ჯენარო გატუზომ „მილანის“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობა დატოვა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Independent-ი ავრცელებს.
„როსონერიში“ 18-თვიანი მუშაობის შემდეგ 41 წლის მწვრთნელმა გადაწყვიტა, მშობლიურ გუნდში მოღვაწეობა აღარ გაეგრძელებინა და საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ კლუბის ხელმძღვანელებს დღეს დილით აცნობა.
გატუზოსა და მისი გუნდისთვის წლევანდელი სეზონი წარუმატებელი გამოდგა, რადგან „მილანი“ იტალიის ჩემპიონატში მეხუთე ადგილზე გავიდა და ჩემპიონთა ლიგის საგზური ვერ მოიპოვა.
„როსონერის“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობის დაკავებას ამ ეტაპზე რამდენიმე სპეციალისტს უწინასწარმეტყველებენ, თუმცა ყველაზე რეალურ კანდიდატებად სიმონე ინძაგი, მარკო ჯამპაოლო და ლეონარდო ჟარდიმი ითვლება. გატუზოს ხელმძღვანელობით ჩატარებული 83 მატჩიდან ლომბარდიულმა გრანდმა 40 მოიგო, 23 ფრედ დაასრულა და 20-ჯერ წააგო.