„1-ელ ივნისს წმინდა ნინოს გზას გავივლი“, - სალომე ზურაბიშვილის ამ ნათქვამმა პარალელების მოყვარულ ჩვენს საზოგადოებაში ეჭვები გააჩინა, ამ ნაბიჯით ზურაბიშვილი ხომ არ ცდილობდა ქართველთა განმანათლებელ წმინდა ნინოსთან რამენაირად ასოცირებას?
„წმინდა ნინოს კი არა, პრეზიდენტის გზა გაიაროს სალომე ზურაბიშვილმა“...
„საქართველოდან კაპადოკიამდე აპირებს გზის გავლას, თუ პირიქით?“
„მართლა შუა საუკუნებში ვართ ამ ქვის ხანის პოპულისტობით?!“
ასეთი შეფასებების ფონზე ზოგიერთს ისიც გაახსენდა, რომ თავის დროზე, ჯერ კიდევ საპრეზიდენტო კამპანიისას ბიძინა ივანიშვილმა, პრაქტიკულად, თამარ მეფეს შეადარა თავისი ფავორიტი კანდიდატი: „თამარ მეფე შემთხვევითი არ იყო, არც სალომე ზურაბიშვილია შემთხვევითი, ძალიან ბუნებრივად განვითარდა ყველაფერი, ეს ხომ ჩვენი ფესვებია“...
ამ სიტყვებიდან ცოტა ხანი არ იყო გასული და სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით საფრანგეთიდან თამარ მეფის მე-19 საუკუნის პორტრეტი დაბრუნდა.
ამჯერად თამარ მეფესთან პარალელების ნაცვლად, პრეზიდენტის მიერ წმინდა ნინოს გზის გავლის სურვილმა გამოიწვია კითხვები. არის თუ არა პოპულიზმი სალომე ზურაბიშვილის ამ ჩანაფიქრში, თუ ეს მორწმუნე ადამიანის ბუნებრივი სურვილია, განვლოს ქართველთა განმანათლებლის სირთულით აღსავსე გზა?!
ზურაბიშვილი აცხადებს, რომ დღეს ევროპაში პილიგრიმობის გზით ბევრი ადამიანია დაინტერესებული. ამდენად, კულტურულ მარშრუტებს დიდი მნიშვნელობა აქვს ევროპაში საქართველოს ინტეგრაციის თვალსაზრისით. ეს მარშრუტები მნიშვნელოვანია როგორც კულტურული და ტურისტული კუთხით, ისე ეკონომიკური და რეგიონალური თვალსაზრისით, ეს მარშრუტები ჩვენი რეგიონების აღმოჩენა იქნება.
პრეზიდენტის თქმით, ჩვენ გვჭირდება ძალიან ბევრი გზა, რომელიც ევროპას შემოიყვანს ჩვენში და დაანახებს ევროპას, რა არის საქართველო. ამ გზებით ევროპელები მიხვდებიან, რამდენად ევროპულია საქართველო.
თეოლოგი ლევან აბაშიძე For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ არის რაღაც ტრადიციები, რომლებიც შუა საუკუნეებში ფართოდ იყო გავრცელებული და დღესაც შენარჩუნებულია მორწმუნეთა შორის, მათ შორისაა პილიგრიმობაც. ცხადია, პილიგრიმობა დღეს ისეთივე მასშტაბის არ არის, როგორც ადრე იყო, მაგრამ მომლოცველობის ტრადიცია დღესაც არსებობს. თავისთავად, თუკი პრეზიდენტი მოილოცავს თავისი რწმენიდან გამომდინარე, ეს არ ნიშნავს შუა საუკუნეებში დაბრუნებას.
„საფრანგეთის პრეზიდენტი რომ წავიდეს ეკლესიაში და მოილოცოს, ეს არ ნიშნავს, რომ ის შუა საუკუნეებში ბრუნდება. პირადად მე მაინცდამაინც არ მომწონს, როცა ასეთ სანახაობაზე არიან ორიენტირებულნი და სანთლებით დგანან მთავარ ტაძრებში, ჩემი აზრით, უკეთესია, როცა ეს ადამიანის პირადი რწმენის გამოვლინებაა. თუ ეს არის ზურაბიშვილის პირადი რწმენა და მისი პირადი სურვილი, მაშინ რატომაც არა, მან შეიძლება განვლოს წმინდა ნინოს გზა. შეიძლება, ამას ჰქონდეს ის დატვირთვაც, რომ საქართველო ქრისტიანული ქვეყანაა, რომ წმინდა ნინო საქართველოში სომხეთის გავლით შემოვიდა მეოთხე საუკუნეში და ქართველები მოაქცია, თანაც, ქალია ჩვენი მოციქული. ამ ყველაფერში შეგვიძლია პოზიტივიც დავინახოთ. მესმის, რომ ყველა ნეგატივს ხედავს სალომე ზურაბიშვილის საქციელში, მაგრამ არ მესმის, როცა ამ ქალბატონზე, ევროპელ დიპლომატზე ამბობენ, რუსეთის აგენტიაო და ამ დროს საბჭოთა დიპლომატზე ამბობენ, ის არის ჩვენი მხსნელიო“,-აცხადებს ლევან აბაშიძე.
„იდეა ძალიან კარგია, მაგრამ ამ გზაზე თვითონ კი არ უნდა იაროს პრეზიდენტმა, არამედ ახალგაზრდებს უნდა მოუწოდოს და ფინანსურადაც დაეხმაროს მათ წმინდა ნინოს გზის გავლაში“, -მიიჩნევს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, ექსპერტი კონფლიქტების საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი.
For.ge-სთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი განმარტავს, რომ, ცხადია, პრეზიდენტის მხრიდან წმინდა ნინოს გზის გავლა პოპულისტური ნაბიჯია, მაგრამ პოპულიზმი მოსულა პოლიტიკაში და თავისთავად ტრაგედია ამაში არ არის, მაგრამ, როცა ადამიანი ორი დღით ადრე ამბობს, რომ ჭიათურის გაფიცვა მას არ ეხება, ამ ფონზე ცოტა უხერხულია წმინდანის გზის გავლა.
„როცა მშრომელი ადამიანები შიმშილობენ, პირს იკერავენ, მათი ოჯახები შიმშილობენ და კატასტროფული სიღარიბის დონეზე არიან და ამ დროს პრეზიდენტი ამბობს, ეს მე არ მეხებაო, უკაცრავად, მაგრამ წმინდა ნინოს გზაზე სიარული გეხება? მე მაგალითად, მოვუწონებდი, რომ ახალგაზრდებისთვის მიემართა, აი, პრეზიდენტის ფონდი, აი, თანხა და კარგი იქნება, თუ თქვენ გაივლით წმინდა ნინოს გზას, მაგრამ თვითონ რომ მიდის ამ გზაზე, ე.ი. სხვა საქმე არაფერი აქვს. სწორი რჩევა მიუციათ მისთვის, აჯობებს, პრეზიდენტობის გზა გაიარო, ვიდრე წმინდა ნინოს გზაო. იმ ფონზე, როცა არაფერი ეხება და თვითონვე ჭრის თავის თავზე თარგს, რა ეხება და რა არ ეხება, გამოდის, რომ არ ეხება გაჭირვებულ ხალხზე ზრუნვა და ლაპარაკი, ხოლო ეხება უსაქმური ადამიანის სიარული“, - აღნიშნა პაატა ზაქარეიშვილმა.