„ქართული ოცნების“ ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა მინისტრთა კაბინეტის დარჩენილი შემადგენლობა, კერძოდ, ეკონომიკური ბლოკის, განათლების, გარემოს დაცვისა და ენერგეტიკის მინისტრობის კანდიდატები წარადგინა. ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატი გიორგი კვირიკაშვილია. ენერგეტიკის მინისტრი და ამავდროულად ვიცე-პრემიერი - კახი კალაძე, გარემოს დაცვის მინისტრობის კანდიდატი - ხათუნა გოგოლაძე, ფინანსთა მინისტრობის კანდიდატი - ნოდარ ხადური, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრობის კანდიდატი დავით დარახველიძე, ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატი დავით სერგიენკო, განათლებისა და მეცნიერების მინისტრობის კანდიდატი კი გიორგი მარგველაშვილი.
სამომავლოდ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო დაიშლება, ინფრასტრუქტურა შეურთდება ეკონომიკის სამინისტროს, ჩამოყალიბდება რეგიონული განვითარების სამსახური, რომელიც პრემიერ-მინისტრს დაექვემდებარება და რეგიონული განვითარების მინისტრობის კანდიდატი დავით ნარმანია ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე გახდება.
ბიძინა ივანიშვილის მიერ მინისტრების კანდიდატურების წარდგენის პარალელურად მედია-სივრცეში ჯანდაცვის მინისტრობის ყოფილი კანდიდატის, ამირან გამყრელიძის განცხადება გავრცელდა, რომლის თანახმადაც მან კანდიდატურა მოხსნა. მან მადლობა გადაუხადა „ქართულ ოცნებასა“ და მის ლიდერს უდიდესი ნდობისთვის და განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ამ სფეროში მუშაობის გამოცდილება ჰქონდა, ორი მიზეზით იკავებდა თავს მინისტრობისგან, კერძოდ - როგორც ძველი მთავრობის ერთ-ერთი სახე და ასევე, ასაკის გამო. თუმცა აქვე გამყრელიძე აღნიშნავს, რომ კოალიციის მიერ ეს გარემოებები არ იქნა მხედველობაში მიღებული და იგი მინისტრობას მხოლოდ ერთი მიზეზით დათანხმდა, ვინაიდან ბიძინა ივანიშვილმა ჯანდაცვა უმთავრეს პოლიტიკურ პრიორიტეტად გამოაცხადა.
„თუმცა ჩვენ პირველ ეტაპზე ვერ გავითვალისწინეთ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება, რომ არსებობდა გარკვეული უხერხულობა და მორალური ინტერესთა კონფლიქტი ჩემს მომავალ პოზიციასა და ჩემი შვილის თანამდებობას შორის, რომელიც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში გახლდათ ყველაზე დიდი კერძო სადაზღვევო კომპანიის „ალდაგი ბი სი აის“ გენერალური დირექტორი. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, ეს არ გახლდათ ინტერესთა სამართლებრივი კონფლიქტი, მაგრამ იყო მორალური უხერხულობა. ამის შესახებ დაიწერა პრესაშიც, მას მოჰყვა ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის არასასიამოვნო ინტერპრეტაციები.
ამასთან დაკავშირებით უკანასკნელ დღეებში რამდენიმეჯერ მქონდა კონსულტაციები ბატონ ბიძინასთან (ბოლოს გუშინ) და მივიღე გადაწყვეტილება, რომ უარი ვთქვა შემოთავაზებულ თანამდებობაზე, რათა არ ვიყო ბარიერი ჩემი ოჯახის მომავალი თაობის განვითარების გზაზე, ოჯახის, რომლის რეპუტაცია არასოდეს შელახულა და დარწმუნებული ვარ არც შეილახება“, - აცხადებს ამირან გამყრელიძე.
