ისევ ისმინება თუ არა ტელეფონები და დატოვეს თუ არა სახელმწიფო უწყებებში “ნაციონალებმა” აგენტები

ისევ ისმინება თუ არა ტელეფონები და დატოვეს თუ არა სახელმწიფო უწყებებში “ნაციონალებმა” აგენტები


ისევ გვისმენენ? _ ეს შეკითხვა მას მერე გაჩნდა, რაც არჩევნებში “ქართულმა ოცნებამ” გაიმარჯვა. თავის დროზე “ვარდოსანმა” ძალოვანებმა უამრავი მოსასმენი სპეცტექნიკა “შემოყარეს” და, როგორც ამბობენ, მთელ საქართველოს უსმენდნენ. მოკლედ, გაგრძელდება თუ არა “ტოტალური მოსმენები”, რა საფრთხეები შეიძლება არსებობდეს გარდამავალ პერიოდში ქვეყნის უშიშროების თავალსაზრისით და რატომ უნდა გავატაროთ მომავალი ჩინოვნიკები სიცრუის დეტექტორზე? _ ამ საკითხებზე “ქართული სიტყვა” უშიშროების საკითხების ექსპერტ ბესო ალადაშვილს ესაუბრა.

_ ბატონო ბესო, როგორ ფიქრობთ, არჩევნების შემდეგაც გვისმენენ?
_ რა გითხრათ?!. აქ რიგით ადამიანებზე არაა ლაპარაკი. მათ უსმენდნენ და, ჯერჯერობით, ალბათ, კიდევ უსმენენ, ვინც მათ ინტერესებში შედიოდა და შედის. კანონში წერია, რომ მოსმენისთვის შესაბამისი საფუძველი და მოსამართლის, ან პროკურორის ბრძანება უნდა არსებობდეს. ამასთან, კანონი მოითხოვს, რომ მტკიცებულებები, რომლებიც პირადი ცხოვრების დეტალებს შეიცავენ, უნდა განადგურდეს.

ამდენი ფარული ჩანაწერებისა და შოუების შემდეგ, საზოგადოებას აქვს შიში, რომ ყველას უსმენენ, მაგრამ ტექნიკურად, უბრალოდ, შეუძლებელია, რომ ყველას მოუსმინო. შეიძლება, გამოყოფილი იყო პოლიტიკური, ეკონომიკური, საზოგადოებრივი და, არ გამოვრიცხავ, რელიგიური სპექტრი, რომელსაც უსმენდნენ. ისე, სატელეფონო საუბრების მოსმენა უფრო ადვილია, ვიდრე სახლსა თუ სამუშაო კაბინეტში მოსასმენი ტექნიკის დამონტაჟება.

_ გავრცელებული მოსაზრებით, იმ ძვირადღირებული აპარატურით, რომელიც “ვარდოსანმა” ძალოვანებმა უცხოეთში შეიძინეს, ნებისმიერი ადამიანის “გაკონტროლება” შეიძლება _ თუკი მოსაუბრე რომელიმე კოდურ სიტყვას, მაგალითად, “ბომბს”, ან “პრეზიდენტს” ახსენებს, ზემოხსენებული ტექნიკა “ჩაწერას” ავტომატურად იწყებს...
_ ასეთი ტექნიკა დიდი ხანია, არსებობს, მაგრამ ეს რიგით ადამიანებს არ ეხებათ და ახლა ჩვენ რამდენი კოდური სიტყვაც უნდა ვთქვათ, ბუნებრივია, აპარატურა არ ჩაირთვება.
საერთოდ, ოპერატიული ტექნიკა სახიფათო სათამაშოა. ხშირად ჩვენი სპეცსამსახურები და ძალოვანი უწყებები კომპრომატებს ერთმანეთზე აგროვებდნენ. მას მერე, რაც უშიშროებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროები გაერთიანდნენ, ყველა ოპერატიულ დანაყოფს ჰქონდა თავისი ტექნიკა. ამას დავუმატოთ დაზვერვის სამსახური, საფინანსო პოლიცია, თავდაცვის, პრობაციის სამინისტროები და, სხვათა შორის, პროკურატურაც და, წარმოიდგინეთ, რა რაოდენობის აპარატურაა საქართველოში. ის, წლების განმავლობაში, პირადი ინტერესებისა და კლანური დაპირისპირებისთვის გამოიყენებოდა. ტექნიკის გამოყენებას შესაბამისი დაფინანსება სჭირდება და ამიტომ, ამ სტრუქტურების დაფინანსება მნიშვნელოვნად გაიზარდა. მაგალითად, რევოლუციამდე შს სამინისტროს დაფინანსება 7-8 მილიონი იყო, ბოლოს კი, ასჯერ გაზარდა და 700-800 მილიონამდე ავიდა. ძალიან ბევრი ოპერატიული ტექნიკაა შემოტანილი, განსაკუთრებით, _ ჩინური, რომელიც ძალიან იაფია.

