ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ალექსანდრე ხეთაგურმა ტელეკომპანიებისათვის დაგროვილი დავალიანებების ჩამოწერა ქართული ტელემედიის განვითარების ხელშეწყობად შეაფასა. მედიაწარმომადგენელთა შეფასებით, ეს ამნისტია მხოლოდ ე.წ. ნაციონალური არხებისთვისაა. ამ არხებს 2012 წლის ივლისის მონაცემებით მათ ჯამში, დაახლოებით 22 მილიონი ლარის დავალიანება აქვთ.
„ეს ფინანსური ამნისტია კი არა, ნაციონალური მოძრაობის გადაწყვეტილებაა, რომ როგორმე იხსნან გაკოტრებისგან და არ დაკარგონ ეს ტელევიზიები, თორემ სინამდვილეში ეს ტელევიზიები დაკარგული აქვთ, რადგან გაკოტრებულები არიან ამ დავალიანებისა და მოსალოდნელი შემცირებული შემოსავლების გამო“, - აცხადებს ტელეკომპანია „მეცხრე არხის“ გენერალური დირექტორი, კახა ბექაური.
ტელეკომპანია „მაესტროს“ ხელმძღვანელი მამუკა ღლონტი კი თვლის, რომ ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება კრიმინალია. „სამართლიანი გადაწყვეტილება კი არა, ეს კრიმინალია, მათი მხრიდანაც, ვინც ამ ტელეკომპანიებს დავალიანებები ჩამოაწერეს, ასევე კრიმინალია მათ მხრიდანაც, ვისაც ეს ვალი ჩამოაჭრეს“, - აცხადებს მამუკა ღლონტი.
ხელისუფლებამ ტელეკომპანიებისთვის შეღავათების დაწესება 2010 წელს გადაწყვიტა, როდესაც პარლამენტში გამოსვლისას სააკაშვილმა განაცხადა, რომ ყველა სატელევიზიო არხს საგადასახადო დავალიანება ჰქონდა სახელმწიფოს წინაშე, განსაკუთრებით კი რეგიონალურ ტელევიზიებს. მაშინ პრეზიდენტი გამოვიდა წინადადებით, ფინანსური ამნისტია გამოეცხადებინა ყველა რეგიონალური ტელევიზიისთვის.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ მაშინვე აღმოაჩინა, რომ რეგიონალური ტელევიზიების საგადასახადო დავალიანებებსა და ჯარიმებზე 36 მილიონიდან მაქსიმუმ 5–6 მილიონი მოდიოდა.
მთავრობამ კი პარლამენტში შეიტანა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც საქართველოში არსებული ყველა ტელევიზია, რეგიონალურიც და ეროვნულიც, საგადასახადო ამნისტიას მიიღებდა.
ფინანსური ამნისტიციის იდეა სავარაუდოდ, სააკაშვილს „25–ე არხის“, 277500 ლარიანმა დავალიანებამ შთააგონა, რომლის გადახდასაც ის არ აპირებდა, რადგან დავალიანება 2004 წლამდე დაუგროვდა. არხის მფლობელები ამბობდნენ, რომ ვალი დაგროვდა მაშინ, როდესაც ისინი მხოლოდ ფორმალურად ითვლებოდნენ ტელევიზიის მფლობელებად და ტელევიზიას სინამდვილეში ალსან აბაშიძე აკონტროლებდა.
„საერთაშორისო გამჭვირვალეობა – საქართველოს“ მიერ ჩატერებული კვლევის მიხედვით, სახელმწიფოს მიმართ კრიტიკულად განწყობილ ტელევიზიებს „კავკასიას“ და „მაესტროს“ საგადასახადო დავალიანება არ ერიცხებოდათ, რადგან ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილ არხები გადასახადების გადაუხდელობის შემთხვევაში ფინანსური პოლიციის სამიზნეები ხდებოდნენ.
