საქართველო დემოკრატიას ითვისებს, მაგრამ საკუთარ წარსულს ანგრევს

საქართველო დემოკრატიას ითვისებს, მაგრამ საკუთარ წარსულს ანგრევს

საქართველოს დედაქალაქი ერთ დროს თავს იწონებდა თავისი ნახევრად დანგრეული ძველი შენობებით. მაგრამ ახლა მათ ქვეყნის მოდერნიზატორი პრეზიდენტი ანგრევს.


თავის შესანიშნავ წიგნში „აბსოლუტური ძალაუფლება“, რიჩარდ კაპუჩინსკი თბილისში ვიზიტს აღწერს. 1990-იანი წლებია და ქართველები, ისევე როგორც დაშლილი საბჭოთა კავშირის სხვა ერები, მგზნებარედ მოითხოვენ თავისუფლებას. რუსთაველის გამზირზე ქალები მჯდომარე აქციებს მართავენ. პოლიტიკური არეულობის აღწერასთან ერთად, ის ეხება ასევე თბილისის მომხიბვლელობას: „ცხაურიანი ბაცი ფერის სახლები, ვერანდები, აივნები და ბაღები… დღესაც კი [ის] მიმზიდველობას ინარჩუნებს“.

როდესაც საქართველოში ორი ათეული წლის შემდეგ ჩავედი, პატარა პოსტსაბჭოთა ქვეყანა ახალი ისტორიული მომენტის წინაშე დგას. ამ თვის არჩევნებში, კოალიციამ, რომელსაც ქართველი მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი უდგას სათავეში, მიხეილ სააკაშვილის, ატლანტიზმის მხარდამჭერი პრეზიდენტის მმართველი პარტია დაამარცხა. ეს უპრეცედენტო შედეგია: პირველი შემთხვევაა, როდესაც საქართველოში ხელისუფლება დემოკრატიის და არა რევოლუციის ან გარე ჩარევების გზით შეიცვალა. მაგრამ ძველ თბილისში ტრაგედია ხდება. ხელისუფლება სწრაფი ტემპით ანგრევს მე-19 საუკუნის შენობებს, რომელიც ასე ხიბლავდა კაპუჩინსკის და ასე ამშვენებდა დედაქალაქს ხის დეტალებით. ძველი ქალაქი სხვადასხვა არქიტექტურული სტილების ნაერთია, აქ გვხვდება: რუსული კლასიციზმი და მოდერნი. (არცერთი შენობა 1795 წელზე ადრეული არ არის, ამ წელს სპარსელებმა თბილისი მთლიანად გადაწვეს). მისი ყველაზე გამორჩეული დამახასიათებელი ელემენტები ვიწრო მოკირწყლულ ქუჩებზე გადმოკიდებული ნატიფად გაკეთებული და მორყეული ხის აივნები, ორნამენტირებული შესასვლელები, ბროწეულის და ლეღვის ხეებია.

ბრიტანელი მწერლისა და გამომცემლის პიტერ ნეისმიტის თანახმად, რომელიც წლის დიდ ნაწილს თბილისში ატარებს, ძველი ქალაქის დაახლოებით ნახევარი დაკარგულია. ნგრევის ტემპი 2007 წლიდან გაიზარდა. „ის ნადგურდება და მის ნაცვლად ვიღებთ მისივე დისნეის მსგავს ვერსიას“, წუხილით ამბობს ნეისმიტი ძველ ქალაქში ჩვენი სეირნობისას. ის დასძენს: „ეს თბილისის აზიური ნაწილია. ჩვენ ვკარგავთ ამ დაკიდულ აივნებს. მათ ანგრევენ და სრულიად განსხვავებულ სტილში აშენებენ. ეს შემაშფოთებელია“.

მაისში ხელისუფლებამ თბილისის ერთ-ერთი ყველაზე საკულტო შენობის, გუდიაშვილის მოედანზე მდებარე „ლერმონტოვის სახლის“ აღება დაიწყო. მოედანზე ნგრევის პირას მისული ამპირის სტილის შენობები და ჩრდილიანი აკაციის ხეებია განლაგებული. ხაჭოს ნამცხვარი მივირთვი არჩვევნების ღამეს რეტროს სტილის კაფე „პურ პურში“. მიიჩნევენ, რომ 1820-იან წლებში რუსი მწერალი ამ სახლში ცხოვრობდა; და ის ნახსენებია მის შედევრში Герой Нашего Времени. ცოტა მოშორებით თავისუფლების მოედანია. აქ ივანიშვილის მხარდამჭერები თავიანთ გამარჯვებას აღნიშნავენ და იმ ადგილის გარშემო იკრიბებიან, სადაც ერთ დროს ლენინის ძეგლი იდგა.

