ქობულია პოლიტიკაში მოდის

ქობულია პოლიტიკაში მოდის

თანამდებობიდან განთავისუფლების შემდეგ, გიორგი ქობულია პარლამენტში მოვიდა. ექს–მინისტრი საკანონმდებლო ორგანოში საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილმა წევრებმა მიიწვიეს. შეხვედრას ოპოზიცია და ექსპერტებიც ესწრებოდნენ. შეხვედრაზე საპარლამენტო უმრავლესობიდან იმყოფებოდნენ მხოლოდ ბიძინა გეგიძე, შოთა შალელაშვილი და ზაზა ხუციშვილი.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში გიორგი ქობულია პირველი მინისტრია, რომელიც გადადგომის შესახებ ღიად ალაპარაკდა. ყოფილი მინისტრი აცხადებს, რომ აიძულებდნენ თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება თავად დაეწერა. ამბობს, რომ სახლის ქურდობამდე დიდი ხნით ადრე მიიღო მინიშნება, რომ თანამდებობა უნდა დაეტოვებინა. ქობულია ასევე ადასტურებს, რომ მმართველ გუნდში დისკუსიისას მმართლაც მოუწყვეს დისკუსია, სადაც „უცხო სხეული“ უწოდეს. კონკრეტულად ვინ უწოდა მას უცხო სხეული, გიორგი ქობულიამ განაცხადა, რომ არაერთმა ყოფილმა თანაგუნდელმა. პარლამენტში გამართულ შეხვედრაზე ექს–მინისტრმა უწყებაში დისციპლინის ნაკლებობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ როდესაც დოკუმენტი 20 დღეშია გასაცემია, 8 თვეში გაიცემა. ამასთან, მისი თქმით, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება ჭიანურდება. გარდა ამისა, როგორც ქობულიამ აღნიშნა, სიღარიბის დონე ქვეყანაში მაღალი რჩება.

„სახელმწიფო კომპანიები დღესაც წარმოადგენენ ჩვენი ეკონომიკის დიდ ნაწილს. სამწუხაროდ, წარმოადგენენ არაეფექტურობის, მიკერძოებული გარიგებისა და ნეპოტიზმის ბუდეს. კორპორატიზაციისა და სახელმწიფო კომპანიების, ნაწილობრივ მაინც, პრივატიზაციის გარეშე (სტრატეგიული ინტერესი უნდა დავიტოვოთ), პრობლემას ვერ გადავწყვეტთ. გულახდილად გეტყვით, რომ კორუფციული ინტერესი და კორუფციული გარიგება 8 თვის განმავლობაში ჩემი თვალით არ მინახავს“, – აღნიშნა გიორგი ქობულიამ.

დეპუტატების კითხვაზე, რატომ გაათავისუფლეს თანამდებობიდან, ყოფილმა ჩინოვნიკმა აღნიშნა, რომ ეს არ იყო ერთი ან ორი საკითხი, ეს საკითხების კრებული იყო, რომელთა შესრულებას მისი მხრიდან დაჟინებით ითხოვდნენ.

„ალბათ, ეს საკითხები სრულ თანხვედრაში არ იყო. მიახლოებით რომ გასაგები იყოს, ეს ეხება ალტერნატიული კომპანიების შემოყვანაზე მორგებული სტრატეგიის არსებობას სხვადასხვა სექტორებში. იგივე, თუ როგორ უნდა მოხდეს ელექტროენერგიის შესყიდვისა და იმპორტის სისტემის ჩამოყალიბება. ეს ის საკითხები იყო, რაზეც საერთო ენა ვერ ვიპოვეთ. ალბათ, მე რაღაც საკითხებში მძიმე და პრინციპული აღმოვჩნდი. არ მჩვევია და თავიდანვე გასაგები უნდა ყოფილიყო, რომ მე მხარს არ ვუჭერ ისეთ გადაწყვეტილებებს, რაც ფუნდამენტალურად არ მესმის და რასაც არ ვეთანხმები. ეს იყო დიდი პროცესი – არ იყო ისე, რომ ვმუშაობდით და უცებ რვა თვის თავზე რაღაც უთანხმობა მოხდა. ეს იყო თვეების განმავლობაში მიმდინარე პროცესი. ამაზე მეტის თქმა მიჭირს“, – განაცხადა გიორგი ქობულიამ.

ექს–მინისტრი აცხადებს, რომ მისი გადაყენების გადაწყვეტილება პრემიერმა ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის შემდეგ მიიღო. გიორგი ქობულია არ გამორიცხავს, რომ პოლიტიკაში დაბრუნდეს. არ დააკონკრეტა, რომელ პოლიტიკურ გუნდში ხედავს საკუთარ თავს. თუმცა ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა „კურიერის“ შეკითხვის საპასუხოდ პოლიტიკაში დაბრუნება არ გამორიცხა.

