ჩვენი ქვეყანა სტუმარ-მასპინძლის ქვეყანაა, სადაც ყოველთვის ფასობდა ღირსების გრძნობა. წვრილმანი გაუგებრობა ქისტებსა და საქართველოს მთიანეთში მცხოვრებ ქართველებს შორის ისტორიულად არსებობდა (საქონლის გატაცება და სხვა), მაგრამ ჩვენს კლასიკოს ვაჟა-ფშაველას თუ დავესესხებით, ეს ორი ხალხი ახერხებდა ამაღლებას და ვაჟკაცობის, სტუმართმასპინძლობის ტრადიციას არ ღალატობდა. ამიტომაცაა, რომ ვაჟას პოემებში ხევსური ალუდა ქეთელაური დაღუპულ, მოუნათლავ ქისტ მუცალს საკლავს უკლავს, ხოლო ქისტი ჯოყოლა არ არღვევს მასპინძლის ტრადიციას, ხევსურ ზვიადაურს საკუთარ სახლში არ აკვლევინებს და თემის წინააღმდეგ ილაშქრებს. თუ გავითვალისწინებთ, რომ ვაჟა-ფშაველა ქისტებისთვისაც პატივსაცემი პოეტია, საინტერესოა, კავკასიურ მენტალობაზე აგებული ეს ურთიერთობა ბოლოდროინდელ მოვლენათა გამო ხომ არ დარღვეულა?!
ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ქართველებსა და ქისტებს შორის ხიდი ჩატეხილი არ არის, ღმერთმა დაგვიფაროს, რომ ასე იყოს. რაც არ უნდა მოხდეს, ვაინახები და ქართველები დარჩებიან ძმებად. ისტორიულად ბევრი მომენტია, როცა ვაინახებს შესაძლოა ჰქონდეთ წყენა სტალინის მიერ განხორციელებული სისასტიკის გამო, ასევე, ქართველებსაც შეიძლება ჰქონდეთ წყენა ჩეჩნების მიმართ, აფხაზეთში ომში მათი მონაწილეობისა და გაგრაში ჩადენილი ქმედებების გამო, მაგრამ ამ ყოველივეს გადატანის შემდეგ ქართველები და ვაინახები რჩებიან კავკასიელებად. საუკუნეებით განმტკიცებული ჩვენი ძმობა მონოლითურია და ვერაფერი დაარღვევს.
ანალიტიკოსის აზრით, ბოლო დროს პანკისელთა მიმართ მორალური და სამართლებრივი მომენტები გამოიკვეთა. 21 აპრილს მორალურად პანკისის მოსახლეობა აბსოლუტურად მართალი იყო, მიუხედავად იმისა, რომ ისინი პოლიციას დაუპირისპირდნენ არა პოლიციელების ბრალის გამო, არამედ მათ გამო, ვინც პოლიციას პანკისში შესვლა დაავალა. უგუნურ პოლიტიკოსთა გამო პოლიცია თვითონვე აღმოჩნდა მძევალი, პოლიციელების ქმედება ერთგვარად ძალადობრივი ქმედება იყო და მორალურად პანკისის მოსახლეობა მართალი ჩანდა, მაგრამ სამართლებრივად პოლიციაზე ხელის აღმართვა არავის შეეძლო და ამის გამო პანკისის მოსახლეობა დანაშაულის ჩამდენი აღმოჩნდა.
„ზემოთქმული რომ შევაჯამოთ, მორალურად გამოდის, რომ პანკისის მოსახლეობა მართალია, სამართლებრივად გამოდის, რომ პანკისის მოსახლეობა მტყუანია, ეთიკურად კი საბოლოოდ ორივე მხარემ შეიგნო, რომ სამართლებრივი და მორალური კუთხით მტყუანები იყვნენ ერთმანეთის მიმართ და არ გაამწვავეს სიტუაცია. სახელმწიფოს მიერ განხორციელებული არაადეკვატური ძალის დემონსტრირებით 21 აპრილს სახელმწიფომ თავისი თავი მიიყვანა ხაფანგში, ჩააგდო ჩიხში. იქიდან მოდის ყველაფერი და დღეს პანკისის მოსახლეობა საკმაოდ აჟიტირებულია, მე თუ მკითხავთ, სამართლიანადაც აჟიტირებული, არ შეიძლება ყოველთვის ხელი გაიშვირო უაპელაციოდ და გამუდმებით „პანკისი, პანკისი“ იძახო. ეს მართლაც ღირსეული ხალხი, ღირსეული ადამიანები აიძულო, რომ ისინი შენს არაკეთილმოსურნეებად აქციო, მათ გაუცხოება გაუჩნდეთ.
