„გარეჯი საქართველოა“, „ჩვენს სიწმინდეებს არავის დავუთმობთ“, – ამ შინაარსის ტრანსფარანტებით წითელ ხიდზე გამაფრთხილებელი აქცია გაიმართა. რამდენიმე საათის განმავლობაში გადაკეტილი იყო ცენტრალური მაგისტრალი. საპროტესტო აქცია, რომელიც გამაფრთხილებელი იყო მარნეულისა და ხუჯაბის ეპარქიის მმართველის ლოცვა–კურთხევით გაიმართა და დავით გარეჯში მიმდინარე მოვლენებს აპროტესტებდნენ. როგორც მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა, მეუფე გიორგიმ განაცხადა, გარეჯი არის საქართველო და ჩვენი სიწმინდეები არ უნდა იყოს ხელყოფილი.
„მე როგორც ამ ეპარქიის მღვდელმთავარმა, გადავწყვიტე მცირე მრევლთან ერთად შევკრებილივყავით წითელ ხიდთან და ჩვენი პოზიცია გარეჯთან დაკავშირებით მტკიცედ და მკაფიოდ დაგვეფიქსირებინა. გარეჯი არის საქართველო და ჩვენი სიწმინდეები არ უნდა იყოს ხელყოფილი. ჩვენ უკიდურესი ფორმა გამოვხატეთ პროტესტისა, მაგისტრალი გადავკეტეთ და ეს არის გამაგრთხილებელი აქცია.
თუ არის კეთილმეზობლობა, მეგობრობა, ეს უნდა იყოს დამყარებული სამართლიანობაზე. ეს გულისხმობს, რომ ერთმანეთის საზღვრებს პატივი ვცეთ, ეს უნდა გაითვალისწინონ და საკითხი კეთილმეზობლური პრინციპებით უნდა გადაწყდეს“, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას მეუფე გიორგიმ.
სადელიმიტაციო კომისია მუშაობს, მოლაპარაკებები დაწყებულია, ამის მიუხედავად დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე, საზღვართან აზერბაიჯანულმა მხარემ გზის გაყვანა ისე დაიწყო, რომ ქართული მხარის საქმის კურში ჩეყენება მიზანშეწონილად არ ჩათვალა. ოთხდღიანი შეუჩერებელი სამუშაოს შედეგად გზა ჩიჩხიტურის მონასტერთან ძალიან ახლოსაა მიყვანილი.
ეს ხდება მაშინ, როდესაც სადელიმიტაციო კომისიის მუშაობის მიზეზით, აზერბაიჯანელი მესაზღვრეები ქართველ მომლოცველებს არ აძლევენ მონასტერთან მისვლის უფლებას. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა კი, 23 მაისს აზერბაიჯანული მხარის მიერ გზის გაყვანის სამუშაოების დაწყების შესახებ დღის ბოლოს მედიისგან შეიტყო, მაშინ როდესაც სადავო ტერიტორიაზე სამშენებლო ტექნიკა 11:00 საათზე გამოჩნდა.
გარდა ამისა, აზერბაიჯანულმა მხარემ გაზარდა კონტიგენტი. თუ აქამდე მხოლოდ 2 ადამიანი პატრულირებდა, ახლა 17–18 ადამიანია მობილიზებული. მიზეზი, თუ რატომ აძლიერებს ალიევის ხელისუფლება სადავო ტერიტორიაზე კონტიგენტს, ამ დრომე უცნობია ოფიციალური თბილისისთვის, თუმცა ჯერჯერობით მომლოცველებსა და ტურისტებს გადაადგილებისას დაბრკოლება არ შექმნიათ.
დავით გარეჯელის ლავრის არქიმანდრიტი კირიონ ონიანი, რომელიც 23 წელია ამ საკითხს იკვლევს, აქვს მოლოდინი, რომ აზერბაიჯანულმა მხარემ, შესაძლოა, კვლავ ჩაკეტოს უდაბნოს მონასტერთან მისასვლელი გზა. მისი თქმით, ასე არ გაზრდიან კონტიგენტს, თუ რაღაც ინტერესები არ გააჩნიათ ამ ტერიტორიების მიმართ უახლოეს ხანებში. რაც შეეხება ქართული მხარის პოზიციას, როგორც არქიმანდრიტი ამბობს, გენიალური პასუხები არსებობს: „ინფორმაცია არ აქვთ“.