როდესაც მივედი, გამოცარიელებული სახლი დამხვდა. სამშენებლო კომპანიას შენობის რამდენიმე მხარეს გამავალი აივანი მოეხსნა. სახურავი და კიბის მოაჯირები გამქრალი იყო; არავინ იცის რა ბედი ეწიათ მათ; ეზოში ახალგაზრდა კაცი ივანიშვილის პარტიის, „ქართული ოცნების“, დროშას აფრიალებს. ზაფხულის განმავლობაში კონსერვაციის სპეციალისტები ლერმონტოვის სახლთან იდგნენ. უსტვენდნენ და ეჭირათ პლაკატები წარწერით: „თუ ამ შენობას დაანგრევთ, თქვენ ჩვენ დაგვანგრევთ“. ეს ყველაფერი უშედეგო იყო. იქვე პურის მოედანზე მიწის მუშა შევნიშნე. მოედნის აღმოსავლეთი მხარე მოსწორებულია; ახალი შენობა ორი სართულით მაღალი იქნება. „ეს თბილისის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი მოედანი იყო. შესანიშნავი ფასადები ჰქონდა შენობებს. ევროპის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ქალაქს ამახინჯებენ“, ამბობს ნეისმიტი. როგორც წესი, დასძენს ის, დეველოპერები შენობას ბულდოზერით იღებენ და შემდეგ იქ ძველი აგურებით მოპირკეთებულ ბეტონის ყალბ რეპლიკას დგამენ. მფლობელები სახლებს ყიდიან და სხვაგან გადადიან, ამით ძველი თბილისი სულ უფრო უსიცოცხლო ხდება.

სააკაშვილს – საქართველოს მთავარ არქიტექტორს – საკუთარი ხედვა აქვს თუ როგორ უნდა გამოიყურებოდეს თბილისი. მისი სტილია მინა და ფოლადი. მოდერნისტული შენობები ყველგან შენდება. პრეზიდენტი ცხოვრობს ნეოკლასიკურ სასახლეში, რომელსაც მინის გამჭვირვალე კვერცხის ფორმის გუმბათი ადგას; ცოტა ქვემოთ ახალი საკონცერტო დარბაზია. თბილისს აქვს ასევე სოკოს ფორმის იუსტიციის სახლი, შინაგან საქმეთა სამინისტროს მოდერნისტული შენობა და „მშვიდობის ხიდი“. კრიტიკოსები ჩივიან, რომ პრეზიდენტმა ისეთივე ცივი ვიზუალური ენა აირჩია, როგორც საქართველოს ყოფილმა საბჭოთა მჩაგვრელებმა.

იმავდროულად, სააკაშვილმა თურქების მიერ აფეთქებული, მე-11 საუკუნის ბაგრატის საკათედრო ტაძრის აღდგენა დაიწყო. „ეს იგივეა, რომ ტინტერნის სააბატოს რეკონსტრუქცია ჩაუტარო და ახალი კედლები ამოიყვანო, ახალი გუმბათი დაადგა და მინის ლიფტი მიუმაგრო გვერდიდან“, მეუბნება ნეისმიტი. სუროგატული, ბავარიის სოფლის მსგავსი უბანი გაშენდა საქართველოს უდიდესი ეკლესიის, სვეტიცხოვლის, გარშემო, რომელიც ძველ დედაქალაქ მცხეთაში, თბილისთან ახლოს მდებარეობს. იუნესკომ განგაში ატეხა. და ორივე ძეგლი საფრთხის ქვეშ არსებულ ძეგლთა ნუსხაში განათავსა.

ივანიშვილი კი ჯეიმს ბონდის უარყოფითი გმირის სასახლის მსგავს შენობაში ცხოვრობს, რომელიც თბილისის თავზეა წამომართული. თანაშემწეებმა მას „glassle“ შეარქვეს. შენობა იაპონელი ფუტურისტი არქიტექტორის, შინ ტაკამაცუს დაპროექტებულია. მილის ფორმის სვეტები და გიგანტური ინტერიერი საჰაერო სივრცის შთაბეჭდილებას ტოვებს. (სფეროში 150-ადგილიანი კაფეა მოთავსებული.) მილიარდერის პირადი რეზიდენცია გვერდითვეა და თავდაყირა დაყენებულ კოსმოსურ ხომალდს ჰგავს, რომელმაც სტარტი უნდა აიღოს. არჩევნებამდე ივანიშვილი იქაურობას მათვალიერებინებს: მისი რეზიდენცია ანრი მურისა და სხვა მოქანდაკეების ნამუშევრებითაა მორთული. აქედან თბილისზე პანორამული ხედია, რომელიც ქვემოთ ხეობაში იშლება. ივანიშვილი მორაკრაკე შადრევანთან დგას და თავის ცხოველებზე გატაცებით საუბრობს; მას ზოოპარკი აქვს, რომელშიც არიან პინგვინები, ლემურები და ზებრა. მეკითხება: „ხომ არ გსურს ირემი წაიყვანო სახლში?“. ორი დღის შემდეგ ივანიშვილი, რომელმაც უმრავლესობით გაიმარჯვა, თავს დაესხა სააკაშვილს საქართველოს არქიტექტურის განადგურების გამო. სააკაშვილის თანაშემწეები უკმაყოფილონი არიან. „როდესაც რაიმეს რესტავრაციას ვაკეთებთ, პირველ რიგში არქივებში ვიხედებით“, მეუბნება ბათუ ქუთელია. და დასძენს: „გინახავთ ივანიშვილის სასახლე?“
foreignpress.ge