საქართველოს ბიუჯეტი სავსეა, როგორც არასდროს?!

საქართველოს ბიუჯეტი სავსეა, როგორც არასდროს?!

„საქართველოს ბიუჯეტი სავსეა ისე, როგორც არასდროს“, -  მიხეილ სააკაშვილი კვლავაც ჩვეულ ეიფორიაშია. მისი თქმით, ქვეყნის ბიუჯეტს იმხელა რესურსები აქვს დღეს, როგორიც არასდროს ჰქონია. 

„სხვა რომ არაფერი შექმნა და უბრალოდ ეს რესურსები იქნას გამოყენებული, ძალიან ბევრი რამის გაკეთება შეიძლება. ამიტომ უნდა მოხდეს ამ ბიუჯეტის გადაბარება და მისი ქართველ ხალხზე მოხმარება“, - მიიჩნევს სააკაშვილი.

ამასთან, დარწმუნებულია, რომ საქართველოს ბევრად ნაკლები ვალი აქვს დღეს, ვიდრე „ვარდების რევოლუციის“ წინა პერიოდში, 2003 წელს ჰქონდა.

პრეზიდენტის რიტორიკა ერთია, თუმცა ფინანსებისა და ეკონომიკის კუთხით მის „განსწავლულობას“ სულ სხვაგვარ ახსნას უძებნიან ეკონიმიკის ექსპერტები. 

ყოფილი ფინანსთა მინისტრი დავით იაკობიძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ზუსტად იმ 2003 წელთან შედარებით, ვალის ოდენობამ კი არ იკლო, არამედ, სინამდვილეში, ვალი ერთი მილიარდით გაიზარდა.

დავით იაკობიძის თქმით, საერთოდ, მიხეილ სააკაშვილს ციფრებთან მუშაობა არ უყვარს, ყოველთვის ამბობდა, არ ვიტყვი ციფრებსო, ახლა კი, ალბათ, ვიღაცამ უთხრა, რომ 2003 წელს მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით ვალი შეადგენდა რაღაც 25 %-ს, ახლა კი შეადგენს 15 %-ს.

„ამ გაგებით, შესაძლოა, უთხრეს, მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით ვალი ნაკლებიაო და სააკაშვილმაც მთლიანად განავრცო და აღნიშნა, თითქოს ვალი ნაკლებია. ახლა მიხეილ სააკაშვილს ეკონომიკური ტერმინების ცოდნას ვერ მოვთხოვთ. თუმცა რატომაც არა, წესით, უნდა მოვთხოვოთ კიდეც, რადგან ცხრა უმაღლესში სწავლობდა და ყველგან ხუთებს ვიღებდიო, - იძახდა. როგორც ჩანს, ასეთნაირად გაიგო ეს ციფრები“.

რაც შეეხება ვალებს, დავით იაკობიძე განმარტავს, რომ ახლანდელი მონაცემებით, მთავრობას ოთხ მილარდ ნახევარი დოლარის ოდენობით ვალი აქვს და ეს არის მაქსიმუმი, რაც ოდესმე ჰქონიათ. თუმცა, ამ მაღალი ციფრის მიუხედავად, ეს ვალი არც ისე ბევრია, რომ შეგვეშინდეს. თანაც, ეს ვალები აღებულია მრავალმხრივი ვალდებულებით, რაც ნიშნავს, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებიდან არის მოზიდული და შეღავათიანია. მათზე სერიოზული მონიტორინგი ხორციელდება და ამ ვალების დაბრუნება აუცილებლად მოხდება. ყოფილი ფინანსთა მინისტრი აცხადებს, რომ ყველაზე მეტი ვალი მსოფლიო ბანკისგან გვაქვს აღებული. რუსეთის ვალი კი 100 მილიონამდე გვაქვს, თუმცა, მისი აზრით, ეს უკვე მნიშვნელოვანი აღარ არის.

