„ქართულმა ოცნებამ“ ერთ ნაწილს კოაბიტაცია მოარგო, მეორე ნაწილის მიმართ რეპრესია განახორცილა“

„ქართულმა ოცნებამ“ ერთ ნაწილს კოაბიტაცია მოარგო, მეორე ნაწილის მიმართ რეპრესია განახორცილა“

კოაბიტაცია – თანაცხოვრებას და თანაარსებობას ნიშნავს, რაც კარგად გამოხატავს პრეზიდენტისა და პრემიერ–მინისტრის ურთიერთობის ხასიათს. კოაბიტაცია ფრანგული სიტყვაა, რომელიც სათავეს საფრანგეთის მე–5 რესპუბლიკის კონსტიტუციიდან იღებს, როდესაც საფრანგეთი ნახევრად საპრეზიდენტო რესპუბლიკა გახდა.

2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვების შედეგად, ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში ახალი რეალობა დაიწყო, როდესაც პრეზიდენტი და საპარლამენტო უმრავლესობა ერთმანეთის მოწინააღმდეგე პოლიტიკური ძალებს წარმოადგენენ.

მაშინდელი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იძულებული იყო, რომ პარლამენტის უმრავლესობისთვის სასურველი პრემიერ–მინისტრის კანდიდატი ბიძინა ივანიშვილი წარედგინა. შედეგად მივიღეთ რეალობა, როდესაც პრეზიდენტი და მთავრობა, პრემიერ–მინისტრი ურთიერთდაპირისპირებულ მხარეებს წარმოადგენდნენ.

ერთი მხრივ, დემოკრატიული განვითარებისთვის, პროცესების გაჯანსაღებისთვის ნორმალურ ქვეყანაში შეიძლება, ეს სწორი ნაბიჯი ყოფილიყო, მაგრამ ქართულ რეალობაში „ნაციონალურ მოძრაობასთან“ გამოცხადებული კოაბიტაცია ისევ „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგოდ იქნა გამოყენებული.

კოაბიტაცია „ნაციონალურ მოძრაობას“ მოარგეს, რომლის შედეგად ხელისუფლება გარიგებაში შევიდა დანაშაულებრივ სისტემასთან. დღეს ხელისუფლების უდიდეს ნაწილს კოჰაბიტირებული ნაციონალები წარმოადგენენ, როგორც პარლამენტში, ასევე მთავრობაში და თვითმმართველობებში. რეჟიმთან კოაბიტაცია თვალსაჩინოა რეგიონებში.

ხელისუფლების ცვლილებიდან 8 წლის თავზე მმართველი გუნდი მიხვდა, რომ „ქართული ოცნების“ ერთ–ერთ შეცდომა წინა ხელისუფლებასთან გამოცხადებული კოაბიტაცია არის. „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი „ოცნების“ ხელისუფლების ერთ–ერთი ყველაზე დიდ შეცდომად ე.წ. კოაბიტაციას ასახელებს და ამბობს, რომ ამ შეცდომას გამოსწორება სჭირდება.

„ყველა მოგვიწოდებდა, ჩვენი პარტნიორები, ჩვენი გუნდის შიგნით ვითომ პარტნიორები, რომ ეს ერთადერთი სწორი გზა იყო. აღმოჩნდა, რომ ჩვენი ხელისუფლების ერთ–ერთი ყველაზე დიდი შეცდომა ე.წ. კოაბიტაცია იყო. კოაბიტაცია იმ ფორმით, როგორც ჩვენ განვახორციელეთ, იყო ერთ–ერთი დიდი შეცდომა. შეცდომას გამოსწორება სჭირდება და სწორედ ამ მიმართულებით ჩვენ ძალიან აქტიურად, განახლებური ენერგიით გამოვასწორებთ ამ და სხვა შეცდომებს“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კოაბიტაციის ეს ფორმა, როგორც მმართველმა გუნდმა განახორციელა, მიუღებელი გახდა იმ ადამიანებისთვის, რომელიც ყოფილი ხელისუფლების ძალადობის მსხვერპლი გახდა, რადგან ეს იყო სისტემური ხასიათის დანაშაულებები, რომელიც ხორციელდება წინა მთავრობის დროს და ამ დანაშაულებში, ნებით თუ უნებლიეთ, ჩართული იყვნენ საჯარო მოხელეები, რომლებიც დღეს მმართველ გუნდთან პოლიტიკურ ალიანსში არიან.

პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის განცხადებით, გაუგებარია რატომ დასჭირდა დღეს ხელისუფლებას იმის აღიარება, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კოაბიტაცია იყო შეცდომა, მაშინ, როდესაც ხელისუფლებასთან კოაბიტაციაში მყოფი „ნაციონალური მოძრაობის“ უმრავლესობა „ქართულ ოცნებაშია“.

„ვინც „ოცნებაში“ არ არის, საკმაოდ დაწინაურებულია. დღეს ამ შეცდომაზე საუბარი ალბათ იმისთვის არის საჭირო, რომ „ოცნების“ ერთგული ადამიანები წამოწიონ წინ და გაუთანაბრონ ნაციონალებს. თორემ, „ნაციონალების“ დაჩაგვრის საფრთხე უკვე აღარ დგას. „ქართული ოცნების“ ერთგული ნაწილის დაჩაგვრის ფაქტთან მიიყვანა ეს პროცესი თვითონ „ოცნებამ“. ამიტომაც იყო, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ საბოდიშოდ გაუხდა ივანიშვილს საქმე. ვგულისხმობ ძველ გვარდიას, აი იმ ხალხს, რომლებიც „ოცნების“ რიგებში იდგნენ და ერთგულად იბრძოდნენ. სწორედ იმ ხალხს სთხოვა მხარდაჭერა ივანიშვილმა.

