რა ურჩია რევაზ მიშველაძემ მიხეილ სააკაშვილს თავის დროზე და რას ურჩევს ახლა ბიძინა ივანიშვილს

რა ურჩია რევაზ მიშველაძემ მიხეილ სააკაშვილს თავის დროზე და რას ურჩევს ახლა ბიძინა ივანიშვილს

"...ეცადე, სიარულის მანერა უფრო დახვეწო. ნუ ჩქარობ და ხელებს უაზროდ ნუ მიიქნევ. ღიმილსაც მეტი ფასი დაადე ხოლმე. ნურც იპირქუშებ და წარამარა უაზროდაც ნუ იღიმები... რა დაგიშავა ასეთი შენმა ქვეყანამ, მიხეილ, რომ ხვალინდელი დღის პერსპექტივას უმოწყალოდ უსპობ? გადახედე, რა ხდება ქვეყანაში. შენი სახელით საჯაროდ შეურაცხყოფენ, სამსახურებიდან სდევნიან, დასცინიან მრავალჭირგამოვლილ, დამსახურებულ ადამიანებს. ანგარიშს უსწორებენ იმათ, ვის ბეჭებზეც თქვენი თაობა ამოიზარდა... რა შენი გასათავისუფლებელია სამსახურიდან ბრწყინვალე ქართველი რეჟისორი, "დათა თუთაშხიას" ავტორი გიგა ლორთქიფანიძე?! და... რომელი ერთი ჩამოვთვალო... იცი, რა ამბობს ხალხი? ეს ყოველივე ახალგაზრდა პათოლოგიური, გონჯი ახალგაზრდების შეტევაა საქართველოს წინააღმდეგო..." - ასე მიმართავდა რევაზ მიშველაძე თავის წიგნში "20 რჩევა პრეზიდენტს" სამი თვის არჩეულ მიხეილ სააკაშვილს. დღეს წუხს, რომ არც ერთი მისი რჩევა პრეზიდენტმა არ გაითვალისწინა. მეტიც, ერთ-ერთ გამოსვლაში ჭკუის სწავლებისთვის რიგიანად გალანძღა კიდეც.

ცოტა ხნის წინ მწერლის რჩეული თხზულებანის 25-ტომეულის გამოცემა დაიწყო. 5 ტომი უკვე გამოსულია, მალე ცალკე წიგნად გამოვა "ოცი მრისხანე წელი", რომელიც ჩვენს ჟურნალში იბეჭდებოდა. რუსთაველის პრემიის ლაურეატ მწერალთან საუბარი აქტუალური თემით დავიწყეთ.

- შვიდი ხელმწიფის წასვლას მოვესწარი: მჟავანაძის, შევარდნაძის, პატიაშვილის, გუმბარიძის, ზვიად გამსახურდიასი, ისევ შევარდნაძის და მიხეილ სააკაშვილის.

- ეს უკანასკნელი ჯერ არ წასულა, ბატონო რეზო...
- ჰო, მაგრამ წასულია ფაქტობრივად. იმის თქმა მინდა, რომ ყოველთვის გულის დაწყვეტის, ნოსტალგიის მსგავსი ახლდა "პირველი კაცების" წასვლას, რადგან თითოეულ მათგანთან პირადი ურთიერთობა მქონდა ჩემი ამ განზოგადებული, უბედური პროფესიის, მწერლობის გამო. ისეთი სიხარულის განცდა, დღეს რომ მაქვს, არ მქონია. ამ განცდას ნეკისოდენა სინანული და გულისდაწყვეტაც არ ახლავს. როგორ მოახერხე, 45 წლის პატარა ბიჭო, ასე შეგეძულებინა თავი მარტო რეზო მიშველაძისთვის კი არა, თითქმის მთელი საქართველოსთვის. ამაში კიდევ ერთხელ საარჩევნო უბანთან რიგში დავრწმუნდი, ზოგიც მინიშნებებით და ზოგიც პირდაპირ ერთმანეთს ეკითხებოდა, როგორ ფიქრობთ, გავთავისუფლდებით ამ სატანისგანო?.. მას მერე, რაც დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ, საქართველოში ხელისუფლება არჩევნების გზით არ წასულა. ყოველთვის იყო თავში ჩაჩქუნი, ჩხუბში გადასული საარჩევნო ჯაგა-ჯუგი და ამას რომ შედეგი არ მოჰყვებოდა, იყო რევოლუცია. ისტორიული შეცდომა დავუშვით, როცა რევოლუციით გავაძევეთ ზვიად გამსახურდიას ეროვნული ხელისუფლება, როცა რევოლუციით გარეკა პარლამენტი და მოაშთო შევარდნაძის ხელისუფლება სააკაშვილმა. მე სახლში ვიჯექი ძარღვებდაბერილი და მუშტებმოკუმული. გაუტკბათ ბიჭებს ძალაუფლება. ამიტომაც ვთქვი ჩემს ერთ-ერთ ბოლო სატელევიზიო გამოსვლაში, რომ ძალიან მეშინია, ესენი ძალაუფლებას არ დათმობენ და სისხლსაც კი დაღვრიან მის შესანარჩუნებლად-მეთქი. მადლობა ღმერთს, ასე არ მოხდა.

