საქართველოში ძიძების სერტიფიცირები შემოდის!

საქართველოში ძიძების სერტიფიცირები შემოდის!

საქართველოში ძიძობა სერტიფიცირებას დაექვემდებარება, მაგრამ ის ნებაყოფლობითი იქნება. „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ პროექტის განხილვა პარლამენტის კომიტეტებში უკვე დაიწყო. კანონპროექტის ავტორები ფიქრობენ, რომ ამით გაიზრდება ნდობის ხარისხი და შესაბამისად, ძიძების ანაზღაურებაც.

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფიო კილაძის განცხადებით, ძიძად მომუშავე პირების სერტიფიცირება სავალდებულო არ იქნება. ჩანაწერის ერთადერთი მიზანია, მშობლებს, რომელთაც უნდათ დაიცვან თავიანთი ბავშვები, სახელმწიფომ უფრო მეტად შეუწყოს ხელი. გარდა ამისა, ძიძების სახელმწიფო დონეზე დახმარებაც გათვალისწინებულია.

„არავითარი სავალდებულო რეგისტრაცია და სამუშაოების შეზღუდვა არ იგეგმება. შემოსულია ინიციატივა, რომლის მიხედვითაც უნდა მომხდარიყო ძიძების სავალდებულო რეგისტრაცია, რასაც მხარი არ დავუჭირეთ. ვინც საჭიროდ ჩათვლის გაიაროს სერტიფიცირება, სოცმუშაკი დაეხმარება მათ ამ საკითხის გადაწყვეტაში, მაგალითად, ბავშვზე ზრუნვა უფრო უკეთესი რომ იყოს ძიძის მხრიდან. ამის მიზანია იმ ადამიანებს, მშობლებს, რომელთაც უნდათ დაიცვან თავიანთი ბავშვები, სახელმწიფო უფრო მეტად შეუწყობს ხელს“, - აღნიშნავს კილაძემ.

როგორც ირკვევა, სწავლებასთან დაკავშირებით შემუშავებული იქნება სახელმწიფოს მხრიდან ერთიანი სტანდარტი, რომლის მიხედვითაც, ძიძების სერტიფიცირება მოხდება. საკანონმდებლო წინადადების ავტორი მაია რობაქიძე ამბობს, რომ ძიძებს ტრენინგი ჩაუტარდებათ როგორც ფსიქოლოგიური, ასევე სამართლებრივი და პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის კუთხით.

„ფსიქოლოგიური ტრენინგი გათვლილი იქნება მოემზადოს ძიძა ფსიქოლოგიურად, ბავშვთან საკომუნიკაციოდ. სამართლებრივი ტრენინგის ფარგლებში, მათ მიეცემათ ინფორმაცია როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო კანონმდებლობიდან გამომდინარე იმ ნორმების შესახებ, რაც აუცილებლად უნდა იცოდეს ძიძამ, უფლებათა დაცვის ან საკუთარი უფლებამოსილების თვალსაზრისით“, - აღნიშნა მაია რობაქიძემ.

მისი თქმით, რეესტრისა და სერტიფიცირებული ძიძების ინსტიტუტის ამოქმედება დაარეგულირებს ბაზარზე ძიძების მიმართულებით არსებულ აგრესიასა და ქაოსურ მდგომარეობას, ასევე გააქრობს იმ დისკომფორტს, რომელიც მშობლების უნდობლობიდან გამომდინარე, აღმზრდელებს აქვთ.

„სიახლიდან სარგებელს მიიღებს ორივე მხარე, ანუ მშობელს გაუჩენს ნდობას, რომელიც დღეს ძალიან იშვიათია. ისინი უფრო თამამად დაუტოვებენ ბავშვს ძიძებს, ხოლო მეორე მხრივ, ეს განაპირობებს მათი ანაზღაურების გაზრდასა და თვითდაჯერებულობას“, - აღნიშნა „საქმიან დილასთან“ საუბრისას კანონპროექტის ავტორმა.

პროექტის კიდევ ერთი ინიციატორი ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე ამბობს, რომ კანონპროექტი საშუალებას მისცემს მოქალაქეს, რომელიც ამ საქმიანობითაა დაკავებული, საკუთარი თვიშეფასება აიმაღლოს. თუმცა, აქ მთავარია, რომ საკითხის აღსრულებას დამატებითი ბიუროკრატია, ფული და ა.შ. არ უნდა გახდეს საჭირო. ეს დამსაქმებლისთვის ზედმეტი ბარიერიც არ უნდა იყოს.

„როგორც ვარსკვლავებია სასტუმროების შემთხვევაში დაახლოებით ასე იქნება. პირდაპირი ანალოგია არაა, მაგრამ იქაც ნებაყოფლობითია სერტიფიცირება და აქაც ასე იქნება. ამის სავალდებულო მექანიზმად შემოტანა ცოტა რთული იქნება, სჯობს ნებაყოფლობითი იყოს. მომავალში შეიძლება უფრო ქმედით მოდელზე ვიფიქროთ.

ძიძას მოეთხოვება ბავშვთან ყოფნის უნარ-ჩევევები. ამიტომ დაინერგება რაღაც შუალედური მექანიზმი, რომელიც საშუალებას მოგვცემს რაღაც გადავამოწმოთ მათი პროფესიონალიზმი. შემოვა კვალიფიკაციის დადასტურების მექანიზმი და ეს არ უნდა იყოს ცუდი“, – განაცხადა ზოიძემ.