"გარყვნილების პროპაგანდა ეკლესიისთვის მისაღები ვერასდროს ვერ იქნება"

გარყვნილების პროპაგანდა ეკლესიისთვის მისაღები ვერასდროს ვერ იქნება, - ამის შესახებ განცხადება დეკანოზმა ალექსანდრე გალდავამ გააკეთა.

მისი თქმით, დღეს საქართველოში ოჯახში სიწმინდის დღე აღინიშნება და ეკლესია ადამიანებს მოუწოდებს, მისი ბრძოლის მეთოდი მშვიდობიანი იყოს.

„დღეს ოჯახის სიწმინდის დაცვის დღეა. ეს მშობლების პატივისცემისა და ოჯახური ფასეულობების პოპულარიზაციისთვის კეთდება. მსვლელობა რესპუბლიკის მოედნიდან სამების ტაძრისკენ იგეგმება, სადაც მისი უწმინდესობა პარაკლისს მრევლთან ერთად გადაიხდის. ღონისძიება კონცერტით დასრულდება. ვიცი, რომ „სუხიშვილებმა" და „ერისიონმა" კონცერტში მონაწილეობის სურვილი ღიად გამოხატეს.

ვისაც რა უნდა, ის იდღესასწაულოს. ჩვენი დღესასწაულები ხშირად ემთხვევა ვთქვათ, ებრაულ და მუსულმანურ დღესასწაულებს. 17 მაისი ჰოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ამ დღეს მსოფლიოს ნაწილში, ცივილურ სამყაროში ლგბტ თემის აღლუმებია, რომელიც, ალბათ ყველა დამეთანხმებით, ლამაზი სანახავი არ არის, არც თავისი ფორმით და არც შინაარსით. აღლუმებში ბავშვებიც მონაწილეობენ და აღვირახსნილ ურთიერთობებს, რომელიც მათ აქვთ, საზოგადოების წინაშე დემონსტრირებას ახდენენ. თუმცა ეს მათი პრობლემაა და მათი არჩევანია, როგორც უნდათ, ისე გააკეთონ.

გარყვნილების პროპაგანდა ეკლესიისთვის მისაღები ვერასდროს ვერ იქნება. რაც უნდა შეფუთული ფორმით მოგვიტანონ, ჩვენ არსზე უნდა ვილაპარაკოთ. ამ ეტაპზე, მათ ვითომ გამოხატვის თავისუფლების მიცემა სჭირდებათ. შემდეგ ეტაპზე არის ის, რომ ერთნაირსქესიანთა ურთიერთობები უნდა დაკანონდეს და შემდეგი ეტაპია, რომ ბავშვის აყვანის უფლება ჰქონდეთ. განა ისინი ფლეშმობის გაკეთებაზე ჩერდებიან და მეტს არაფერს ითხოვენ საქართველოს სახელმწიფოსგან?" - განაცხადა დეკანოზმა ალექსანდრე გალდავამ.