„ვაკეთებ მხოლოდ იმას, რაც ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ არის და რაც ჩვენს საქმეს წაადგება. მე ვაპირებ, რომ დავრჩე საქართველოში, შესაძლებელია, საქართველოში გავაგრძელო საქმიანობა. მე არ მითქვამს, რომ გადაწყვეტილი მაქვს პოლიტიკაში წასვლა, მაგრამ არ გამოვრიცხავ. თუ გადავწყვიტე, მერე გეტყვით, ვის მოვიაზრებ“, - განაცხადა გიორგი ქობულიამ.

ექს–მინისტრმა ისაუბრა ანაკლიის პროექტის გარშემო განვითარებულ პროცესებზე. მისი თქმით, პროექტს შესაძლებელი პოლიტიკური პრობლემების გარდა, ასევე სერიოზული კომერციული პრობლემები აქვს. როგორც ქობულიამ აღნიშნა, ის არ ყოფილა ისეთ შეხვედრაზე, რომელზეც ანაკლიის პროექტი განიხილებოდა და მასში პროკურატურა და ეროვნული ბანკი იყვნენ ჩართული.

„მე არ დავსწრებივარ ისეთ განხილვებს ანაკლიის პორტთან დაკავშირებით, რომელშიც ჩართული იყო პროკურატურა და ეროვნული ბანკი. შეიძლება სადღაც იყო ასეთი განხილვები, მაგრამ მე პირადად არ მივუწვევივარ. რა თქმა უნდა, ანაკლიის პროექტის განხილვა გუნდში მრავალჯერ იყო. ანაკლიის პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, მაგრამ ამ პროექტს შესაძლებელი პოლიტიკური პრობლემების გარდა ასევე სერიოზული კომერციული პრობლემები აქვს. ჩვენ ამაზე თვალი არ უნდა დავხუჭოთ. ყველაფერს ნუ გადავიყვანთ პოლიტიკურ ჭრილში, იმიტომ, რომ აქ არის მძიმე კომერციული პრობლემებიც“, – განაცხადა გიორგი ქობულიამ.

არაოფიციალური ინფორმაციით, ქობულიას პოლიტიკური პარტნიორი შეიძლება „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი, ლევან კობერიძე გახდეს, რომელიც დღეს დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით მოქმედებს. თავად კობერიძე აცხადებს, რომ პოლიტიკაში ქობულიას შემოსვლასთან ან აქტივობასთან დაკავშირებით არანაირი კონსულტაცია მასთან არ აქონია.

„მოვისმინეთ საკმაოდ მკაფიო დიაგნოზი ქართულ ეკონომიკასთან მიმართებაში, თუ საიდან უნდა დავიწყოთ, საიდან უნდა იყოს ათვლის წერტილი, იმ სწრაფი განვითარების, რაც ქვეყანაში აუცილებელია. მაგალითად, როცა ის ამბობს, რომ ქვეყანაში არის რეალურად 50%–იანი უმუშევრობა და არა 12%–იანი, როგორც ეს სტატისტიკის სამსახურის ციფრებშია-ხოლმე მოცემული, ჩემთვის ეს უკვე ნიშნავს რეალური პრობლემების დანახვას და პროცესის დაწყებას“, – განაცხადა ლევან კობერიძემ.

უმრავლესობის ყოფილი წევრის ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებით, გიორგი ქობულიაში ის ადამიანი ვერ დაინახეს, რომელიც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს კომფორტს შეუქმნიდა, ისე როგორც მას კომფორტს სასამართლოში მურუსიძე და ჩინჩალაძე უქმნიან. როგორც გოგიჩაიშვილი აცხადებს, ქობულია ივანიშვილის ხასიათთან თანხვედრაში ვერ მოვიდა და ამიტომ, თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

„გიორგი ქობულიამ ისაუბრა ზუსტად იმაზე, რაც ჩვენ ვიცოდით და რისი დადასტურებაც მისგან გვინდოდა. შეიძლება მას დღეს სიმძაფრით არ უსაუბრია, მაგრამ ყველა მნიშვნელოვან საკითხს და პრობლემას შეეხო - ეს არის მმართველობის პრობლემა, ეს არის გაჩერებული ბიუროკრატია, ეს არის პარტიის თავმჯდომარესთან დაახლოებული ოდიოზური ბიზნესმენები – მათი ინტერესები და ცხვირის ჩაყოფა ქვეყნის ეკონომიკაში“, – აღნიშნა ლევან გოგიჩაიშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, რომან გოცირიძის განცხადებით, მიიღო პასუხი მთავარ კითხვაზე, ქობულია თუ რატომ გაათავისუფლეს ეკონომიკის მინისტრის თანამდებობიდან.

„ის ქვეყანაში არსებულ არაფორმალური მმართველობის წესებს არ დაემორჩილა. ქობულია თანამდებობიდან ბიძინა ივანიშვილმა გაათავისუფლა, ხოლო მისი გათავისუფლების პროცესში შუამავალი პრემიერ–მინისტრი მამუკა ბახტაძე იყო.

