ბრძოლა წესების გარეშე – ზუგდიდი დაპირისპირების მთავარი ეპიცენტრი გახდა

ბრძოლა წესების გარეშე – ზუგდიდი დაპირისპირების მთავარი ეპიცენტრი გახდა

გელა კვარაცხელია დაკავებულია. მას ბრალად ედება „ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის მერობის კანდიდატზე სანდრა რულოვსზე და პარტიის სხვა წარმომადგენლებზე თავდასხმა. დაკავებულმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სამეგრელოში სანდრა რულოვსს არ შემოუშვებს.

„მე ვარ და ყოველთვის ვიქნები ზვიად გამსახურდიას მხარდამჭერი. ეს სამეგრელოა და არა ჰოლანდია. მე სანდრა რულოვსს სამეგრელოში არ შემოვუშვებ“, – განაცხადა გელა კვარაცხელიამ.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ ხუთივე ადამიანი „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი იყო, ეს ადამიანები მონაწილეობდნენ რამდენიმე დღის წინ სოფელ რიყეში ოპოზიციის წევრებზე განხორციელებულ თავდასხმაში. სანდრა რულოვსს სიტყვიერი შეურაცხყოფა მაშინ მიაყენეს, როდესაც ის ტვ „ოდიშს“ ინტერვიუს აძლევდა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების ინფორმაციით, მხარდამჭერები აგრესიულები იყვნენ, იგინებოდნენ და ისინი ტელეკომპანიის გადამღებ ჯგუფს ფიზიკურადაც გაუსწორდნენ. ერთ–ერთმა თავდამსხმელმა მამაკაცმა კამერის წართმევაც სცადა. „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ აგენტ–პროვოკატორები დასხენ თავს და სიტყვიერი შეურაცხოფა მიაყენეს.

„ძალიან უხეშად მოვიდნენ გინებით, ქართულად, მეგრულად. არ გვამუშავეს. ჩვენ აქ პატარა გადაღება გვქონდა. ჩხუბზე გადავიდნენ. ჩვენს ჟურნალისტს, ფოტოგრაფს გაეკიდნენ, დასდევდნენ. მერე ჩვენ პოლიციას ვთხოვეთ, რომ შეატყობინეთ პოლიციას-თქო, მაგრამ არავინ გამოჩნდა, ახლა მოვიდნენ, როცა ისინი უკვე წასულები იყვნენ“, – განაცხადა სანდრა რულოვსმა.

„ყველა ექსცესი იქნება გამოძიებული, არ აქვს მნიშვნელობა რომელი მხარე იქნება დამნაშავე“, – აცხადებს შს მინისტრი გიორგი გახარია.

„წინა არჩევნები შეფასებული იყო საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან, როგორც ძალადობისგან ყველაზე სუფთა და თავისუფალი არჩევნები. სწორედ ამიტომ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ყველა ექსცესი იქნება დეტალურად გამოძიებული და არ აქვს მნიშვნელობა რომელი მხარე იქნება დამნაშავე, მიეცემა პასუხისმგებლობაში“, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას გიორგი გახარიამ.

ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებს უკვე მოჰყვა პოლიტიკური შეფასებები. ქვეყნის პრემიერ–მინისტრის განცხადებით, სხვადასხვა პროვოკატორებს არ მისცემენ უფლებას ჩრდილი მიაყენონ დემოკრატიის მაღალ ხარისხს. როგორც მამუკა ბახტაძე აცხადებს, ხელისუფლება ზუგდიდშიც და ყველა სხვა რეგიონშიც უზრუნველყოფს თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას.

„არა მხოლოდ ზუგდიდში, არამედ ყველგან, სადაც არჩევნები ტარდება, ჩვენ უზრუნველვყოფთ თავისუფალ და დემოკრატიულ არჩევნებს ისე, როგორც ამას ვაკეთებდით ყოველთვის, რაც „ქართული ოცნება“ არის ხელისუფლებაში. ამასთან ერთად, რა თქმა უნდა, ჩვენ არ უნდა მივცეთ საშუალება სხვადასხვა პროვოკატორებს, ჩრდილი მიაყენონ ჩვენს ყველაზე მნიშვნელოვან მონაპოვარს, დემოკრატიის მაღალ ხარისხს. ბუნებრივია, თუ ვიღაცა დაარღვევს კანონს, მასზე რეაგირება იქნება შესაბამისი და მკაცრი“, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

ყოველგავრი ძალადობას ემიჯნებიან გიორგი შენგელიას შტაბში. საარჩენო შტაბის ხელმძღვანელის ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ მათ მიმართ ხალხში დაგროვილ აგრესიას სათავისოდ იყენებს და ცდილობს, არჩევნებში წაგება პროვოკაციებით გადაფაროს.