„გადავსებულ“ ბიუჯეტთან დაკავშირებით კი დავით იაკობიძე აღნიშნავს, რომ, მართალია, მერაბიშვილი და ხეთაგური ტელევიზიით გამოვიდნენ და განაცხადეს, რომ ბიუჯტის ანგარიშზე სულ არის 2 მილიარდი ლარი (საიდანაც გაწერილია ეს ანგარიში და დაახლოებით ხაზინა შედგება 800 მილიონისგან), მაგრამ გასაკვირია, ხალხს ხელფასი რატომ არ აუღია?!

„წლის ბოლომდე ეს თანხა ცოტა არ არის. რახან თქვეს, ალბათ, ეს თანხა რეალურად არსებობს და მე ამაში ეჭვს ვერ შევიტან, მაგრამ მთავარი ისაა, რომ თანხები ვიღაცის ანგარიშებზეა გასაწერი. საინტერესოა, რა მოთხოვნებია, როცა ვხედავთ, რომ ხალხს თვეობით ხელფასი არ აუღია. ახლახანს სამშობიარო სახლი რომ დაანგრიეს, იქაური თანამშრომლები წუხდნენ, ოთხი თვის ხელფასი არ გვაქვს აღებულიო. ასე რომ, ბიუჯეტი რომ სავსეა, ამის თქმა პრეზიდენტისგან ცოტა გადაჭარბებულად მიმაჩნია,“ - აღნიშნა დავით იაკობიძემ.

ექსპერტი ეკონიმიკის საკითხებში იოსებ არჩვაძე აცხადებს, რომ, თუ ვალების დათვლა აბსოლუტურად მოხდება, რა თქმა უნდა, დადასტურდება, რომ ვალები გაზრდილია, ხოლო, თუ დავთვლით მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით, მაშინ ვალი შემცირებულია. უფრო მეტიც, სხვა ქვეყნებთან შედარებით, როგორიცაა, განსაკუთრებით, სამხრეთ ევროპული ქვეყნები - იტალია, საბერძნეთი და სხვა, ჩვენთან  საგარეო ვალის თანაფარდობა მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით გაცილებით დაბალია.

ექსპერტის თქმით, მსოფლიოში თითქმის არ მოიძებნება განვითარებული სახელმწიფო, რომელიც ვალებს არ იღებდეს. მთავარია, რამდენად ეფექტურად ხდება ამ ვალების გამოყენება. მეტიც, ექსპერტი ვარაუდობს, რომ რაც უფრო გაიზრდება ჩვენი ეკონომიკის მასშტაბები, ვალების სიდიდეც შეიძლება გაიზარდოს და ამან არ უნდა შეგვაშინოს. თუმცა მეორე საკითხია ამ ვალების გამოყენება და ყაირათიანად მათი დატვირთვა. თანაც, საინტერესოა, ეს ვალები კომერციული დატვირთვის არის თუ სამომხმარებლო დატვირთვის.

„ამ ვალების გადახდის უნარიანები ვართ, თუმცა არის ერთი კრიტერიუმი, რომლითაც ამ ვალებს ანგარიშობენ, ეს არის ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვების თანაფარდობა იმპორტის თვეთა რაოდენობაზე, ანუ რამდენი თვის იმპორტის ეკვივალენტურია ჩვენი სავალუტო რეზერვები. სამ თვეზე ნაკლები თუ არის, ე.ი. რისკის ფაქტორი მუშაობს, ჩვენ კი დაახლოებით ოთხ თვენახევრის ეკვივალენტის რეზერვები გვაქვს. ამიტომ, ამ მიმართულებითაც ქვეყანას სჭირდება არა იმდენად ვალების შემცირება, რამდენადაც პოლიტიკური სტაბილურობა და ბიზნესისთვის იმის განცდა, რომ სახელმწიფოსთან მისი ურთიერთობა წმინდად საქმიანი იქნება, რომ საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული გადასახადების გარდა მისდამი სხვა დამატებითი ვალდებულებები არ იქნება წაყენებული“, - აცხადებს იოსებ არჩვაძე For.ge-სთან საუბარში.

