მე კი ადგილზე მყარად დავრჩები და მივაძახებ – ნუ–უ, რინალდო, რად გინდა სხვისი ფული... რინალდო მომიყრუებს, ძალიან გაბრაზდება და მერე მაინც ღიმილით გაიფიქრებს – თქვა რა – ფული ყველა სხვისია... და თვალს მიეფარება. ისე კი, სიმართლე რომ ითქვას, ამ ბრუნდე და გამოუსწორებელ ქვეყანაზე ჯერ არ გამოუგონიათ ისეთი ფული, რომელიც ვინმესი იყოს. და, მით უმეტეს, გათამაშებული: მოიგებ – სხვისია, წააგებ და – ხომ სხვისია და სხვისი. და, საერთოდაც, ქვეყნად არსებულ ხელშესახეიბ ნივთებიდან ძალიან ცოტა, შეიძლება ითქვას სუულ არაფერია ისეთი რამ, ვინმესი იყოს... მაგრამ ძალიან ცოტამ ვიცით ეს.
(გურამ დოჩანაშვილი, „სამოსელი პირველი“)
ვისია, ვისია ქალი ლამაზი... ჰე, ჰეეე...
მაინცდამაინც ლამაზი? ვისთვის როგორ, და, ამიტომაც, მოდით ვიმღეროთ ასე: „ვისია, ვისიაა ქალიიი...“
მხოლოდ ქალი და სხვა არაფერი? იქნებ, ასე გვემღერა: „ვისია, ვისიაა...“ და შემდეგ ყველამ თავისი გულის ნადები ჩააქსოვოს – მცირე ბიზნესი, მსხვილი ბიზნესი, ჯიხური, სუფრაზე დარჩენილი ახლადგახსნილი სიგარეტის კოლოფი, პარკში სკამეიკაზე მიგდებული ჟაკეტი და... ტელეკომპანია „მზე“, ტელეკომპანია „რუსთავი–2“, ტელეკომპანია „25–ე არხი“, ტელეკომპანია „საქართველო“.
სხვისია! იცით, როგორი სხვისი? აი, ფილმი რომ გამოვიდა და გაგრძელებები რომ მიყვა – „უცხო“, „უცხო–2“, „უცხო–3“. თან სხვაა და თან – უცხო, თვალებგადმოკარკლული, უცნაურად ბანჯგვლიანი, დორბლიანი, თავიდან თითქოს ლამაზი რომ არის და მერე რომ გასაზიზღრდება.
მიშა–1, კეზერა–2, თამარა–3...
2008 წლის აგვისტო მახსენდება. მახსენდება რა – ომის ამბები არც არასდროს დაგვავიწყდება და პასუხიც მოეთხოვებათ ვიღაც–ვიღაცეებს, მაგრამ ახლა მე ის მახსენდება, რაც ხანდახან მიმავიწყდება ხოლმე, მაგრამ უცებ ამოტივტივდება და მერე უშვერი სიტყვებით ვილანძღები. რას ვგულისხმობ? რას და, აგვისტოს ომის დღეებში თავდაცვის მინისტრი, ბათუ ქუთელია, კოჯორისა და ტაბახმელას მიწის ნაკვეთების ყიდვა–გაყიდვით რომ იყო დაკავებული და მერე, ერთხელაც რომ დავფიქრდი, სავსებით ლოგიკურად მივიჩნიე ის, რომ თუ თავისუფლების მოთხოვნით გამოსულ ადამიანებს თავისუფლების მოედნის სიახლოვეს ხოცავენ, არც ის უნდა გაგვიკვირდეს, რომ თავდაცვის მინისტრის მოადგილე, თავდაცვითი ომის დროს, იმ ნაკვეთებს ყიდულობს და ყიდის, სადაც 90 წლის წინ ასევე თავდაცვითი ბრძოლები მიმდინარეობდა.