„დარჩენილი იყო დაახლოებით 500 მეტრი, ეს მონაკვეთი დაასრულეს მთლიანად, მეტის გაგრძელება შეუძლებელი იყო და მერე წავიდნენ. მათი ამოცანა შესრულებულია. იმის თქმა არ შემიძლია, როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები, მაგრამ ეს არის ჩვენი ხელისუფლების სახე – ხელისუფლება, რომელიც არ იცავს ქვეყნის ინტერესებს, მის უპირველეს მოვალეობას და ვალდებულებას ტერიტორიული მთლიანობის დაცვას, ეს არის ჩვენი სახე“, – აღნიშნა არქიმანდრიტმა კირიონმა.
როგორც არქიმანდრიტი კირიონი for.ge–სთან საუბრისას აცხადებს, თუ ქვეყანას ექნება პრინციპულობა და გონიერება, უმრავი საშუალება აქვს ხელისუფლებას, რომ ეს მდგომარეობაც გამოასწოროს. არქიმანდრიტის შეფასებით, ასეთი მოქმედებებით ხელისუფლება პროვოკაციას უწყობს საკუთარ ხალხს, ვინაიდან ხალხს, რომელსაც უყვარს ქვეყანა და ხედავს, რომ ხელისუფლება არაფერს აკეთებს, ტერიტორიები იკარგება, ხალხი იწყებს მღელვარებას, მოხდება ინციდენტი, რითაც საბოლოო ჯამში წააგებს კავკასია და იხეირებს მხოლოდ მტერი.
„ჩვენ, სახელმწიფო პრინციპულად არ ვიცავთ ჩვენს პოზიციებს. აზერბაიჯანელებს თავისთავად უჩნდებათ ის საცდური, რომ ეს ტერიტორიები ჩათვალონ უყურადღებოდ, შანსად მიიღონ ის, რომ ამის დაკავება შეუძლია და რატომაც არა? მოდის და ცდილობს თავის ამ სურვილს მიაღწიოს. აქ ჩვენში არის საქმე, ჩვენ არ უნდა ვებრძოლოთ არც აზერბაიჯანის სახელმწიფოს და არც საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელ ერს.
ჩვენ, პირველ რიგში, ქართველებმა ჩვენს თავს უნდა მოვთხოვოთ და მეორე რიგში ხელისუფლებას, რომ დავიცვათ ჩვენი ეროვნული პოზიციები, მეტი არაფერი, ბევრი ფილოსოფია ამას არ უნდა, მარტივია. ჩვენ ვირჩევთ ხელისუფლებას, რომელიც ვალდებულია, რომ ჩვენი ინტერესები დაიცვას – სახელმწიფოებრივი, ეროვნული და სამოქალაქო. კიდევ ერთხელ ვამბობ, ხელისუფლება, რომელიც არ ასრულებს თავის მოვალეობას, პროვოკაციას უწყობს ხალხს და ერს და ეს არის პროვოკაცია, რადგან არ შეასრულა თავის ვალდებულება და არ დაიცვა თავის ინტერესები“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას არქიმანდრიტმა კირიონ ონიანმა.
ვითარება ასეთია – 1996 წელს ორ ქვეყანას შორის დადებული იყო ხელშეკრულება და შეთანხმება იყო მიღწეული, რომლის მიხედვითაც, საზღვრის დადგენისას უნდა ესარგებლათ 1938 წელს შექმნილი რუკით. ამ რუკების მიხედვით, საზღვარი გაცილებით შორსაა ამ ქედიდან, თუმცა შემდგომში, როდესაც კომისიამ მუშაობა დაიწყო, ამ კომისიის მიერ დადგენილი ხაზები არ ემთხვევა იმ რუკას, რომელზეც შეთანხმებული იყო ეს ორი სახელმწიფო.
ამ ეტაპისთვის საზღვრის ეს მონაკვეთი არის შეუთანხმებელი. შეუთანხმებელ მონაკვეთში კი, საპატრიარქოს პრესსამსახურის წარმომადგენელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხდებით, ისედაც დარღვევაა რაიმე სამუშაოების შესრულება. ამიტომ, როგორც ჯაღმაიძე ამბობს, ფაქტის წინაშე ვდგავართ, როდესაც აზერბაიჯანის მხრიდან დარღვეულია რიგი ხელშეკრულებები და კანონები, რომელიც საზღვართან დაკავშირებით უნდა გათვალისწინებულიყო.
