კონფიგურაციაზე ელისაშვილმა განაცხადა, რომ ჩემს გუნდთან და ამომრჩეველთან ერთად უარს ვამბობ ხმა მივცე „ნაციონალურ მოძრაობასო“. მართლაც, „ევროპული საქართველო“ ყველაგან აღიქმება როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფნა, რადგან იმ სისტემის მაღალი ეშელონი იყო ის ხალხი, ვინც ახლა „ევროპული საქართველოშია“. რაც მიუღებელი იყო ამომრჩევლისთვის, ეს ჯგუფიც არის პასუხისმგებელი. ამიტომ, მეეჭვება ნაყოფიერი გახდეს „ევროპული საქართველოს“ ბრძოლა მესამე პოლუსის შექმნისთვის“, – აღნიშნა For.Ge–სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.

კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე ამბობს, რომ „ევროპულ საქართველოს“ ჰქონდა შანსი ჩამოყალიბებულიყო როგორც მესამე ძალა, მაგრამ საპრეზიდენტო არჩევნებში ამ პოლიტიკური ძალის მოქმედება არასწორი იყო. გიგი უგულავას ვიზიტმა სააკაშვილთან, ფაქტობრივად ხაზი გადაუსვა იმას, რის დამტკიცებასაც 2016 წლიდან ცდილობდნენ ქართული საზოგადოებისთვის, რომ ისინი გამოეყვნენ „ნაციონალურ მოძრაობას“.

„დღეს ამომრჩეველი დაარწმუნო იმაში, რომ ნაცმოძრაობა სხვა არის და „ევროპული საქართველო“ თურმე განსახვავებულია, საკმაოდ სუსტი არგუმენტია. ამიტომ, ამომრჩეველმა „ევროპული საქართველო“ მესამე ძალად მიიღოს, არ მგონია, რომ ჰქონდეს ამას რაიმე პერსპექტივა. არც იმას ვიტყვი, რომ ახლა აუცილებლად მისაღებია გადაწყვეტილება გაერთიანების შესახებ - დრო სჭირდება.

თავის დროზე საკმაოდ ემოციურ ტალღაზა მიიღო ალასანიამ და უსუფაშვილმა გადაწყვეტილება. არ ვამბობ, რომ არ უნდა დაეტოვებინათ პარტია, მაგრამ ძალიან სწრაფად მიიღეს ეს გადაწყვეტილება, არ დაელოდნენ სიტუაციის დალაგებას. თუ ასევე სწრაფად მიიღებენ გადაწყვეტილებას და არ დაელოდებიან ემოციური ფონის გადასვლას, დღეს არ ჩანს ეს პოლიტიკური რეალობა და მე მგონია, რომ არასწორი გადაწყვეტილება იქნება დღეს ეს გაერთიანება. ვნახოთ რა მოხდება შემოდგომაზე, როდესაც უნდა მოხდეს გადაჯგუფებები პოლიტკაში“, – აღნიშნა For.Ge–სთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძემ.

tngh ამათი რეალური სახე, საზოგადოებამ მაშინ დაინახა, როდესაც ისინი ე.წ. "კაბელების საქმის" აშკარა მაქინაციის "გაპრავებას" ცდილობდნენ. ყველა დარწმუნდა, რომ ფულის გულისთვის, ესენი ყველაფრის მკადრებელნი იყვნენ...
3 კვირის უკან
tngh შ. შავგულიძემ შემოიკრიბა სიყრმის მეგობრები. რომლებიც XX საუკუნის 90-ან წლებში ათასგვარ ბინძურ ჭორებს და ცილისწამებას ავრცელებდნენ ბ-ნი ზვიადის მიმართ...
2 კვირის უკან