ირანის სულიერი ლიდერი აიათოლა ალი ჰამენეი აცხადებს, რომ აშშ-სთან ომი არ იქნება. მიუხედავად იმისა, რომ ირანი ბირთვული პროგრამის შესახებ ამერიკასთან მოლაპარაკებას არ აპირებს, ჰამენეი მაინც იმედიანადაა.
პარალელურად, საკმაოდ მკაცრად ჟღერს დონალდ ტრამპის განცხადება, თუ ირანი სანქციებს უპასუხებს, მას პრობლემები შეექმნება. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო კი ირწმუნება, რომ ვაშინგტონი ირანის მტრულ ქმედებას შესაბამისად უპასუხებს.
ბირთვული შეთანხმების ნაწილობრივ დატოვების შემდეგ აშშ-მა თეირანს ახალი სანქციები დაუწესა და ახლო აღმოსავლეთში შეიარაღება გაზარდა. ირანის პრეზიდენტი ჰასან როუჰანი უკან დახევას არ აპირებს და არც მალავს, რომ ირანი მზადაა დაიტოვოს გამდიდრებული ურანის მარაგი და ურანის გამდიდრება გააგრძელოს. ჰასან როუჰანი არ გამორიცხავს, რომ აშშ-ის სანქციების შედეგად შექმნილი სიტუაცია შესაძლოა, 1980-88 წლებში ერაყთან ომზე უარესი იყოს, ვინაიდან ომის დროს ირანს ბანკებთან, ნავთობის გაყიდვასთან პრობლემა არ ჰქონია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ირანელები სასოწარკვეთას უნდა მიეცნენ.
ურანის გამდიდრების შესახებ გადაწყვეტილება ირანში მას შემდეგ მიიღეს, რაც აშშ-მა ირანს მოხსნილი სანქციები ხელახლა დაუწესა და ირანის ისლამური რევოლუციის გვარდია ტერორისტთა სიაში შეიყვანა.
მოსალოდნელია თუ არა აშშ-სა და ირანს შორის ომი, ამის შესახებ For.ge-ს აღმოსავლეთმცოდნე დავით კობერიძე ესაუბრა.
აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის ჯონ ბოლტონის თქმით, ირანიდან მომავალი საფრთხის გამო რეგიონში ავიამზიდსა და ბომბდამშენს განათავსებენ. რამდენად რთული სიტუაციაა ირანში და იძლევა თუ არა დამშვიდების საშუალებას ჰამენეის ნათქვამი, რომ ამერიკასთან ომი არ იქნება? თუკი მოვლენები უარყოფითად განვითარდება, როგორი იქნება საქართველოს ადგილი და გამოიყენებენ თუ არა ჩვენს ქვეყანას პლაცდარმად?
- გამოიყენებენ თუ არა საქართველოს პლაცდარმად, ეს არავინ არ იცის. ეს ჯერ არ არის ცნობილი, ყოველ შემთხვევაში, ამერიკული სამხედრო ბაზები და ნატოს სამხედრო ბაზები საქართველოში არ არსებობს. თუმცა საჭიროების შემთხვევაში, ამერიკელებს შეუძლიათ გამოიყენონ ჩვენი საავიაციო ინფრასტრუქტურა. რაც შეეხება თვითონ ირანს, რა თქმა უნდა, ირანს არავითარ შემთხვევაში არ აწყობს საომარი მოქმედებები აშშ-სთან, მაგრამ ყველაზე საინტერესო ის არის, რომ თვითონ აშშ-საც არაფერში არგია ეს კონფლიქტი, ვინაიდან ეს არ იქნება მარტივი გასეირნება. ირანი ეს არ არის არც სირია, არც ერაყი, არც სხვა ქვეყანა, რომ იქ მალე დამთავრდეს ყველაფერი. ერთი საკმაოდ უცნაური ფაქტი მოხდა ამ დღეებში, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, აშშ-მა სპარსეთის ყურეში შეიყვანა მოზრდილი გემი, რომელიც ასრულებს ჰოსპიტლის ფუნქციას. რატომ დასჭირდათ ამერიკელებს ჰოსპიტლის ფუნქციანი გემი? ისინი სახმელეთო ოპერაციებს ნამდვილად არ აპირებენ. მაქსიმუმ, რაც შეიძლება გაკეთდეს, ეს შეიძლება იყოს სარაკეტო დარტყმები, საავიაციო იერიშები, მაგრამ ეს საზღვაო ჰოსპიტალი ძალიან მაფიქრებს.
თქვენ ფიქრობთ, რომ ეს უფრო კუნთების თამაშია, როგორც ეს ხშირად ხდება თუნდაც ამერიკასა და რუსეთს შორის? ხშირად შავ ზღვაშიც შემოდიან რუსეთზე შთაბეჭდილების მომხდენი ამერიკული სამხედრო გემები.