საბოლოოდ, რეგიონულ ტელევიზიებს 2–მილიონიანი დავალიანება ჩამოაწერეს, დანარჩენი 34 მილიონი კი – ცენტრალურ არხებს. თუმცა უცნობია, თითოეულ ტელევიზიას რა ოდენობის დავალიანება ჩამოეწერა.
მიმდინარე წელსაც (17 ივლისს) შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდზე დავალიანების მქონე კომპანიების, მათ შორის ტელევიზიების სია გამოქვეყნდა, რომელიც 2 დღის შემდეგ მოულოდნელად გაქრა. იმ მონაცემების მიხედვით, ტელეკომანია „იმედს“ დაახლოებით 14, „რუსთავი 2“-ს 5,5, ხოლო „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ კი 3,5 ლარის დავალიანებები ჰქონდათ.
კახა ბექაური: „ეს არის პირდაპირ პრივილეგირებულ მდგომარეობაში ჩაყენება ყოფილი სახელისუფლებო არხების, ანუ იმ არხების, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი ფლობს. თან ეს განსაკუთრებით აქტუალური გახდა ამ პერიოდში, როდესაც შიში მოეხსნა ბიზნესს. მათ, ვისაც ეშინოდა გარდა ამ ორი არხზე რეკლამის მიტანისა, უკვე თამამად დაიწყეს რეკლამების მიტანა სხვა ტელეკომპანიებშიც. ის ფული, რომელიც სარეკლამო ბაზრის მონოპოლიზაციით შესდიოდათ, ფაქტობრივად, ვეღარ შეუვათ, რადგან ახლა უკვე რეკლამა მთელ მედიასივრცეზე გადანაწილდება პრესასა და ტელევიზიებში.
ნაციონალურმა მოძრაობამ გათვალა, რომ მათ ტელეკომპანიებს სარეკლამო შემოსავლები შეუმცირდებოდათ. აღარც ის სუბსიდიები იარსებებს, რასაც სარეკლამო შემოსავლის სახით ბიუჯეტი უხდიდა ამ ტელეკომპანიებს. იმისათვის, რომ ეს ტელევიზიები არ გაკოტრდეს, სასწრაფოდ უნდა გაკეთებულიყო ფინანსური ამნისტია, მაგრამ ეს არის აბსოლუტურად უკანონო გადაწყვეტილება. ეს ტელეკომპანიები ფაქტობრივად გაკოტრებულები არიან, რადგან რამდენიმე მილიონიანი დავალიანებები გააჩნიათ“.
მამუკა ღლონტს იმედი აქვს, რომ სამართლიანობა მალე აღდგება და მედიასივრცის ყველა მოთამაშეს თანაბარი პირობები ექნება.
„როგორც კი ხელისუფლება შეიცვლება, უნდა ვიჩივლოთ, რომ სათანადოდ გამოიძიონ, რა და როგორ მოხდა“, -აცხადებს ტელეკომნპანია მაესტროს ხელმძღვანელი.
კახა ბექაურიც თვლის, რომ მათ ახალ ხელისუფლებას უნდა მოსთხოვონ, რომ ამ უკანონო გადაწყვეტილებას ლეგიტიმაცია არ მისცენ.
„მათ არა მარტო ეს ვალი უნდა გადაიხადონ, არამედ ძველი ამნისტიის საკითხიც უნდა გამოიძიონ - უნდა გაირკვეს, რა მოტივები არსებობდა ამ ვალების პატიების და ეს ვინ გადაწყვიტა“, - მიიჩნევს ბექაური.
როგორც ბექაური ამბობს, პირველი ამნისტიის დროს ამ ტელეკომპანიების მფლობელები ოფშორული კომპანიები იყვნენ და რატომ აპატიეს ამ ოფშორულ კომპანიებს საქართველოს ბიუჯეტის მიმართ არსებული რამდენიმე ათეულ მილიონიანი ვალი, ესეც საინტერესოა.
კახა ბექაური თვლის, რომ ისიც საინტერესო და გამოსაძიებელია, რატომ წარმოექმნათ ამ ტელეკომპანიებს ამხელა დავალიანებები.
