საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის გაუგებარია, რატომ უნდა დარჩნენ თანამდებობებზე ის მოსამართლეები, რომლებმაც უკანონო გადაწყვეტილებები თვალის დაუხამხამებლად მიიღეს. იმ დროს, როცა თითქმის ყველა მეორე საქმე (თუ უფრო მეტი არა) უსამართლო განაჩენით სრულდებოდა, ძნელია იმასთან შეგუება, რომ თურმე ათი წლით დანიშნულ მოსამართლეებს ვერ გაათავისუფლებენ. მაგრამ, ალბათ, ეს პირველი ეტაპია და ყველა დამნაშავე მოსამართლე პასუხს აგებს. ადვოკატთა ასოციაციამ უკვე მოითხოვა, რომ ყველა მოქმედი მოსამართლე უნდა შეიცვალოს.
ახალი ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით, წნეხის მოხსნის შემთხვევაში, მოსამართლეების 90%-ისგან შეიძლება, დამოუკიდებელი მოსამართლეები მივიღოთ. თუმცა ეს არ შეეხება მოსამართლეების დანარჩენ 10%-ს, რომლებმაც საზოგადოებისთვის და ქვეყნისთვის სამარცხვინო გადაწყვეტილებები მიიღეს.
საქართველოში მოსამართლეების უსამართლობის შესახებ ყველაზე უკეთ ადვოკატებმა იციან. For.ge-სთან საუბარში ზოგიერთმა ადვოკატმა გაამხილა იმ მოსამართლეთა ვინაობა, რომლებიც უსამართლო გადაწყვეტილებებით არიან ცნობილნი.
ადვოკატი მამუკა ნოზაძე მიიჩნევს, რომ მოსამართლეების უმეტესობა შეინარჩუნებს თავიანთ პოსტებს და მხოლოდ რამდენიმე მათგანი დაისჯება, რადგან ახალმა ხელისუფლებამ ასეთი ნება უკვე გამოხატა. თუმცა ადვოკატის აზრით, სასამართლო ხელისუფლებაში ისეთივე სისტემური პრობლემები იყო, როგორც სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში. ადვოკატის განმარტებით, თავის დროზე ეს ადამიანები მოსამართლეების ყოფილი მდივნები, თანაშემწეები იყვნენ და არასრულფასოვნების კომპლექსი ჰქონდათ. ამიტომ მოსამართლის პოსტზე მორჩილების ნიშნით დაინიშნენ.
„სამოქალაქო, სისხლის სამართლის თუ ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში ვერავინ დამისახელებს ერთ მოსამართლეს მაინც, რომელსაც დანაშაული არ ჰქონდა ჩადენილი და ხელისუფლების დაკვეთას არ ასრულებდა. ელემენტარულად, ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების დროსაც კი, საქმეს პროკურორებსა და პოლიციელებს უთანხმებდნენ და 90 დღიან პატიმრობას ხუთ დღესაც ვერ აკლებდნენ. ახლახანს მოსამართლე ილონა თოდუა იუსტიციის საბჭოს წევრად დაინიშნა. ეს ქალბატონი ერთ წელზე მეტია არაადამიანური მოპყრობის შედეგად გარდაცვილი პატიმრის ნიკოლოზ მჭედლიშვილის საქმეს იხილავს და საქმე რეპლიკის სტადიაზე აქვს შეჩერებული. არადა, ასეთი რამ არ არსებობს. შეჩერების არანაირ სამართლებრივ შესაძლებლობას არ იძლევა საქართველოს კანონმდებლობა. ანალოგიურად იქცევა მოსამართლე თეა თადაშვილიც. შეიძლება, საქმე წელიწადისა და ორი თვის განმავლობაში იხილებოდეს სასამართლოში?! ეს არის მართლმსაჯულების ეფექტური განხორციელება?“
მამუკა ნოზაძის თქმით, სასამართლოში მანდატურის ყოფნის ფაქტს ზოგიერთი მოსამართლე სათავისოდ იყენებს და აშანტაჟებს მოსახლეობას. ელემენტარულად, სიტყვის გამოთქმის გამო მოქალაქეს დაჯარიმებით, გაძევებით, დაპატიმრებით ემუქრებიან, რაც სულაც არ ნიშნავს სასამართლო რეფორმას.