- როგორ გგონიათ, რატომ?
- ბიძინა ივანიშვილმა საარჩევნო კამპანია საოცარი მოთმინებითა და გაწონასწორებული პირადი სულიერი მდგომარეობით ჩაატარა. არ ვიცი, ამ საჩხერელ კაცს, რომელსაც დიდი გამოცდილება არ ჰქონია პოლიტიკაში, საიდან ეყო ნერვები. წაართვეს ბანკის მანქანა, სადაც მილიონობით დოლარი იდო. ამის შემდეგ სხვადასხვა დროს თითქმის 200 მილიონით დააჯარიმეს და ამით დაიფინანსა სააკაშვილმა თავისი საარჩევნო კამპანია. კაცი ჯვარს აცვეს და ნერვები მაინც შერჩა. ეს მაფიქრებინებს, რომ იგი საქართველოს მშვენიერი ხელმძღვანელი იქნება, რა რანგშიც უნდა მოგვევლინოს. მის ადგილზე ნებისმიერი სულიერად დაეცემოდა. სირცხვილი არ არის, მოქალაქეობას ართმევ კაცს, რომელმაც სამების საკათედრო ტაძარი აგიშენა, საქართველოს ყველა თეატრი დანგრევასა და განადგურებას გადაარჩინა, მთელი ინტელიგენცია შიმშილით სიკვდილისგან იხსნა. ეს არის კაცი, რომელსაც სიცილის დროს ნათელი გადასდის სახეზე. იშვიათად მინახავს ადამიანი, ასე უხდებოდეს სიცილი, სიკეთე გამოსჭვივის მისი სიცილისგან.

- ჩვენს პრეზიდენტს არ უხდება სიცილი?
- პრეზიდენტი ამაზრზენად იცინის, სააკაშვილი კი არ იცინის, ყივის. თან მისი ყველა სიტყვა არაგულწრფელია. არ გჭირდება დიდი თავის მტვრევა, ყალბი ინტონაციები რომ დაიჭირო მის ნათქვამში. წარმოუდგენლად გულგრილი კაცია. თვალწინ რომ გაუტყავო ცოცხლად კაცი, თვალს არ დაახამხამებს. მახსენდება, როგორ გაუსწორდა არა მარტო თავის ოპონენტებს, არამედ სრულიად უდანაშაულო ახალგაზრდებს. თავისი ზონდერბრიგადების მიერ ნაცემი ადამიანები რომ ნახა, სახეწაშლილები, ერთი წუთით მაინც ხომ უნდა ეფიქრა, რომ ოდესმე შეიძლებოდა თვითონაც აღმოჩენილიყო მსგავს მდგომარეობაში. ამაზრზენი იყო სააკაშვილი განსაკუთრებით ბოლო პერიოდში წინასაარჩევნო გამოსვლებზე. როგორ მოაბიჯებდა, მე ვარ და ჩემი ნაბადიო. და ჩემი უბედური დები და ძმები მას "მიშა, მიშას" ძახილით ხვდებოდნენ. არც გავკიცხავ ამის გამო პოლიტიკური ტრადიციის არმქონე საქართველოს. გახსოვთ, ბოლოს სტადიონზე როგორ მოაბიჯებდა, როგორ ართმევდა ხალხს ხელს წაღმა-უკუღმა ეს მკვლელი, ბელადივით!..

- არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლის მიზეზებზე ვსაუბრობდით... თქვენ და არა მარტო თქვენ, გეშინოდათ, რომ ხელისუფლება სისხლს დაღვრიდა ძალაუფლების შესანარჩუნებლად...
- საბედნიეროდ, ასე არ მოხდა. ამის თავი და თავი ფსიქოლოგიურად მომზადებული ერი და დასავლეთის დიდი მხარდაჭერაა. სანდო წყაროდან ვიცი, ბიძინამ, როცა მიხვდა, მარტო ვერ გაუმკლავდებოდა სააკაშვილის დინჯ მრისხანებას, დასავლეთს მიმართა დახმარებისთვის. დღედაღამ ტელეფონთან იჯდა და რეკავდა, ჩამოდითო. არ გეგონოთ, რომ მარტო ციხის ამბებმა გადაწყვიტა სააკაშვილის ბედი. უამრავი უკმაყოფილო ადამიანი გაიჩინა ამ ხელისუფლებამ. ჯერ კიდევ 36 წლის იყო, როცა 15-16 წლის ბავშვები ჯვარს აცვა, რომლებმაც სამედიცინო კოლეჯი დაამთავრეს და სამედიცინო ინსტიტუტში უნდა ჩარიცხულიყვნენ. გახსოვთ ის საპროტესტო აქციები ყველას, მაგრამ სააკაშვილმა თავისი პრინციპულობა გაიტანა და ბოლომდე ეს სტილი შეინარჩუნა. უკან არ დავიხევ, თუნდაც დაწყდით ერთ დღესო. ამას მოჰყვა ახალგაზრდების ჩახოცვა ქუჩებში, მისი განცხადება "ნულოვანი ტოლერანტობა, ყველანი ციხეში". 2007 წელს მეც გავხდი მისი დაუნდობლობის მსხვერპლი. ღამის 4 საათზე მოვარდა მისი ზონდერბრიგადა და მწერალთა კავშირის შენობიდან გალაკტიონ ტაბიძის, კონსტანტინე გამსახურდიას, სიმონ ჩიქოვანის, ირაკლი აბაშიძის პირადი ნივთები ქუჩაში გადმოყარა. ეს შენობა პრეზიდენტის ბრძანებით უნდა გავათავისუფლოთო. რა დაგიშავეს ასეთი მწერლებმა, რომ სარაჯიშვილის ნაჩუქარ შენობას ართმევ და ქუჩაში აგდებ: ჯანსუღ ჩარკვიანს, ჭაბუა ამირეჯიბს, ანა კალანდაძეს, ოტია იოსელიანს, რეზო მიშველაძეს?! - არავითარი პასუხი. ამის შემდეგ 5 წელი გავიდა. 5 წელია მწერალთა კავშირი ქუჩაშია. პატრიარქს რომ მივმართეთ და მოვუყევით, რა დღეში ჩაგვაგდეს, სამების საკათედრო ტაძარი დაგვითმო მწერლების იუბილეების აღსანიშნავად. იუბილე ვანო მაჩაბელსა და ილია ჭავჭავაძეს კი არ სჭირდებათ, ილია ჭავჭავაძისა და ვანო მაჩაბელის იუბილე სჭირდება ქართველ ერს, რომ ეროვნულობის სულიერი ჯაჭვი არ გაწყდეს. 9 წლის განმავლობაში სააკაშვილის კაბინეტში კაცი არ შესულა თხოვნით. შევარდნაძე რომ შევარდნაძეა, მასთან მოახერხებდი შესვლას თვეში ერ­თხელ მაინც. წარმოიდგინეთ, როგორ დასცინოდა მთელ საქართველოს. აეროპორტში გაცნობილი გოგონები დასვა მინისტრებად და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან 400 პროფესორი ერთ დღეში გამოყარა. უკმაყოფილება რომ გამოვხატეთ ერთ-ერთ კლუბში, გარედან დაგვიკეტეს კარი კლუბში შესულებს და დილამდე იქ გვამყოფეს. დილით 500 რეფორმაგავლილი პოლიციელი შემოვარდა და პანღურის კვრით გამოგვყარეს გარეთ. ამას თავი დავანებოთ, "კავკასიური ცარცის წრის" თეატრი გააუქმა და რობიკო სტურუას ქსენოფობია დააბრალა. საქართველოს მოსპობა უნდა, გაბრაზებულია ქართველებზე.