კეზერას რომ ჰკითხო – შეეჩვიე მოგებასო... ერთადერთი, ვინც კეზერას დაუჯერა, მგონი საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრებია, რომლის ყველაზე დიდ წარმატებადაც დღემდე ის რჩება, რომ ლიხტენშტეინთან თუ რომელიღაც სხვა მოლეკულასთან 0:5–ზე დამარცხებას მიაღწია, მაშინ როდესაც სპეციალისტების დიდი უმრავლესობა 0:9–ს წინასწარმეტყველებდა.
სად წავედი... კეზერა–ჩერგოლეიშვილით დავიწყე და თავი ლიხტენშტეინში ამოვყავი. ეგეთებიც ხდება, მაგრამ სინამდვილეში ახლა საეთეროში ვიმყოფები. ტელეკომპანია რამდენიმეა, საეთერო – ერთი. პულტიც ერთია, მიქშერიც და წამყვანებს ყურში მხოლოდ ერთი სუბიექტი კარნახობს, როდის რა უნდა თქვას, როგორ თქვას და შეშფოთება და აღშფოთება ერთმანეთში არ აერიოს. მთლად ტელეკომპანიაშიც არ ვარ, უფრო – მეგობარი სააგენტოს ნიუსების მწკრივში დავძვრები და აღფრთოვანებას ვერ ვმალავ. კაცმა ხუთ დღეში წააგო ომი და თითქმის ხუთი წლის შემდეგ იმას მიაღწია, რომ თითქმის ხუთი ტელევიზია ხუთ დღეში იყიდა და გაყიდა.
მაშ, რაღას ყიდულობდაო? – იკითხავს (და, იკითხა კიდეც) მავანი. მეორე მავანი იტყვის, ორი კაპიკი მოუგოო, მესამე მავანი საერთოდ გაჩუმდება და მეც ხომ მავანი ვარ და საკუთარ და სხვა მავანთა მოსაზრებას გამოვთქვამ – კეზერა კვალის დაფარვას ცდილობს. აიო – ფიქრობს იგი – იმდენჯერ გაიყიდ–გამოიყიდება, რომ ჩაძიება დაეზარებათ და კვალიც დაიკარგებაო.
შეჩემა, აგერ, ამ ორმოცდაათი წლის წინ სათაფლიაში როდინდელი დინოზავრის კვალი აღმოაჩინეს, დღემდე ტურისტებს აჩვენებენ და ტელეკომპანია რა გახდა? არც ეგ კვალი დაიკარგება, ისეთი მყრალი კვალია... სუნების მუზეუმი რომ არსებობდეს, მყრალი სუნების განყოფილებაში ნამდვილად საპატიო ადგილს დაიკავებდა და ღირსეულადაც.
მოკლედ, ეგ ყიდვა–გაყიდვა საერთოდ არ მადარდებს. გამომძიებელმა იდარდოს, მეტი მოწმის გამოძახება და მეტი შეკითხვის დასმა რომ მოუწევს. სხვათა შორის, ამ საკითხში ყველა მეთანხმება, როცა კეზერაზეა საუბარი, მაგრამ რატომღაც იმაზე შფოთავენ – ტელეკომპანია „საქართველოო“ და თამარა ჩერგოლეიშვილიო, ოოო – მაგარ ნაღმს ამზადებენო, რაღაც აქვთ ჩაფიქრებულიო...
მაგათ ალგორითმებით გაჯერებული ტაბულაც ჰქონდათ ჩაფიქრებული, მაგრამ საბოლოოდ ფეკალიებით შეზავებული მაკულატურა მიიღეს და დღემდე ერთი რამ აქვთ საამაყო – რომ გორში, სამხარეო ადმინისტრაციის წინ, იქ, სადაც სტალინის ძეგლი იდგა, წესით ასეთი სიტყვები უნდა ეწეროს: „ზდეს ვპერვიე პრაშლი ენჯეოშნიკი ი ენჯეოშნიცი ჩეტვიორტოგო ლეძი, ტამარი ჩერგოლეიშვილი“.
მოკლედ, ოთხი რამის თქმა შეიძლება დანამდვილებით: 1) ნილოსი აღმა დინებას არ დაიწყებს; 2) შუა თითისგან სალამური არ გაკეთდება; 3) თამარა არაფრის გამკეთებელი არ არის (ჰა და ჰა, კიდევ ერთხელ დაგმოს სტალინური რეპრესიები); 4) კეზერა კვალს ვერ დაფარავს.