- რა თქმა უნდა, ეს კუნთების თამაშია, მიუხედავად იმისა, რომ გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს 120-ათასიანი შენაერთი უნდა გადაისროლონ ამერიკელებმა სპარსეთის ყურისკენ. ეს ნაკლებ დამაჯერებელია, რადგან 120 ათასი სამხედროთიც კი შეუძლებელია ირანს მძლავრი ზიანი მიაყენო. ირანისთვის მძლავრი ზიანის მიყენება შესაძლებელია საავიაციო, სარაკეტო დარტყმებით სტრატეგიულ ობიექტებზე, მაგრამ საპასუხოდ ირანსაც გააჩნია რეზერვში გარკვეული ძალები და მათაც შეუძლიათ ზიანის მიყენება. რა თქმა უნდა, აშშ-ს ვერ მისწვდებიან, მაგრამ მისწვდებიან მათ მოკავშირეებს. ეს არის ისრაელი, საუდის არაბეთი, გაერთიანებული საამიროები. გაერთიანებული საამიროების ეკონომიკურ ზონაში მე ვგულისხმობ საზღვაო აკვატორიას, უკვე დაიწყო კიდეც გემებზე აფეთქებები. საუდის არაბეთში ნავთობსადენზეც იყო თავდასხმა, რაც უპრეცედენტო შემთხვევაა. ახლო აღმოსავლეთში ამდენი ხნის ომის განმავლობაში არასდროს არ ყოფილა თავდასხმა ნავთობსადენზე, გაზსადენზე. ეს იყო პირველი შემთხვევა და აქ უკვე იკვეთება ირანის როლი, მიუხედავად იმისა, რომ ირანელები ამას უარყოფენ.
გემები ახსენეთ და, ალბათ, ეს იმის გამოძახილია, რაც მაიკ პომპეომ თქვა, რომ ვაშინგტონი ირანის მტრულ ქმედებებს შესაბამისად უპასუხებს. ალბათ, პუტინთან სოჩში პომპეოს შეხვედრაც შემთხვევითი არ იყო.
- რა თქმა უნდა, პომპეოს ვიზიტიც პუტინთან და მოლაპარაკებები ლავროვთან პირდაპირ ბმაშია ამ საკითხთან. როგორც ჩანს, უკრაინის თემაზე იქ საერთოდ არ ყოფილა საუბარი და არც სხვა თემებზე, დახურულ კარს მიღმა საუბარი იქნებოდა ირანის თაობაზე. უბრალოდ, თავს იზღვევენ ამერიკელები. სავარაუდოდ, ირანზე შეიძლება წერტილოვანი დარტყმები განხორციელდეს, რაც ჩვენთვის ძალიან ცუდი იქნება.
მოსალოდნელ წერტილოვან დარტყმებს ისიც ადასტურებს, რომ ამერიკა ირანის გამო ახლო აღმოსავლეთში ძალებს აძლიერებს?
- ახლო აღმოსავლეთი ძალიან ფეთქებადსაშიში ზონაა და ეს ყოველმხრივ ცუდი იქნება. მოუგვარებელი კონფლიქტები წლობით ემატება ერთმანეთს, ამას ხელახალი კონფლიქტებიც ემატება. ძალიან ბევრი ხელშემწყობი ჰყავს ამ კონფლიქტებს, სულაც არ არის გამორიცხული, არავითარი ირანული ხელი არ ერიოს გემებზე მოწყობილ აფეთქებაში, ასევე, საუდის არაბეთის ნავთობსადენზე მომხდარ ინციდენტში და შესაძლოა, აქ ისლამური სახელმწიფოს ხელიც იყოს. ერთადერთი ძალა, რომელსაც არეულობა აწყობს რეგიონში, ეს არის ისლამური სახელმწიფო.
ჰამენეის ნათქვამს ხომ ემორჩილებიან ირანელები, როცა ის ამბობს, რომ ომი არ იქნება? ეს დამშვიდების საფუძველს გვაძლევს?
- ჰამენეის ნათქვამს ირანელები ემორჩილებიან, თანაც, არა მარტო ირანელები, მას ლიბანელი შიიტები, ბაჰრეინელი და იემენელი შიიტებიც ემორჩილებიან, თქვენ წარმოიდგინეთ, ქართველი შიიტების უმეტესობაც მას ემორჩილება. ის ძალიან დიდი ავტორიტეტია, მის სიტყვას დიდი ფასი აქვს. მთელი ეს სანქციები, რომელიც შტატებმა დაუწესა ირანს, ზუსტად ამ მმართველობის, ამ პრინციპის წინააღმდეგაა მიმართული, მაგრამ საკმაოდ რთული მისია აქვს დასახული შეერთებულ შტატებს, რადგან ეს უკვე ტრადიციულ მმართველობად იქცა ირანში და რთული იქნება ამის მოგვარება.
თავის დროზე აშშ-ს მხრიდან ირანის შემორიგების მიუხედავად, ირანმა ბირთვულ პროგრამაზე არ თქვა უარი. სადამდე გაგრძელდება ირანელთა ასეთი პათოსი?
