აფხაზეთში მოქმედი უფლებადამცველი ორგანიზაცია „რუსკი გოლოსი" („რუსული ხმა") რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს დახმარების თხოვნით მიმართავს და აცხადებს, რომ აფხაზეთში ეთნიკური რუსების მიზანმიმართული დევნა ხორციელდება. ამის შესახებ, სინფორმაციო სააგენტი „ნაკანუნე.რუ" იუწყება.
პუტინისადმი „რუსკი გოლოსის" მიმართვაში ნათქვამია, რომ აფხაზეთში რუსი მოსახლეობის ჩაგვრას ყურადღებას არავინ აქცევს, პირიქით, რუსეთის მოსახლეობის დევნა ე.წ. რესპუბლიკური ხელმძღვანელობის ფაქტობრივი ხელშეწყობით და რუსეთის ხელისუფლების მდუმარე თანხმობით ხდება.
წერილში აღნიშნულია, რომ დაძაბული ურთიერთობა რუსებსა და აფხაზებს შორის ახალი არაა და ათწლეულებს ითვლის. კერძოდ, „რუსკი გოლოსის" თავმჯდომარე მიხაილ პანოვი, რომელმაც პუტინისთვის განკუთვნილ წერილს მოაწერა ხელი, აღნიშნა, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ აფხაზეთში რუსების მიმართ მტრულად განწყობილი საზოგადოება ჩამოყალიბდა.
წერილის ავტორები პუტინისგან რუსეთის ფედერაციის მხრიდან აფხაზი მოსახლეობისთვის ნებისმიერი ფინანსური დახმარების შეჩერებას ითხოვენ. გარდა ამისა, მათი მოთხოვნაა, რუსეთმა უზრუნველყოს იმ რუსების ფინანსური და სხვა სახის დახმარება, ვისაც აფხაზეთის დატოვება სურს.
თავიანთი პოზიციის განმარტებისთვის, პუტინისთვის მიმართული წერილის ავტორებმა გაიხსენეს აფხაზეთში ბოლო პერიოდში მომხდარი ორი მკვლელობა.
2019 წლის 14 იანვარს ღამით მოკლეს რუსი ავტომექანიკოსი მიხაილ მასლოვი, რომელიც ოჩამჩირეში 5 წლის განმავლობაში ცხოვრობდა და რუსეთიდან იყო ჩამოსული.
მეორე დღეს, 15 იანვარს, მანქანა აუფეთქეს კიდევ ერთ რუსს მიხაილ ევალენკოს, რომელიც აფხაზეთში 15 წლის წინ ჰქონდა სახლი ნაყიდი და იქ ცხოვრობდა. არსებული ინფორმაციით, ევალენკოს მოსკოვში ჰქონდა სამშენებლო ბიზნესი და ასევე კომპანია „ნოვოპლასტის" დამფუძნებელი იყო, რომელიც შესაფუთ პლასტიკურ ნაკეთობებს ამზადებდა.
აღსანიშნავია, რომ საზოგადოებრივი ორგანიზაცია „რუსკი გოლოსის" ლიდერმა, მიხაილ პანოვმა 2010 წელს აფხაზეთში პლასტმასის პროდუქციის წარმოებისთვის განკუთვნილი ქარხნის მშენებლობაში ინვესტიცია განახორციელა. მაგრამ შემდეგ მას ქარხანა წაართვეს და თავად ბიზნესმენი აფხაზეთიდან გააძევეს.
ცნობისათვის, ორგანიზაციამ შექმნა „პანოვის სია", რომელშიც შედიან აფხაზი მაღალჩინოსნები, რომლებიც დაკავშირებულნი არიან, ან პირდაპირ მონაწილეობდნენ რუსების დევნა-შევიწროებასა და მსგავსი დანაშაულის დაფარვაში.