საერთოდ კი, არავინ და არაფერია შეფარული და დაფარული. უბრალოდ, იმ ძველი ტელესპექტაკლის, „უჩინმაჩინის ქუდისა“ არ იყოს, მიგამქარდი–ჩიმინქარდი და პუსტაკიკა–კიკაპუსტა. მოკლედ, ჰგონიათ რომ ერბო ქონია და ენჯეოშნიკებს ისიც ჰგონიათ, რომ სახალხო დამცველის ოფისი არის ქერის ორმო – დასვამენ იქ თავის კაცს (რომელიც, ალბათ, ქალი იქნება) და წავიდა გრიალი: გრანტები, სემინარები, კონფერენციები... სემინარებიდან გამოდნებიან სერთიფიკატები, კონფერენციებიდან – სხვა გრანტები, ხოლო გრანტებიდან რომ სიამენი ამა ქვეყნისა დნება, ეს ყველამ იცის. ისიც ხომ ვიცით, ნაციონალური მოძრაობა გრანტებიდან რომ არის გამომდნარი და საბოლოოდ გრანტებისა და ბიუჯეტის შენადნობი რომ მივიღეთ?
ძველი ანეკდოტია: ჭიჭიკიამ ბიჭიკიას ახალთახალი „მერსედესი“ ბოთლში გაუცვალა, ოღონდ ბოთლში ჯინი იჯდა – გისმენ და გემორჩილები და რამე. მივიდა სახლში ჭიჭიკია, ამოაძრო საცობი და ამოგოგმანებულ ჯინს უბრძანა – „პივა მომიტანე“. ჯინია, რა – გისმენ და გემორჩილები და რამე. ჯინმა კი – „მაიტა ფული და მევიიტან“.
ეს ენჯეოშნიკებიც ეგეთი ნაროდია – უფულოდ გამარჯობას არ გეტყვიან.
ბევრს არ გავაგრძელებ – ომბუდსმენად დიტო ლორთქიფანიძეს ვისურვებდი. იმიტომ კი არა, რომ სეხნიაა... არც იმიტომ, რომ 24 წელია ვიცნობ... არც იმიტომ, რომ ხუთი შვილი ჰყავს, ჩემი ტოლია და უკვე შვილიშვილსაც მოესწრო... უბრალოდ, დიტო იმასაც თავგამოდებით დაიცავს, ვის დანახვასაც სვარკის დანახვა ურჩევნია.
ბუკოვსკიმ თქვა: „რაც უფრო მეტად დაირღვევა სექსუალური უმცირესობების უფლებები, მით უკეთესად იქნებიან მათი უფლებების დამცველები“. ანუ, პედერასტების უფლებების დაცვაში დიდი ფული იშოვება და მინდა, რომ მათი უფლებები იმან დაიცვას, ვისთვისაც ფული კი არა, ადამიანი და მისი უფლებებია მთავარი, როგორიც არ უნდა იყოს ის.
ვაღიარებ – ელტონ ჯონი უფრო მაგარია, ვიდრე, მაგალითად, გოგა ხაჩიძე, მაგრამ არჩილ მეფარიძეს რომ კითხო, ერიკ კლაპტონი ახლოსაც ვერ მოვა რიკი მარტინთან.
მაგაშია საქმე – შენ რომ ვიღაცას არმაგედონის ზანგით ემუქრები, ვიღაც–ვიღაცეები, ამ დროს არმაგედონის ზანგს ნატრობენ. ისე, რა გინდა – ხაჩიძეს მუქარამ უწია, დონაძეს კი ნატვრა აუხდა.
