საქართველოს პარლამენტის წევრი, ხულოს, შუახევისა და ქედის მაჟორიტარი დეპუტატი ანზორ ბოლქვაძე სოციალურ ქსელში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ გამოთქმულ ბრალდებებს გამოეხმაურა. სააკაშვილის განცხადებით ანზორ ბოლქვაძეს არის მისი სირცხვილი.
ბოლქვაძე, ორჯერ „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით იყო არჩეული პარლამენტში.
,,ვეხმაურები ყოფილი პრეზიდენტის კომენტარს ხულოს სამხატვრო გალერეასან დაკავშირებით. 2002 წელს, როდესაც მე ვეწეოდი სამეწარმეო საქმიანობას, ჩემს უფროს მეგობართან, ბატონ თეიმურაზ კომახიძესთან ერთად, რომელიც ჩემი სწავლის პერიოდში იყო ქ.ბათუმის ინდუსტრიული სასწავლებლის დირექტორი, აღნიშნული დროისთვის კი აჭარის ა.რ.კულტურის მინისტრი, გადავწყვიტეთ, სამხატვრო გალერეის გახსნა ხულოში. შევიძინეთ კომუნისტების დროინდელი, უმოქმედო მდგომარეობაში მყოფი რესტორნის ფართი 500 მ2 . პირადად ჩემი და თეიმურაზ კომახიძის მიერ, მოხდა მისი რესტავრაცია და გაიხსნა ხულოს კულტურის ცენტრთან არსებული .,,ხულოს სამხატვრო გალერეა“, რომლის დირექტორად დაინიშნა საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი, დამსახურებული მხატვარი სიმონ ართმელაძე. სამხატვრო გალერეის გახსნისთანავე იქვე განთავსდა სამხატვრო სკოლა, სადაც პირველად სამი მოსწავლე სწავლობდა, დღეისათვის კი 70 მოსწავლე ეუფლება მხატვრობის საწყისებს. ამ სკოლის აღზრდილები დღეისათვის ქ. თბილისის სამხატვრო აკადემიის სტუდენტები არიან. ხულოს გალერეაში, ერთ სივრცეშია წარმოდგენილი აჭარისწყლის ხეობის სახვითი ხელოვნების თითქმის ყველა მიმდინარეობა, იქ, მისულ დამთვალიერებელს ექმნება სრულფასოვანი შთაბეჭდილება თანამედროვე ქართულ მხატვრობაზე.
გალერეის შენობაში ეწყობა გამოფენები, იმართება ღონისძიებები, მიდის უამრავი ტურისტი და დამთვალიერებელი. იწერება შთაბეჭდილებები, ეს სივრცე წარმოაჩენს ჩვენი ხალხის შემოქმედებასა და ყოფით კულტურას. დასაქმებულია 4 თუ 5 თანამშრომელი, მათ შორის ერთ-ერთი გახლავთ ჩემი მეუღლე რომელიც ხელფასის სახით ღებულობს მინიმალურ ანაზღაურებას -260 ლარს.
ხულოს სამხატვრო გალერეის გარდა იმ პერიოდში ბატონი თეიმურაზ კომახიძისა და პირადად ჩემი ინიციატივით და მონაწილეობით რესტავრაცია ჩაუტარდა სხალთის შერიფ ხიმშიაშვილის სასახლეს, რომელიც გადაკეთდა სახლ-მუზეუმად, ნიგაზეულში – სელიმის მუზეუს და თხილვანის მხარეთმცოდნეობის მუზეუმს. კეთილმოეწყო და ექსპონატებით გამდიდრდა ხულოს ეთნოგრაფიული მუზეუმი. ნიგაზეულში კეთილმოეწყო სელიმ ხიმშიაშვილის სასაფლაო, ბაკოში, სერიყანაში თავკვეთის ადგილზე გაკეთდა მემორიალი, გავიყვანეთ ხიხანის ციხეზე ასასვლელი 1350 მ. სიგრძის ბილიკი რომელიც, დღესაც მოქმედებს და ციხეზე ერთადერთი ასასვლელია. სწორედ იმ დროს აშენდა ხიხაძირის კულტურის სახლის შენობა. ჩამოთვლილი ძეგლები დღეს ტურისტების ინტერესსა და აღფრთოვანებას იწვევს. ამ ყველაფერში ჩვენთან ერთად მონაწილეობას ღებულობდა ჩემი ხალხი, შრომისმოყვარე და ალალ-მართალი ხულოელი მოსახლეობა, რომელთა შრომითა და ოფლით არის მოპოვებული ეს ყოველივე, ამიტომაც მათ უკეთ იციან სიმართლე და არიან სიტუაციის ყველაზე კარგი შემფასებლები. ” – წერს ანზორ ბოლქვაძე
ანზორ ბოლქვაძე, არა გრცხვენიათ, ასე რომ ყვლიფავთ საქართველოს ბიუჯეტს და ყოველთვე 260 ლარს რომ ეზიდებით ოჯახში?
ხომ გახსოვთ, სააკაშვილი მთლად პრეზიდენტი იყო, მაგრამ ისე მოკრძალებულად ცხოვრობდა მისი ოჯახი, ისეთი გაჭირვებული იყო მისი პროფესორი დედა, იძულებული გახდა მიშა, საკუთარი დედისთვის 1 ლარად მიეყიდა 11-მილიონიანი სახელმწიფო ქონება!.. (ესეც ეძვრებოდა, მაგრამ მეტს ვერ დავუკლებო, მიშამ).