სახიფათო სცენარი – ოკუპირებულ აფხაზეთში ახალაია და უდესიანი გამოჩნდნენ

სახიფათო სცენარი – ოკუპირებულ აფხაზეთში ახალაია და უდესიანი გამოჩნდნენ

„გეგა შენგელიას 12%–იანი უპირატესობა აქვს. სწორედ ამ სხვაობის გამო, ოპოზიცია საარჩევნო პროცესის დისკრედიტაციას ცდილობს“ – ასეთია მმართველი გუნდის არგუმენტები ზუგდიდში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ირაკლი ჩიქოვანი ამბობს, რომ ყველა კვლევით, „ქართული ოცნების“ კანდიდატი ზუგდიდში იმარჯვებს.

ზუსტად ანალოგოური ინფორმაცია აქვთ „ნაციონალურ მოძრაობას“ და „რუსთავი 2“–ს. ზუგდიდში ისეთი ვითარება გვაქვს სააკაშვილმა მეგრულადაც რომ დაიწყოს საუბარი, მაინც არაფერი არ უშველის. ამის დასტურია ისიც, რომ „რუსთავი 2“–მა არჩევნებამდე ორი დღით ადრე გამოაქვეყნა კვლევა, სადაც საუბარია 2020 წლის არჩევნების განწყობებზე და ერთი სიტყვაც არ აქვთ ნათქვამი ზუგდიდში არჩევნებთან დაკავშირებით. სწორედ ამიტომ „ნაციონალური მოძრაობა“ ემზადება არა არჩევნებისთვის, არამედ საარჩევნო პროცესის დესტრუქციისთვის. ამის ნათელი მაგალითია ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები საოლქო კომისიაში“, –განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

შუალედურ არჩევნებამდე ორი დღე დარჩა. როგორც ჩანს, მთავარ სამიზნედ ამ არჩევნებში შერჩეულია ზუგდიდი, სადაც მობილიზებულია როგორც ხელისუფლება, ასევე ოპოზიცია. ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ზუგდიდში მაღალი აქტივობის შემთხვევაში გეგა შენგელია იმარჯვებს. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძეს განცხადებით, ზუსტად ანალოგიური მონაცემები აქვს „ნაციონალურ მოძრაობასაც“ და სწორედ ამიტომ, მათ კამპანიაში ბოლო დღეებში დაძაბულობამ იმატა.

„ეს არ არის ყველაფერი – „ნაციონალურ მოძრაობას“ ზუგდიდში ბევრი აქტივისტი ჰყავს მობილიზებული. ჩვენი ინფორმაციით, ისინი გეგმავენ კიდევ უფრო მეტი ადამიანის ჩამოყვანას, რომელთა რეალური ფუნქცია ამ არჩევნებში „ზონდერობა“ იქნება. ზოგიერთი დამკვირვებლის სტატუსით, ზოგი ახლად შექმნილი მედიასაშუალების სტატუსით იქნება და ამ ადამიანების გამოყენებით „ნაციონალური მოძრაობა“ ეცდება, შექმნას დაძაბულობა. ამას ადასტურებს მათი არაერთი ლიდერის განცხადება, რომ არჩევნების გზით შეუძლებელია სიმართლის მიღწევა და ისინი პირდაპირ მოუწოდებენ არეულობისა და დესტაბილიზაცისკენ“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ რეალურად არანაირი კვლევები არ არსებობს. როგორც გიორგი ვაშაძე აცხადებს, სიმართლე მხოლოდ ერთია და ეს სანდრა რულოვსის გამარჯვებაა.

„ქართული ოცნების“ მიერ გაკეთებული განცხადება შეგვიძლია მარტივად შევაფასოთ – ეს არის ტყუილი, ტყუილი და კიდევ ერთხელ ტყუილი! ეს ადამიანები ისევე იტყუებიან. ეს ისეთივე ტყუილია, როგორც მაგალითად, საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში 53% რომ აცხადებდნენ სალომე ზურაბიშვილის გამარჯვებას და ვნახეთ, რომ მან მხოლოდ 38% აიღო, დიდი გაყალბების და მოსყიდვების შედეგად. სიმართლე არის ერთი, რომ დამაჯერებლად იგებს სანდრა რულოვსი და როგორც ჩანს, აგონიაში მყოფ ხელისუფლებას ამის მეტი არაფერი დარჩენია“, – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

ზუგდიდში ოპოზიციის მხარდამჭერების უპრეცედენტო რაოდენობა არის მობილიზებული. „ნაციონალურ მოძრაობაში“ ადასტურებენ, რომ ოპოზიციური პარტიის 1400, არასამთავრობო ორგანიზაციის ორი ათასამდე წარმომადგენელი და ათასამდე მოხალისე იმყოფება. როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, ნახეს რა მეთოდებით მოქმედებს „ქართული ოცნება“, შესაბამისად მოემზადნენ და არ დაუშვებენ არჩევნების გაყალბებას და ყველა მეთოდით დაიცავენ ამომრჩევლის ყოველ ხმას.