სიტყვით გამოვედი, მაგრამ რა ვქნა – ეს ერთი ტრიბუნა მაქვს და სხვა ტრიბუნის მოლოდინში, სანამ მესამე სექტორის სერთიფიცირებული წარმომადგენლები გრანტის რიგში იდგებიან, ვიცი, პურის რიგში ამომხდება სული. მე რომ მოვკვდები, იტყვიან – გარდაიცვალაო, ხოლო ისინი რომ დაიბრიდებიან, იტყვიან – დააჯდათ არმაგედონის ბუზიო.
ჰოდა, გასულ კვირაში თბილისის საკრებულოს ნაციონალურ ერთობას სწორედ არმაგედონის ბუზი დააჯდა. თქვენ იცინეთ და, მაგ ბუზს ზუსტი ანალიზის გაკეთება შეუძლია, სწორად აფასებს რისკებს და ზუსტ პროგნოზებს დებს. ჩემი სტუდენტობის დროს იყო ასეთი ხუმრობა – ხუდადოვის ტყეში ხუთკილოიანი ბუზი დაიჭირეს, ჩიტებს ჭამდა და ახლა ზოოპარკში ყავთ გამოკეტილიო. ნაციონალების ფრაქციასაც ზუსტად ხუთკილოიანი ბუზი დააჯდა. ერთ კილოს ქვია ირაკლი შიხიაშვილი, მეორე კილოს – მერაბ რაფავა, მესამე კილოს – გიორგი ნემსაძე, მეოთხე კილოს – მიხეილ ქავთარაძე და მეხუთე კილოს – ზაზა დოლიძე.
ჩასაძირად განწირული გემიდან ვირთხები გარბიან და ბუზები მიფრინავენ. ვირთხას და ბუზს საერთო ის აქვთ, რომ ორივე დაავადების გადამტანია
„ვემიჯნებით „ნაციონალურ მოძრაობას“, რომელიც მისმა მმართველებმა დისკრედიტირებულ და ამორალურ ორგანიზაციად გადააქციეს. თბილისის მერი გიგი უგულავა ჩვენ მოღალატეებს გვიწოდებს, მაგრამ გვინდა მას ვუთხრათ - როცა პოლიტიკური ორგანიზაცია უპირისპირდება საკუთარ მოსახლეობას და ცდილობს ჩაახშოს თავისუფალი ნება, როცა არჩევანს აყენებს საკუთარ პარტიასა და ქართველ ხალხს შორის, რა თქმა უნდა, ჩვენი არჩევანი ყოველთვის ქართველი ხალხის მხარეს იქნება“, - განაცხადა შიხიაშვილმა.
ჰე, მამულო, გრძნობა შენი მოვლისა, მარად ყველა ჩვენთაგანის ვალია...
ხომ ლამაზია ეს საქართველო, მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა...
ჩემი ხატია სამშობლო...
საქართველო, ლამაზო...
თითქოს, ეს პოეტური სტრიქონები უნდა გახსენდებოდეს შიხიაშვილისა და კ–ს განცხადებებზე, მაგრამ რა ვქნა, მომკალით და ვერ ვეწყობი პოეზიას, პროზას ვამჯობინებ, პიესებსაც... „სულის სიღრმეში მე ყოველთვის ბოლშევიკებს თანავუგრძნობდი“ – უთხრა ყვარყვარეს წმინდა მიხეილის სასწავლებლის კურსდამთავრებულმა და მერე სხვამ რომ კითხა ყვარყვარეს – ეს დროშა დავწვაო, და ყვარყვარეს რომ შეეცოდა – რა უნდა დაწვა, შე ცალტვინა, რა იცი, როდის გამოგვადგებაო, ეს შემდეგ იყო. შემდეგ იყო ფილმში, თორემ ცხოვრებაში და ჩვენს სინამდვილეში ყოველდღე ხდება და ხუთკილოიანი ბუზის ამბავი ამის მორიგი შვბნელი დადასტურებაა. ამასვე ადასტურებს რამდენიმე სათაური, რომლებიც მოძმე სააგენტოს ნიუსების მწკრივში მოვიპოვე:
„ქუთაისის მერის არჩევას საკრებულოს სხდომაზე ქდმ-მ ბოიკოტი გამოუცხადა“.