- რობიკო სტურუამ დღეს განცხადება გააკეთა, მაინცდამაინც ნუ ვიმხიარულებთ, გველეშაპი ჯერ ცოცხალიაო.
- რა თქმა უნდა, ჯერ ნაადრევია ზეიმი. დღეს ბიძინა ივანიშვილის პრესკონფერენციას ვუსმენდი და ნასიამოვნები დავრჩი. არსად სიტყვა არ გამრუდებია. კაცი ქართულად მეტყველებს. სააკაშვილივით ღარიბი ლექსიკა კი არ აქვს, "მაგარიას" მეტი რომ არაფერი იცის.

- ივანიშვილის დაცვის წევრი და ინგა გრიგოლია იყვნენ გაუჩინარებული. საბედნიეროდ, ორივე გამოჩნდა. ამას წინათ, ასეთი ხუმრობაც მოვისმინე, ინგა და სურმავა ერთად ჰყავს სააკაშვილს დატყვევებულიო...
- (იღიმება) თუ მართლა ერთად სხედან, მაგ ტანდემით დიდად არც ერთი არ დაზარალდებოდა, მაგრამ ვინ მისცა მაგის ბედი ბესო სურმავას ან რეზო მიშველაძეს გრიგოლიასთან ერთად ჩასვან გალიაში... ეს ისე, განწყობისთვის, მაგრამ სახუმაროდ არ გვაქვს დღეს საქმე, მით უფრო ქრისტიან-დემოკრატებს. ინგამ ვაჟკაცური საქციელი ჩაიდინა. ჭკვიანია, მიხვდა, განწირული იყო და უკან დაიხია. საერთოდ, ალბათ დამთავრდა პოლიტიკა იმ პარტიისთვის, რომელიც არც ხორცი იყო და არც ძვალი, არც წყალი იყო და არც ღვინო და ნაცმოძრაობის მარაოს ქროლვაზე იყო დამოკიდებული. თუ ჭკუა აქვთ, ყველანი თავ-თავის საქმეს უნდა ეწიონ. მშვენიერი ჟურნალისტები არიან თარგამაძეც, ვეფხვაძეც, ახვლედიანიც, ანიკაშვილიც. უნდა მოეშვან პოლიტიკას და თავიანთი საქმე აკეთონ.