როგორც ექსპერტი დავით ებრალიძე აცხადებს, აღმასრულებელ ხელისუფლებას აქვს გადაცემული იმისი ლეგიტიმაცია, რომ საგადასახადო ვალდებულებები აპატიოს და რამდენად შეძლებს ახალი ხელისუფლება ამის შეწინააღმდეგებას ან გადახედვას, საეჭვოა.
თუკი რომელიმე ტელეკომპანია იჩივლებს, იმისათვის რომ სამართლიანობა აღდგეს, ებრალიძის განმარტებით, ამ შემთხვევაში სასამართლომ შეიძლება, შეაფასოს, რამდენად ლეგიტიმური იყო ამ უფლების გამოყენება ხელისუფლების მიერ. ამ თვალსაზრისით კი ლეგიტიმურობის პრობლემა არ დგას.
„მეორეა, ეს რამდენად არაკონკურენტუნარიან გარემოს ქმნის. ეს გარკვეულწილად წინააღმდეგობაშიც შედის კონსტიტუციასთან, რადგან ერთი მხრივ, ხდება საგადასახადო შეღავათების დაწესება კონკურენტი ფირმების საზიანოდ, შეიძლება ამ კუთხითაც მიუდგე და იმ სამართლებრივი ნორმის ლეგიტიმურობა დააყენო ეჭვქვეშ, რომლითაც მიეცა უფლება აღმასრულებელ ხელისუფლებას, ეს ქმედება განეხორციელებინა. მეორეს მხრივ, კონკრეტულად ამ ფაქტის მიმართ რამდენად დადგება მისი ანულირების საკითხი, ამას ეჭვქვეს დავაყენებდი“, - ამბობს დავით ებრალიძე.
რა კუთხით შეუძლია საპარლამენტო საგამოძიებო კომისიას ამ საკითხის დაყენება, ებრალიძე თვლის, რომ აღმასრულებელი ხელისუფლების ეს ქმედება შეიძლება გასაჩივრდეს სამოქალაქო სასამართლოში იმ კუთხით, თუ რამდენად კანონიერია ეს ქმედება, საკონსტიტუციო სასამართლოში კი იმის დადგენა შეიძლება, ხომ არ არის ეწინააღმდეგება კანონი კონსტიტუციას. პარლამენტმაც შეიძლება სწორედ ამ კუთხით შეისწავლოს საკითხი, რომ ის ძველი კანონი ხომ არ ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, მაგრამ თუ დადგინდა რომ ასეა, ძველი კანონით უკვე მიღებულ გადაწყვეტილებებზე ეს ვეღარ იმოქმედებს.
„საკონსტიტუციო სასამართლოში თეორიულად არის შანსი, კონკრეტული საკანონმდებლო ნორმის მიმართ კითხვის ნიშნები დაისვას, მაგრამ უკვე მომხდარი ფაქტის მიმართ, ვეჭვობ, იმოქმედოს.
თუ სისხლის სამართლის კუთხით გამოიკვეთება გარკვეული ჩინოვნიკების დაინტერესება, ეს გარკვეული ტიპის კორუფციადაც შეიძლება იყოს აღქმული, რომ მან (ჩინოვნიკმა) სპეციფიკური ინტერესი გამოავლინა კონკრეტული ტელეკომპანიის მიმართ, რომელიც მის პოლიტიკურ ძალას უდგას გვერდში. ანუ პოლიტიკური კორუფციის, სისხლის სამართლის კუთხით შეიძლება, უფრო პერსპექტიული იყოს მოქმედება. თუ გამოძიება დაადგენს, რომ ამ ნაბიჯში იკვეთებოდა არა ზოგადად მედიის, არამედ კონკრეტული მედიაკომპანიის ხელშეწყობა, კონკურენციის საპირისპიროდ და თან გარკვეული პოლიტიკური მიზნებისთვისაც, შესაძლოა, ეს საქმე პერსპექტიული იყოს“ , - აცხადებს დავით ებრალიძე.