აქვე ადვოკატმა უსამართლო განაჩენებით ცნობილი სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეები დაგვისახელა: მზია ლომთათიძე, რომელიც შევარდნაძის დროსაც „კარგად“ მუშაობდა და გამოჰქონდა უკანონო განაჩენები, მარინა ხოლუაშვილი, მანანა ოთარაშვილი, ომარ ჯორბენაძე, რომლის ძმაც თაღლითობისთვის დააპატიმრეს და საკუთარი ძმის გამო მასზე შეღავათი განახორციელეს. ამ დროს კი პურის მოპარვისთვის ადამიანებს ხანგრძლივ პატიმრობას უსჯიან.
რაც შეეხება სამოქალაქო კოლეგიის მოსამართლეებს, ადვოკატის თქმით, სააპელაციოს მოსამართლე ალექსანდრე იოსელიანი ხშირად მიკერძოებული იყო.
„ალექსანდრე იოსელიანი შევარდნაძის დროს იყო დანიშნული მოსამართლედ. იგი რუსთავის სასამართლოს თავმჯდომარე იყო, შემდეგ კი თბილისის სააპელაციო სასამართლოში გადაიყვანეს, ვითომდა, კარგად ერკვეოდა სპეციალობაში, სინამდვილეში კი, ელემენტარული საკითხები არ იცოდა და მხოლოდ და მხოლოდ იმ მიზნით იყო დანიშნული, ადამიანები როგორმე გაემწარებინა, როგორმე ჩამოერთმია მათთვის ქონება. ალექსანდრე იოსელიანი არაუფლებამოსილ პირებს სხვის საკუთრებას ისე აძლევდა, როგორც არაფერი. ამის უამრავი ფაქტი არსებობს და ახლა ამ საქმეების გადასინჯვები დაიწყება. ამ მოსამართლეებს, ვინც ჩამოვთვალე და ვინც არ ჩამომითვლია, იმდენი უკანონობა აქვთ ჩადენილი, რომ ასობით დანაშაულზეა საუბარი,“- აცხადებს მამუკა ნოზაძე.
მისივე შეხედულებით, ასეთი მოსამართლეები თანამდებობაზე არ უნდა დარჩნენ. უფრო მეტიც, არც ის არის მართებული, რომ ამ ადამიანებმა ახალი ხელისუფლებისთვის სასურველი გადაწყვეტილება გამოიტანონ, რადგან ამ მოსამართლეთა საქმეები, შესაძლოა, სისხლის სამართალში გადაიზარდოს. ათასობით განცხადება შევა მათი პასუხისგების მოთხოვნით, რადგან სისხლის სამართლის კოდექსში არსებობს მუხლი სამსახურეობრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ან უფლებამოსილების გადამეტების შესახებ.
მამუკა ნოზაძე იხსენებს იმ პერიოდს, როცა განზრახ უკანონო განაჩენის გამოტანა სისხლის სამართლის კოდექსით ისჯებოდა, თუმცა ვარდებიანი ხელისუფლების მოსვლისთანავე ეს მუხლი ვითომდა მოსამართლეებზე ზრუნვის მიზნით ამოიღეს. მაშინ, როცა აღნიშნული მუხლი ამოსაღები არ იყო და უკანონო განაჩენის გამოტანა უნდა დასჯილიყო.
„ესენი სამაგალითოდ უნდა დაისაჯონ, რომ სხვა მოსამართლემ უკანონობის ჩადენა ვერ გაბედოს. საქალაქოს და სააპელაციოს მოსამართლეები თანაბრად სცოდავდნენ, უზენაესი სასამართლო, ფაქტობრივად, უფუნქციო იყო და აქ საჩივართა 99% განუხილველად რჩებოდა. თანაშემწეები ტრაფარეტულ განჩინებას ამზადებდნენ, თითქოს ამ საქმეთა განხილვა მნიშვნელოვანი არ ყოფილა“.