- კალამს ვხედავ თქვენი პერანგის ჯიბეში, თქვენი კალმით იყავით არჩევნებზე?
- მე ყველგან ჩემი კალმით დავდივარ. იმასაც ამბობდნენ, მარკირების სითხეც ფალსიფიცირებული იყოო, მაგრამ ახლა რაღას დაამტკიცებ. მთავარი ისაა, რომ ქვეყანამ ამოისუნთქა. ამაღამ მშვიდად დავიძინებ. ურჩხული, საქართველოს უდიდესი მტერი, ქართველებისთვის ეროვნების წამრთმევი დავამარცხეთ. ჩემი უსაყვარლესი მეგობარი, ოტია იოსელიანი რომ დამირეკავდა, მისას რომ ვბეჭდავდი რამეს გაზეთში, მეტყოდა, რეზო, სააკაშვილის ჯიბრზე მიაწერე, თუ კაცი ხარ, ოტია შალვას ძე იოსელიანიო. კაცო, შენ შეიძლება არ გიყვარს მამაშენი, მაგრამ მე რატომ მიკარგავ მამის სახელს, რატომ წამიშალე მამის სახელი პასპორტში, ეროვნებაზე რომ აღარაფერი ვთქვათ! თავიდან ბიძინამ რომ თქვა, შევეცდები ვითანამშროლოო, ცოტა არ იყოს, შემეშინდა. ვისთან უნდა ითანამშრომლოს, სისხლის სამართლის დამნაშავესთან, მკვლელთან?! ფაქტები არ მაქვს, მისი გარემოცვის ხალხი როგორ გაასაღა, მაგრამ ის ხომ ვიცი, მისი ბრძანებით როგორ ექცეოდნენ პატიმრებს. 2004 წელს, სამი თვის არჩეული იყო მიშა პრეზიდენტად, წიგნი რომ გამოვეცი, "20 რჩევა პრეზიდენტს", რომელსაც ასეთი ფრაზა წავუმძღვარე: "გულსუსტებს, ნერვებმოშლილთ, კერპთაყვანისმცემლებს, მონებად დაბადებულებს, მოზარდებს 16 წლამდე და საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს ვთხოვ, ნუ წაიკითხავენ". ამ წიგნში მას 20 რჩევა მივეცი. არც ერთი მათგანი არ გაითვალისწინა. მეტიც, დაიდო წინ ეს წიგნი და ერთხელ თავის გამოსვლაში კარგა გვარიანად მლანძღა კიდეც, ზოგიერთი ბრძენი რჩევებს მაძლევს, ვის უნდა ამ ჩარეცხილების და მუმიების რჩევებიო... მას ახლა კიდევ უფრო შესძულდა თბილისი, თავისი ხალხი. დარწმუნებული ვარ, სხედან ახლა თვითონ და მისი ბანდის წევრები და ლაპარაკობენ, ვის შევწირეთ ეს ენერგია ცხრა წლის განმავლობაში, ამ უღირს ქართველ ხალხს, აი, როგორ დაგვიფასესო. ახლა ყველა სასხლავივით აილესავს ენას, დამხობილ კაცზე აუგის თქმა ადვილია, მაგრამ მე გელაპარაკებით, ის რეზო მიშველაძე, რომელმაც გაპრეზიდენტებიდან სამი თვის შემდეგ მას ზემოხსენებული წიგნით მივმართე. ერთ სტრიქონს ვერ მომიძებნით ამ წიგნის შემდეგ, რომ მე პრეზიდენტი მექოს, მისთვის კოჭი გამეგორებინოს. არც ერთი რჩევა არ გაითვალისწინა და იქნებ ბიძინა ივანიშვილის რჩევა მაინც გაითვალისწინოს და დანიშნოს რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები. ეს მისთვის საუკეთესო გამოსავალი იქნება, მისთვისაც და ქართველი ხალხისთვისაც. თუ ნებას მომცემთ, დასასრულ, ივანიშვილსაც მინდა მივცე სამი რჩევა: პირველი - ჩემო ბიძინა, თუ გინდა სამართლიანი კაცის სახელი გქონდეს, უფლება არ გაქვს დამნაშავეების მიმართ აუხსნელი ტოლერანტობა გამოიჩინო. მეორე - იყავი ყურადღებიანი თითოეული ქართველის მიმართ, არ შემოივლო ღობე შენ ირგვლივ და არ გაამართლო ანდაზა, "სხვისი ჭირი, ღობეს ჩხირი", თვეში ერთხელ შენს კაბინეტში ცხოვრებისგან გამწარებული ათი კაცი მაინც მიიღე; და მესამე - შენ გენიოსი ხარ მენეჯმენტსა და ეკონომიკაში, ვიცი, ყველაფერს გააკეთებ, რასაც ქართველ ხალხს დაჰპირდი, მაგრამ ერთი რამ დაიწერე გულის ფიცარზე, საქართველოს შიმშილის მოთმენა შეუძლია, ზოგჯერ ავადმყოფობის მოთმენაც შეუძლია, მაგრამ ქართული სულიერების, ეროვნული გენეტიკის ჩაკვლა ცუდად მოქმედებს ქართველზე... სიმართლე გითხრათ, ვნანობ, ამდენი რომ ვილაპარაკე სააკაშვილზე და ასე ცოტა ივანიშვილზე. სააკაშვილი კლინიკური შემთხვევაა, მას მკურნალობა სჭირდება სასწრაფოდ.

- იმკურნალებს, როგორ გგონიათ?
- ურჩი ავადმყოფი იქნება, მაგრამ ძალით უნდა ვუმკურნალოთ. იქ უნდა ვუმკურნალოთ, სადაც ძალით მკურნალობენ.