საქართველოს სახელმწიფომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში კიდევ ერთი საქმე წააგო. საუბარია საქმეზე მიქიაშვილი - საქართველოს წინააღმდეგ, რომლის შესახებაც დღეს for.ge-ს პრეს-კლუბში ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტმა ზაზა ხატიაშვილმა და წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრ „ემპათიას“ ხელმძღვანელმა მარიამ ჯიშკარიანმა ისაუბრეს.
სტრასბურგის სასამართლოში აღნიშნული საქმე „ემპათიას“ მიერ 2006 წელს გაიგზავნა, ხოლო მიქიაშვილის ინტერესებს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ადვოკატი ზაზა ხატიაშვილი იცავდა. საქართველოს სახელმწიფომ აღნიშნული საქმე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მესამე მუხლით წააგო, რაც პოლიციის სამმართველოში დაკავებულის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას და ასევე არაეფექტურ გამოძიებას ეხება. მარიამ ჯიშკარიანის ინფორმაციით ვეროსასამართლოს გადაწყვეტილებაში ევროკონვენციის მესამე მუხლი დაპატიმრებულ გიორგი მიქიაშვილის მიმართ ციხეში არასათანადო მოპყრობასთან მიმართებაშიც არის ნახსენები და საბოლოოდ საქართველოს სახელმწიფოს მიქიაშვილის სასარგებლოდ 12 000 ევროს გადახდა დაეკისრა.
„მოკლედ შეგახსენებთ ამ საქმეს, რომელიც საკმაოდ გახმაურებული იყო და სახალხო დამცველის იმდროინდელ მოხსენებაშიც არის აღწერილი და საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციებიც ინფორმირებულები იყვნენ მის შესახებ. ეს იყო ფეხბურთელი ბიჭის პოლიციის მიერ უსამართლო დაკავება. ბრალდება სრულიად უსაფუძვლო იყო. კერძოდ, გიორგი მიქიაშვილის მეგობრები ქუჩაში მოძრაობდნენ და უკან მიყვებოდნენ გოგონები, რომლებიც მათი მეუღლეები გახლდნენ. ძალიან გამიკვირდა, როდესაც საქმის მასალებს გავეცანი და ვნახე, რომ თურმე პოლიციის თანამშრომლებს მოეჩვენათ, თითქოს მობილური ტელეფონები, რომლებიც ამ ბიჭებს ეჭირათ, მათ უკან მიმავალ გოგონებს ეკუთვნოდათ. მე ფსიქიატრი გახლავართ და გეტყვით, რომ ასეთ მოჩვენებებს ბოდვა ჰქვია. გიორგი მიქიაშვილი ამ დროს მანქანაში იჯდა და დაინახა, პატრული როგორ აყენებდა შეურაცხყოფას მის მეგობრებსა და მათ მეუღლეებს. ამიტომ იგი გადმოვიდა მანქანიდან და მეგობრებს გამოესარჩლა. ამის გამო საპატრულო პოლიციის თანამშრომლები მას ფიზიკურად გაუსწორდნენ, რის შედეგადაც მან თავის ტრავმა მიიღო და რეაქტიული ფსიქოზური მდგომარეობა განუვითარდა. ამის შემდეგ კი მის მიმართ ადგილი ჰქონდა არაადამიანურ მოპყრობას ციხეში. ეს ყველაფერი სტამბოლის პროტოკოლით „ემპათიას“ მიერ იყო დოკუმენტირებული ექსპერტიზაზე“, - აღნიშნავს „ემპათიას“ ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი.
მისი შეფასებით, ეს საქმე იურისტებისა და სამედიცინო ექსპერტების ერთობლივი ინტერვენციის შედეგად მიღწეული წარმატებაა. მარიამ ჯიშკარიანის განცხადებით, გიორგი მიქიაშვილი 2006 წლის აგვისტოში ციხის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის მოადგილე გოგა ბუთლიაშვილმა სცემა, ეს ის ადამიანია, რომელიც ციხის ცნობილ სკანდალში მონაწილეობდა და ცენტრ „ემპათიას“ მასზე სხვა საქმეებიც აქვს. მარიამ ჯიშკარიანის განცხადებით, საქმის ამ ნაწილში ვეროსასამართლო ადგენს, რომ გამოძიება არაეფექტურად ჩატარდა, რის გამოც საქართველოს სახელმწიფო ევროკონვენციის მესამე მუხლით არის გამტყუნებული.
ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტი, ზაზა ხატიაშვილი კი აქცენტს აკეთებს იმაზე, რომ საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ გამოტანილი გადაწყვეტილების გაშუქება დღეს ქართული მედიისთვის საინტერესო არ არის, რადგან პრესკონფერენციაზე მხოლოდ ერთი ტელეკომპანია იყო წარმოდგენილი.
„ჩვენ გვიპირისპირდებოდა მთელი სატელევიზიო ბანდა. გიორგი მიქიაშვილი თავიდან დამნაშავედ ჰყავდათ გამოყვანილი. დღეს მე დავამტკიცე, რომ საპატრულო პოლიცია, რომელიც დემოკრატიის შუქურის ერთ-ერთ სახედ იყო აღიარებული, ადამიანების წინააღმდეგ ძალადობას სჩადიოდა, სცემდა, უდებდა ნარკოტიკებს, აუბედურებდა ადამიანებს და შემდეგ საპატრულო პოლიციის მიერ ნაწამები ადამიანები ფსიქიატრიულ კლინიკებში ხვდებოდნენ. მაშინ სულ 4-5 ადამიანი ვიყავით ამ საქმეში ჩართულები, ხოლო მთელი სამოქალაქო საზოგადოება ტაშს უკრავდა პატრულს. მე კი ვამბობდი, რომ ამ საქმეზე სამართლიანი გადაწყვეტილება დადგებოდა და ყველა ეს ადამიანი ბოდიშს მოიხდიდა. ბოდიშის მოხდას ვინ ჩივის, დღეს, როდესაც მე, ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტს პრეს-კონფერენციის ჩატარება მინდა, ყველა ის ტელევიზია, რომელიც სააკაშვილს ტაშს უკრავდა, არ მოდის ამ საქმის გასაშუქებლად“, - ამბობს ზაზა ხატიაშვილი.
მისი თქმით, დღეს ადგილი აქვს გიორგი მიქიაშვილის საქმის მიჩქმალვას. ზაზა ხატიაშვილის შეფასებით, მიქიაშვილის საქმე სანდრო გირგვლიანის საქმეზე უფრო მძიმეა, რადგან მისი წამება თვეების განმავლობაში პერმანენტულად ხორციელდებოდა. ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ამბობს, რომ გიორგი მიქიაშვილს შესაბამის წამლებს არ აძლევდნენ, რის გამოც ცენტრი „ემპათია“ იძულებული იყო, საკუთარ თავზე სახელმწიფოს ფუნქციები აეღო და ამ ადამიანის მკურნალობა უზრუნველეყო.
„საქართველოში პირველად, ამ საქმეზე დაიდო სტამბოლის პროტოკოლით გათვალისწინებული ექსპერტიზა, რომელსაც მარიამ ჯიშკარიანი აწარმოებდა, და რითაც სახელმწიფოს მხრიდან ჩადენილი ძალადობის რამდენიმე ფაქტი დადასტურდა. ამდენი წელია ადვოკატი ვარ და არც ერთ საქმეში არ მინახავს ასეთი ხანგრძლივი, დროში გაწელილი ძალადობა. ხელისუფლებას სურდა გიორგი მიქიაშვილის გატეხვა, დაჩოქება და სააკაშვილი-მერაბიშვილი-ადეიშვილის ტრიოს უნდოდა საზოგადოებისთვის ეჩვენებინა, თითქოს ყველა ადამიანი, ვინც პოლიციას უჩივის, არის დამნაშავე“, - აღნიშნავს ხატიაშვილი.
მისი თქმით, ამ საქმეში ჩართული ადამიანები (თავად ხატიაშვილი, გიორგი მიქიაშვილი და მარიამ ჯიშკარიანი) არ აპირებენ, რომ კომპენსაცია აიღონ და გაჩუმდნენ. ზაზა ხატიაშვილი მოითხოვს, რომ გასამართლდეს იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი და ყველა ის ადამიანი, რომლის ხელიც ამ საქმეში ურევია. ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელის განცხადებით, ცნობილია იმ პოლიციელელების გვარები და სახელები, ვინც გიორგი მიქიაშვილის დაკავებაში მონაწილეობდა, ხოლო დანარჩენთა ვინაობა, ვინც ამ საქმეში რაიმე ფორმით იყო ჩართული, მიუკერძოებელმა გამოძიებამ უნდა დაადგინოს.