მამუკა ნოზაძის თქმით, მოსამართლეთა თვითნებობა არა მარტო სისხლის სამართლის, არამედ სამოქალაქო საქმეებზეც ვრცელდებოდა. მართალია, სამოქალაქო სამართალზე ამბობდნენ, შედარებით თავისუფალი იყოო, მაგრამ, როცა ხელისუფლების ან ჩინოვნიკის ინტერესი იყო, სამოქალაქო სამართალიც მიკერძოებული ხდებოდა. ხელისუფლებას ყველგან თავიანთი ხალხი ჰყავდა დანიშნული, განსაკუთრებით, კოლეგიის თავმჯდომარეები და ნებისმიერ კოლეგიაში როცა შედიოდა საქმე, ყველა საქმეზე კოლეგიის და სასამართლოს თავმჯდომარე უკვე წინასწარ წყვეტდა, თუ რა სახის გადაწყვეტილება უნდა გამოსულიყო.
აქვე ადვოკატი სასამართლოს მოხელეთა ფარულ კავშირებსაც შეეხო. მისი ინფორმაციით, ადეიშვილს ჰქონდა კავშირი კუბლაშვილთან და მათ ჰყავდათ თავიანთი ერთგული კოლეგიის თავმჯდომარეები.
„შემიძლია, დაგისახელოთ, სამოქალაქოში ასეთი ერთგული იყო მეთოფიშვილი, ადმინისტრაციულში- გეწაძე, მამია ფხაკაძე, აპელაციაში - ირაკლი შენგელია. ისინი პირდაპირ ახორციელებდნენ მოსამართლეებზე ზეწოლას და მოსამართლეებს მიჩენილი ჰყავდათ ზონდერმოსამართლეები. ამდენად, მარტო ტესტირება და იუსტიციის უმაღლესი სკოლის გავლა, რომლის დირექტორიც მიშა სააკაშვილის ძმა-დათო სააკაშვილია, სასამართლოს დამოუკიდებლობას არ ნიშნავს. სხვა კრიტერიუმი უნდა დადგინდეს, თუ ვინ უნდა დაინიშნოს მოსამართლის მაღალ თანამდებობაზე. იმედია, ახალი ხელისუფლება ამ კრიტერიუმებს გადახედავს და ლოიალურ დამოკიდებულებას არ მიანიჭებს უპირატესობას“,- აცხადებს ადვოკატი მამუკა ნოზაძე.
ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძის თქმით, აურაცხელია იმ მოსამართლეთა ჩამონათვალი, რომლებიც ამ სისტემაში არ უნდა მუშაობდნენ.
„იმდენჯერ გავუმწარებივარ ამ მოსამართლეებს თავიანთი უსამართლო გადაწყვეტილებით, თუნდაც თეთრიწყაროს რაიონის ორ მოსამართლეს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეებს, განსაკუთრებით, სისხლის სამართლის განხრით, რადგან მე სისხლის სამართალში ვმუშაობდი. ამიტომ პირდაპირ ვაცხადებ, თითქმის ყველა მოსამართლე გასაყრელი და პასუხისგებაში მისაცემია. მაგალითად, ფოთის ყოფილი მერი გაასამართლა ზუგდიდის სასამართლომ, მერე გაასამართლეს ქუთაისის საოლქო სასამართლოში იმ „დანაშაულისთვის“, ფოთში შეჭამეთ პენსიებიო. არადა, იმ დროს ეს კაცი წალენჯიხაში მუშაობდა. ასეთი მოსამართლე შეიძლება, თანამდებობაზე დარჩეს?! ამერიკული ნევადის შტატის ყველაზე დიდი სამოსამართლეო სკოლა მაქვს გავლილი და იქ ყველა მოსამართლის გვარი იციან და აფასებენ. საქართველოში კი ვინ იცის მათი გვარები?! სხედან ეს ადამიანები გაყინული სახეებით და იღებენ გადაწყვეტილებებს. ალბათ, ერთი-ორი პატიოსანი მოსამართლე არის, მაგრამ, ჯერჯერობით, ასეთი ადამიანი არ შემხვედრია“.
