„გირჩი“, „ევროპული საქართველო“, ნიკა მელია - რღვევა გრძელდება!

„გირჩი“, „ევროპული საქართველო“, ნიკა მელია - რღვევა გრძელდება!

„ყველა გუნდი, სადაც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები შეუთანხმებლად მიიღება, მარცხისთვისაა განწირული“, – ეს განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თამვჯდომარეს, ნიკა მელიას ეკუთვნის, რომლის განცხადებით, ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება პარტიამ გუნდის შიგნით, ერთობლივი კონსულტაციების გზით უნდა მიიღოს და შემდეგ გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები.

„ჩემს განცხადებაში სკანდალური არაფერია. არ ნიშნავს, რომ აქცია არ უნდა დაიწყოს, ეს არ ნიშნავს, რომ ძალადობა არ უნდა დაიგმოს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ უნდა შენელდეს ბრძოლა ივანიშვილის წინააღმდეგ, დანაშაულებრივი რეჟიმის ხელმძღვანელის წინააღმდეგ.

მნიშვნელოვანია, რომ ყველა მნიშვნელოვანი განცხადება ჯერ გახდეს გუნდის შიგნით მსჯელობის საგანი, ეს არის მთავარი, მნიშვნელოვანი და წარმატების ერთ–ერთი საწინდარი. ამის შემდეგ უნდა გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები. აქ არაფერი სკანდალის შემცველი ნამდვილად არ არის. გამარგინალებულ, გაბანკროტებულ ბიძინა ივანიშვილს საჩუქარი არ უნდა გავუკეთოთ“, – აცხადებს ნიკა მელია.

მელიას პარტია უპირისპირდება. ნუგზარ წიკლაურის განცხადებით, გუნდი მელიასგან განმარტებებს აუცილებლად მოისმენს, რადგან, მისივე თქმით, მელიას განცხადების შინაარსი ივანიშვილის წისქვილზე ასხამს წყალს. ამასთან წიკლაური ამბობს, რომ პარტიის პოლიტსაბჭო იმსჯელებს მელიას საკითხზე.

„ჩვენ უნდა მივიღოთ მისგან პასუხები, რითი იყო განპირობებული ასეთი განცხადება და ამის შემდეგ გადავწყვეტთ, იმ გზაზე, რომელსაც ყველანი ერთად ვირჩევთ ახლა, რომ ივანიშვილის წინააღმდეგ იყოს დიდი საერთო სახალხო მოძრაობა, ჩვენ რა მონაწილეობას მივიღებთ, რა მონაწილეობას მიიღებს ნიკა მელია, რა მონაწილეობას მიიღებენ პოლიტიკური საბჭოს სხვა წევრები.

ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ განცხადება გაკეთებულიყო მხოლოდ მას შემდეგ, რაც ჩვენ შევიკრიბებოდით და გვექნებოდა მინიმალური კომუნიკაცია მაინც. არჩევნების დასრულებიდან ერთ საათში, ასეთი განცხადებების გაკეთება, თუ ვინმეს პოლიტიკურ წისქვილზე ასხამს წყალს, ეს არის ბიძინა ივანიშვილი, ძალიან სამწუხაროა, რომ ამის თქმა მიხდება“, – განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.

მელიას ღიად არ უპირისპირდება „ნაციონალური მოძრაობის“ აღმასრულებელი მდივანი კობა ნაყოფია, რომლის განცხადებით, პარტიაში ყოველთვის არსებობდა განსხვავებული მოსაზრებები, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ რღვევას აქვს ადგილი.

„პარტიაში ყოველთვის არსებობდა განსხვავებული მოსაზრებები, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ რღვევას აქვს ადგილი, ეს ძალიან სასაცილოა. რაც შეეხება „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დემონტაჟს და მათ მშვიდობიან გაცილებას და ხალხის ხელში ხელისუფლების დაბრუნებას, ამ საკითხში ყველა თანხმდება და ერთიანი პოზიცია არის“, – აღნიშნა კობა ნაყოფიამ.

„ვინც ყველა ბრძოლას გაექცა და ჭკუას გვარიგებს, სამარცხვინოდ უღირსი ხალხია“, – ასე გამოეხმაურა ნიკა მელიას განცხადებას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, სალომე სამადაშვილი, რომლის განცხადებით, სრულიად არაორდინალურ ვითარებაში პოლიტიკური ბრძოლის წარმართვა არ არის ადვილი საქმე.