„ოცნების“ ამ ნაწილის რეაბილიტაცია დგას დღეს დღის წესრიგში. იმიტომ, რომ მხარდაჭერის და ბრძოლის პოტენციალი სწორედ ამ ხალხშია. შეიძლება ამიტომაც გაიხსენა კოაბიტაციის თემა ღარიბაშვილმა, მაგრამ დაგვიანებულია“, – აცხადებს რამაზ საყვარელიძე.

როგორც პოლიტოლოგი ამბობს, კოაბიტაციას ითხოვდა დასავლეთი, ეს თხოვნა ემთხვეოდა იმ პერიოდს, როდესაც პრეზიდენტის ინსტიტუტი იყო „ნაციონალური მოძრაობის“, პარლამენტი „ქართული ოცნების“. ასეთ ვითარებაში და ასეთი განსხვავების დროს საყვარელიძის განცხადებით, დასავლეთში ამბობენ, რომ კოაბიტაცია არის სასურველიო.

„ჩვენ კოაბიტაცია გავიგეთ ისე, როგორც გავიგეთ და როგორც შედეგებმა გვანახა. ანუ, „ოცნებისთვის“ კოაბიტაცია აღმოჩნდა „ნაციონალების“ მხარდაჭერა. თავის დროზე, როდესაც „ოცნების“ გვერდით იდგა, უსუფაშვილმა თქვა, რომ „ნაციონალებს“ ვექცევით ისე, როგორც ვექცევითო. ამ გადაჭარბებამ პროცესები იქამდე მიიყვანა, რომ დაჩაგრული აღმოჩნდა „ქართული ოცნების“ ძველი გვარდია. ფეხმოკიდებულმა და გაძლიერებულმა „ნაციონალური მოძრაობამ“ ახლა „ქართულ ოცნებას“ დაუწყო ბრძოლა და ქიშპი, რისი სურათი ყველა არჩევნებზე გვაქვს“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.

ანალიტიკოსის ვახტანგ ძაბირაძის შეფასებით, კოაბიტაციის შედეგია ის, რომ დღეს „ქართული ოცნება“ მიუხედავად ყველაფრისა ყველაზე რეიტინგული პარტია არის, 17%–ით, მაგრამ მაინც. მისი თქმით, რომ არა კოაბიტაცია, „ქართულ ოცნებას“ ის რეიტინგიც არ ექნებოდა, რაც აქვს.

„საპროტესტო ოპოზიციური ტალღაც გაცილებით ძლიერი იქნებოდა, ვიდრე დღეს არის და უფრო პერსპექტული გარკვეული თვალსაზრისით. რაც შეეხება დღეს იმის აღიარებას, რომ კოაბიტაცია იყო შეცდომა, მერე რა, რა უნდა გააკეთონ? დავუშვათ, რომ შეცდომა იყო დაშვებული 7 წლის წინ. დღეს რა შეუძლიათ, რა უნდა გააკეთონ? ვინც დასაჭერი იყო, დაიჭირეს, თუ საშუალო ფენის დაპატიმრებას აპირებენ და მასზე საქმის აღძვრას? ეს არაფრის მომტანი არ არის. ეს არის „ოცნების“ პიარის ახალი თემა და მეტი არაფერი. დღეს „ნაციონალური მოძრაობა“ არის „ქართული ოცნების“ რეიტინგის შემანარჩუნებელი, ეს ფაქტია, რაც შუალედურ არჩევნებზეც გამოჩნდა. სადაც არ იყო „ნაციონალური მოძრაობა“ არის მეორე ტური“, – აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე.

როგორც ძაბირაძე for.ge–სთან საუბრისას აცხადებს, კოაბიტაცია, არსის სწორად გამოყენების შემთხვევაში, არავის არ აზარალებდა. ქართულ სინამდვილეში გამოყენებული იყო შერეული მოდელი – არც კოაბიტაცია იყო და არც რეპრესია.

„შერჩევითი სამართალი იყო. მაგალითად – მერაბიშვილი და ახალაია დააპატიმრეს იმიტომ, რომ ეთქვათ, აი, ჩვენ დავიწყეთ სამართლიანობის აღდგენა. ვისი გადაბირებაც შეძლეს, გადაიბირეს, ვისი გაშვებაც მოუნდათ, გაუშვეს. კოაბიტაცია სხვა რამეს გულისხმობს და სხვანაირად უნდა ყოფილიყო გამოყენებული.

თუ დამნაშავეების დასჯაზე მიდიოდა საუბარი, მაშინ უნდა დაესაჯათ. „ქართულმა ოცნებამ“ ერთ ნაწილს კოაბიტაცია მოარგო, მეორე ნაწილის მიმართ რეპრესია განახორცილა, საბოლოო ჯამში მიიღეს მშვენიერი შედეგი. „ქართული ოცნება“ ნაცმოძრაობის ხარჯზეა, სხვა ოპოზიციას პერსპექტივა ფაქტობრივად არ აქვს. დღეს ასე არის, ვნახოთ რა იქნება ხვალ“, – განაცხადა for.ge–სთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძემ.

tngh იქნებ ჩამოთვალოთ ისინი, ვის მიმართაც "რეპრესია განახორციელა"??? ე. წ. "კაბელების" საქმეზე ბ-ნი შ. შავგულიძის დემაგოგია, წმინდა წყლის თაღლითობა იყო, "მოტეხილი" მაყუთის შენარჩუნებისათვის... კარგია, რომ არ გაუვიდათ...
3 თვის უკან
Maverick ექსპერტებს რამსები აერიათ, მიკიბულ-მოკიბული პასუხებია შემოლაწუნების მოლოდინში...
3 თვის უკან