ადვოკატის თქმით, განსაკუთრებით ძმები კუბლაშვილები ერევიან ამ სისტემაში. მართალია, ერთი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეა, მეორეს კი სასამართლო საერთოდ არ ეხება, მაგრამ ამ საქმეში მაინც ერევა. მეტიც, შალვა ხაჭაპურიძე აცხადებს, რომ ადეიშვილისგან მოდიოდა დავალებები, მერაბიშვილი კი ნაკლებად იქნებოდა ჩარეული, რადგან სულ სხვა სფერო ებარა.
„დადგება დრო, ორივე ძმა დაჯდება განსასჯელის სკამზე. ერთ-ერთი მოსამართლის, ქუთათელაძის ქმარი ნაციონალური მოძრაობის წევრია, ბოთლებზე რომ ჯდებოდა ქუთაისის რესტორანში. ერთი კვირის წინ ჩემი საწინააღმდეგო გადაწყვეტილება მიიღო და ბეჟუაშვილთან ერთად, ვისი სასარგებლო გადაწყვეტილებაც გამოიტანა, ქეიფობდა რესტორან „მეტეხში“. ამის დასტურად სურათებიც გვაქვს გადაღებული. რაზეა საუბარი? ეს კორუფციის უმაღლესი დონეა. საქართველოში კი, შეიძლება, ეს კორუფციად არც ჩათვალონ. ზოგიერთ მოსამართლეს არც უნდა დატერორება, მათ მოსწონთ ასეთ მდგომარეობაში ყოფნა, რადგან წერა-კითხვის უცოდინრები არიან და მონური მორჩილების ქვეშ არსებობენ კუბლაშვილებისა და ადეიშვილის მეშვეობით. ჩეხოვის „საბაჩკინებივით“ არიან და სიამოვნებით იღებენ იმ გადაწყვეტილებას, რასაც პატრონი უბრძანებს“,-აცხადებს შალვა ხაჭაპურიძე.
მანვე აღნიშნა, რომ, მართალია, ადეშვილი ახლახანს გაქრა ავსტრიაში და ჰგონია, ავსტრიიდან ვერ ჩამოიყვანენ, მაგრამ ამ დღეებში მას მიაკითხავენ საკუთარი თანაკურსელები და პასუხს მოსთხოვენ.
„ადეიშვილი ჩემი კურსელი იყო. ამ უნამუსო კაცმა ცხრა კურსელი ტყუილად დაგვიჭირა. იმიტომ იჭერდა, რომ ვიღაცას არ ეფიქრა, თითქოს კორუმპირებული არ იყო. რამაზ ჯიბუტი დაიჭირა, უპატიოსნესი კაცი; ასევე, საგამოძიებოს უფროსი გია ზერაგია, სოხუმელი ლტოლვილი ბიჭი დაიჭირა მაშინ, როცა დეიდამისის დანგრეულ სახლს აშენებდა. ყველას საქმე ზეპირად ვიცით. როდესაც შეხედა მსოფლიომ, რომ არსებობდა ფაშისტური რეჟიმი, ნიურნბერგის პროცესზე მოსამართლეები, პროკურორები, ოფიცრები, ექიმები დასვა. ჩვენთან კი ციხის „რეზბალნიცის“ ცნობილი ექიმი ბახტაძე მკვდარზე წერდა, ცოცხალიაო. ამოვიღოთ სასამართლო გადაწყვეტილებები და განვიხილოთ ეს საქმეები“,- ასეთია ადვოკატის პოზიცია.
მისი თქმით, არსებული მოსამართლეების დაახლოებით ერთ პროცენტს გამოჰქონდა სამართლიანი გადაწყვეტილება და ამ მხრივ უფრო სააპელაციო სასამართლო სცოდავდა. ხაჭაპურიძე აცხადებს, რომ სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე და, იმავდროულად, იუსტიციის საბჭოს მდივანი ვალერი ცერცვაძე დავით სააკაშვილის მეგობარია. ანუ მას ამ მოსამართლეების დანიშვნაც შეეძლო, დასჯაც და გათავისუფლებაც.
