ნეიმარს ბრაზილიის ნაკრებში კაპიტნის სამკლავური ჩამოართვეს. ზაფხულში გასამართ „კოპა ამერიკაზე“ ბრაზილიის ნაკრების კაპიტანი ფრანგული პსჟ-ს კიდევ ერთი ბრაზილიელი ლეგიონერი დანი ალვეში იქნება. შესაბამისი გადაწყვეტილება ბრაზილიელთა თავკაცმა ტიტემ მიიღო.
ასეთი გადაწყვეტილების მიზეზი ნეიმარის გარშემო არსებული დისციპლინური საკითხები გახდა. კერძოდ, საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციამ ბრაზილიელი ფორვარდს სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია გამოუტანა. ნეიმარის დისკვალიფიკაციის მიზეზი სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო გახდა, სადაც ფეხბურთელმა გულშემატკივარს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
36 წლის ალვეში ბრაზილიის ნაკრებს კატარისა და ჰონდურასის წინააღმდეგ ამხანაგურ მატჩებშიც უკაპიტნებს. აქამდე ნაკრების კაპიტნის რანგში ალვეშს მხოლოდ ოთხი მატჩი აქვს ჩატარებული.
„კოპა ამერიკა“ (სამხრეთ ამერიკის ჩემპიონატი) ბრაზილიაში 14 ივნისიდან 7 ივლისამდე ჩატარდება. ბრაზილიის ნაკრები, ბოლივიის, ვენესუელისა და პერუს ნაკრებებთან ერთად A ჯგუფში იასპარეზებს.