ჩვენი დღევანდელი წერილის სტუმრები გალაქტიონ ტაბიძე და ნოდარ დუმბაძე იქნებიან. თავდაპირველად დიდი გალაქტიონის რამდენიმე მოგონებას შემოგთავაზებთ, შემდეგ კი გზას ნოდარ დუმბაძეს დავუთმობთ.
გალაკტიონი ერთგან აღელვებული მისულა. ახლა, სანამ თქვენთან მოვიდოდი, ერთი ახალგაზრდა მეკითხება: „რა აზრია გატარებული თქვენს ლექსში - „სიკვდილი მთვარისგან?“ თითქოს მე ვიცოდე ეს!“
„მწერალთა კავშირში გოგოლის საიუბილეო საღამო გაიმართა. შემოვიდა გალაკტიონ ტაბიძე და ირაკლი აბაშიძეს განუცხადა: გოგოლი-მოგოლი არ ვიცი მე, ბოლოს და ბოლოს, მითხარით, წიგნს როდის გამომიცემთო?!
დაიბარეს ცეკაში, ეს რა გიქნია, დიდი რუსი მწერლისთვის შეურაცხყოფა მიგიყენებიაო.
გალაკტიონი გაოცებულა, რა შეურაცხყოფა, ისე ვთქვი, როგორც ჩვენში ამბობენ: აკაკია-ბაკაკიაო.“
„გალაკტიონი გამოსულა სახლიდან და ეგრევე ჩიტს დაუსკლინტია მხარზე. შებრუნებულა სახლში მოსაწესრიგებლად და ლექსიც დაუწერია:
სახლში უსაქმოდ რა უნდა აკეთო
ფრჩხილები დაგძვრება ყვერების ფხანვაში
გარეთ გამოხვალ და თავზე დაგაჯვავენ
მოდი და, იცხოვრე ასეთ ქვეყანაში“
„გალაკტიონ ტაბიძე თვლიდა, რომ ყველაზე დიდი და დიადი იყო.
ერთხელაც კონსტანტინე გამსახურდია და გალაქტიონი თურმე ქვიშხეთში ისვენებდნენ. ყოველ დილით კონსტანტინე გამოვიდოდა და გალაკტიონს ასე ესალმებოდა: გამარჯობა ლომო! გალაკტიონი შეიფერებდა ლომობას და პასუხობდა გაგიმარჯოს ვეფხვო.
ასე გაგრძელდა ერთი კვირა კონსტანტინეს მობეზრდა ვეფხვობა და გალაკტიონს ასე მიესალმა: გამარჯობა ვეფხვო! და გალაკტიონმა აუღელვებლად უპასუხა: გაგიმარჯოს კოწია“.
„ერთხელ მწერალთა კავშირში მისულმა გალაკტიონ ტაბიძემ ერთ-ერთი ოთახის კარი შეაღო და იქ თავშეყრილებს ღიმილით ჰკითხა: "კრება გაქვთ პოეტებს ძამიკო?"
დიდი გალაკტიონის შემდეგ ესტაფეტა ბატონ ნოდარ დუმბაძეს გადავცეთ:
„მოსკოვშია ნოდარ დუმბაძე ცოლთან, ნანული გეგენავასთან ერთად. მაღაზიებში სიარულისას ქალბატონ ნანულის ძალიან მოწონებია 12 კაციანი ჩაის სერვიზი და დაუჟინებია ვიყიდოთო, ნოდარი მიხვდა რომ არაფერი გამოუვიდოდა და, - კაი ვიყიდოთ, ვიყოდოთ მარა იმ კაცს რა ვუთხრა, სახლში 12 კაცს რო მიიყვანს და ჩაის დაალევინებსო.“
„ჯანსუღ ჩარკვიანი აუხირდა, თურმე, ნოდარ დუმბაძეს - არ შეიძლება ყველა გურული ენამოსწრებული იყოს, ეს შენ აგდის ხუმრობა ხელზე და მერე გურულებს აბრალებო...