მთავარი პრობლემა, რაც გიორგი ქობულიამ ახსენა არის ის, რომ ძალიან ბევრი პროექტი, რაც ქვეყნისთვის სასარგებლო იყო, პოლიტიკური მიზეზების გამო არ ხორციელდებოდა და ბევრი ცუდი რამ, რის გაკეთებასაც ქობულიამ ხელი შეუშალა, მისი ხელისუფლებიდან გაშვების მიზეზი აღმოჩნდა. როგორც მან თქვა, მთავრობაში „უცხო სხეულად“ განიხილავდნენ – უცხო გარიყეს და ამ უცხომ პირველად გაბედა, რომ მმართველობის ის მახინჯი წესი ემხილა, რაც დღეს საქართველოშია დამკვიდრებული“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

„ევროპული საქართველოს“ წევრის, გიგა ბოკერიას განცხადებით, ყოფილი მინისტრის განცხადებები იმას ადასტურებს, რამაც ქვეყანა ჩიხში შეიყვანა.

„სამწუხაროდ, გიორგი ქობულიას განცხადებები იმას ადასტურებს, რამაც ქვეყანა ჩიხში შეიყვანა. ეს არის არაფორმალური მმართველობის ვითარება, რაც ბიძინა ივანიშვილს უკავშირდება. მას ამ გვარის ხსენება რომ არ უნდოდა, გასაგებია. ის, რომ კორუფციისა და დისფუნქციისკენ გრძელდება ვარდნა, ფაქტია. კარგი მაგალითი მოიყვანა, რომ სწრაფად უნდა გასცე ინვესტორებისთვის დოკუმენტები. რეგლამენტი მოხსნილია, რაც გზის გახსნაა ნეპოტიზმისა და კორუფციისთვის. ეს ყველაფერი საქართველოს ეკონომიკას ანგრევს. ამომწურავ მოხსენებას ვერ დავარქმევდი, რადგან უფრო მკაფიო პასუხების მომხრე ვიქნებოდი“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ოპოზიციისგან განსხვავებით ფორმატი მოუღებელია მმართველი გუნდისთვის. როგორც ვიცე–სპიკერი თამარ ჩუგოშვილი აცხადებს, ქობულია არც ისე ცოტა ხანს იყო მინისტრი, სხვადასხვა თემა, რომელიც შესაძლოა, პრობლემას წარმოადგენდეს, მისი პასუხისმგებლობა იყო.

„თუ ასეთი პრობლემები არსებობს, ბუნებრივია, ჩვენი ამოცანაა, დროულად გავცეთ პასუხი ამ ამოცანებს. მთავრობის ხელმძღვანელი არის პრემიერ-მინისტრი. პრემიერ-მინისტრი წყვეტს მინისტრების თანამდებობაზე დანიშვნის თუ გათავისუფლების საკითხებს. დანარჩენი, შიდა პოლიტიკური კონსულტაციები როგორ მიმდინარეობდა, ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

მთავრობის მეთაურის განცხადებით, გიორგი ქობულიასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, რაც წარსული ნაბიჯია და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ჰყავს ახალი ხელმძღვანელი, რომელსაც სრული მხარდაჭერა აქვს. მისი თქმით, თუ არსებობენ ადამიანები, ვისაც აქვს სურვილი, ყოფილი მინისტრის მოსაზრებებს მოუსმინოს, ჩვენ თავისუფალ საზოგადოებაში ვცხოვრობთ და ეს ნორმალური მოვლენა არის.

„რაც შეეხება სწრაფ გადაწყვეტილებებს, არ ვიცი, რა კონტექსტში თქვა მან ეს, მაგრამ ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც გვჭირდება, ეს არის ეფექტური და ამავე დროს, სწრაფი გადაწყვეტილებები. ჩვენ გვჭირდება მეტი ეკონომიკური ზრდა, ინკლუზიური ზრდა, ისეთი ზრდა, რომელიც საქართველოს თითოეულ მოქალაქეს შეეხება და ბუნებრივია, ასეთ დროს აქცენტი სწორედ ეფექტურ და სწრაფ გადაწყვეტილებებზე უნდა კეთდებოდეს. ეს არის ჩემი, როგორც მთავრობის მეთაურის ერთ–ერთი მთავარი ამოცანა და ამას აუცილებლად უზრუნველვყოფ“, –განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

tngh განთავისუფლებამდე 1 კვირით ადრე ღრმად პატივცემულ ბ-ნ გიორგი ქობულიას, პარლამენტში "შავი" დღე აყარა "ნაც-ოპოზიციამ" და დაუდგენელი მიმართულების და აზროვნების მქონი "ოცნებიდან" გაქცეულმა დეპუტატებმა. უკანასკნელი სიტყვებიტ ლანძღეს და აგინეს ყველა ტელევიზიაში. დღეს მათი ფავორიტია და გული შესტკივად მასზე. სასაცილოა!!!
4 წლის უკან
Maverick არა მარტი სასაცილო, არამედ საბაცილო, ფეკალიების და აქოთებულების სექტაა
4 წლის უკან