„შეიძლება ბევრი ვიდავოთ ბრძოლის მეთოდებზე, გზებზე, სწორ სამოქმედო გეგმაზე. სრულიად არაორდინალურ ვითარებაში პოლიტიკური ბრძოლის წარმართვა არ არის ადვილი საქმე. მაგრამ ის ხალხი, ვინც ყველა ბრძოლას გაექცა და პირად, დაუკმაყოფილებელ ამბიციებზე დაბოღმილი, გამობობღდება და ჭკუის დარიგებას გვიწყებს, მაინც ყველაზე სამარცხვინოდ უღირსი ხალხია. ვინც ვიბრძვით, ბრძოლას ვაგრძელებთ, თუმცა შეიძლება ბევრი ვიკამათოთ-როგორ. თავისუფალი ხალხი ასეა და თავისუფლებისათვის რომ იბრძოლო, ჯერ შენში უნდა იპოვო ეს თავისუფლება“, – ამბობს სალომე სამადაშვილი.

ოპოზიციურ პარტიაში მიმდინარე დაპირისპირება არახალია მმართველი გუნდისთვის. ვიცე–სპიკერი თამარ ჩუგოშვილი აცხადებს, რომ უხარია „გაერთიანებულ ოპოზიციაში“ არიან ადამიანები, რომლებიც ადეკვატურად აფასებენ მდგომარეობას და ხვდებიან, რომ რევულუციური სცენარები, ქვეყანის „ადუღება“ და ა.შ. არც ქვეყანას წაადგება და არც მხარდაჭერას მოიპოვებს ქართველებში.

ჩუგოშვილის შეფასებით, ოპოზიციურ პარტიაში განხეთქილების მიზეზი მიხეილ სააკაშვილის დამოკიდებულებებია, რომელიც მას საკუთარი პარტიისა და ქვეყნის მიმართ აქვს. ამასთან, თამარ ჩუგოშვილის თქმით, „ქართული ოცნებისთვის“ „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს და მმართველი გუნდის მთავარი მიზანია, რომ დესტრუქციული და უკანონო ქმედებები უპასუხოდ არ დარჩეს.

„გავრცელდა ჩანაწერები და ეს მოგვიანებით ყოფილმა პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ მათთვის არ ჰქონდა მნიშვნელობა, თუ რა იქნებოდა არჩევნების შედეგები. ისინი აპირებდნენ, ჯერ ზუგდიდის „ადუღებას“, შემდეგ აჭარის და მთელი საქართველოსი. ამას აცხადებენ ყველა არჩევნების დროს, მაგრამ, რა თქმა უნდა, არ გამოუვიდათ და არც გამოუვათ.

არა იმიტომ, რომ ხელისუფლება არ დაუშვებს, არამედ იმიტომ, რომ ეს არ არის ის, რაც საქართველოს მოსახლეობას უნდა. ქართველ ხალხს ეს არ სჭირდება. ქართველს ხალხს მშვიდი, სტაბილური და დემოკრატიული განვითარება სჭირდება. ყოფილი პრეზიდენტისა და მისი მეუღლის რიტორიკა სრულიად აცდენილია მოსახლეობის მოთხოვნებს“, – აცხადებს თამარ ჩუგოშვილი.

ექსპერტი გია აბაშიძე ფიქრობს, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ უკვე ხვდებიან, რომ ქართულ პოლიტიკაში სააკაშვილს ადგილი არ აქვს. მისი თქმით, პარტიაში არსებული განხეთქილების შესახებ დიდი ხანია ვრცელდება ინფორმაცია, თუმცა, გარეთ გამოსულა და ეს თემა „რუსთავი 2“–ს და მის სატელიტ მედია–საშუალებებს ისე არ აუტაცია, როგორც „ქართულ ოცნებაში“ მიმდინარე ცვლილებები და შიდა გუნდური რყევები.

„რაც შეეხება ბატონ მელიას, თუ სხვებს, რომლებსაც გააჩნიათ კონსტრუქციული მიდგომები, ბუნებრივია, ეს მათი არჩევანია. პოლიტიკოსები ლოგიკურად ხვდებიან, რომ აზრი არ აქვს ამ დესტრუქციონიზმს, ქუჩის აქციებს, რითაც საკამოდ გადაიღალა ქართული საზოგადოება. მე უფრო ველი, რომ ქართულ პოლიტიკურ სივრცეში ოპოზიციურ ნაწილში კონსტრუქციული მუხლი კიდევ უფრო მოიმატებს და ასევე, ეს ხელს შეუწყობს იმას, რომ პირველად საქართველოს უახლოეს ისტორიაში „ქართული ოცნება“ შეინარჩუნებს სახელისუფლებო პოზიციებს.

