ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური ცვლილებები ჯერჯერობით მხოლოდ სატელევიზიო სივრცეს დაეტყო. ამ კუთხით პირველი ნაბიჯი "იმედმა" გადადგა და გამოაცხადა, რომ გასართობი გადაცემები დახურა და ტელეკომპანია საინფორმაციო რეჟიმზე გადავიდა.
არხზე ერთი-მეორის მიყოლებით დაიხურა "ნუკის დილა", "დღის შოუ". "ღამის შოუს" ყველა პროექტი: "შუა ქალაქში", "გოგონა გარეუბნიდან", "ღამის შოუ ირაკლი ტატიშვილთან", "კაცების შოუ", "რომ გადახვალ გააჩერე". დაიხურა ასევე "ნანუკა ჟორჟოლიანის შოუ".
გასართობი შოუებიდან "იმედმა" მხოლოდ ორი შეინარჩუნა - "ცეკვავენ ვარსკვლავები", რომლის პროდიუსერიც არხის დირექტორის, გიორგი არველაძის მეუღლე ალინა არველაძე გახლავთ და ახალდაწყებული, გრანდიოზულად დაპიარებული მუსიკალური კონკურსი "ახალი ხმა".
მანამდე კი ახალი სეზონი ნანუკა ჟორჟოლიანმა კონკურენტი შოუს გამალებული კრიტიკით დაიწყო. მაია ასათიანის ახალი იმიჯით გამოჩენას ნანუკა გააფთრებული კრიტიკით შეხვდა და სოციალურ ქსელში კოლეგას დახეულ ჯინსებზე ბევრი იხალისა. მაშინ წერდა, რომ თავად მიასწავლიდა, სად იყიდებოდა კარგი დახეული ჯინსები და იკითხა, მაიას როსტოც ხომ არ ეყოლებოდა სტუდიაში.
მაიამ ნანუკას რეპლიკებს მაშინ მხოლოდ სიცილით უპასუხა.
ციხის ცნობილი კადრები იმ საღამოს გავრცელდა, როდესაც ეთერში ნანუკა ჟორჟოლიანის შოუს პირველი გადაცემა გავიდა. შემდეგ წამყვანმა განაცხადა, რომ საქართველოში არ იმყოფებოდა და არ იცოდა, რა ხდებოდა რეალურად ქვეყანაში, თან ისიც აღნიშნა, "იმედის" ხელმძღვანელობას შეეჩერებინა გადაცემის გაშვება, მე რა შუაში ვიყავი, ეს მათი პრეროგატივა იყოო.
ხუთშაბათს არ გავიდა "რუსთავი 2"-ზე "პროფილი", მომდევნო სამშაბათს კი ნანუკა ჟორჟოლიანმა ძველი გადაცემის ჩანაწერი გაუშვა.
კონკურენტი გადაცემების ახალი სეზონის გახსნა დროებით გადაიდო და არც წინასაარჩევნო ციებ-ცხელების დროს გახსენებია ვინმეს გართობა.
არჩევნებში "ქართული ოცნების" გამარჯვების შემდეგ, როგორც დასაწყისში აღვნიშნავდით, პირველი მერცხალი "იმედი" გახლდათ, რომელმაც გასართობი გადაცემები დახურა. თავიდან ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ "წმენდას" ჟორჟოლიანის შოუ გადაურჩა, მაგრამ მალე ნანუკამ "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე გულის ამაჩუყებელი სტატუსი გამოაქვეყნა და მადლიერ მაყურებელს ცრემლებით ამცნო ქართული ტელესივრცის ესოდენ მნიშვნელოვანი გადაცემის დახურვა.
მანამდე კი ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ 5 ოქტომბერს ნანუკა უცხოეთში ქორწილის გადახდას აპირებდა, მაგრამ, როგორც ჩანს, არჩევნებში ნაციონალთა დამარცხების შემდეგ, ჟორჟოლიანი-კოდუას ქორწილის თარიღმა დროებით გადაიწია. ფაქტია, რომ ყოფილი მაღალჩინოსნები ძველებურად კარგ ხასიათზე აღარ არიან.
სანამ "ნანუკა ჟორჟოლიანის შოუს" ერთგული მაყურებელი მიღებული სტრესიდან გამოვიდოდა, ჟურნალისტმა "ფეისბუქზე" მორიგი განცხადება გაავრცელა და ამჯერად ბანკირებსა და ბიზნესმენებს სრული მობილიზებისკენ და "ნანუკას შოუს" გადარჩენისკენ მოუწოდა.
არადა, ნანუკას გადაცემის ხარჯებსა და წამყვანის ხელფასზე ყოველთვის ლეგენდები დადიოდა. მას არც სპონსორი უჭირდა და კომპანიებიც დაუნანებლად არიგებდნენ მის ეთერში საჩუქრებს. თუ ეს ყველაფერი ნებაყოფლობით ხდებოდა და არა "კუდელი" ქმრის გავლენის ან დაშინების წყალობით, რაზეც ასევე აქტიურად ვრცელდებოდა ხმები, ფაქტია, რომ ჟორჟოლიანის შოუს, რომელიც ეთერში საკმაოდ მომგებიან დროს გადის, თვითდაფინანსებაზე გადასვლა არ უნდა გაუჭირდეს.
ნანუკა ჟორჟოლიანმა შოუს პარალელურად ბავშვთა გასართობი ცენტრი გახსნა, რომელსაც ასევე ამბიციური სახელი "ნანუკას შოუს საბავშვო ცენტრი" დაარქვა. როგორც გავიგეთ, დაბადების დღის გადახდის გარდა, იქ ბავშვების გასართობად შეგიძლიათ ცოცხალი ნანუკაც მიიწვიოთ და როგორც ამბობენ, ეს სიამოვნება დამატებით 150 ლარი ჯდება.
ასე რომ, ნანუკას უსამსახუროდ დარჩენა არ უწერია, თუმცა სოციალურ ქსელებში ხალხი აქტიურად "დარდობს" იმაზე, თუ რა საქმიანობას მიჰყოფს ხელს როსტო. ისიც ფაქტია, რომ ძაღლი ბუბუც უხელფასოდ დარჩა, აი, ნანუკას ცნობილი "ჩიტი" კი, რომელსაც ტელეწამყვანისთვის ახალ-ახალი ამბები მიჰქონდა, სავარაუდოდ, "პროფილისკენ" გადაფრინდება.