„2007 წლის შემდეგ, როცა მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა, თითი აღარ გაანძრიეს“

„2007 წლის შემდეგ, როცა მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა, თითი აღარ გაანძრიეს“

„ბოლოდროინდელი მოვლენების ანალიზი ტოვებს იმის შთაბეჭდილებას, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობის დაძაბვა სხვა ძალას სურს და ეს დაუშვებელია“, – აღნიშნულია პატრიარქის განცხადებაში. ილია მეორე მიმართავს როგორც საქართველოს, ისე აზერბაიჯანის ხელისუფლებას, წარმართონ ინტენსიური მოლაპარაკებები სამართლიანობის დასადგენად, რათა ხალხებსა და ქვეყნებს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობა შენარჩუნდეს და გაღრმავდეს.

მისი უწმინდესობა ასევე მიმართავს საქართველოს მოქალაქეებს, რომ კეთილგონიერება და პასუხისმგებლობა გამოიჩინონ დავით გარეჯის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. მისი უწმიდესობის მოწოდების შემდეგ, დავით გარეჯში აქცია „გარეჯი საქართველოა და კავკასია ჩვენი სახლია“ დასრულდა. აქცია ჩიჩხიტურის კოშკთან ჯაჭვის შეკვრით დაასრულეს. დავით გარეჯის ლავრიდან ჩიჩხიტურის კოშკამდე სასულიერო პირები და მომლოცველები 9 ეპარქიიდან ჩავიდნენ.

აქცია–მსვლელობა მას შემდეგ დაიგეგმა, რაც ცნობილი გახდა, რომ აზერბაიჯანელი აქტივისტები დავით გარეჯის ტერიტორიაზე აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად მსვლელობას გეგმავდნენ. თუმცა, დღეს აზერბაიჯანელი აქტივისტები დავით გარეჯის სიახლოვეს არ გამოჩენილან.

ქართველი და აზერბაიჯანელი მესაზღვრეები დილიდან იყვნენ მობილიზებული დავით გარეჯის კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე და ერთობლივად ახორციელებდნენ მონიტორინგს. მათ შორის ქართველი მესაზღვრეების მონაწილეობით დაიგეგმა და განხორციელდა აქციაზე შეკრებილი მოქალაქეების გადაადგილების უსაფრთხო რეჟიმი. სამლოცველოებთან მისასვლელი ბილიკები თავისუფალი იყო და მოქალაქეებს გადაადგილებასთან დაკავშირებით არანაირი შეზღუდვა არ ჰქონიათ.

სასულიერო პირები ამბობენ, რომ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი საქართველოს განუყოფელი ნაწილია და აქ სადავო არაფერია. ფიტარეთის მონასტრის წინამძღვარის არქიმანდრიტი ექვთიმეს განცხადებით, ხშირად ეს ადგილი მომლოცველებისთვის დაკეტილია, აზერბაიჯანული მხარე ჩიჩხიტურსაც და უდაბნოს მონასტერსაც კეტავს. მისი თქმით, ეს არის უძველესი ქართული წმინდა ადგილი, ამ ადგილზე ეწამა 6000 გარეჯელი ბერი და მიუღებელია ამ ადგილზე წვდომა არ იყოს.

აქციის პარალელურად ცნობილი გახდა, რომ საქართველო–აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის კომისიის მორიგი სხდომა ერთი თვის ფარგლებში გაიმართება. ამ შეხვედრამდე ჩატარდება გარკვეული ტიპის სამუშაოები, მათ შორის, საველე სამუშაოებიც. ასევე ერთობლივი შეხვედრები იქნება ექსპერტების დონეზე. ამის შემდგომ უკვე როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია აცხადებს, კომისიები შეიკრიბებიან და კიდევ ერთხელ განიხილავენ დაგროვილ ინფორმაციას და ერთმანეთის პოზიციებს.

„მთავარი მოტივაცია და მთავარი მიზანი არის, რომ მოხდეს პოზიციების შეჯერება და ქვეყნებმა მიაღწიონ შეჯერებულ პოზიციას შეუთანხმებელ მონაკვეთებზე, რომელიც დაახლოებით 14–მდე მონაკვეთია. საგარეო უწყება თანამშრომლობს სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებთან, მათ შორის, საქართველოს პარლამენტთანაც.

თუ იქნება პარლამენტში შეხვედრები, ჩვენ სიამოვნებით გავაცნობთ დეპუტატებს ნებისმიერ ინფორმაციას დელიმიტაცია–დემარკაციის საკითხებთან დაკავშირებით. როგორც კი გაიმართება ეს შეხვედრა, ჩვენ მზად ვართ, გავაცნოთ საქართველოს პარლამენტის წევრებს სრულყოფილი ინფორმაცია“, – აცხადებს ლაშა დარსალია.

თავის მხრივ პარლამენტის წევრი კობა ნარჩემაშვილი პარლამენტს დავით გარეჯის საკითხზე სპეციალური განცხადების მიღებისკენ მოუწოდებს. დეპუტატის თქმით, განცხადებაში მკაფიოდ უნდა იყოს ჩამოყალიბებული პარლამენტის პოზიცია და ასევე - კომისიის მანდატი.

