„აღსრულდა მურუსიძე–ჩინჩალაძის კოშმარი“

„აღსრულდა მურუსიძე–ჩინჩალაძის კოშმარი“

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველების 144 კანდიდატთა სია ცნობილია. მათ შორის არიან მოქმედი და ყოფილი მოსამართლეები. განახლებულ სიაში მიხეილ ჩინჩალაძისა და დიმიტრი გვრიტიშვილის გარდა, არის ყველა ის კანდიდატი, რომელიც 24 დეკემბერს, საბჭოს მიერ გამოქვეყნებულ პირველ სიაში იყო. განახლებულ სიაში არიან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინა შემადგენლობის წევრები – ლევან თევზაძე და შოთა გეწაძე.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სიაში მოქმედი გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე და მისი პირველი მოადგილე მამუკა ვასაძე არიან. სიაში ასევე არის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, ზაზა თავაძე. წარდგენილი კანდიდატებიდან ყველაზე მეტი შანსი მოქმედ გენერალურ პროკურორს აქვს. იურისტი, ექსპერტი საერთაშორისო სამართლის საკითხებში ლია მუხაშავრია ფიქრობს, რომ შალვა თადუმაძე დაიღალა პოლიტიკური დაკვეთების შესრულებით და იმ კრიტიკით, რომელიც მისი მისამართით ისმის.

„ამ მოტივით გადაწყვიტა გაეცალოს ამ თანამდებობას. გასაოცარი იყო, რომ შალვა თადუმაძე ვიხილეთ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სიაში. შეიძლება ვიფიქროთ, რომ ის მართლაც დაიღალა იმ პოლიტიკური დაკვეთების შესრულებით და იმ კრიტიკით, რომელიც მისი მისამართით ისმის, მისი საქმიანობის უარყოფითი შეფასებით და გადაწყვიტა, გაეცალოს ამ თანამდებობას, სადაც ის თავს კომფორტულად ვერ გრძნობს. თუმცა არ მგონია უზენაესი სასამართლოს წევრობა ნაკლებად სტრესული და საპასუხისმგებლო იყოს“, – აცხადებს ლია მუხაშავრია.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე აცხადებს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველების 144 აპლიკაცია, შეჯიბრებით პროცესს ნიშნავს, რაც მისასალმებელია. როგორც დოლიძე აცხადებს, ყველაზე მეტად „კლანს“ სწორედ ეს სცენარი არ სურდა, რადგან მოსამართლეების ჩუმად დანიშვნას გეგმავდა.

„ეს ნიშნავს, რომ ჩვენ გვექნება შეჯიბრებითი პროცესი. ეს არის უკვე იმ ადამიანების გამარჯვება, რომლებმაც შეაჩერეს დეკემბრის სია. „კლანს“ ჰქონდა დაგეგმილი, რომ არაფერი ამდაგვარი არ ყოფილიყო, ჩუმად და წყნარად დაენიშნათ სასამართლოში თავისი 10 კაცი და ფაქტია, რომ ეს გეგმა ჩაიშალა. ეს სცენარი, 144 აპლიკაცია არის მურუსიძე–ჩინჩალაძის კოშმარი.

მეორე – ის, რომ ჩინჩალაძემ არ შემოიტანა განაცხადი, რომელსაც აშკარა ამბიცია ჰქონდა, რომ შემოეტანა. ფაქტია, რომ ეს ყველაფერი ჩვენ გავაჩერეთ, აღსრულდა ჩინჩალაძის კოშმარი. რაც შეეხება აპლიკანტთა შორის გენერალური პროკურორის და მისი პირველი მოადგილის მოხვედრას, იყვნენ სიაში პროკურორები, მოქმედი თუ ყოფილი მოსამართლეები. მთავარი არის ის, რომ ეს არის განაცხადების უპრეცედენტო რაოდენობა. ეს ნიშნავს, რომ ხალხს ექნება არჩევანი და „კლანს“ კი ეს არ უნდოდა“, – ამბობს ანა დოლიძე.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველების 144 კანდიდატთა სიაზე კომენტარი გააკეთა პრემიერ–მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, რომლის განცხადებით, ნებისმიერ ადამიანს, მათ შორის შალვა თადუმაძეს, აქვს მოსამართლეთა კონკურსში მონაწილეობის უფლება.

„ეს იყო ის შემთხვევა, სადაც ჩვენ ახალი ველოსიპედის გამოგონება არ დაგვჭირვებია. ჩვენ უნდა გვეხელმძღვანელა საუკეთესო ევროპული პრაქტიკით და რეალურად ეს ასეც მოხდა. აქედან გამომდინარე, ნებისმიერ მსურველს, მათ შორის შალვა თადუმაძეს თუ ნებისმიერ სხვა თანამდებობაზე მყოფ ადამიანს, უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს, მაგრამ მთავარი რაც საზოგადოებამ უნდა დაინახოს და უკვე დაინახა  პარლამენტის მიერ ამ კანონის მიღებით, ნებისმიერი ადამიანის შერჩევა ასეთ მნიშვნელოვან პოსტზე ხდება გამჭვირვალედ, უმაღლესი სტანდარტებისა და პროცედურების დაცვით“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, შესაბამისი პირების გადასაწყვეტი იყო, მიიღებდნენ თუ არა კონკურსში მონაწილეობას. დანარჩენი კი კობახიძის განცხადებით, საბჭოს და პარლამენტის გადასაწყვეტია.

„მთავარია, რომ საბოლოოდ ჩვენ ავირჩიოთ ისეთი მოსამართლეები, რომლებიც აკმაყოფილებენ კრიტერიუმებს. ეს არის პირველი ეტაპი. ახლა ეს 144–კაციანი სია უნდა დავიდეს 50 კაცამდე. ამ ე.წ. გრძელი სიის შედგენაში მონაწილეობას მიიღებენ საბჭოს როგორც უმრავლესობის, ასევე უმცირესობის წარმომადგენლები. ბუნებრივია, ჩვენც უნდა დავაკვირდეთ ამ პროცესს. ეს ეტაპიც ძალიან მნიშვნელოვანია და ჩაივლის საზოგადოების დაკვირვების ქვეშ. შესაბამისად, ყველა ერთად გამოვიტანთ დასკვნებს პირველ ეტაპზე“, – აცხადებს ირაკლი კობახიძე.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ამის შემდეგ გაგრძელდება განხილვა, პროცესი იქნება საჯარო, სიის 20 კაცამდე დაყვანა მოხდება ინტერვიუებისა და გასაუბრებების საფუძველზე.

„თითოეულ ჩვენგანს ექნება დაკვირვების შესაძლებლობა. ამის შემდეგ უკვე საბოლოოდ 20 კანდიდატის წარდგენა მოხდება პარლამენტისთვის, რომელიც ღია პროცედურის საფუძველზე მიიღებს გადაწყვეტილებას. რა თქმა უნდა, ჩვენ ვიხელმძღვანელებთ ყველა შესაბამისი ობიექტური კრიტერიუმით – გამოცდილება, კვალიფიკაცია, კეთილსინდისიერება, წარსული, დღევანდელი საქმიანობა და ყველა ობიექტური კრიტერიუმი, რომელიც ასახულია კანონში. ეს არის გარანტია იმისა, რომ ჩვენ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის პოზიციაზე ავირჩევთ სათანადო კანდიდატებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.