„ეს კომპანია პირველად მესმის...“

„ეს კომპანია პირველად მესმის...“

პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანია „ჯეპრას" დამფუძნებელი სოსო გალუმაშვილი „რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ ვერ შეაფასებს კომპანია „იპსოსის" მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებს, რომელც დღეს გამოქვეყნდა, რადგან ამ კომპანიის შესახებ არაფერი იცის.

„სამწუხაროდ, პირველად მესმის ეს კომპანია. არა მარტო ქართულ რეალობაში, არამედ გლობალურადაც არ გამიგია ასეთი კომპანია თუ არსებობს. ამიტომ უცნობი კომპანიის კვლევებზე კომენტარის გაკეთება გამიჭირდება. კომპანიაზე, რომლის ნდობის მანდატიც ფაქტობრივად არ მაქვს და არ ვიცნობ, ძნელია იმის კვლევაზე რამე კომენტარი გავაკეთო.

„ახლა ჩემს თანამშრომლებსაც ვეკითხები და პირველად ესმით ეგ კომპანია, ვერც შევაფასებთ მონაცემებს", - განაცხადა გალუმაშვილმა „რეზონანსთან" საუბრისას.

კომპანია „იპსონის" კვლევების მიხედვით, „ქართული ოცნების" თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ნდობის რეიტინგი საგრძნობლად დაეცა. ივანიშვილის როლს საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში გამოკითხულთა 33% უარყოფითად აფასებს, ხოლო დადებითად - 8%.

ხოლო კითხვაზე - ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს ვის მისცემდით ხმას? - პასუხები ასე განაწილდა: „ქართული ოცნება" - 29,2%, „გაერთიანებული ოპოზიცია" - 22%, „ევროპული საქართველო" - 10,4%.

როგორია პოლიტიკოსების საზოგადოებრივი გავლენის აღქმა, კომპანია „იპსოსის"ამ გამოკითხვაში, ყველაზე დიდი გავლენით „ქართული ოცნების" გენერალური მდივანი და თბილისის მერი კახი კალაძე 31%-ით ლიდერობს. აღნიშნულ კვლევაში 29%-ით მეორე ადგილზეა საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, 28% კი შს მინისტრს გიორგი გახარიას ასახელებს. გამოკითხულთა 23 პროცენტი თვლის, რომ პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე ყველაზე გავლენიანი პირია, 18% პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს თვლის გავლენიან პიროვნებად ,ხოლო 16 % კი საზოგადოებაში გავლენიანობაზე პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს ერგო.

კომპანია „იპსოსმა" კვლევები ალოკაციის მეთოდით, საქართველოს მასშტაბით „რუსთავი 2"-ის დაკვეთით ჩაატარა.