„საზოგადოება ძალიან დაბნეულია და ხელისუფლების მკაფიო პოზიციას ელოდება. იმისათვის, რომ პროცესი იყოს აბსოლუტურად განჭვრეტადი, აუცილებელია ყველაზე მაღალი პასუხისმგებლობის მქონე სახელმწიფო ინსტიტუციის – პარლამენტის მკაფიო დამოკიდებულების გამოხატვა.

ამ დღეებში მესმის ბევრი განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ნებისმიერი სახის განცხადების გაკეთება შეიძლება იყოს უპასუხისმგებლობა, მოვერიდოთ ვითარების დაძაბვას. ვფიქრობ, აუცილებელია პარლამენტის მხრიდან კონსოლიდირებული პოზიციის გამომჟღავნება“, – განაცხადა კობა ნარჩემაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარე თვლის, რომ საკითხი მოლაპარაკების რეჟიმში უნდა გადაწყდეს. ირაკლი კობახიძის თქმით, ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცველები, რათა დაცული იყოს წესრიგი და ადგილი არ ჰქონდეს პროვოკაციას.

„საქმე გვაქვს მეგობარ სახელმწიფოსთან, აზერბაიჯანთან და არსებობს ყველა რესურსი იმისთვის, რომ აბსოლუტურად სწორად გადაწყდეს ეს საკითხი. სასურველია, დაველოდოთ ოფიციალურ ფორმატს“, – აცხადებს ირაკლი კობახიძე.

„ევროპული საქართველო“ მთელ პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს. პარტიის წევრები თვლიან, რომ პირველ რიგში, პრობლემა დიპლომატიური გზით უნდა მოგვარდეს, საქართველოს ეროვნული ინტერესების შესაბამისად. მათივე შეფასებით, დავით გარეჯში დღეს შექმნილი პრობლემა არის საქართველოს ხელისუფლების, კონკრეტულად საქართველოს პრეზიდენტის უპასუხისმგებლო განცხადებების დამსახურება.

„დავით გარეჯი არის პრობლემა, რომელიც სტკივა თითოეულ ადამიანს საქართველოში, ყველა უნდა ვიყოთ მზად, რომ ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში ვიმუშაოთ და წვლილი შევიტანოთ კონსტრუქციულად და ნორმალურად და არა მჯიღის ცემით, ისე როგორც გააკეთა ეს სალომე ზურაბიშვილმა და რითიც რეალურად დააზიანა და შექმნა დღევანდელი პრობლემა.

დავით გარეჯი არის საქართველოს ისტორიის, კულტურის და სულიერების ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი. ამიტომ თითოეული გაუაზრებელი განცხადება, „ურა“, „მჯიღის ცემა“, რომელიც დავით გარეჯის პრობლემის გადაწყვეტას და საქართველო–აზერბაიჯანის სტრატეგიულ მეგობრულ ურთიერთობებს აზიანებს პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს სახლმწიფო ინტერესებს“, – აცხადებს დავით ბაქრაძე.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის სალომე სამადაშვილის განცხადებით დავით გარეჯში უხილავი რუსული დროშა ფრიალებს, იმიტომ, რომ ყველგან, სადაც საქართველო–აზერბაიჯანს შორის პრობლემა იქმნება, იქ რუსული დროშა ფრიალებს.

„ჩემთვის სრულიად შოკისმომგვრელი იყო, რაც ჩვენ ვნახეთ 26 მაისს ჩვენს სახელმწიფოში, როდესაც რუსული დროშები ფრიალებდა ბათუმში. ეს არის თქვენი ხელისუფლების ნამდვილი სახე. თქვენი ხელისუფლების პირობებში, რუსეთი უკვე ტანკებით და ჯარისკაცებით კი არ იპყრობს ამ ქვეყანას, არამედ იპყრობს დროშებით და მომღერალი ბავშვებით“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ექსპერტი გია ხუხაშვილი დავით გარეჯის გარშემო შექმნილ დაძაბულ ვითარებას საქართველოს პრეზიდენტის განცხადებებს უკავშირებს და მიიჩნევს, რომ ეს საკმარისი საფუძველია სალომე ზრაბიშვილისთვის უნდობლობის გამოცხადებისთვის.

„ვფიქრობ, რომ თუ ქრონოლოგიურად დავალაგებთ, როდის და რით დაიწყო დავით გარეჯის თემის გამწვავება, მარტივად დავინახავთ, რომ ტრიგერის როლი ამ ისტორიაში ითამაშა სალომე ზურაბიშვილმა. მიუხედავად იმისა, მან ეს შეგნებულად გააკეთა, თუ შეუგნებლად, ცხადია რომ ითამაშა მესამე მხარის ინტერესებზე.

