25 ივნისიდან ფეხბურთის წესები შეიცვლება. ამის შესახებ უეფას პრესსამსახური იუწყება.
„წესების ცვლილებები, რომლებიც მიმდინარე წლის მარტში საფეხბურთო ასოციაციების საერთაშორისო საბჭომ (IFAB) მიიღო, უეფას ეგიდით ჩასატარებელ ყველა შეჯიბრში 25 ივნისიდან ამოქმედდება“, - წერია განცხადებაში.
მარტში, შოტლანდიის ქალაქ აბერდინში გამართულ ყოველწლიურ სხდომაზე IFAB-მა წესების ცვლილება დაამტკიცა და ახალი წესები 1 ივნისს უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა უეფას გადაწყვეტილებით, მათი ამოქმედების თარიღმა 25 ივნისამდე გადაიწია, რათა ყველა წევრ ასოციაციას ფეხბურთელებისა და კლუბებისთვის წესების გაცნობა მოესწრო.
25 ივნისიდან ფეხბურთის წესებში შემდეგი ცვლილებები შევა:
დაზუსტდა ხელით თამაშის წესი. პირველ რიგში, საგოლე შეტევის დროს ხელით შეხება ყოველთვის წესის დარღვევად ჩაითვლება. ამასთან, არაგანზრახ ხელით თამაში დასჯადი იქნება, თუკი ფეხბურთელი გაიტანს გოლს ან საგოლე მომენტს შექმნის.
ცვლილებების თანახმად, ყვითელ და წითელ ბარათებს არა მხოლოდ ფეხბურთელებს, არამედ მწვრთნელებსა და ტექნიკურ პერსონალსაც უჩვენებენ.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ცოცხალი კედლის აღმართვის წესის ცვლილება. შემტევი გუნდის ფეხბურთელებს აუკრძალავენ კედელში ჩადგომას. ახალი წესის თანახმად, შემტევი გუნდის მოთამაშეებს არ ექნებათ კედელთან ერთ მეტრზე ახლოს ყოფნის უფლება.
მოთამაშე, რომელსაც ცვლიან, უნდა გაემართოს უახლოესი აუტის ხაზისკენ და სათადარიგოთა სკამისკენ მიმავალმა არ უნდა გადაჭრას მთელი მოედანი.
ამასთან, გაუქმებულია წესი, რომლის თანახმად, კარიდან დარტყმის შემდეგ ბურთმა საჯარიმო მოედანი მანამდე უნდა დატოვოს, სანამ მას გუნდის სხვა ფეხბურთელი შეეხება.
პენალტის შესრულების დროს, მეკარისთვის საკმარისი იქნება კარის ხაზზე თუნდაც ერთი ფეხით დგომა.