- ირანს მოუწევს უარის თქმა, რადგან ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩააყენებენ. რამდენიმე დღის წინ ირანის მაღალი თანამდებობის პირები იმყოფებოდნენ ინდოეთში, სადაც მოლაპარაკება ჰქონდათ, რომ ინდოეთმა გააგრძელოს ირანული ნავთობპროდუქტების შესყიდვა. მოგეხსენებათ, ინდოეთი უკვე აღარ ყიდულობს ირანულ ნავთობპროდუქტებს და ეს ძალიან დიდი დარტყმაა ირანისთვის, რადგან ინდოეთი დიდი ქვეყანაა.
ანუ ირანის წინააღმდეგ სანქციებმა შედეგი გამოიღო?
- სანქციები გაგრძელდება. ცხადია, ირანში მძიმე სიტუაციაა, თბილისის ქუჩებში მომრავლებული ირანელებიც შემთხვევითი არ არის, ისინი ირანში გაჭირვებას, არასტაბილურობას, მოსალოდნელ სამხედრო ქმედებებს, კიდევ მოსალოდნელ სანქციების გამკაცრებას გაურბიან. აგრეთვე, მათ ნაწილს მეტი თავისუფლება უნდა, ნაწილს კი, პირიქით, სხვა მიზნები ამოძრავებს. ყველანაირი ირანელი იმყოფება თბილისში.
მათ შორის, საშიშიც და არასაშიშიც?
- დიახ, ყველანაირი. ძალიან ჭრელი მასაა ჩვენთან შემოსული.
ირანი მთლად მარტო არაა. მის მოკავშირეებად რუსეთი და ჩინეთი მოიაზრებიან. ამ ქვეყნებს თუ აწყობთ დაპირისპირება ამერიკა-ირანს შორის?
- დაპირისპირება არავის აწყობს, რადგან, თუ ირანში სახმელეთო ოპერაციები გაჩაღდა, რისი ძალიან მცირე შანსიცაა, აქ ჩაერთვებიან ავღანელი შიიტები, პაკისტანელი შიიტები, ირანელი შიიტების დასახმარებად წარმოუდგენლად დიდი მასა დაიძრება. სადაც კი ცხოვრობს შიიტი, მათ ვალდებულება გაუჩნდებათ, დაეხმარონ ირანს, მაგრამ წარმოუდგენელია, სახმელეთო ოპერაციები განხორციელდეს. საჰაერო დარტყმების შემთხვევაშიც ირანი აუცილებლად იმოქმედებს საპასუხო ზომებით და იქნება წერტილოვანი დარტყმები არა მხოლოდ ახლო აღმოსავლეთში, არამედ გაცილებით შორსაც ამ რეგიონიდან.
ამერიკას არც თუ მთლად წარმატებული გამოცდილება ჰქონდა „არაბული გაზაფხულის“ სახით. ამჯერად ამერიკას ირანში რეჟიმის შეცვლა სურს. თუკი ირანში მოხერხდა რეჟიმის შეცვლა, რა იქნება შემდეგი ნაბიჯი?
- მართალი ბრძანდებით. ეს არის გაუთვლელი ნაბიჯების შედეგი, რაც „არაბულმა გაზაფხულმა“ მოიტანა. დამისახელოს ვინმემ ერთი მაგალითი მაინც, სადაც „არაბულმა გაზაფხულმა“ და მისმა პრეცედენტმა გაამართლა. პირიქით, ამერიკელებს შემდეგ მოუხდათ ძალიან დიდი ძალისხმევის მიმართვა თუნდაც იმავე ეგვიპტეში, რომ იქ „მუსლიმი ძმები“ ჩამოეცილებინათ ხელისუფლებისგან და კიდევ კარგი, რომ ამერიკელებმა ეს მოახერხეს. ახლაც, პომპეო ტყუილად არ იმყოფებოდა ვიზიტით რუსეთის ხელისუფლებასთან. რაც შეეხება თქვენს შეკითხვას, რა იქნება შემდეგი ნაბიჯი, ნებისმიერი სცენარი შეიძლება განვიხილოთ, მათ შორის, სუვერენიტეტის დაკარგვა, დაქსაქსვა, ქვეყნის დანაწევრება, რადგან ეს ბევრს სურს შიგნით ირანში. იქ არიან არაბი სუნიტები, ქურთები, ირანელი აზერბაიჯანელები, სადაც სეპარატისტული მოძრაობა საკმაოდ გაღვივებულია. ამერიკელებს ნაბიჯები უკვე გადადგმული აქვთ, ეს არის სამხედრო სწავლებები ამერიკის შიდა შტატებში, სადაც უდაბნოს მაგვარი ტერიტორიებია. ეს სწავლებები განხორციელდა წერტილოვანი დარტყმებისთვის, ამერიკელები თითქმის ყოველთვის მზად არიან ასეთი ქმედებებისთვის, მაგრამ ვნახოთ, რა მოხდება მომავალში.