ერთის მხრივ, ტესტირებაა „ქართული ოცნებისთვის“ და მეორეს მხრივ 2020 წლის არჩევნების რეპეტიციაა“, - ასე აფასებს „რეზონანსთან“ საუბრისას პოლიტოლოგი მამუკა არეშიძე ხვალინდელ არჩევნებს. მისივე თქმით არჩევნები ექსცესების გარეშე ვერ ჩაივლის.
„უკვე არ მიდის მშვიდობიანად, უკვე არის დაპირისპირება და მუდმივი დაძაბულობა და თვითონ არჩევნების დღე ეჭვი მეპარება, რომ მშვიდობით დამთავრდეს. მგონია, რომ რაიმე ექსცესები შეიძლება მოხდეს“, - აცხადებს არეშიძე.
ექსპერტის აზრით, მოსალონელია მეორე ტურიც და ამის ყველაზე დიდი შანსი ზუგდიდშია.
„მეორე ტურიც უფრო ზუგდიდშია მოსალოდნელი. შეიძლება მოხდეს ისე, რომ სხვაგანაც დაინიშნოს, იმიტომ, რომ ბევრი არჩევნები ტარდება, მაგრამ, მე ვფიქრობ, რომ ყველაზე დიდი ალბათობით ეს ზუგდიდშია მოსალოდნელი“,- აღნიშნა მამუკა არეშიძემ.
მისივე აზრით, „ქართული ოცნებისთვის“ მთაწმინდისა და ზუგდიდის წაგება სერიოზული გამოწვევა იქნება და ეს არჩევნები გარკვეული ტესტია ხელისუფლებისთვის.
„თუ წააგო „ქართულმა ოცნებამ“ რომელიმე ოლქში, ეს კატასტროფა არაა, მაგრამ თუ წააგო მთაწმინდა ან ზუგდიდი, ეს უკვე იქნება ძალიან სერიოზული გამოწვევა და დემონსტრირება იმისა, რომ წლების განმავლობაში დაშვებულმა შეცდომებმა ამ შედეგამდე მიიყვანა
„ეს არის გარკვეული ტესტირება, განსაკუთრებით ზუგდიდში მიმდინარე არჩევნები. ერთის მხრივ ტესტირებაა „ქართული ოცნებისთვის“ და მეორეს მხრივ რეპეტიციაა 2020 წლის არჩევნების. მთაწმინდაზე ასეთი ვითარება არაა, თუმცა მთაწმინდის არჩევნები თავისი მნიშვნელობით ზუგდიდზე არანაკლებია“, - განაცხადა მამუკა არეშიძემ.