ცხადია, ვხედავ ნიშნებს, რომ პანკისელები გაგვიუცხოვდნენ. მართალია, უხუცესები შეაკავებენ ამ პროცესს, მაგრამ შემდგომ ნაბიჯებზე ბევრი რამეა დამოკიდებული. ორჯერ სახელმწიფომ დაუშვა დიდი შეცდომა, მესამედ შეცდომის დაშვების უფლება ხელისუფლებას აღარ აქვს, მორჩა, ამოწურა თავისი ლიმიტი. ყველაფერს აქვს ლიმიტი, რაღაც დონეზე შენ შეიძლება მიჰქარო, ჩაიდინო დანაშაული, მაგრამ გეპატიოს, რადგან ლიმიტი ჯერ არ ამოგიწურავს, დღეს კი ხელისუფლებას ლიმიტი აღარ დარჩა. ეს არ არის პანკისის და იქაური მოსახლეობის ბრალი, ეს ხელისუფლების ბრალია. მალხაზ მაჩალიკაშვილთან მიმართებითაც არის მორალური და სამართლებრივი მომენტი. აქ საინტერესოა, რომ სახელმწიფომ საკუთარი თავი უკვე მოაქცია ჩიხში და მაჩალიკაშვილის დაპატიმრებამ შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული მღელვარება არა მარტო უშუალოდ პანკისის ხეობაში, არამედ სხვაგანაც“, - აცხადებს ვახტანგ მაისაია.
მისი თქმით, აუდიოჩანაწერში შეიძლება სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები იკვეთებოდეს, მაგრამ ამ დანაშაულზე კანონიერების აღსრულებამაც შეიძლება გამოიწვიოს სულ სხვა ტენდენციები და პოლიტიკური დაპირისპირება. ამიტომ რომელი უფრო მაღალწონადია-პოლიტიკური დესტაბილიზაცია, თუ კანონის აღსრულება?! უკვე ამ დონემდე მივიდა საქმე და უსაფრთხოების ჩიხამდე მივედით.
„ჩემს წიგნში „საერთაშორისო უსაფრთხოების თემატიკა“, რომელსაც უსაფრთხოების სასწავლო კურსზე გადიან, შემოვიტანე ტერმინი „ეროვნული უსაფრთხოების ჩიხი“. სწორედ ამ უსაფრთხოების ჩიხში ვიმყოფებით, რადგან არაკომპეტენტური, გაუნათლებელი პიროვნებების ხელში ვართ. ნამდვილი პროფესიონალები დღეს თამაშგარე მდგომარეობაში არიან. კლიენტისტურმა და ნეპოტურმა დამოკიდებულებამ დაანგრია მთელი სახელმწიფოებრიობის საფუძველი“, - განმარტავს ვახტანგ მაისაია.
გაგვიუცხოვდნენ თუ არა პანკისელები, ამის შესახებ ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი განმარტავს, რომ პანკისელებიც ჩვეულებრივი მოქალაქეები არიან, ამიტომ მათი არც განსაკუთრებულ პრივილეგირებულ მდგომარეობაში ჩაყენება შეიძლება და არც დისკრიმინაცია, ისინი არც რელიგიური და არც ეთნიკური ნიშნით არ უნდა გამოვარჩიოთ. ის, რომ ქისტები არიან და მაჰმადიანები, ესეც არაფერს ნიშნავს, რადგან უფლებრივად ჩვენ თანასწორნი ვართ.
„არასწორი აქცენტირება ხდება ხოლმე, რახან ისინი ქისტები არიან, კომპაქტურად ცხოვრობენ, რახან მნიშვნელოვნები არიან ჩვენთვის, ამიტომ თურმე განსაკუთრებულად უნდა მოვეპყრათ. საქართველოში მცხოვრები ყველა ხალხი მნიშვნელოვანი უნდა იყოს ჩვენთვის, განსაკუთრებულად არავის უნდა ვეფეროთ და თავზე ხელი გადავუსვათ. პირიქით, ამით დათვურ სამსახურს გავუწევთ. 21 აპრილს შეცდომა იყო დაშვებული, ეს მგრძნობიარე თემაა, რადგან ჩვენი მტრების დაინტერესებაც იკვეთება, რომ ეთნიკურ დაპირისპირებამდე მიგვიყვანონ. ამიტომ ფრთხილად უნდა ვიყოთ. თუმცა ზედმეტი თავის მოქონვაც არ ღირს. 21 აპრილს რაც მოხდა, ეს იყო არაადეკვატური ნაბიჯი, როცა პროტესტის გამო არაპროპორციულად დიდი ძალა შევიდა პანკისში და მოხდა ის, რაც მოხდა. ეს არ უნდა მომხდარიყო, სიტუაცია სხვა საშაუალებებით უნდა განმუხტულიყო და ძალოვანი სტრუქტურების გამოყენება არ იყო საჭირო. ამან დაძაბა მდგომარეობა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სახელმწიფოს არ აქვს უფლება, ძალა გამოიყენოს, უბრალოდ, ეს ძალა ადეკვატური და პროპორციული უნდა იყოს“, - აცხადებს დავით ზარდიაშვილი For.ge-სთან საუბარში.