შეგახსენებთ, მას შემდეგ, რაც იგი ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატად დაინიშნა, მისი ვაჟი, ნიკოლოზ გამყრელიძე, სადაზღვევო კომპანია „ალდაგი ბისიაი-დან" სამუშაოდ „საქართველოს ბანკში“ გადავიდა, სადაც ფინანსური დირექტორის თანამდებობა დაიკავა. იგი „ალდაგში“ გენერალური დირექტორის თანამდებობაზე მუშაობდა. „საქართველოს ბანკის“ ინფორმაციით, გამყრელიძის ფინანსურ დირექტორად დანიშვნას ბანკის გენერალური დირექტორი ირაკლი გილაური გამოეხმაურა. მისი თქმით, გამყრელიძის სტრატეგიული ხედვა მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ჯგუფის შემდგომი ზრდისთვის.
„მოხარული ვარ, სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით, ნიკა გამყრელიძის დანიშვნის თაობაზე საქართველოს ბანკის ჯგუფის ფინანსური დირექტორის პოზიციაზე. ნიკას ფინანსური და ლიდერობის უნარები, ასევე სტრატეგიული ხედვა მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ჯგუფის შემდგომი ზრდისთვის. ნიკა გამყრელიძის მუშაობისას, „ალდაგი ბისიაის“ გენერალური დირექტორის პოსტზე, კომპანია დაახლოებით 4–ჯერ გაიზრადა 2007 წლის მერე და მისმა აქტივებმა 309.3 მილიონი შეადგინა“, - აღნიშნა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი გილაურმა.
აღსანიშნავია, რომ „ალდაგი“ „საქართველოს ბანკის“ შვილობილი კომპანიაა და სწორედ ამას და ამის თაობაზე საზოგადოების უარყოფით გამოხმაურებას უკავშირებს ამირან გამყრელიძე საკუთარ გადაწყვეტილებას კანდიდატურის მოხსნასთან დაკავშირებით. როგორც მან for.ge-სთან საუბარში განაცხადა, მიუხედავად მისი შვილის „ალდაგიდან“ გადასვლისა, საზოგადოების მხრიდან უარყოფითი გამოხმაურება არ ჩამცხრალა და სწორედ ამიტომ მიიღო გამყრელიძემ ამგვარი გადაწყვეტილება.
ამირან გამყრელიძე: აჟიოტაჟი არ ცხრებოდა, რადგან „ალდაგი ბი სი აი“-ს აქციების 10%-ის მფლობელი გახლავთ „საქართველოს ბანკი“. მე რამდენჯერმე განვმარტე, რომ ეს არ იყო ინტერესთა სამართლებრივი კონფლიქტი, ეს სუფთა მორალური ინტერესთა კონფლიქტი და უხერხულობა იყო. ჩემი შვილის გადასვლამაც საზოგადოება არ დააშოშმინა. ჩემი ოჯახის მისამართით არცთუ სასიამოვნო გამონათქვამები იყო და ამიტომ ჩავთვალე საჭიროდ, რომ ეს თემა დამეხურა.
ამდენად, ეს გადაწყვეტილება საზოგადოების მხრიდან უარყოფითი რეაქციის გამო მიიღეთ?
- დიახ, საზოგადოების უარყოფითი რეაქციის გამო, რომელიც „ქართული ოცნების“ და ჩემს წინააღმდეგ იქნა გამოხატული.
თქვენამდე როგორ მოვიდა ეს უარყოფითი რეაქცია, ანუ საიდან გახდა თქვენთვის ცნობილი, რომ თქვენი და თქვენი ოჯახის მისამართით საზოგადოებას გარკვეული კითხვები ჰქონდა?