არავინ იცის, ეს ტექნიკა სათანადოდ არის თუ არა აღრიცხული. თუ ყველაფერი, ასე ვთქვათ, დოკუმენტირებულია, ახალი ხელისუფლების პირობებში, უნდა ამოქმედდეს კანონი, თუ რა შემთხვევებში უნდა მოხდეს ამ სპეცტექნიკის გამოყენება. შევარდნაძის დროს უშიშროების სამინისტროს დიდი ბრძოლა უხდებოდა სასამართლოსთან მოსმენის უფლების მოსაპოვებლად _ რიგითი მოსამართლეებიც კი უარს ამბობდნენ, გაეცათ მოსმენის თანხმობა.  ახლანდელი კანონი კი, საზოგადოებრივი კონტროლის თვალსაზრისით, სახიფათოა.

_ როგორც ბიძინა ივანიშვილი ამბობს, მხოლოდ სამინისტროს ხელმძღვანელები და მინისტრის მოადგილეები შეიცვლებიან. შესაბამისად, შს სამინისტროში დარჩებიან “წვრილ-წვრილი მომსმენები”, რომელთაც მოსმენა შეიძლება უკვე ჩვევად აქვთ...
_ ნუ ჩავვარდებით ეიფორიაში და ნუ გვეგონება, რომ ყველაფერი უცებ შეიცვლება. ამას დრო უნდა. უწყებებში უნდა დარჩეს ყველა, ვისაც კანონი არ დაუღვევია, ვის წინააღმდეგაც საჩივრები და მტკიცებულებები არ არსებობს. ჩემი აზრით, აუცილებელია საზოგადოებრივი კომისიის შექმნა, რომელიც შეისწავლის ყველას _ რიგითი ოპერატიული თანამშრომლიდან დაწყებული დეპარტამენტის ხელმძღვანელით დამთავრებული _ მოღვაწეობას და თითოეულ გახმაურებულ საქმეს. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გადაწყდეს მათი უწყებაში დატოვების საკითხი. ამით თავიდან ავიცილებთ ბევრ პრობლემას. “ვარდების რევოლუციის” მერე, პროფესიონალიზმისა და პატრიოტიზმის მიუხედავად, 2004 წლის იანვრიდან სამსახურიდან ყველა გაყარეს და ისინი ახალგაზრდა, გამოუცდელი კადრებით ჩაანაცვლეს. ამ მხრივ მთავარი კრიტერიუმი პირადი ურთიერთობები იყო და ეს აღარ უნდა განმეორდეს.
ჩვენი უსაფრთხოება აქამდე დაცული არ იყო _ ვიჭერდით არარეალურ ჯაშუშებს, მაგრამ რეალური ჯაშუშებიც ხომ მოქმედებდნენ? “ენვერი” და “ფოტოგრაფების საქმე” ყველამ ვიცოდით, რომ “შეკერილი” იყო...

_ გარდამავალ პერიოდში რა საფრთხეები ემუქრება ქვეყნის უშიროებას?
_ მმართველი გუნდისთვის არჩევნების გზით ხელისუფელების შეცვლა მოულოდნელი იყო. ამიტომ, შეეცდება, შეინარჩუნოს ბერკეტები მომავალ არჩევნებამდე. მაქსიმალურად ეცდება, შეინარჩუნოს აგენტურა, მისი მონაცემები და ახლადმოსული გუნდისთვის ხელის შესაშლელად გამოიყენოს. პარტიებს დემოკრატიულ ქვეყნებშიც აქვთ სურვილი, შეაგროვონ მოწინააღმდეგეზე კომპრომატები, რათა, საჭიროების შემთხვევაში, უფრო მეტად, წინასაარჩვენოდ გამოიყენონ. ვფიქრობ, რომ ესაა შიდა საფრთხე.
რაც შეეხება გარე საფრთხეებს, უნდა ვაღიაროთ, რომ ეს არის აგენტურა, რომელიც ჩვენთან წლების განმავლობაში მუშაობს. ერთ რჩევას მივცემ ახალ ხელისუფლებას: შეიძლება, ექსტრავაგანტულად ჟღერდეს, მაგრამ მთელ მსოფლიოში არც ერთ სპეცსამსახურში თანამდებობაზე არ ნიშნავენ ადამიანს, თუ ის, სამ-ოთხ წელიწადში ერთხელ, სიცრუის დეტექტორზე არ გაივლის შემოწმებას. ამ შემთხვევაში, ცდომილება ერთი-ორი პროცენტია. ასეთი გადაწყვეტილება დაგვეხმარება, შევამციროთ აგენტურა სახელმწიფო სამსახურებში, შევამციროთ ის ადამიანები, რომლებიც წინა ხელისუფლებასთან რაღაცით იყვნენ დაკავშირებულნი და ახლა შეიძლება, შანტაჟის მსხვერპლნი გახდნენ.