ქართველ მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარე ტარიელ ნაკაიძე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისა და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმაურება:
„საქართველოს მესამე პრეზიდენტმა გერმანიაში, ქალაქ მიუნხენში ემიგრანტებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ „ფსიქიატრიულები, რომ გაუქმდნენ ვიცი, მაგრამ ხულოს სამხატვრო გალერეა რა არის, სამხატვრო გალერეა და ხულო რა შუაშია?“ - ამბობს ნაკაიძე.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის განცხადებაში მითითება „სუნის“ თაობაზე ასევე ძალიან შეურაცხმყოფელი და დისკრიმინაციული ჩანდა.
"მინდა, შეგახსენოთ, რომ ხულოს არამარტო სამხატვრო გალერეა, არამედ თეატრი, რამდენიმე ქორეოგრაფიული ანსამბლი და მათ შორის საქართველოში ანალოგის არმქონე ქორეოგრაფიული ჯგუფი „ბერმუხა“ ჰყავს, რომლის წევრები (80 წელს გადაცილებული ბაბუები) თითქმის საუკუნეა საკუთარი ღვაწლით ინახავენ ქართულ ფოლკლორს.
შეგახსენებთ ასევე, ხულოელებმა საუკეთესოდ ვიცით ქართლი ენის, კულტურის, ხელოვნების, ლიტერატურის ფასი და ის ისტორიულად ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია. ამგვარი მითითებები საჯარო პირების მხრიდან ჩვენი ღირსების შელახვას იწვევს.
ბატონო მიხეილ, თქვენ ხულოელებს შეურაცხყოფა მიაყენეთ, თქვენ ბოდიში უნდა მოუხადოთ ხულოელებს“, – წერს ქართველ მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარე ტარიელ ნაკაიძე.