- სოციალური ქსელები, მედია-საშუალებები გადაჭრელებული იყო ამ თემით, ყველა სატელევიზო არხზე ამ კითხვას მისვამდნენ - როგორ ვაპირებდი მინისტრად მუშაობას, როდესაც ჩემი შვილი ერთ-ერთი მსხვილი სადაზღვევო კომპანიის დირექტორი იყო. „საქართველოს ბანკის“ მენეჯმენტში ჩემი ვაჟის გადასვლის შემდეგ ჩავთვალეთ, რომ ეს საკითხი დღის წესრიგიდან მოიხსნა, მაგრამ როგორც ჩანს, არც ეს აღმოჩნდა საკმარისი, რადგან „ალდაგი ბი სი აი“ „საქართველოს ბანკის“ შვილობილი კომპანიაა. ეს საკითხი სოციალურ ქსელებსა და მედიაში აქტიური განხილვის საგანი იყო. ამიტომ გადაწყვიტე, უხერხულ მდგომარეობაში არ ჩამეყენებინა ახალი მთავრობა და პირადად პრემიერ-მინისტრობის კანდიდატიც და შესაბამისი გადაწყვეტილება მივიღე.
„ქართულ ოცნებასთან“ თუ აპირებთ რაიმე სახის თანამშრომლობას?
- „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს განაცხადა, რომ მე ჩემი პოზიციით, რაც დღეს მიკავია, ვრჩები ამჟამად პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, ხოლო შემდეგ პრემიერ-მინისტრის პირად მრჩევლად ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის დარგში. ჩვენი ურთიერთობა არის ძალიან კარგი, საქმიანი, მეგობრული და ჩვენ ამ თანამშრომლობას ვაგრძელებთ. ვეცდები, რამდენადაც შემეძლება, ჩემი ცოდნითა და გამოცდილებით, მივეხმარო ახალ მინისტრს.
ბატონო ამირან, ვინაიდან დღეს თქვენ მინისტრობის კანდიდატი აღარ ხართ, თუ შეიძლება წარდგენილ მინისტრობის კანდიდატებთან დაკავშირებით შეფასება რომ გააკეთოთ?
- ეს არის საკმაოდ პროფესიული მინისტრთა კაბინეტი. დღეს წარდგენილი კანდიდატებიდან თითქმის ყველას ვიცნობ. ნოდარ ხადური მაღალი დონის ფინანსისტი და პროფესიონალი გახლავთ, კვირიკაშვილი ძალიან კარგი ეკონომისტია და დიდი ხნის გამოცდილება აქვს, მარგველაშვილი უმაღლესი განათლების ერთ-ერთი ცნობილი რეფორმატორი და ძალიან წარმატებული პიროვნებაა. გარემოს დაცვის მინისტრობის კანდიდატს პირადად არ ვიცნობ, მაგრამ ვიცი, რომ თავისი საქმის პროფესიონალია.
დღეს ასევე მოხდა გარკვეული გადანაცვლება, გარდა ჯანდაცვის მინისტრობის ახალი კანდიდატურისა, ბიძინა ივანიშვილმა ენერგეტიკის მინისტრობის კანდიდატის რანგში საზოგადოებას წარუდგინა კახი კალაძე, რომელიც აქამდე ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრობის კანდიდატი იყო. რამ განაპირობა ასეთი ცვლილება?
- ეს მოხდა იმიტომ, რომ მოგეხსენებათ, მინისტრთა კაბინეტი უნდა დამტკიცდეს იმ ძველი სიობრივი შემადგენლობით, რაც ამჟამად არის. იგეგმება სამინისტროების გარკვეული სტრუქტურული ცვლილებები და იმის გამო, რომ ამას სჭირდება ცვლილება კანონში „აღმასრულებელი ხელისუფლების შესახებ“, ეს ვერ მოხდება, სანამ ახალი პარლამენტი არ შეუდგება მუშაობას. ამიტომ დღეს გაცხადდა, რომ ამ კაბინეტში კახი დაიკავებს ენერგეტიკის მინისტრის პოზიციას. საუბარი იყო ბატონ დავით ნარმანიაზეც, რომელიც ინფრასტრუქტურის მინისტრად დასახელდა და რომელიც შემდეგ ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე გახდება. ამდენად, კაბინეტის სტრუქტურასთან დაკავშირებით ცვლილებები იგეგმება, მაგრამ დღეს ის იმ შემადგენლობით უნდა დამტკიცდეს, რაც ამჟამად არის.