„ამ მოსამართლეებმა ადამიანებს 30-50 წელი მიუსაჯეს. მონური ფსიქოლოგიით გააკეთეს ეს ყველაფერი და ამიტომ მხოლოდ უნდა გადადგნენ?! ეს ხომ მაღაზიის დირექტორობა არ არის? ისინი უნდა გასამართლდნენ. სანამ გერმანიამ ნიურნბერგის პროცესი არ ჩაატარა, მანამდე ვერ ჩამოირიცხა ფაშიზმის ლაქა. თუნდაც ნუ გადადგებიან, მაგრამ დადგება დრო და ისტორია გადაწყვეტს მათ „საქმეებს“,-აცხადებს შალვა ხაჭაპურიძე.
უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე ნინო გვენეტაძე მიიჩნევს, რომ სასამართლო ხელისუფლების სისტემური მორჩილება დღეს აშკარაა და სურათი მძიმეა, მაგრამ ბრალეულობის გარეშე ვერ ვიტყვით, რომ კონკრეტულ მოსამართლეს დანაშაული აქვს ჩადენილი. მართალია, ყოფილ მოსამართლეს უსამართლო კოლეგების პროცენტული დასახელება უჭირს, მაგრამ დარწმუნებულია, რომ ასეთ მოსამართლეთა რიცხვი მაღალი იქნება, რადგან ჩვენ მხოლოდ გახმაურებული საქმეების შესახებ ვიცით, მაგრამ არ ვიცით გაუხმაურებელ საქმეთა შესახებ. ასევე, არ ვიცით, საპროცესო შეთანხმებით დამთავრებული არაერთი საქმე, რომელზეც არცერთი მხარე არ საუბრობს.
„არის წყება საქმეების, დაახლოებით საქმეთა 87 %, სადაც საპროცესო შეთანხმებით, ანუ მორიგებით დამთავრდა სასამართლო და დიდი ეჭვია, რომ გარიგება იძულებით მოხდა. თუ ამ პროცენტულ მაჩვენებელს (87 %-ს) შევხედავთ, წარმოიდგინეთ, რა პროცენტები შეიძლება იყოს იმ გადაწყვეტილების და იმ მოსამართლეების, რომლებიც აბსოლუტურად უკონტროლოდ იღებდნენ გადაწყვეტილებებს. ვინ ვინ, თუ არა ადვოკატებმა, როგორც პროცესის მონაწილე მხარეებმა, იციან, რა გადაწყვეტილებებს იღებს სასამართლო და როგორია მათი პროფესიული ღირსება. ეს იყო პროკურატურის დიქტატი მართლმსაჯულებაზე,“- აცხადებს ნინო გვენეტაძე.
მისი თქმით, თუკი დადგინდა, რომ მოსამართლემ უკანონო გადაწყვეტილება მიიღო, საქმე გადაისინჯება ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო. შეიძლება, აქ იყოს მორალური, ეთიკური პასუხისმგებლობა, მაგრამ სამოქალაქო საქმეზე უკანონოდ მიღებული გადაწყვეტილების გამო, შესაძლოა, ასევე, სისხლის სამართლის წესით დაისაჯოს მოსამართლე.
ნინო გვენეტაძე აცხადებს, რომ, როდესაც მოსამართლის მიერ დაწერილი დასკვნა მთლიანად ამოყირავებული და შეცვლილია და, რაც ითქვა სასამართლო პროცესზე, ის არ არის შეტანილი განაჩენში, ეს უკვე დანაშაულია. საამისოდ ცალკე მუხლიც არსებობს მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის თაობაზე. მთავარია, საამისო ნება იყოს და პროკურატურამ ეფექტურად იმუშაოს, რომ მყისიერად დაიწყოს პროცედურები.
მისი თქმით, სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში, მოსამართლეთა მთელი გალერეა არსებობდა, რომელზეც საზოგადოებას ეჭვი აქვს. სისტემურად მორჩილი კი ყველაზე მეტად პირველი ინსტანციის სასამართლო იყო, სადაც პროკურატურის დიდი გავლენა იგრძნობოდა, თუმცა ზეწოლის ნაკლები გავლენა არც შემდგომ ინსტანციებში შეიგრძნობოდა. იმ შემთხვევაში, თუ საქალაქო სასამართლოს სამართლიანი გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოს უსამართლოდ შეუცვლია, ასეთი ფაქტები ინდივიდუალურად უნდა ინახოს.