„სოსო ცინცაძე - მთავრობის ახალი შემადგენლობა იდეალური არ არის, მაგრამ „იდეალურთან ძალზეც მიახლოებული შემადგენლობაა“.
„გიორგი ყავლაშვილი: „ბურჯის“ შეძენა მთავარი პროკურორის მურთაზ ზოდელავას მითითებით განხორციელდა“.
„ვახო სანაია და მისი 5 თანამშრომელი „საზოგადოებრივი მაუწყებლიდან“ გაათავისუფლეს“.
სათაურების შემდეგ, უპრიანი იქნება ერთი ნიუსის ერთი ნაგლეჯიც რომ შემოგთავაზოთ: „მოამბის“ წამყვანმა ნინო თოლორდავამ საზოგადოებრივი მაუწყებელი დატოვა. როგორც ნინო თოლორდავამ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, მან დააფიქსირა თავისი „სამართლიანი პროტესტი მაუწყებლის მიერ ბოლოდროინდელი მოვლენების გაშუქებასთან დაკავშირებით“.
საღოლ, სიმონ... სიმონ რა იყო?! საღოლ, ნინო და საღოლ ჯავრიშვილისა და ხეჩინაშვილის კლინიკებს, რომლებმაც ტელეცუნცულა ნინოს თვალი და ყური აუხილეს.
მოკლედ, სულ ვირთხები და ვირთხები და, რა ვიცი, ცოტა ხანში, იქნებ – სულ გმირები და გმირები. ვახო სანაიას და დოდოშკა ხურცილავას რომ ვუსმენდი, გული მეწვებოდა, თვალები კი ცრემლით მევსებოდა. თურმე, რამდენი აუტანიათ, რამდენი გადაუტანიათ... მათი ცხოვრება გმირობათა ერთი ჯაჭვია და რადგან „ცხოვრება ჩვენი აღსავსეა მოულოდნელობებით“, არც ის არის გამორიცხული, რომ...
არაფერია გამორიცხული. თან, დოდოშკამ (მაგიდის ქვეშ ნიჩურიკს ვაკეთებდიო) ხომ მოგვიწოდა, გვეყო ფარისევლობაო და რავი – გვეყო? ვიფიქრებ მე მაგაზე. დოდოშკას ეყო,მაგრამ იქნებ მე არ მეყო? ვიფიქრებ. ერთს სერიოზულად კიდევ წავიფარისევლებ და მხოლოდ ამის შემდეგ შევუერთდები გმირთა ვარამს, სადაც ვირები საკუთარ თავს არაბულ ულაყებად ასაღებენ.
ეჰ... იმან 10 წელი პერმის ბანაკები ხეხა, შიმშილობდა... ეს სამი წელი კაჩუბეის ბიბლიოთკას დირექტორობდა. იმის გარდაცვალების დღეს, 13 ოქტომბერს კი ჯერ ამას ახსენებენ და მერე იმას. ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავაო... კლიპი მაქვს ნანახი – ერთის მელოდიაზე მეორის ჯიჯღინია დადებული, ტიტრი კი იუწყება – „სნუპ დოგი და დორსი“.
მაშ, ქვეყანა ჩალით არის დახურული?! ნუთუ, ამ ჩვენს სამეფოში ჩალის გარდა ყველაფერი დალპა? ნუთუ, მართალი იყო დავით ბაქრაძე, როდესაც გასულ კვირაში განაცხადა, ქვეყანაში ყველაფერი ერთი არჩევნებით ვერ შეიცვლებაო?! შესაცვლელი ძალიან ბევრია, თუმცა, როგორც ზევით აღვნიშნე, შუა თითისგან სალამური არ გაკეთდება. ასევე, დავძენ, რომ არც დავით ბაქრაძისგან გაკეთდება „ბალგარკა“. სიმღერაშია – მიწა იყო და მიწად იქცაო და, მიწა თუ მიწად უნდა იქცეს, განა ქლიბი ისევ ქლიბად არ დარჩება?
