რუსეთში მოღვაწე ქართველი რეჟისორის, რეზო გიგინეიშვილის ახალი ფილმი "სიყვარული აქცენტით" უკვე კინოგაქირავებაშია.
რამდენიმე დღის წინ ფილმის პრემიერა გაიმართა. მოსკოვის საერთაშორისო კინოფესტივალის შემდეგ მაყურებელმა ქართულ-რუსული კინოკომედია პირველად იხილა, რაც მორიგი ელიტური წვეულების მიზეზად იქცა.
ეს ღირშესანიშნავი მოვლენა მიხალკოვ-გიგინეიშვილის წყვილმა ცნობილი ტელეწამყვანის, ქსენია სობჩაკის რესტორანში აღნიშნა. საზეიმო ვახშამს რუსული კინოელიტის წარმომადგენლები არ აკლდნენ, თუმცა თავად ნიკიტა მიხალკოვი არც პრემიერას და არც წვეულებას არ დასწრებია. ფილმის დასრულებისთანავე დატოვა კინოთეატრი ახალგაზრდა რეჟისორის სიდედრმა, ტატიანა მიხალკოვამაც. უფროსი მიხალკოვების ეს უხერხული ჟესტი რუსულ ყვითელ პრესას არ გამოჰპარვია. ჟურნალისტების შეფასებით, სიძე-სიმამრს შორის უთანხმოებაა.
ამ უსიამოვნო დეტალს ტუმრების განწყობაზე არ უმოქმედია. ზეიმმა ხუმრობისა და საყოველთაო მხიარულების ფონზე ჩაიარა. მოგვიანებით ყველამ რესტორან "პუშკინში" გადაინაცვლა, სადაც წვეულება გათენებამდე გაგრძელდა.
საპატიო სტუმრებს შორის იყო ალა პუგაჩოვაც, რომელიც ბოლო დროს ელიტურ საღამოებს იშვიათად სწყალობს. ალა ბორისოვნამ პრესასთან სიყვარულზეც ისაუბრა.
"სიყვარული მარადიულია. ნამდვილ გრძნობას ვერაფერს შეადარებ. მაშინვე იგრძნობთ, რომ ნამდვილი სიყვარული ისეთი რამაა, რაც კოსმოსთან გაახლოვებს", - განაცხადა მომღერალმა.
პრემიერა კინოთეატრ "ოქტომბერში" 11 ოქტომბერს გაიმართა. კინოსურათში ქართველი და რუსი მსახიობები მონაწილეობენ.