მიიპიტიჟა გურიაში ნოდარმა სტუმრად ჯანსუღი. ჩაასხეს პოეტის „ჟიგულში" ბენზინი და წამოვიდნენ ხიდისთავისკენ. გამოსცდნენ დაფნარს და მათი თავგადასავალიც საჯავახოს გადასახვევიდან დაიწყო, სადაც გურული გლეხი დაემგზავრათ ჩოხატაურამდე.
ვერ იცნო გლეხმა ვერც ერთი და ზის უკანა სავარძელზე თავისთვის, წყნარად. ჯანსუღი ენას არ აჩერებს, ხუმრობს და დროდადრო ნოდარს გადახედავს ირონიულად, - ესეც შენი ენაკვიმატი გურულებიო! მერე გაეცნო გლეხს, პოეტი ვარო და თავისი ახალი ლექსების პატარა ბროშურა აჩუქა. გურულმა გადმოაბრუნა და ბოლო გვერდზე გადაშალა, იქ, სადაც წიგნებს ფასი აწერია, ხოლმე. პატარა ბროშურა იყო და ფასიც პატარა ჰქონდა 15 კაპიკი. აწია თავი და ჯანსუღს ეკითხება: ცარიელი რვეული 20 კაპიკი ღირს ბიძია, და რას წერ ამფერს, შენი წიგნი 5 კაპიკით ნაკლები რომაა?!“
„ერთხელ, ნოდარ დუმბაძე დიდ წვეულებაზე მოხვდა. პურმარილი ისეა გაწყობილი, თვალს ვერ მოწყვეტ კაცი, გაქათქათებულ სუფრაზე ძვირფასი ჭურჭელი აწყვია, გადაფუშფუშებული ხელსახოცებია დაფენილი, საუზმეულობა ისეა გაფორმებული, რომ, ნუ იტყვით! შემოუსხდნენ თურმე სუფრას სტუმრები და, ამ დროს, ვიღაც კაცი შემოვიდა და ისეთი ბენზინის სუნი ასდის მის კოსტიუმს, გააფუჭა განწყობა.
ნოდარმა თურმე ითმინა, ითმინა და, რომ ვეღარ გაუძლო ბენზინის სუნს, მიუბრუნდა იმ კაცს და უთხრა: თუ ძმა ხარ, „დაქოქე“ ახლა ეგ შენი კოსტიუმი და წადი აქედანო.“
„მწერალთა კავშირში მუშაობდა ერთი კაცი. თბილისში, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა. დაბადების დღეზე მშობლებმა რაიონიდან გამოუგზავნეს გამზადებული პურმარილი. იფიქრა ამ კაცმა, ნაქირავებ, პატარა სახლში ვერ დავტევ სტუმრებსო და გადაწყვიტა, ქალაქგარეთ, ბუნებაში დაეპატიჟებინა კოლეგები. მოკლედ, წავიდნენ, მდელოზე გაშალეს სუფრა და ჩამოსხდნენ. იქვე გადიოდა მატარებლის ლიანდაგიც.
თავად იუბილარმა თამადად ნოდარ დუმბაძე დანიშნა. ნოდარმა აიღო ღვინით სავსე ჭიქა და დაიწყო: ამ ჭიქით მე მინდა... და უცბად მატარებელმა გაიგრიხინა, ნოდარის ხმა გადაფარა. დაიცადა ნოდარმა, სანამ მატარებელმა გაიარა, ისევ ასწია ჭიქა და რომ დაიწყო: ამ ჭიქით მე მინდა, ვადღეგრძელოო... ისევ ჩამოიგრიხინა მატარებელმა, ოღონდ საპირისპიროდ მომავალმა. მესამედ რომ აიღო ჭიქა და შორიდან გაიგო მატარებლის ხმა, მიუბრუნდა იუბილარს და უთხრა: რა დაგიშავე, შე, კაცო, კაცია მუნჯაძესავით რომ გამომიტყუე ამ ტყეში და „რეიცაზე“ დამადებინე თავიო“.