„ვამბობთ, რომ გვყავს 216 კომისიის წევრი, რომელიც არ იქნება ე.წ. ხელისუფლების კონტროლქვეშ. ჩამოდის ორი ათასამდე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი, რომელიც მშვენივრად ხვდება, რომ მათაც ეხება გაყალბება, გაყალბების მცდელობები და მათი სამოქალაქო უფლებებიც ირღვევა და მათი კონსტიტუციური უფლებები იზღუდება. ჩამოგვყავს ათასამდე მოხალისე.

ყველა იმოქმედებს კონსტიტუციისა და საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში და რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, აქვთ მიღებული უმკაცრესი ინსტრუქცია ყველა პარტიის ხელმძღვანელებისგან, არავითარ შემთხვევაში არ აყვნენ პროვოკაციებს, არავითარ შემთხვევაში არ უპასუხონ ძალადობას ძალადობით“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

ოპოზიციის მიერ აქტივისტების მობილიზაციას აკვირდება ძალოვანი უწყება. ქვეყნის პრემიერ–მინისტრის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, თავისი აგრესიით დაძაბულობა შეიტანოს საზოგადოებაში, თუმცა ეს არ გამოუვა.

„არამხოლოდ ზუგდიდში, არამედ ყველგან, სადაც ტარდება არჩევნები, ის ჩატარდება უმაღლესი სტანდარტით, მშვიდობიან და თავისუფალ გარემოში. სამწუხაროდ, „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც მას ჩვევია, ცდილობს, თავისი აგრესიით, თავისი რიტორიკით, შეიტანოს ეს დაძაბულობა საზოგადოებაში და ბუნებრივია, მათ ეს არ გამოუვათ“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

როგორც ჩანს, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს მხარდამჭერები გამოუჩდა ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე. არსებული იფორმაციით, რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან დათა ახალაია და გია უდესიანი. ექსპერტი სამხედრო საკითხებში ლევან ნიკოლეიშვილი ხელისუფლებას სასწრაფო რეაგირებისკენ მოუწოდებს, რადგან მისი თქმით, ყოფილი მაღალჩინოსნები ზუგდიდში, არჩევნებისთვის დესტრუქციული ჯგუფების შემოყვანას გეგმავენ.

„აფხაზ ინფომ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე იმყოფებიან ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნები, ადამიანები, რომლებიც ძებნილები არიან – გია უდესიანი და დათა ახალაია. მათი მცდელობაა, გარკვეული გავლენა მოახდინონ ზუგდიდში მიმდინარე არჩევნებზე. ერთია, რომ გადმოიყვანონ გარკვეული ადამიანთა ჯგუფები და მათ მიაცემინონ ხმა მათი კანდიდატის სასარგებლოდ და მეორე – მოახდინონ პროვოკაცია“, – აღნიშნა ლევან ნიკოლეიშვილმა.

მისივე განცხადებით, ყველაფერი კეთდება დესტრუქციული ძალების გასაძლიერებლად და პროვოკაციების მოსაწყობად. აქედან გამომდინარე, ლევან ნიკოლეიშვილი არჩევნებისთვის საშიში სცენარის განვითარებას არ გამორიცხავს.

„ეს ადამიანები, ვინც აფხაზეთს მხრიდან აღნიშნულ ინფორმაციას ავრცელებენ, თავადაც არ არიან ამ ფაქტით კმაყოფილები. ისინი არ გამორიცხავენ, ქართველებსა და აფხაზებს შორის არსებული დადებითი ურთიერთკავშირები გართულდეს. ყველაფერი იგეგმება, რათა გარკვეული დესტრუქციული ძალები გაძლიერდეს და სერიოზული პროვოკაციები მოაწყონ ზუგდიდში. შესაძლოა, სახელმწიფოსათვის საშიში სცენარები ვიხილოთ.

ეს არ არის ის, რაზეც შეიძლება თვალები დავხუჭოთ. აქ საუბარია, რომ არ მოხდეს არეულობა, დესტაბილიზაცია და გარე ძალების ჩარევა. ყველაზე მთავარი, რაც ჩვენ შეიძლება ამოვიკითხოთ ამ სცენარიდან, ეს არის რუსეთი. რუსეთს იმიტომ ვამბობ, რომ ის არის ოკუპანტი ქვეყანა და ეს ქვეყანაა ის, რომელსაც ყველაზე მეტად აწყობს არეულობა ჩვენს სამშობლოში“, – განაცხადა ლევან ნიკოლეიშვილმა.

thrgg@yahoo.com აფხაზეთში როგორ ჩავიდნენ, ესე იგი რუსებს შეუთანხმდნენ? აკი არა ვართ რუსეთის აგენტებიო:(:((((
4 წლის უკან