ადეიშვილი წავიდა ავსტრიაში და ალბათ იქ დარჩება, ახალაიებიც სადღაც წავიდნენ და ისინიც დარჩებიან, ზოდელავაც, მეგის ქარდავაც... მათ მიყვებიან სხვანი და სხვანი და ბოლოს მთელი ემიგრაცია ეგენი იქნებიან, რადგან მგონია, რომ ადრე წასულები აუცილებლად დაგვიბრუნდებიან.
„როცა მე შევხდი თინა ბურჯალიანს, მთავრი პოროკურორი იმყოფებოდა თბილისში, მაგრამ გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მთავარმა პროკურორმა ქვეყანა დატოვაო. ვერ გეტყვით. ერთდადერთი, მე ის მსმენია, რომ მურთაზ ზოდელავას პოსტის შენარჩუნება მაინცდამაინც აღარ სურდა“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.
ჰოოო... მურთაზ ზოდელავას პოსტის შენარჩუნება მაინცდამაინც რომ არ სურს, ამას როგორღაც ვხვდებით და იმასაც ვხვდებით, რომ თავისუფლების შენარჩუნება უნდა და თავისუფლებასთან ერთად ბუს კვერცხებს, იხვის ტოლმას და მკვდარი ვირის ყურებსაც თუ შეინარჩუნებს, კმაყოფილი დარჩება.
ამ ფონზე სამაგალითოა ვანო, ჩვენი ვანო, ვანიჩქა:
„საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ვანო მერაბიშვილი შიდა ქართლში იმყოფებოდა. პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, თავდაპირველად ვანო მერაბიშვილი გორის რაიონის სოფელ სვენეთს ესტუმრა, სადაც 3.3 ჰექტარზე სათბურის მშენებლობა მიმდინარეობს. სვენეთის სათბურის შემდეგ, პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ქალაქ გორის ცენტრი დაათვალიერა, სადაც უკვე...“
რას ერჩით?
პირადად მე ვერჩი ყაზტრანსგაზის იმ თანამშრომლებს, რომლებიც არჩევნებს ნაცების ხათრით აკვირდებოდნენ და რომლებიც მშობლიურმა ყაზტრანსგაზმა გემრიელად გადააგდო და ჯონდი ბაღათურიას განცხადებას – მინდია გულუამ ყაზტრანსგაზი ვერ იყიდაო – ზურა გონგლაძის საყვარელი გამოთქმით გამოვეხმაურები: ამ ჩემს ლურჯ თვალებს!.. იგივე სიტყვებით გამოვეხმაურები ცნობას იმის თაობაზე, რომ „არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალი თაობა – ახალი ინიციატივა“ პარლამენტის მაჟორიტარული სისტემით არჩევნების განმეორებითი კენჭისყრის მონიტორინგს ახორციელებს“.
მოკლედ, ეგეთი ამბები. უფრო სწორად – ეგეთი ამბების ერთი ნაწილი და სხვა ნაწილიც რაღაც ამდაგვარი. ყველა ბუზი ბზუის, არმაგედონის ბუზთან კი ყველა ტყუის.
ა.ა.ვ. (ახალი არაფერი ვიცი) სწორედ ამ დროს გამოვჩნდები მე – ვიითომ სულ სხვაგან მივდივარ, შენ კი, თითქოსდა უნებურად, თვალს მომკრავ და დამიძახებ, მე თქვენსკენ წამოვალ, რინალდო კი გეტყვის – გააგდე აქედან, მაგისი ოხერი... შენ მსწრაფლ მიუგე – რა მოხდა, მოვიდეს, ნუ გაუწყრები, თავისი გაჭირვებაც ეყოფა... სხვათა შორის, ეგ გამოთქმა ძალიან ურბილებს ადამიანს გულს – „თავისი გაჭირვება ეყოფა...“ მე მოვალ, თავაზიანად მოგესალმებით, როგორც წესი და რიგია, მერე კი შენ მკითხე: რას გვეტყვი ახალს? მე იქვე მოგიგებ – ახალი არაფერი ვიცი, თუ გინდა, ძველს გეტყვი...
(გურამ დოჩანაშვილი, „სამოსელი პირველი“)