იმ დროს, როდესაც ქვეყანაში დაძაბული საპარლამენტო არჩევნები ახლოვდებოდა, ქვეყნის პატრიარქმა საკუთარი სპეციფიკური წინასაარჩევნო რიტუალი ჩაატარა: ხატებითა და წმინდა რელიკვიებით აღჭურვილი თვითმფრინავი მთელი ქვეყნის მასშტაბით დაფრინავდა, მღვდლები კი ქვეყნის მომავლისთვის ლოცულობდნენ, რაც ანტიკური პრაქტიკის ერთგვარი განახლებული ვერსია გახლდათ, რომელსაც მტრის შემოსევის ან სხვა კატასტროფების წინ მიმართავდნენ.
ეს დაუფარავი ჟესტი იყო ქართული ეკლესიის მხრიდან, რომელიც, მართალია კულისებიდან, მაგრამ მაინც სერიოზულ გავლენას ახდენს პოლიტიკურ ცხოვრებაზე. არჩევნებმა დაასრულა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის და მისი გუნდის რვაწლიანი დომინირება, ისევე როგორც მათი ზოგჯერ აგრესიული მცდელობა დასავლური გზების დამკვიდრებისა ამ კონსერვატიულ საზოგადოებაში. ამ მცდელობის გამო მიხეილ სააკაშვილის მთავრობას ეკლესიასთან პერიოდული კონფლიქტები ჰქონდა, რომელიც გამწვავდა ამ მეტად კონკურენტული არჩევნების მოახლოებასთან ერთად.
„ისინი იმედოვნებდნენ, რომ კრიტიკულ მომენტში პატრიარქი მათ მხარს დაუჭერდა, რაც აშკარად მცდარი შეხედულება იყო“, ამბობს რელიგიის მკვლევარი ლევან აბაშიძე. მისი თქმით, მართალია, ეკლესია მუდმივად აცხადებდა საკუთარი ნეიტრალიტეტის შესახებ ამ რბოლაში, თუმცა ამომრჩევლებს მიანიშნებდა, რომ მთავრობას მხარს არ უჭერდა. „ეს იყო ძალიან აქტიური და ანტისამთავრობო ნეიტრალიტეტი“, დასძენს იგი.
გასულ კვირაში, თბილისმა გადაწყობა დაიწყო ახალი მთავრობისთვის გზის გათავისუფლების მიზნით. მილიარდერ ბიძინა ივანიშვილისა და ოპოზიციურ კოალიცია „ქართული ოცნებაში“ შემავალი ჯგუფების მიერ დაკომპლექტებული კაბინეტი ამ თვის ბოლოს ჩამოყალიბდება. პატრიარქ ილია მეორის მთავარი მრჩეველი აშკარად კმაყოფილი იყო პოლიტიკური ცვლილებით, განაცხადა რა ინტერვიუში, რომ მას წლებია, რაც ქუჩაში ასეთი ბედნიერი სახეები არ უნახავს. მიტროპოლიტი გერასიმე, რომელიც ეკლესიის უცხოეთთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელია, ოპტიმისტურად არის განწყობილი რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესების პერსპექტივით – ამოცანა, რომლის მიღწევასაც პატრიარქი დიდი ხნის განმავლობაში მხარს უჭერდა და რაც ბ-ნი ივანიშვილის კამპანიის ცენტრალურ საკითხს წარმოადგენდა.
მან განაცხადა, რომ ხატებისა და წმინდა რელიკვიების ფრენამ თავისი ეფექტი იქონია, რადგან „ღმერთმა ისმინა ხალხის ლოცვა და ყველაფერმა მშვიდობიანად ჩაიარა“. „ბევრი ადამიანი ამბობს, რომ ეს ყველაფერი ასე იმიტომ მოხდა, რომ ღმერთის კურთხევა არსებობდა“, ამბობს იგი. „ღმერთი არსებობს“.
