ესპანეთში მატჩების ჩაწყობის საქმეზე „რეალის“ ყოფილი ფეხბურთელები დააკავეს

ესპანეთში მატჩების ჩაწყობის საქმეზე „რეალის“ ყოფილი ფეხბურთელები დააკავეს

ესპანეთის პოლიციამ დააკავა კრიმინალური დაჯგუფების წევრები, რომლებსაც ქვეყნის საფეხბურთო პირველ და მეორე დივიზიონებში მატჩების ჩაწყობა ედებათ ბრალად. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა El Mundo ავრცელებს.

პოლიციის ინფორმაციით, დაკავებულია დაჯგუფების ლიდერი, მადრიდის „რეალის“ ყოფილი ფეხბურთელი რაულ ბრავო, „ვალიადოლიდის“ ფეხბურთელი ბორხა ფერნანდესი, ესპანეთის პირველი დივიზიონის რამდენიმე კლუბის ყოფილი ფეხბურთელი კარლოს არანდა, „ხეტაფეს“ ფეხბურთელი სამუელ საისი და ლა-კორუნიას „დეპორტივოს“ ფეხბურთელი ინიგო ლოპესი.

სამი მათგანი - ბრავო, ფერნანდესი და არანდა - მადრიდის „რეალის“ აკადემიის აღზრდილები არიან და 2001-2002 წლების სეზონში „სამეფო კლუბის“ მეორე გუნდში თამაშობდნენ. კიდევ ორი დაკავებული - საისი და ლოპესი ერთად 2015-2017 წლებში „უესკაში“ თამაშობდნენ.

ასევე დაკავებული არიან „უესკას“ პრეზიდენტი აგუსტინ ლასაოსა და ამავე გუნდის სამედიცინო შტაბის უფროსი ხუან კარლოს გალინდო.

გამოძიების მტკიცებით, დაკავებულები ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით სპორტულ შედეგებზე გავლენას ახდენდნენ.