ეს კი, ჩემის აზრით, მისთვის უნდობლობის გამოცხადების პირდაპირი საფუძველია. შესაძლოა, ამას წინ უძღოდეს სუსის შესაბამისი გამოძიება. სასურველია, ანალიგიური გამოძიება ჩატარდეს აზერბაიჯანშიც. ქართული და აზერბაიჯანული სპეცსამსახურების მჭიდრო თანამშრომლობა ახლა მნიშვნელოვანია“, – აცხადებს გია ხუხაშვილი.

ანალიტიკოსის ამირან სალუქვაძეს შეფასებით, გულანთებული ახალგაზრდების ზურგს ან სუპერ პატრიოტული ლოზუნგების უკან ამოფარებული მზაკვრული გეგმები და სცენარები, ზოგი შიდაპოლიტიკური, ზოგიც გარედან ნაკარნახევი, იკითხება. მისი თქმით, პრეზიდენტის განცხადებაში რა იყო მიუღებელი, ის რომ თავის კოლეგას უთხრა მეგობარ სახელმწიფოებს საზღვრები მოწესრიგებული უნდა ჰქონდესო?

„ამ განცხადებას დაძაბვა არ მოჰყოლია. გამწვავება ჩვენმა აქციებმა გამოიწვია. ის, რომ აზერბაიჯანმა, ძალიან არამეგობრულად, გიორგობოს წინ დავით გარეჯში დაშვება აკრძალა, სიახლე არაა, აქამდეც ხდებოდა. როგორც კეტავდნენ, მოლაპარაკების შემდეგ ისევე ხსნიდნენ. წინა ხელისუფლების წარმომადგენლები დავით გარეჯთან მიმართებაში ხმას როგორ იღებენ? ჯერ ერთი, 2007 წლის შემდეგ, როცა მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა, თითი აღარ გაანძრიეს.

მეორე, 2012 წელს, როცა აზერბაიჯანმა ასევე არამეგობრულად დაკეტა დავით გარეჯის კომპლექსთან დაშვება, რამაც საზოგადოების უკმაყოფილება გამოიწვია, მაშინდელმა საგარეო საქმეთა სამინისტრომ ეს ტერიტორიები აზერბაიჯანის კუთვნილებად გამოაცხადა და სადავო ნაწილს არ განეკუთვნებაო“, – აცხადებს ამირან სალუქვაძე.

მისი თქმით, აქციების ფონზე სადემარკაციო კომისიის წარმატებული მუშაობა შეუძლებელია. ეს აქსიომაა. სალუქვაძე აფრთხილებს ხელისუფლებას და აქციის მონაწილეებს, რომ სახელმწიფო საზღვარზე არ დაუშვან ინციდენტები.

„ყველაფერი კარგად იკითხება, ყველაფერს შეფასება მიეცემა და სხვაზე გადაბრალება არ გამოვა. წაიკითხეთ და გაიაზრეთ საპატრიარქოს განცხადება და იმოქმედეთ შესაბამისად. ადროვეთ ორმხრივ კომისიას მშვიდად გააგრძელონ მუშაობა. აზერბაიჯანი ასჯერ უნდა დაფიქრდეს რა ურჩევნია ჩვენთან, ძმობა თუ ქართული ისტორიული და კულტურული ძეგლის გამო კინკლაობა და ურთიერთობის გაფუჭება. ფორმულის მონახვა შესაძლებელია, სურვილის შემთხვებაში. მინიმუმ ერთის შეთავაზება შემიძლია“, – აღნიშნა ამირან სალუქვაძემ.

ანტონი მე ყველაზე უფრო მფორთხავის ამასწინანდელმა მოდორბვლამ დამაფიქრა: "აზერბაიჯნმა ჩვენ 2005 წელს გაყინვას გადაგვარჩინაო ... მე მიმიშვით და მოვაგვარებო" ეჭვი მაქვს 2007 წელს მისი მხრიდან ქვეყნის მორიგ ღალატს ჰქონდა ადგილი და მავნებლობაზე აქვს ხელი მოწერილი. ისე კი ორმხრივმა კომისიამ ისტორიკოსების მონაწილეობით ყველაფერი უნდა შეისწავლონ; გარეჯის აშენების დროს აზერები საერთოდ არ არსებობდნენ ...გარეჯი ხომ მარტო ბერთუბანი არაა და ყველა მონასტერი ერტი ხელწერაა? ...
4 წლის უკან
უ ც ხ ო :
თამთა ქარჩავა, ყველა სტატიაში კონფუცი ხუხაშვილის სიბრძნეთა ციტირება რომ არ მოახდინოთ, ისე ვეღარ გახვალთ ფონს? კი, შეიძლება თქვენც არ გეხატებათ გულზე ქალბატონი პრეზიდენტი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ვინც მის წინააღმდეგ რაიმე იდიოტურ ბრალდებას დააბრეხებს, თქვენ აუცილებლად აიტაცოთ და ტირაჟირება მოახდინოთ!
უპასუხისმგებლო და ცანცარა ჟურნალისტებმა აქციეთ ხუხაშვილი "ექსპერტად" და არა საკუთარმა კომპეტენციამ.
4 წლის უკან