„შედეგები არალოგიკურია. დავუშვათ, მმართველი გუნდის რეიტინგი არის დაბალი, ვისია მაღალი? მმართველი გუნდის რეიტინგი რამხელაა, არ აქვს მნიშვნელობა, რადგან ამომრჩეველმა შედარების პრინციპით უნდა აირჩიოს და არა იმით, ვინ არის მისთვის იდეალური. სხვებზე ნაკლებად ვისაც იწუნებს, იმას ირჩევს," - ასე აფასებს „რეზონანსთან" საუბრისას ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე კომპანია „იპსოსის" წინასაარჩევნო კვლევას.
კვლევის თანახმად, რომელიც ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა, კითხვაზე - ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს ვის მისცემდით ხმას? - პასუხები ასე განაწილდა: „ქართული ოცნება" - 29,2%, „გაერთიანებული ოპოზიცია" - 22%, „ევროპული საქართველო" - 10,4%, „ლეიბორისტული პარტია" - 4,9%, „პატრიოტთა ალიანსი" - 4,7%.
რაც შეეხება პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის დღევანდელ რეიტინგს, ამავე კვლევის თანახმად, ბიძინა ივანიშვილის როლს საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში 33% უარყოფითად აფასებს, ხოლო დადებითად - 8%.
რამაზ საყვარელი მიიჩნევს, რომ იმ შემთხვევაში, თუკი 2020 წლისთვის მთავარი ოპოზიციური ძალა კვლავ „ნაციონალური მოძრაობა" იქნება, არჩევნებს ოპოზიცია ვერ მოიგებს.
„ოცნება" იმარჯვებს, რადგან ოპოზიციას რეიტინგი დაბალი აქვს, მაგრამ 2020 წლისთვის რა შეიცვლება? თუ ეს სურათი იქნება, რაც დღეს გვაქვს, ოპოზიცია ვერ მოიგებს, რადგან ოპოზიციის ძირითადი ძალა არის „ნაციონალური მოძრაობა", რომელიც ცხრა წელი იყო და ეს „ნაციონალური მოძრაობა" მოსახლეობას არ უნდა," - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.