79 წლის პატრიარქი ქვეყნის ყველაზე პოპულარული საჯარო ფიგურაა და არასდროს მერყეობს ეროვნულ პრობლემებში მონაწილეობაზე. 2008 წელს, მან განაცხადა, რომ ყველა იმ ბავშვის ნათლია იქნებოდა, რომელიც დაიბადებოდა ორ ან მეტ შვილიან ოჯახში. მისი თანაშემწე ამბობს, რომ ამ პოლიტიკის შედეგად 12 000 ბავშვი დაიბადა. ის ახალშობილების მასობრივ ნათლობას აწყობს, ზოგჯერ 400-500 ბავშვის მონაწილეობით.
მისი პარტნიორობა სააკაშვილთან პრაგმატულ ხასიათს ატარებდა. მთავრობა ეკლესიას გულუხვად აფინანსებს, და პატრიარქმა რამდენჯერმე დაუჭირა მხარი პრეზიდენტს, როდესაც ანტისამთავრობო საპროტესტო აქციები ქაოსისკენ იხრებოდა.
თუმცა, დროდადრო მათი პროგრამები თითქოს ერთმანეთს ეწინააღმდეგებოდა: პატრიაქმა გააფრთხილა ქართველები, რომ შვილების უცხოეთში სასწავლებლად გაგზავნით ისინი მათ მორალურად ანგრევდნენ, მაშინ როცა სააკაშვილმა სახელმწიფოს თანხები გამოიყენა იმისთვის, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით სოფლის სკოლებში უცხოელები ჩაეყვანა. ამ ნაბიჯის მიზანი ნაწილობრივ მათი საბჭოთა ჩვევებისგან გათავისუფლება იყო.
ეკლესიის მკაცრი კურსის მხარდამჭერები სააკაშვილს ვერ იტანდნენ, ის მათთვის გაურკვეველ დასავლურ ღირებულებებთან და სექსუალურ თავისუფლებასთან ასოცირდებოდა. როდესაც მთავრობა ახალი ელექტრონული საიდენტიფიკაციო ბარათების შემოღების ინიციატივით გამოვიდა, მართლმადიდებლური ჯგუფები ამტკიცებდნენ , რომ ბარათზე ინგლისურად დაწერილი ID თითქოს იშიფრებოდა როგორც „I, Devil“ („მე ვარ ეშმაკი“). ამან ეკლესიის წმინდა სინოდი აიძულა განცხადება გაევრცელებინა, სადაც ნათქვამია, რომ ბარათი „თეოლოგიური და ეკლესიური სწავლების თანახმად, ანტიქრისტეს ბეჭედს არ წარმოადგენს“.
ყველაზე სერიოზული უთანხმოება გაჩნდა მაშინ, როდესაც სააკაშვილის მთავრობამ ის საკანონმდებლო ცვლილებები მიიღო, რომელიც სხვა რელიგიებს ეკლესიასთან გათანაბრებულ ლეგალურ სტატუსს ანიჭებდა. პატრიარქმა ქადაგების დროს განაცხადა, რომ „ის, ვინც ოდესმე შეურაცხყო ეკლესია, დასჯილია და მომავალშიც აუცილებლად დაისჯება“.
არჩევნების მოახლოებასთან ერთად, მხარდაჭერის ნებისმიერმა გამოვლენამ განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა. ბ-ნ ივანიშვილს ეკლესიასთან საკუთარი ღრმა კავშირები აქვს, ხოლო ზოგიერთი ადგილობრივი მღვდელი და ეპისკოპოსი მთავრობის წინააღმდეგ აქტიურ კამპანიას ატარებდა. ივლისში, პატრიარქმა წმინდა სინოდის რიგგარეშე სხდომა მოიწვია და მღვდელმსახურები მკაცრად გააფრთხილა რომელიმე მხარის მხარდაჭერის წინააღმდეგ.
დეპუტატი ეკა ბესელია, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში გასულ კვირას ივანიშვილის კოალიცია „ქართული ოცნების“ სიით მოხვდა, ამბობს, რომ ამ გზავნილმა ამომრჩევლები გაამხნევა, რომლებმაც, მისი თქმით, „გაიგეს, რომ არჩევანი თავად უნდა გაეკეთებინათ“.