„არ წამოეგოთ პროვოკაციას და მიმართეთ სამართალდამცავ ორგანოებს. ასევე, მინდა მივმართო საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ ჩამოვიდნენ და ნათლად დაინახონ სურათი, თუ რა ხდება ზუგდიდში. ჩვენს მხარდამჭერებს მინდა ვუთხრა, რომ წინასწარი მონაცემებით, დამაჯერებლად ვიმარჯვებთ, რისი წართმევაც სურს ოპოზიციას მსგავსი ქმედებებით. ჩვენ გვაქვს სურვილი, რომ დავამკვიდროთ არჩევნების ახალი სტანდარტი. ეს მემკვიდრეობა, რომელსაც ენმ აგრძელებს, არის მიუღებელი“, – აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.

ვინ გახდება ზუგდიდის მერი, ამას ამომრჩეველი 19 მაისს გადაწყვეტს. ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე ამბობს, რომ ზუგდიდი როგორც „ქართული ოცნებისთვის“, ისე „ნაციონალური მოძრაობისთვის“ არის ტესტი, ვინ იქნება წამყვანი 2020 წლის არჩევნებში, ამიტომ ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს რომ გაიმარჯვოს.

„ზუგდიდში შუალედური არჩევნები ყველა მხრივ მნიშვნელოვანია, რადგან ყველაზე მძიმე ბრძოლა ხელისუფლებას იქ ელოდება. ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, რამდენად შეძლებს ოპოზიცია, ხელისუფლების სურვილის შემთხვევაშიც კი, აკრძალული მეთოდების ნეიტრალიზაცია მოახდინოს.

ზუგდიდში ხელისუფლებისთვის არა მხოლოდ გამარჯვებაა მნიშვნელოვანი, არამედ გამარჯვებულის იმიჯის შენარჩუნებაც, ვგულისხმობ იმას, რამდენად სუფთად შეძლებს გამარჯვებას ხელისუფლება როგორც შიდა საზოგადოების, ასევე საერთაშორისო საზოგადოების თვალში“, – განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ.

კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე ამბობს, რომ ზუგდიდში მომხდარი ინციდენტი არასტაბილური ვითარების განცდას ქმნის და ჯერ არშემდგარ არჩევნებს უკვე კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. როგორც ძაბირაძე ამბობს, ეს ცუდია როგორც ხელისუფლებისთვის, ისე „ნაციონალური მოძრაობისთვის“ და ზოგადად, ქვეყნისთვის, რადგან ქმნის არასტაბილური ვითარების განცდას.

„მომხდარი ფაქტი ჯერ არშემდგარ არჩევნებს უკვე კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. ეს იძლევა საშუალებასა და საბაბს, რომ არჩევნების შედეგებზე უკვე ლაპარაკი იყოს, როგორც არასამართლიანზე. არასტაბილურ გარემოში შეიძლება, სამართლიანი არჩევნები ჩატარდეს? ხელისუფლების პირდაპირი მოვალეობაა, რომ ეს საქმე სასწრაფოდ გამოიძიოს და დასვას წერტილი, თუ ვინ ვინ არის. თუ ამას ეს ხელისუფლება არ გააკეთებს, ის პასუხისმგებელი მხოლოდ ამ ინციდენტზე კი არა, 2019 წელს მომხდარ ყველა ინციდენტზე იქნება და არა მარტო ზუგდიდის რაიონში“, – აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე.

უ ც ხ ო სამარცხვინოა!
ჯერ ერთი, ქალია და ქუჩაში საცემრად არ უნდა გაეკიდო! - ეს ფაქტი მთელ სამეგრელოს ჭრის თავს.
მეორე, ყოფილი პირველი ლედია და, არა აქვს მნიშვნელობა, გიყვარს თუ გეჯავრება სააკაშვილი და მისი პარტია, - თვითონ ინსტიტუტს უნდა სცე პატივი!
მესამე, მთლად რეგვენი თუ არა ხარ, ასეთ "სატოპკეს" არ აუწევ ნაცებს, რომელთაც მთელ მსოფლიოს უნდა მოჰფინონ ეს ამბავი და აწი როგორ სამართლიანადაც არ უნდა მოუგოთ ეს არჩევნები, ეჭვქვეშ დააყენებენ და ამ კადრებს ააფრიალებენ - აი, ასეთი ძალადობით მოგვიგესო!
4 წლის უკან
tngh პირადა მე, ეს ეპიზოდი დადგმული სპექტაკლი მგონია... თანაც მოქმედნი პირნი, ვითომ "ზვიადისტები" არიან... ესეთი სცენარების დაწერა XX საუკუნის ბოლოდან ხდება და არ არის ახალი... ყველამ ვიცით, ვისი "პოჩერკიც" არის...
4 წლის უკან