„ჩიჩხიტურის მონასტერთან გზა ძალიან ახლოსაა მიყვანილი. დასანანია, რომ ამდენი სამუშაო ისე შესრულდა, რომ ჩვენ მოგვიანებით შევიტყვეთ. ჩვენ ვითანამშრომლებთ ხელისუფლებასთან, იმისთვის, რომ ეს პრობლემები მოგვარდეს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არის საერთო პრობლემა. საქართველოს მოსახლეობის მოთხოვნაა, რომ არსებულ ვითარებაში პროცესები გამჭვირვალე იყოს. ჩვენ გვქონდა ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანის მხარესთან დიალოგის შემდეგ მიღწეულია მოლაპარაკება სამუშაოების შეწყვეტის შესახებ, თუმცა ტექნიკა აქ ისევ მუშაობდა. ამ წუთას ტექნიკა გაყვანილია, თუმცა გზა ძალიან ახლოსაა მიყვანილი ჩიჩხიტურის მონასტერთან“, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.
დავით გარეჯის გარშემო განვითარებული მოვლენები ცვალებადია. რა და როგორ განივითარდება პროცესები, ეს რთული საპროგნოზოა. მაგრამ ფაქტი ერთია და როგორც მთავარეპისკოპოსი, დმანისისა და აგარაკ–ტაშირის, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მთავარეპისკოპოსი ზენონი ამბობს, დავით გარეჯი იყო, არის და იქნება საქართველო. მისივე განცხადებით, დავით გარეჯის უდაბნოს მონასტერთა კომპლექსი არის საქართველოს 15 საუკუნოვანი სასულიერო– საგანმანათლებლო, სახელმწიფოებრივი და კულტურული ყოფის ბალავარი, დედაბოძი, წარსული დიდების, ღვაწლის შეუვალი მთხრობელი, ხვალინდელი დღის იმედი და მომავალი.
„ეს არის საქართველოს, ქართველი ერის ისტორია! საკმარისია, 1921 წელს დატრიალებული ეროვნული ტრაგედია, რომელიც ბოლშევიკურმა საბჭოთა ხელისუფლებამ დაატეხა თავს ჩვენს ქვეყანას, როდესაც განახორციელა საქართველოს ტერიტორიების ყოვლად უსამართლო გასხვისება, ქართული სახელმწიფოს და მისი ერის ნასისხლარი, ნაცრემლარი მიწის ჩეხვა და თელვა. დავით–გარეჯი იყო, არის და იქნება საქართველო. მისი დამთმობი თავად დაითმობა ქართველი ერის მიერ! ეგრე არ არის თაყაო, შენ რომ მამული გაჰყაო“, – ამბობს მთავარეპისკოპოსი ზენონი.
შეგახსენებთ, საქართველო–აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციის საკითხზე სამთავრობო კომისია 1996 წლიდან მუშაობს. ამ დროისთვის ტერიტორიის 30% დასაზუსტებელია, მათ შორის, განსაკუთრებული დავის საგანი ის ტერიტორიაა, სადაც სამონასტრო კომპლექსი დავით გარეჯი მდებარეობს. შს მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ მოლაპარაკების შედეგი იყოს მისაღები, როგორც ჩვენი კულტურული მემკვიდრეობისთვის, ასევე ჩვენი ეკლესიისთვის. ქვეყნის პირველი პოლიციელი იმედს გამოთქვამს, რომ საქართველო–აზერბაიჯანის მიერ შექმნილი კომისიის მუშაობა შედეგიანი იქნება.
„ვგეგმავთ იმ ღონისძიებების გატარებას, რაც არის აუცილებელი და რასაც ჰქვია სახელმწიფოთაშორის ურთიერთობა, კომუნიკაცია და კომისიის დონეზე მუშაობა საზღვრის დელიმიტაციის და დემარკაციის ფარგლებში. რა თქმა უნდა, ჩვენ მონდომებული, მოწოდებული ვართ და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ კომისიის და ამ მოლაპარაკების შედეგი უნდა იყოს მისაღები და მისასალმებელი, როგორც ჩვენი კულტურული მემკვიდრეობისთვის, ასევე ჩვენი ეკლესიისთვის“, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას გიორგი გახარიამ.