ინტერვიუში მიტროპოლიტმა გერასიმემ განაცხადა, რომ ეკლესია ვერ ჩაერევა ახალი მთავრობის მუშაობაში, მაგრამ რჩევას მისცემს, რადგან „ის, რაც სახელმწიფოში ხდება, შეიძლება იყოს ეკლესიისთვის სიხარულის ან მწუხარების წყარო“. მან თქვა, რომ პატრიარქი ეკლესიის სინოდის და ივანიშვილის კაბინეტის შეხვედრის ინიციატივით გამოვიდა, რათა მათ განიხილონ ის თუ „რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ ჩვენი მხრიდან – ეკლესიის მხრიდან – და რა უნდა გააკეთონ მათ, როგორც სახელმწიფო ჩინოვნიკებმა“.
მართალია, ის ფრთხილი იყო და ცდილობდა მიმავალი ჩინოვნიკები პირდაპირ არ გაეკრიტიკებინა, მაგრამ განაცხადა, რომ სჯერა, ივანიშვილის მთავრობა შექმნის სამუშაო ადგილებს და დააბრუნებს იმ ქართველებს, რომლებმაც სამუშაოს შოვნის მიზნით ქვეყანა დატოვეს.
„არასდროს საქართველოს ისტორიაში ამდენი ადამიანი უცხოეთში არ ყოფილა“, ამბობს ის და აღნიშნავს, რომ პატრიარქის ქადაგებებში საუბარია ხოლმე ისეთ სფეროებზე, როგორებიცაა სოფლის მეურნეობა, დემოგრაფია და ეკონომიკა. „ეკლესია ხედავდა, რომ რაღაც არ იყო სწორად – კრედიტების საპროცენტო განაკვეთები ამხელა არ უნდა იყოს, ბიზნესთან ასეთი დამოკიდებულება არ უნდა არსებობდეს, არ უნდა იყოს ასეთი მიდგომა სხვა სფეროების მიმართ“, თქვა მან.
მისი თქმით, ეკლესია მხარს უჭერდა იმ „ათასობით“ პატიმრის ამნისტიას, რომლებიც სააკაშვილის დროს დააპატიმრეს, რომ მისმა „ნულოვანი ტოლერანტობის“ პოლიტიკამ ოთხჯერ გაზარდა ქვეყანაში პატიმრების რიცხვი, და რომ ეს ნაბიჯი ხელს შეუწყობდა იმას, რომ მხარეები შურისძიებისგან თავს შეიკავებდნენ.
„ყველა ეს საკითხი სასამართლოში უნდა გადაწყდეს“, თქვა მან. „თუკი ადამიანს ბრალი ედება სახელმწიფოს ღალატში ან თანხის დიდი ოდენობით მითვისებაში, ან მკვლელობაში, ეს სასამართლოს განაჩენით უნდა გადაწყდეს და არა ინდივიდუალურად“.
მიტროპოლიტი გერასიმე დიდ ოპტიმიზმს გამოხატავს ივანიშვილის გეგმაზე რუსეთთან დაკავშირებით და ამბობს, რომ იმედი აქვს, რომ ამ ქვეყანასთან ურთიერთობის აღდგენის შედეგად საქართველო დაიბრუნებს კონტროლს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ რეგიონებზე, რომელსაც ახლა რუსეთის არმია აკონტროლებს. თუმცა, ის მტკიცედ ემხრობა საქართველოს ნატოში გაწევრიანების გეგმას, რაც მთავარი გამაღიზიანებელი ფაქტორია რუსეთისთვის.
„ეს ქართველი ხალხის გადაწყვეტილება იყო და არა სააკაშვილის ან მისი გუნდის“, თქვა მან. „ვერავინ მოახდენს გავლენას ქართველი ხალხის ნებასა და სურვილზე. მთელმა ქვეყანამ რომ მოინდომოს, ის ვერ მოახდენს გავლენას, თუკი ქართველ ხალხს ნატოში ყოფნა სურს“.
foreignpress.ge