მაგრამ ეს შესაძლოა მოხდეს არა „ქართული ოცნების“ დამოუკიდებლად ყოფნის, არამედ კონსტუქციულ პოლილიტიკურ ძალასთან გარკევულ ალიანსში ყოფნით. ეს წინა პირობები, კონტურები ჯერჯერობით ბუნდოვნად ჩანს, მაგრამ გარკვეულად გამოიკვეთა კონტურები, რომ შესაძლებელია კონსტრუქციული ოპონირებით წინ წავწიოთ დემოკრატიული განვითარების პროცესი ამ ქვეყანაში“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას გია აბაშიძემ.

მისი თქმით, რიგგარეშე შუალედური არჩევნების შედეგებმა, რაც 2020 წლის ოქტომბრის არჩევნებამდე ერთგვარ გენერალურ რეპეტიციას წარმოადგენს, აჩვენა საკმაოდ საინტერესო ტენდენცია – მიუხედავად ხარვეზებისა და ნაკლოვანებებისა, ხალხი მხარს უჭერს სტაბილურობას, სიმშვიდესა და კონსტრუქციულ პოლიტიკურ პროცესებს. არჩევნების შედეგების მიუხედავად, ანალიტიკოსი, „ქართულ ოცნებას“ მომავალ არჩევნებამდე, სტრატეგიის შეცვლას და გუნდში გადახალისებას ურჩევს.

„ამ არჩევნებმა კიდევ ერთხელ დაგვანახა ისიც, რომ „ქართულ ოცნებას“ თვითდამშვიდების საფუძველი ნამდვილად არ აქვს, საკმაოდ დროულად და სწრაფად უნდა მოხდეს გუნდში გადახალისება, სტრატეგიების შეცვლა, ახალი კადრების, ადამიანური რესურსების მოძიება, მხოლოდ საქმეზე ორიენტირება და არა ჩაბმა იმ უსაგნო კონფრონტაციაში, რომელსაც ერთ–ერთი დესტრუქციული პოლიტიკური ძალა და მისი სატელიტები სთავაზობენ საზოგადოებას“, – ამბობს გია აბაშიძე.

ანალიტიკოსის დავით ზარდიაშვილის შეფასებით, შუალედური არჩევენები „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლის პროცესის მიზეზი გახდა. მისი თქმით, პარტიის რღვევის პროცესი დიდი ხანია დაიწყო, რაც გამოიხატა ჯერ „გირჩის“ და შემდეგ „ევროპული საქართველოს“ გასვლით.

„რა იქნება ძნელი სათქმელია. მთავარი მესიჯ ბოქსი რა არის – სააკაშვილმა პირდაპირ თქვა, რომ არჩევნებს აზრი აღარ აქვს. ივანიშვილს არჩევნებს ვერ ვუგებთო. მეორე პოზიცია არის ასეთი – რევოლუციასაც აზრი არ აქვს, ამის რესურსი არ არის და ნიკა მელია ამით არის უკმაყოფილო. თუ ანონსდება რევოლუცია, მაშინ თავად სააკაშვილმა უნდა მიიღოს მონაწილეობა, ჩამოვიდეს და იქნებ რაღაცა გამოუვიდეს, ამის გამკეთებელი სააკაშვილი არ არის. მას თან კარგი ცხოვრება უნდა, ფლორიდაში სახლიც უნდა და თან რევოლუციის მოწყობა.

პარტიაში დაპირისპირების მიზეზი არის პოზიციების შეუთანხმებლობა, რევოლუცია მოვაწყოთ? თუ არჩევნები მოვიგოთ? – არც ერთი გამოდის და არც მეორე. გამოსავალი ჰქონდათ, დაახლოებით ის, რაც „ევროპულმა საქართველომ“ გააკეთა და აირჩია ელექტორალური გზა, ნელ–ნელა ცდილობს პოზიციების გამაგრებას. ნაცებთან შედარებით უფრო რაციონალურები არიან“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას დავით ზარდიაშვილმა.

tngh ეს "რღვევა" მოჩვენებითია. არჩევნების II ტურში ერთიანდები არიან ყოველთვის უსუფაშვილ-ხიდაშელთან ერთად და ხმას თავის, "ნაც-ოპოზიციის" კანდიდატს აძლევენ. შემიძლია დანამდვილებით გითხრათ, რომ ესე იქნება "მთაწმინდაზეც". ამიტომ მეტი აქტიურობა გმართებთ, "მთაწმინდელებო"...
4 წლის უკან