ამასთან, იგი საქართველოში ვალის აღების პრაქტიკასაც ეხმაურება. მისი თქმით, როგორც წესი, საქართველოში ერთ ვალს ვისტუმრებთ და ამის შემდეგ ხდება სხვა ვალის აღება. ამიტომ, ექსპერტის აზრით, ამ ვალებს ფილოსოფიური სიმშვიდით უნდა შევხედოთ და აქცენტი გადავიტანოთ იმაზე, ვალები, რაც შეიძლება, ყაირათიანად იქნეს გამოყენებული. კონკრეტულად კი, პირობითად, რისი გაკეთებაც შეიძლება ათასი დოლარით, ჩვენ მასზე ორი-სამი ათასი დოლარით მეტი არ უნდა დავხარჯოთ. ამდენად, ექსპერტი მიიჩნევს, რომ ბოლო წლებში ამ ხარჯების უფრო ექფექტურად გამოყენება შეიძლებოდა.    

„არის ორმხრივი და მრავალმხრივი ვალები. ჩვენი ძირითადი კრედიტორები არიან სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი, გერმანია და რიგი სხვა ქვეყნები. როდესაც ერთი კონკრეტული სახელმწიფო მეორეს აძლევს ვალს, ეს ორმხრივი ვალდებულებაა. განსაკუთრებით, აგვისტოს ომის შემდეგ საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაცია დაგვეხმარა და სხვადასხვა სახელმწიფოებმა გაიღეს დახმარება“.

რაც შეეხება პრეზიდენტის სიტყვებს, თითქოს საქართველოს ბიუჯეტი სავსეა ისე, როგორც არასდროს, იოსებ არჩვაძე აცხადებს, რომ ეს არის წმინდა ბელეტრისტიკული გამოთქმა, რადგან საქართველოს ბიუჯეტის აბსოლუტური ზრდა რომ მოვახდინოთ, მაშინ იგი რეალურ ფასებში უნდა გავიანგარიშოთ.

„თუ 2003 წელთან შედარებით, 8 და 9-ჯერ გაიზარდა ბიუჯეტის შემოსავლები, მაშინ უნდა ვნახოთ, როგორია ფასების სისტემა. ეს სახსრები კი არ არის საკმარისი, რომ ყველაფერს გაწვდეს. მოსახლეობის ერთ სულზე გაანგარიშებით ჩვენი საბიუჯეტო ხარჯები, დაახლოებით, 1000 დოლარზე ოდნავ მეტია, რაც ძალიან პატარა ციფრია“.

ამის დასტურად ექსპერტს აშშ-ის მაგალითი მოჰყავს, სადაც ერთ სულზე გაანგარიშებით, საბიუჯეტო ხარჯები თითქმის 20 ათასი დოლარია, ისრაელში კი - 11 ათას დოლარზე მეტია. ამდენად, საქართველოს მოქალაქეთა მოთხოვნილებები, ჩვენი სურვილები, განვითარების, განათლების დონე, ინტელექტი შესაბამის რესურსს მოითხოვს და, როცა ისრაელთან შედარებით 11-ჯერ ნაკლები სახსრები გვაქვს, ე.ი. 11-ჯერ ნაკლები საშუალება გვაქვს ამ მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.

„სააკაშვილის ეს ნათქვამი პოლიტიკური განაცხადი უფროა და ფინანსთა მინისტრი ბიუჯეტის ზრდას უფრო სხვაგვარად იტყოდა. რაც შეეხება საგარეო ვალს, მისი რაოდენობა ბოლო წლებში აბსოლუტურად გაიზარდა. საგარეო ვალზე მოდის ჩვენი სახელმწიფო ვალის დაახლოებით 4/5, ანუ 80-%-ზე მეტი. მაგრამ, თუ ავიღებთ თანაფარდობას მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით და შევუდარებთ იაპონიას, იქ სახელმწიფო ვალი 200 %-ზე მეტია, აშშ-სთან 100%-ს გადასცდა სახელმწიფო ვალი, საბერძნეთსაც 130 %-იანი საგარეო ვალი აქვს მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით. ჩვენთან კი ეს ციფრი შედარებით დაბალია, რადგან ჩვენთან სამეწარმეო აქტიურობაც დაბალია. როგორც კი განვითარდება ეკონომიკა, მას მეტი რესურსები დასჭირდება,“ - აცხადებს იოსებ არჩვაძე.