საზოგადოებაში კითხვა გაჩნდა კახი კალაძესთან დაკავშირებით, რამდენად შეძლებს იგი ენერგეტიკის სფეროს გაძღოლას, რადგან ეს ერთ-ერთი ურთულესი სფეროა
- ამასთან დაკავშირებით, ძალიან კარგი განმარტება გააკეთა ბატონმა ბიძინამ. კახი არის ნიჭიერი ახალგაზრდა კაცი. იგი ნიჭიერი იყო ფეხბურთშიც და დიდი ნიჭი გამოაჩინა უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაშიც, რაც პოლიტიკაში ჩაერთო და ბატონმა ბიძინამ განაცხადა, რომ კახი ამ სფეროში სწრაფად გაერკვევა.
მოგეხსენებათ, კახი თავიდანვე ინფრაქსტრუქტურის და რეგიონული განვითარების მინისტრად და ამავდროულად ვიცე-პრემიერადაც დასახელდა, რათა კახის რანგი აწეული ყოფილიყო. გარდა ამისა, ენერგეტიკა ქვეყნის ერთ-ერთი სტრატეგიული სფეროა, ჩვენ ენერგეტიკული დერეფანი ვართ და ქვეყანაში დიდი შემოსავლები სწორედ ამ დერეფნის საშუალებით შემოდის. ამიტომ ბიძინა ივანიშვილს სურს, კახი ამ სფეროს არა როგორც პროფესიონალი, არამედ, როგორც პოლიტიკოსი ჩაუდგეს სათავეში. მას ეყოლება შესაბამის პროფესიონალთა გუნდი. ამავდროულად ბატონმა ბიძინამ ისიც აღნიშნა, რომ კახი საკმაოდ სწრაფად ითვისებს ყველაფერს და ჟურნალისტებს მიმართა, რომ 2-3 თვეში უკვე პროფესიულ საკითხებზეც გაგცემთო პასუხებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ენერგეტიკის მინისტრის პოსტზე მამუკა ნიკოლაიშვილის კანდიდატურა განიხილებოდა. შემდეგ რატომ შეიცვალა გადაწყვეტილება?
- ეს მცდარი ინფორმაციაა. მამუკას მე კარგად ვიცნობ, რადგან თავის დროზე შევარდნაძის მინისტრთა კაბინეტში ერთად ვიყავით, მაგრამ გეტყვით, რომ მთავრობის ფორმირებასთან დაკავშირებით გამართულ კონსულტაციებს მეც ვესწრებოდი და არც ერთ იმ სხდომაზე, რომელსაც მე ვესწრებოდი, მამუკა ნიკოლაიშვილის კანდიდატურა არ განხილულა.
გარკვეული კითხვები გაჩნდა ასევე იმასთან დაკავშირებითაც, რომ ბიძინა ივანიშვილმა მინისტრობის კანდიდატებად ისეთი პირები დაასახელა, რომელთაგან უმეტესობას საზოგადოება არ იცნობს, რის გამოც გაჩნდა გარკვეული პრეტენზიები ახალ სახეებთან დაკავშირებით, რამდენად შეძლებენ ისინი მათთვის ჩაბარებული სფეროების გაძღოლას. ამაზე რას გვეტყვით?
- რა ვიცი... ხან ძველ სახეებს ემდურით და იმას ამბობდით, შევარდნაძის მინისტრები რატომ არიან ახალ მინისტრთა კაბინეტშიო და ახლა ახალი სახეებიც არ მოგწონთ?
ამას მე არ ვამბობ ბატონო ამირან, საზოგადოებას უჩნდება ეს კითხვები
- ბატონმა ბიძინამ ძალიან კარგად ახსნა ეს ფაქტორი. კერძოდ, ჩვენთვის მთავარია პროფესიონალიზმი, არ აქვს მნიშვნელობა, ვინ, როდის და სად მუშაობდა. ამიტომ წარმოდგენილ მინისტრთა კაბინეტში ახალი სახეებიც არიან და ძველიც.