საგარეო საქმეთა მინისტრი ფიქრობს, რომ დავით გარეჯთან დაკავშირებით მთავარია, მზაობა და პოლიტიკური ნება იყოს და ამბობს, რომ ქართული მხარე ამას გააკეთებს აზერბაიჯანთან ორმხრივად მისაღები შედეგის მისაღწევად. დავით ზალკალიანის განცხადებით, აუცილებელია, მაშინ, როდესაც კომისია მუშაობს, იმის აღქმაც კი არ შეიქმნას, რომ სტატუს-ქვო იცვლება.
„უმძიმესი მემკვიდრეობა გვერგო, მინდა, საზოგადოებამ კარგად გაიგოს, თუ რა მოცემულობაა, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ჩვენ მივიღეთ. აუცილებელია, რომ ჩვენ სწორედ ამ კომისიის ფარგლებში ვისაუბროთ ამ საკითხებზე. ჩვენმა დელეგაციამ, რომელიც 23–24 მაისს მონაწილეობას იღებდა დიალოგსა და მოლაპარაკებებში, დააყენა ყველა საკითხი, რადგანაც აუცილებელია, მოლაპარაკების პროცესში, მაშინ, როდესაც კომისია მუშაობს, იქ იმის აღქმაც კი არ შეიქმნას, რომ სტატუს-ქვო იცვლება.
აუცილებელია, არ მოხდეს ინტერპრეტაციები. მიღწეულია შედეგი, რომ იქ შეჩერებულია ყოველგვარი მუშაობა და ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ ჩვენს აზერინაიჯანელ პარტნიორებთან ამ მიმართულებით დიალოგს. ასევე, მიღწეულია შეთანხმება, რომ ექსპერტები ადგილზე გააგრძელებენ მუშაობას, ეს არის ძალიან შრომატევადი საქმე. 90–იანი წლებიდან დაწყებული უმძიმესი მემკვიდრეობა მოდის დღემდე და ვერც ერთი, ორი და ვერც სამი რაუნდით ეს ვერ გადაწყდება. მაგრამ მთავარია, იყოს მზაობა, პოლიტიკური ნება და ჩვენ ამას გავაკეთებთ ჩვენი სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე“, – აღნიშნა დავით ზალკანიანმა.
ქვეყნის პრემიერ–მინისტრის განცხადებით, საკითხი მგრძნობიარეა და მედიას სთხოვს, თემა რეალური გარემოებიდან გამომდინარე გააშუქოს. მამუკა ბახტაძე დარწმუნებულია, რომ პროცესი დასრულდება იმ სტრატეგიული პარტნიორობის ჩარჩოებში, რომელიც არსებობს საქართველო–აზერბაიჯანს შორის.
„ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები გადაადგილდებიან დავით გარეჯის ცალკეულ მიმართულებებზე, იმ პრაქტიკის მიხედვით რაც არსებობდა. მაქვს თხოვნა ყველასთან, ეს არის ძალიან ფაქიზი საკითხი და გავაშუქოთ მოვლენები იმ გარემოებების მიხედვით, რაც რეალურად არსებობს. ეს არის ძალიან ფაქიზი და ემოციური საკითხი ნებისმიერი საქართველოს მოქალაქისთვის.
ზოგადად სხვა ქვეყნების მაგალითსაც თუ აიღებთ, როდესაც ვსაუბრობთ დემარკაციის საკითხზე სახელმწიფოებს შორის, ეს არი კომპლექსური პროცესი და დარწმუნებული ვარ, ჩვენთან ეს პროცესი დასრულდება იმ სულისკვეთების ფარგლებში, რომელიც არსებობს მოძმე ერებს შორის, იმ სტრატეგიული პარტნიორების ჩარჩოებში, რაც არსებობს საქართველ–ზერბაიჯანს შორის“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
რაღაც იმდაგვარი ხდება დღესაც ....
ღმერთმა ქნას სასიკეთო იყოს საქართველოსთვის და ისევ ისე გაერთიანდეს ერი და ბერი..
ისევ ის პატრიოტული სული დატრიალებულიყოს საქართველოში, ოღონდ ამჯერად ,,მინუსების,, გარეშე